„ტურების ქვეყანა“?!
„გრუზია“ VS „ჯორჯია“
რამდენიმე წლის წინათ ქართული დიპლომატია გამალებით ცდილობდა, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სახელწოდება „გრუზია“ მასობრივად ჩანაცვლებულიყო „ჯორჯიათი“. ქვეყნების ნაწილი დაგვთანხმდა, ნაწილისთვის კი კვლავ „გრუზიად“ დავრჩით.
შესაძლოა, იმიტომ, რომ ეს ყველაზე მცირეწონიანი პრობლემა იყო ჩვენ წინაშე მდგართაგან, თემა თითქოს ჩაიფარცხა, მაგრამ სულ ახლახან ჩვენმა პრეზიდენტმა ამოატივტივა თვით ამომავალი მზის ქვეყანაში. კერძოდ, იაპონიაში ვიზიტისას ბრძანა, რომ ჩვენ გვსურს, საქართველოს საერთაშორისო არენაზე ერქვას არა ის სახელი, რომელიც რეგისტრირებულია საბჭოთა კავშირის არქივებში, არამედ ის, რომელიც რეგისტრირებულია გაეროს მიერო.
თუმცა ისიც სათქმელია, რომ ეს საკითხი სასაკავას მშვიდობის ფონდში სტუმრობისას, ფონდის წარმომადგენლის შეკითხვამ გაააქტუალურა. ცნობისმოყვარე იაპონელს დაუზუსტებია, რატომ სთხოვს საქართველოს ხელისუფლება იაპონიას, ქვეყანა „გრუზიას“ ნაცვლად „ჯორჯიად“ მოიხსენიოსო, რაზეც ჩვენს პრეზიდენტს, ზემოთქმულის გარდა, უბრძანებია, რომ რუსული ტოპონიმი ძირითადად გამოყენებული იყო კონტექსტში „სოვეტსკაია გრუზია“, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი.
საბჭოთა ტოპონიმიკა მეც ყურს მჭრის, ოღონდ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი შეცდა, რადგან „გრუზია“ მოდის სირიული „გურზიიდან“, ხოლო „გურზი“, არც მეტი, არც ნაკლები, „მგელს“ ნიშნავს, ანუ ჩვენი წინაპრების ქვეყანას „მგლებისა“ უწოდეს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მგლები გადაშენდნენ და ტურები მოგვიმრავლდნენ, იქნებ პრეზიდენტის ბაგეებით ჭეშმარიტება ღაღადებს – უმგლებოდ მგლების ქვეყანა გაგონილა?! –