გახსენება
„ვაი, რა ბოძი წაგვექცა“
მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენლებმა ხელისუფლება დაკარგეს (პათოსით: „ვაი, რა ბოძი წაგვექცა!“) და, უნდოდათ თუ არა, ოპოზიციაში გადაინაცვლეს, ზედაც, უფლებადამცველთა მანტიაც მოისხეს და, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ თვალწინ მთლად სავლეს პავლედ გარდასახვის პროცესია, ისეთი ჟინით უბნობენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების უზენაესობაზე, საქმეში ჩაუხედავ და, თან, გულჩვილ ადამიანს თვალთაგან გადმოღვრილი კურცხლები ახრჩობს.
ჰოდა, მანტიამოსხმულები, იმ მარტივი მიზეზით, რომ სასამართლო ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ყოფილივე მაღალჩინოსნების თანამოაზრეთათვის უსიამოვნო გადაწყვეტილებებს იღებს, მოსამართლეებზე ისეთი შტურმია, ორიოდე წლის წინათ თვით ყველაზე თამამ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა „დემოკრატიის შუქურის“ მკვიდრი საქართველოს მოქალაქე.
კერძოდ, გასულ კვირას სასამართლომ მიმართვა გაავრცელა და გვაუწყა, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს ხალხის რჩეულ აკაკი მინაშვილისგან შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუღია და, ბუნებრივია, დეპუტატის მანდატის პასუხისმგებლობით დატვირთულ მოქალაქე მინაშვილს თანამდებობის შესაფერისად მოქცევისკენ მოუწოდა (თავი შეიკავეთ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებებისგანო).
თავის მხრივ, მოქალაქე მინაშვილმა გაასაჯაროვა მოსამართლე ბუგიანიშვილისთვის გაგზავნილი შეტყობინება და ინტსრუქციაც მოაყოლა: რაკი, მისი აზრით, სასამართლო გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო იყო, „ახლა ვისაც გინდა, ანახე ეს გზავნილი“ და დეპუტატური ღირსებით დაამატა (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მარტივად გეტყვი და საჯაროდაც მეტყვი, ყველას მონა ხარ!“
თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოხსენებული და სხვა მოსამართლეებიც ბ-ნი მინაშვილის სახელისუფლო ზეობისას დაინიშნენ და ისეთი განაჩენები გამოუტანიათ, ევროპის სასამართლოს დღემდე ყალყზე უდგას თმა, სავარაუდოა, რომ საქმე მონობა კი არაა, არამედ ის, ვისი მონაა .
თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ერთი დეტალია – მოსამართლის შეუარცხმყოფელმა საკუთარი სიმართლის დასტურად სახარებისეული შეგონება მოიხმო: „არა არს დაფარული, რაიცა არ გაცხადდეს“. აქედან გამომდინარე კი, ვფიქრობ, ურიგო არ არის, როდესაც თვით ბ-ნ მინაშვილსაც კი, რატომღაც, ღმერთი გაახსენდა.