რის შეეშინდა სალომე ტეტიაშვილს საკუთარი ლობისტების ვინაობის გაგებისას და როდის აპირებს ის ახალ სახლში გადასვლას
როგორც ცნობილია, მუსიკალური შოუ „ბრავოს“ სუპერფინალში კიდევ ერთი მონაწილე გადავიდა – მომღერალი სალომე ტეტიაშვილი, უსაყვარლეს ლობისტებთან, ქეთა ორბელაძესა და გიორგი ბარბაქაძესთან ერთად. გიორგი და ქეთა სალომეს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ. რაც მთავარია, ძალიან სურთ მოგება და პრიზები. სალომეც მიიჩნევს, რომ ლობისტებში განსაკუთრებულად გაუმართლა, რადგან ორი ყველაზე ნიჭიერი და მაყურებლისთვის საყვარელი ბავშვი ცდილობს მასთან ერთად გამარჯვებას.
გიორგი ბარბაქაძე: პრიზები მინდა, ჩვენც ხომ მოგვცემენ?!
– რა გინდა, რომ მოგცენ?
– „აიფონ 6“ მინდა, მაჩუქონ.
ქეთა ორბელაძე: მეც მინდა „აიფონ 6“ და საგზური პარიზში, „დისნეილენდში“. დედიკოსთან და მეგობრებთნ ერთად უნდა წავიდე.
გიორგი: მეც მინდა, საგზური პარიზში.
ქეთა: თავიდან დედამ არ მითხრა, სად მივყავდი, სიუპრიზი მომიწყო. რომ გავიგე, „ბრავოში“ ვმონაწილეობდი, ძალიან გამიხარდა. სალომეს ტელევიზორიდან ვიცნობდი, ინტერნეტში მყავდა ნანახი. „იუთუბზე“ ვნახულობდი და „ფეისბუქზე“ დებდნენ ხოლმე ვიდეოებს.
– სალომე, ძალიან გაგიმართლა, რომ ასეთი ბავშვები გყავს ლობისტებად.
სალომე ტეტიაშვილი: ბავშვების ფოტო რომ ამოვიღე, შემეშინდა, დავიბენი. იმ მომენტში ვერ გავიაზრე, რომ ამ ბავშვებს ძალიან ბევრი სიგიჟისა და არაორდინარული რაღაცეების გაკეთება შეეძლოთ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ გამიხარდა. თან, მალევე გავაანალიზე, რომ მთელი საქართველო უყურებს ამ ბავშვებს, სუპერპოპულარულები და ძალიან მაგრები არიან. რომ გავაანალიზე, მივხვდი, მათთან ერთად შეიძლებოდა, ძალიან კარგი შოუ გაგვეკეთებინა, უფრო მეტი შემართებით ვიყავი, იმედიანად. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს. მომღერალზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ უკვე რამდენიმე შოუ გავიდა და გამოჩნდა, რომ ლობისტების წვლილი ძალიან დიდია.
– ორივე იმდენად მოუსვენარი, ცელქია, განსაკუთრებით გიორგი, ხომ არ გიჭირდა მათთან ერთად მუშაობა?
– არ ვიყავი საქართველოში, ამიტომ მათთან ერთად მხოლოდ რამდენიმე დღე გავატარე. არ შეუშლიათ ხელი. ასეთი მოუსვენრებიც არ არიან, როგორც დღეს. თან, მოსწონდათ ის, რასაც აკეთებდნენ. სულ ამბობდნენ: კიდევ გავაკეთოთ, კიდევ. ბევრი იშრომეს ჩემს დასახმარებლად და იმისთვისაც, რომ კარგი შოუ გაგკვეთებინა. დიდი ადამიანი როგორც შრომობს, ცდილობს, მაყურებელს კარგი შოუ აჩვენოს, ასევე იყვნენ ესენიც – ცდილობდნენ ყველაფერს.
ქეთა: ძალიან გამიხარდა, რომ სალომეს გუნდში მოვხვდი და მინდა, გაიმარჯვოს. ლამაზიც არის და კარგიც.
გიორგი: სალომე მანამდეც მომწონდა, ვგულშემატკივრობდი და ახლა გამიხარდა, რომ მისი ლობისტი ვარ. თავიდან შემეშინდა, მეგონა, რომ ჩვენ თვითონ უნდა მოგვეფიქრებინა რამე. დირიჟორობა ვერ მივიღე კარგად, ძნელი მეგონა, მაგრამ არ ყოფილა.
ქეთა: მე მეგონა, ვიმღერებდი, ან სხვა რამეს ჩავატარებდი. მაგრამ, დირიჟორობა რომ მითხრეს, არ მინდოდა, არ ვიცოდი, თუ გამომივიდოდა, მაგრამ გავიმარჯვეთ.
გიორგი: რთული არ იყო დირიჟორობა. თავიდან როგორც ვაკეთებდით, ნიკამ გვითხრა, რომ არასწორი იყო – არასწორად აკეთებთო. უნდა გააკეთოთ: ერთი, ორი, სამი, ოთხიო.
ქეთა: თავიდან ძალიან მიჭირდა, მუსიკისთვის რომ ამეყოლებინა. მაგრამ მერე, ორკესტრთან ერთად რომ გავაკეთე, მივხვდი: არაფერი არ იყო სანერვიულო.
სალომე: რომ მივედი, ყველაფერი უკვე მზად დამხვდა. რაც ვნახე, იმით მეც გაოცებული დავრჩი, გამიკვირდა, პატარა ბავშვები როგორ ახერხებდნენ ამ ყველაფრის გაკეთებას. ორკესტრი ზუსტად მიყვებოდა მათი ხელის მოძრაობას, არაფერი ყოფილა დადგმული. ნელა გააკეთებდნენ: ნელა უკრავდნენ, ააჩქარებდნენ – აჩქარდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ უმაგრესი შოუ იქნებოდა.
– ქეთა, როგორც ვატყობ, ძალიან გაწვალებს გიორგი.
ქეთა: ძალიან. ხან რას მიკეთებს, ხან რას. გადაღებაზე გამომეკიდება, კი ვერ მიჭერს... ხან კომპიუტერთან არ მსვამს, ძალიან მაწვალებს – იგივე ჯეკოა.
გიორგი: სულ შენ არ ზიხარ კომპიუტერთან, თამაშობ ხოლმე.
– ძალიან კარგად იცეკვეთ.
– ადრე ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, მაგრამ იქ რაც ვისწავლე, ეს არ მჭირდებოდა. ჯერ გვითხრეს: „ტანგოს” გაცეკვებთო, არ გამიხარდა, ძალიან ძნელია, არ გვინდოდა.
ქეთა: ჯერ „ტანგო” გვაცეკვეს, მერე ეს ცეკვა. ოთხი დღე მოვუნდით ამ რთული ცეკვის სწავლას. რომ ვივარჯიშეთ და მივაღწიეთ მაქსიმუმს, უკვე ადვილი იყო.
გიორგი: თამუნა აბესაძის დამსახურებაა, რომ ჩვენ ასე კარგად ვიცეკვეთ.
ქეთა: ჩვენი მასწავლებელია და ეს დაწერეთ. აჩიკო სოლოღაშვილიც იყო ჩვენი მასწავლებელი – ესეც დაწერეთ.
გიორგი: განსაკუთრებული მადლობა თამუნა აბესაძეს, რომ თავის დროს იყენებდა, ჩვენ რომ ვევარჯიშებინეთ.
ქეთა: დიდი მადლობა სალონ „ნატალის“, ჩვენს დასახმარებლად და გასამარჯვებლად ასე დიდი დრო რომ დახარჯეს.
გიორგი: დიდ მადლობას ვუხდით ტყუპების დედას, მარიკა გოცირიძეს.
ქეთა: ჟურნალისტია და მაგის დახმარებით მოვხვდით „ბრავოში“. დაწერე ეს აუცილებლად.
სალომე: თამუნა გაგიჟებული ჰყავდათ, მაგრამ ვარჯიშობდნენ ძალიან ბევრს. 15 წუთი რომ ჰქონდათ შუალედი, მერე თამუნა მოვიდოდა: აბა, ჩქარა თავიდანო და მაშინვე იწყებდნენ ვარჯიშს. ბოლომდე იშრომეს იმისთვის, რომ შოუ გაეკეთებინათ და გააკეთეს კიდეც. მეც არ მინდოდა, მათთვის იმედები გამეცრუებინა. ორმაგად უფრო მაქვს ეს გრძნობა, მინდა, მათთვის მაქსიმუმი გავაკეთო, რომ მერე გული არ დასწყდეთ. გამოგვივიდა კიდეც, ღმერთის წყალობითა და ჩვენი შრომით. ძალიან გვინდა, რომ ფინალშიც მოვიგოთ.
ქეთა: 5 დეკემბერს იწყება ფინალი და დაგვიმესიჯეთ ნომერზე, მერე რომ ჩაირთვება.
– სალომე, „X ფაქტორმა“ რადიკალურად შეცვალა შენი ცხოვრება.
სალომე: ამოტრიალდა, არ ვიცი, რამდენი გრადუსით. ყველაფერი სხვანაირად არის. „X ფაქტორიც“ რომ დაიწყო, მაშინაც არ ჰგავდა ჩემი ცხოვრება ჩემს რეალურ ცხოვრებას. არ მიფიქრია სცენაზე დადგომა. რამდენჯერმე ვცადე, არ გამოვიდა და ხელი მქონდა ჩაქნეული. ეს იყო ბოლო ცდა, ისიც დედის თხოვნით. ამ წელს ყველაფერი კარგად მიდის, ყველაფერი ახალი და კარგი ხდება – უკეთესობისკენ შეიცვალა და ძალიან მინდა, ასე გაგრძელდეს. სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მთელი ცხოვრება მინდოდა, მომღერალი ვყოფილიყავი. ხალხის მხრიდან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ეს მახარებს. ეს დიდ ძალას და სტიმულს მმატებს. ფინალში გადასვლას არ ველოდებოდი, მეგონა, შანსები მცირე გვქონდა, რადგან ლევანი ძალიან ძლიერი კონკურენტია და ზურგს უმაგრებდნენ ძლიერი ლობისტები. მაგრამ, ჩემმა ლობისტებმა შანსი არავის დაუტოვეს.
ქეთა: ჩვენ უნდა გავიმარჯოთ, მაგრამ ოთო ნემსაძეა ძლიერი, გიორგი ბერიძე.
გიორგი: კიდევ სტვენია, რომ არის.
– მახსოვს, „ნანუკას შოუში“ ბინა გაჩუქეს, გადახვედი უკვე?
სალომე: რამდენიმე დღეში გადავსახლდებით. ასე ჯერ არაფერი გამხარებია. დედა მეუბნება: ერთი შენი დაბადება გამიხარდა და მეორე სახლის ამბავიო. ოცნებები რომ ხდება, აქამდე არ მჯეროდა, წელს დავიჯერე და მინდა, სულ ასე იყოს. ახალმოსახლეობაზე გიორგის და ქეთასაც დავპატიჟებ.