რაში აბანდებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი გოჩა შონია ყოველწლიურ, საშუალოდ, 280 000-ლარიან საბიუჯეტო ხელფასს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გოჩა შონია 1966 წელსაა დაბადებული. თუმცა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი დაუმთავრებია, მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. შრომითი ბიოგრაფია 1995 წელს დაუწყია გარდაბნის თერმო-ელექტროსადგურში წამყვან ინჟინრად (1997 წლამდე); 1998-2000 წლებში კი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნული კომისიის ექსპერტად დასაქმებულა; 2002 წელს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ეკონომიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად დანიშნულა; 2002 წელს – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; ხოლო 2003-ში კი – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; 2005 წელს უკვე კომისიის მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად მოგვევლინა; 2008 წელს, საერთოდაც, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტარიფებისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტში ელექტროენერგეტიკის სამმართველოს უფროსად; 2011 წელს კი საბოლოოდ გაუმართლა, რადგან აგვისტოდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია.
ბ-ნი შონიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2011 წლით თარიღდება, რომელიც მან, ბუნებრივია, შეავსო, როგორც მარეგულირებლის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1973 წელს დაბადებული მეუღლე ეკატერინე კორსანტია და ორი შვილი: ბექა და მარიამი. ოჯახის უძრავი ქონება მხოლოდ გოჩა შონიას ეკუთვნოდა. კერძოდ: საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში (ფართობი – 286 კვ. მ.), საცხოვრებელი ბინა თბილისში, წერეთლის გამზირზე (ფართობი – 68 კვ. მ.) და გოგოლაურის ქუჩაზე მდებარე 20 კვ. მ. ფართობის ავტოფარეხი. ავტომობილი იმხანად ოჯახის ორივე ზრდასრულ წევრს ჰყავდა: გოჩა შონიას – 1996 წლის „მერსედესი“, ეკატერინე კორსანტიას – 2002 წლის „ოპელ კორსა“.
2010 წელს გოჩა შონიას სამი ანაბარი ჰქონდა, რომლებზეც, შესაბამისად, ერიცხებოდა: 25 000, 10 000 და 85 000 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 12 622 ლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2010 წლის განმავლობაში გოჩა შონიამ, როგორც მარეგულირებელი კომისიის სამმართველოს უფროსმა, 60 882 ლარი აიღო, ხოლო ეკატერინე კორსანტიამ, როგორც იმავე კომისიის წამყვანმა სპეციალისტმა – 16 827 ლარი.
2012 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ოჯახის უძრავ ქონებას დაჰმატებია საცხოვრებელი ბინა ქუთაისში (71 კვ. მ. ფართობის), რომელიც ეკატერინე კორსანტიას საკუთრებაა. თუმცა წყვილს აღარ ჰყავდა ავტომობილები. მაგრამ გოჩა შონია კვლავ ინახავდა ფულს ბანკში გახსნილ დეპოზიტებზე: 115 000 ლარს, 20 000 აშშ დოლარს და კიდევ – 58 540 აშშ დოლარს. 2011 წლის აგვისტომდე გოჩა შონიამ, როგორც მარეგულირებლის სამმართველოს უფროსმა, 45 342 ლარი აიღო, ხოლო, როგორც უკვე მარეგულირებლის წევრმა, 5 თვეში, 119 040 ლარი. ეკატერინე კორსანიტიას, როგორც წამყვანი სპეციალისტის, წლიურმა სახელფასო შემოსავალმა კი 28 235 ლარი შეადგინა. 2012 წელს გოჩა შონიამ შეიძინა 2008 წლის ავტომანქანა suzuki grand vitara, 2012 წელს ეკატერინე კორსანტიას „თი ბი სი ბანკის“ დეპოზიტზე ჰქონდა 12 000 აშშ დოლარი და 150 000 ლარი; გოჩა შონიას კი – 130 000 ლარი და 68 540 აშშ დოლარი. 2012 წლის განმავლობაში გოჩა შონიამ, როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, 279 000 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც იმავე კომისიის წამყვანმა სპეციალისტმა, 30 000 ლარი. ბოლო დეკლარაცია გოჩა შონიამ 2014 წელს შეავსო, რის თანახმადაც, მისი ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონება უცვლელია, თუმცა ვიგებთ, რომ 2013 წელს გოჩა შონია „საქართველოს ბანკის“ ერთ, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ სამ დეპოზიტზე ინახავდა: 85 000 აშშ დოლარს, 180 000, 170 000 და 84 000 ლარს. რაც შეეხება შემოსავლებს: გოჩა შონიამ, როგორც მარეგულირებლის წევრმა, 2013 წლის განმავლობაში 284 288 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც მარეგულირებლის წამყვანმა სპეციალისტმა, 39 533 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბ-ნი შონიამ ამ პოზიციაზე, კანონის თანახმად, უნდა დაჰყოს, სავარაუდოდ, 2017 წლოს აგვისტომდე, მისი საოჯახო ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, მილიონი ლარით შეივსება.