ვისთან არის „კონტრაში“ მანიკა ასათიანი და ვინ დაემუქრა მანიკას შემდეგ „ატაკაზე“ გადასვლით ანა კოშაძეს
ორივე ძალიან ლამაზი, ხალისიანი, ენერგიული, ნიჭიერი და დადებითი პიროვნებაა; წარმატებულები არიან როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. მათი დადებითი ენერგეტიკა სხვა ადამიანებზე ახლა უკვე სამუშაო დღეებში 14.30 საათზე, „მაესტროს შუადღიდან“ გადმოდის. ამას გარდა, მაყურებელს ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრებიან და სასარგებლო რჩევებსაც აძლევენ სხვა წამყვანებთან ერთად. საერთო კი კიდევ ბევრი აქვთ, თუნდაც ის, რომ, მანიკა ასათიანის მსგავსად, ანა კოშაძეც ერთ დროს მოდელი იყო, თუმცა, ახლა „უნიქარდის“ პიარ-მენეჯერი და უკვე ტელეწამყვანია, ხოლო მანიკა, ტელეწამყვანობასთან ერთად, ისევ განაგრძობს მოდელობას.
ანა კოშაძე: მანიკა ისეთ კარგ ხასიათზეა ხოლმე, რომ, არ შეიძლება, განწყობა არ აგიმაღლოს.
მანიკა ასათიანი: შენც ძალიან კარგ განწყობას ქმნი. მთავარი ის არის, რომ მთელი „შუადღის“ კოლექტივი ძალიან კარგია, ყველანი კარგად ვართ ერთმანეთთან, არც ხუმრობა გვწყინს და ყველაფერს ისე ვიღებთ, როგორც საჭიროა. შინაურული და თბილი გარემოა.
ანა: მიუხედავდ იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ეთერში ვართ, უკვე მოვშინაურდით, მეგობრულად ვართ და ძალიან მიხარია. რადგან ერთმანეთს ვიცნობდით, ამიტომ, თავიდანვე შინაურული გარემო იყო, რამაც კიდევ უფრო გამიადვილა მუშაობა, თან, პროფესიონალების გუნდია. პირადად მე ახალბედა ვარ, აქამდე არ მქონდა გამოცდილება და ნელ-ნელა დავიხვეწები.
მანიკა: „პრაგონზე“ ერთ-ერთი ახალბედასთვის შეიძლება შენიშვნა იყოს ის, რომ მოიხსნას შებოჭილობა. მაგრამ, პირდაპირ ეთერში საერთოდ მოიხსნა ანამ შებოჭილობა და ისეთია, როგორიც რეალურად ცხოვრებაში. ჩვენი პროდიუსერისა და ყველას მოთხოვნაა: ვიყოთ ბუნებრივები, არ დავკარგოთ სილაღე, ჩვენი „მე“.
ანა: ყველანი ინდივიდუალურები და განსხვავებულები ვართ. მგონია, რომ ამითაც არის ჩვენი „შუადღე“ საინტერესო.
მანიკა: ვიღაცას, შეიძლება, ჰგონია, რომ წინასწარ დაწერილი ტექსტი გვაქვს და იმას ვკითხულობთ. ჩვენს შემთხვევაში არ არის ასე. რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცით, რა თემაზე გვიწევს საუბარი, რადგან, სტუმრის მიმართ უპატივცემულობა იქნება, რომ არ ვიცოდეთ, რაზე ისაუბრებს, მაგრამ, ყველაფერი იმპროვიზაციაა.
ანა: ზოგჯერ ისეც ხდება, ყველანი ერთად ვუსვამთ სტუმარს კითხვას და ამასაც თავისი ხიბლი აქვს. ამიტომაც არის, ალბათ, ჩვენი „შუადღე“ გამორჩეული.
მანიკა: ამას წინათ სასაცილო შემთხვევაც მოხდა: ჩვენს მხატვარს ეგონა, ეთერი დამთავრდაო და პირდაპირ ეთერში შემოვიდა. მერე ეს თემა აიღო ოთარ ტატიშვილმა და თავის გადაცემაში კარგი ხუმრობა ააგო.
– ანა, როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც წამყვანობაზე მიიღე შემოთავაზება?
ანა: უცბად მოხდა ყველაფერი. 15 სექტემბერს ეთერში გადიოდა „შუადღე“ და 10-ში თუ 11-ში მესაუბრა პროდიუსერი. სატესტო გადაცემა ჩავწერეთ და მეორე დღესვე დამიკავშირდნენ. სატესტოზეც რომ მოვედი, ვფიქრობდი: ვცდი, ვნახოთ, როგორ გამოვა სამსახურის პარალელურად-მეთქი. ძალიან მიხარია. კარგია აქ, მომიხარია და არასდროს მეზარება მოსვლა. პირველ გადაცემაზე, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი; ხან მანიკას ვეკითხებოდი და ხან ირაკლის: მითხარით, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო-მეთქი. ერთი-ორი საკვანძო რჩევა მომცეს, გავითვალისწინე და ახლა არა მიშავს.
მანიკა: ანასთან ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, მით უმეტეს, რომ ქალები ვართ და ერთნაირი მოსაზრებები გვაქვს. თან, მანამდეც ვიცნობდი და მასთან შეწყობა არ გამჭირვებია. ანა, დარსო, ლუკა იმდენად კომფორტული, უკონფლიქტო, ლაღი და უშუალო ადამიანები არიან, რომ მათი სახით კარგი მეგობრები შევიძინე.
– გოგონები აშკარა უმრავლესობაში ხართ.
ანა: დიახ, თუმცა, ყველანი ერთად არასდროს ვართ ეთერში, ვენაცვლებით. ერთ გადაცემაში, მახსოვს, სამი გოგო და ერთი ბიჭი ვიყავით, თან, ქალურ თემებზე ვსაუბრობდით: თავის მოვლა, მაკიაჟი... ბოლოს ირაკლი გაგიჟდა და გარბოდა ეთერიდან.
მანიკა: ისე, მე და ირაკლი სულ კონტრაში ვართ, „ვესპორებით“ ერთმანეთს, ოღონდ, ეს სიყვარულითა და მეგობრობით არის გამოწვეული, თან, ეთერს უხდება.
ანა: ირაკლი დამპირდა, რომ ჩემზეც „გადმოვა.” დამემუქრა: მანიკასთან რომ მოვრჩები, მერე შენც „გადმოგწვდებიო”.
– დროის მხრივ როგორ ხართ, განსაკუთრებით შენ, ანა; ალბათ, ცოტა აგერია გეგმები, რადგან, უფრო ნაკლები დრო გრჩება.
– მანიკასაც ვუყვებოდი: დილით „იუნიქარდის“ ჩართვა მქონდა, მერე ვარჯიშზე გავიქეცი, მერე სამსახურში, მერე აქ მოვედი... მოკლედ, გეგმები შემიცვალა, მაგრამ, ტელევიზია ამად ღირს, თავისი ხიბლი აქვს, თუმცა, სტრესთანაც არის დაკავშირებული, რადგან, პირდაპირი ეთერია.
– როგორი იყო მეუღლის შეფასებები შენს ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით?
– ძირითადად, დადებითი. შენიშვნები ჰქონდა, თუმცა, წვრილმანები.
მანიკა: სახლში რომ მივდივარ, მეც მაინტერესებს, ვახვევთ და ვუყურებთ მე და ბექა. რომ გითხრა, ყველა გადაცემას უყურებს-მეთქი, მოგატყუებ. მგონი, მობეზრდა კიდეც.
ანა: მოსაბეზრებელია, ყოველდღე პირდაპირ ეთერში უყურო იმ ადამიანს, რომელიც ისედაც სახლში გყავს.
მანიკა: პირველ ეთერს, რა თქმა უნდა, უყურა. რაღაცეები მითხრა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ შენიშვნები მომცა. უხარია, რომ ჩემი საქმით ვარ დაკავებული და ხელს მიწყობს. ტელევიზია ძალიან მიყვარს და, ვხვდები, რომ მის გარეშე არ შემიძლია.
– ორივეს ბევრი საერთო გაქვთ.
ანა: დიახ, შვილები და კიდევ სხვა ბევრი რამ. ასე რომ, სალაპარაკო გვაქვს.
მანიკა: ორივე ადრე გავთხოვდით, ადრე გავაჩინეთ შვილები, ახლა ერთად ვმუშაობთ. ორი შვილი კი ჰყავს, მაგრამ ასაკითაც ჩემზე დიდია. ანას ვეუბნებოდი: ახლა თუ არ ვივარჯიშებ, მეორე შვილს რომ გავაჩენ, ფორმას ვეღარ აღვიდგენ-მეთქი.
ანა: მე ყველას მოვუწოდებ ვარჯიშისკენ. ყოველ ორშაბათს გვაქვს რუბრიკა: „ვვარჯიშობთ პირდაპირ ეთერში,” თან, ჩვენი ინსტრუქტორი ისეთ ვარჯიშებს ასწავლის პირდაპირი ეთერით, რაც სახლის პირობებშიც ადვილი გასაკეთებელია, თან, გასახდომი და ფორმაში მოსაყვანია.
მანიკა: ჩვენი გადაცემა იმითაც არის საინტერესო, რომ ყოველი დღე სხვადასხვა რუბრიკით არის დატვირთული. გვყავს თანაწამყვანები. მაგალითად, დიზაინერი ლელა ელოშვილი ყოველ ხუთშაბათს არის ჩვენთან, მოდის შესახებ აძლევს მაყურებელს რჩევებს და კონკრეტულ სამოსზე საუბრობს; ასევე, ლელასთან ერთად არის კოსმეტოლოგი ლალი მილორავა და ისიც პირდაპირ ეთერში ამზადებს სახლის პირობებში მოსამზადებელ ნიღბებს და პირდაპირ ეთერშივე ვიკეთებთ ხოლმე – ჩვენზე ვცდით. ჩვენი გადაცემის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ გვყავს მუდმივი თანაწამყვანი – მამა ლევანი (მათეშვილი), რომელიც აქტუალურ, საინტერესო თემებზე აძლევს მაყურებელს რჩევებს.
– ანა, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ პირველკლასელი გოგონას დედა ხარ.
ანა: გუშინ ისეთი რამ დამემართა, ცოტა შემრცხვა. მაშოს თანაკლასელების მშობლები ისეთი მობილიზებულები და ორგანიზებულები არიან, ცოტათი მშურს კიდეც, რადგან, მე ყველაფერს ერთად ვერ ვასწრებ. მასწავლებელმა გვითხრა, წიგნებს გადააკარითო და, მეორე დღესვე ბავშვებს ლამაზად ჰქონდათ გადაკრული, მე კი ორ დღეში ვიყიდე გადასაკრავი და ერთი დღე მოვუნდი გადაკვრას, რადგან დრო არ მქონდა. ბოლოს, როგორც იქნა, ვაღირსე. „ფეისბუქზე“ გვაქვს კლასის ჯგუფი შექმნილი. ინგლისურის მასწავლებელმა დაგვიწერა: წიგნის უკანა ფურცლიდან ასოები ამოჭერით და ბავშვებს გამოატანეთო. მივედი სახლში გვიან, ყველას ეძინა. დავიჭირე ინგლისურის წიგნი და ბოლო ფურცელი ვიპოვე. კი არ ჰგავდა გამოსაჭრელ ასოებს, მაგრამ, მაინც გამოვჭერი. დილით 7 საათზე გამოვედი სახლიდან – ჩართვა გვქონდა. 9 საათზე მაშომ ტირილით დამირეკა – რატომ დამიჭერი წიგნიო. თურმე, უკვე გამოუჭრიათ და ჩანთაშიც ჩაუწყვიათ, მე კი წიგნი დავუჭერი. რა ვქნა, ძალიან ვცდილობ, მაგრამ, არ გამომდის, ცოტა უყურადღებოდ მრჩება. მინდა, შაბათ-კვირას ავანაზღაურო დანაკლისი და, სადაც არ უნდა წავიდე, ორივე ყველგან დამყავს.
მანიკა: მე არ მაქვს „შუადღის“ შემდეგ სამუშაო, თუ გადაღებები არ არის, ამიტომ, აქედან რომ მივდივარ, სულ გიოსთან ვარ. მერე ჩემს დასთან მიმყავს – იქ ბავშვებთან კარგად იღლება; მომყავს და, თუ სადმე მინდა გასვლა, როცა გიოს სძინავს, მაშინ გავდივარ.
ანა: მე ამის თავი აღარ მაქვს ხოლმე. ისე ვიღლები, 10 საათზე მათთან ერთად ვიძინებ, დიდი-დიდი, ნახევარი საათი წიგნი წავიკითხო.
მანიკა: მე ვერავინ მღლის, ალბათ, ბებია რომ ვიქნები, მაშინაც ასე მოვიქცევი.