კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან სურს დაკარგული 15 წლის ანაზღაურება ვიქტორია პლეშაკოვას და როგორ მიატოვა დროებით ნიუ-იორკის მაღალი მოდის სამყარო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამო

დაახლოებით 2001 წელს, ჩემი პირველი სამსახური რესტორანში მიმტანის ასისტენტობა იყო. ამავე რესტორანში ერთი მხიარული და ხალისიანი ქალბატონი მუშაობდა, რომელიც მიყვებოდა ბავშვებზე, რომლებიც გაჭირვებაში გაზარდა და ერთ-ერთი შვილის ამერიკულ წარმატებებზე, რომელმაც ნიუ-იორკის მაღალი მოდის სამყაროში დიდ წარმატებას მიაღწია. ბევრჯერ უტირია, რომ გოგონა მისგან შორს იყო და ენატრებოდა... ასევე, მახსოვს, როგორი ამაყი და ბედნიერი იყო მთელი დღე, როცა შვილმა ამერიკიდან რესტორნის მიმღებში დაურეკა დედამისს და მორიგი კონტრაქტის შესახებ უთხრა. 

როდესაც ვიქტორია პლეშაკოვამ, რომელიც დღეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილეა, ინტერვიუს დასაწყისში საკუთარი ისტორიის მოყოლა დაიწყო, მაშინვე რესტორანში ჩემთან ერთად მომუშავე ქალბატონი გამახსენდა და, მართლაც, სწორედ ვიქტორია აღმოჩნდა ის გოგო, რომლის ისტორიებსაც ხშირად ვისმენდი ხოლმე. ინტერვიუს შუა ნაწილში, ინსტინქტურად ავიღე კომპიუტერთან დადებული ტელეფონი, გავგზავნე მესიჯი ნომერზე – 95111 და წერა განვაგრძე. თუ კითხვის დროს იმ მონაკვეთში თქვენც იმავეს გააკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის, მისი ისტორია კი ზღაპრულ გმირებს – კონკიასა და ალისას საოცრებათა ქვეყნიდან მოგაგონებთ, მე კი მას „კონკია საოცრებათა სამყაროში“ ვუწოდებდი.

 

 

 – დავიწყოთ თავიდან: სად და როგორ დაიწყო შენი კარიერა; როგორ მიაღწიე ამხელა წარმატებას ვამპირების ქალაქში; მომიყევი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შესახებ, რომლის გამოც დაბრუნდი საქართველოში.

– საქართველოში დავიბადე და გავიზარდე. 15 წლამდე „ქართული მოდის სახლთან“ ვთანამშრომლობდი, მერე კი სოფო ჭყონიას სააგენტოსთან დავდე კონტრაქტი, რომლის წყალობითაც წავედი ამერიკაში. იმ წელს კონკურს „მის მეტროპოლიტენის“ გამარჯვებული გავხდი, სადაც 175 ათასი დოლარი და ამერიკაში კონტრაქტი მოვიგე. ამ კონკურსს „შანელის” ერთ-ერთი სუპერმოდელი ესწრებოდა და მასთან კონტრაქტიც ძალიან დამეხმარა ამერიკული მოდის სამყაროში. 15-16 წლის გოგოსთვის ნიუ-იორკი არის საოცრებათა სამყარო, მით უმეტეს – ჩემთვის. იმ პერიოდში საქართველოში ყველას უჭირდა, მათ შორის, ჩემს ოჯახსაც. პატარა ვიყავი, მამა რუსეთში რომ წავიდა სამუშაოდ, მაგრამ, ცოტა ხანში საერთოდ გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა. დედა ორ ადგილას მუშაობდა და სამ შვილს მარტო გვზრდიდა. ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილები ერჩინა, განსაკუთრებით კი ჩემზე ზრუნავდა.

– 15 წლის შემდეგ აქ რა ნახე, რამაც იმ დროის თბილისი გაგახსენა?

– ყველაფერი მახსენებს ჩემი ბავშვობის თბილისს. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სხვანაირი ქალაქი დამხვდა – გალამაზებული, გაკეთებული და განათებული – მაინც ნაცნობია ყველა ადგილი და, კიდევ, იცით რა? ადამიანების ურთიერთობები და თბილი დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მაკლდა.

– მაგრამ, ეს ურთიერთობები და დამოკიდებულებები დღეს უკვე შეიცვალა – ხალხი ძალიან ცივი გახდა ერთმანეთის მიმართ.

– სიცივე თქვენ ამერიკაში უნდა ნახოთ და მერე მაგას აღარ იტყვით. სხვათა შორის, ყველაზე მეტად სწორედ ეს გამიჭირდა, როცა ჩავედი. აქ მიჩვეული ვიყავი ყურადღებას, სითბოს, მზრუნველობასა და თანადგომას, მაგრამ, ნიუ-იორკში არავის აინტერესებს, ვინ ხარ, რა გაწუხებს, რა გიჭირს და, საერთოდ, არავინ და არაფერი არ ხარ. შვილი დედას კარს მიუკეტავს ცხვირწინ, თუ წინასწარ არ შეუთანხმდა ვიზიტზე. ქუჩაში რომ დაეცე, ისე გადაგაბიჯებენ, ხელს არავინ შეგაშველებს წამოდგომაში. რობოტივით ელაპარაკებიან ერთმანეთს და, გული რომ წაგივიდეს, წყალს არ მოგასხამენ. მაქსიმუმ, სასწრაფოში დარეკონ, მერე შებრუნდებიან და გააგრძელებენ კომპიუტერზე მუშაობას.

– ამ ყველაფრის შემხედვარე, შენ არ შეიცვალე?

– შევიცვალე, მაგრამ, უკეთესობისკენ. ის ადამიანური ღირებულებები, რაც ქართველებს გვაქვს, არ დამიკარგავს და, თუ რამეს მივაღწიე, სწორედ ამის შედეგია. იქ ძალიან ვუყვარვარ და პატივს მცემენ, მეხმარებიან არა იმიტომ, რომ მე კარგი მოდელი ვარ, არამედ, კარგ ადამიანადაც მთვლიან, ეს კი ჩემი ქართველობის დამსახურებაა.

– ამერიკაში მეტროთი დადიხარ?

–„ლიმუზინებით“ და ძვირად ღირებული მანქანებით მხოლოდ მაშინ დავდივარ, როცა სააგენტო ქირაობს, მაგრამ, ყოველდღიურად მეტროთი ვმგზავრობ. ჯერ ერთი, გაცილებით იაფია და, მეორეც, ძალიან მოსახერხებელია გადაადგილება, თანაც, უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ტაქსის. აქ  რომ ჩამოვედი, რამდენიმე ადგილას მეტროთი მივედი და დამცინეს. დღემდე ვერ ვხდები, რატომ არ შეიძლება, ცნობილმა ადამიანმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს. ჯერ მიჭირს ბევრი რამის გაგება, მაგრამ, იმედი მაქვს, ცოტა ხანში შევეჩვევი.

– მაგალითად, რასთან გიჭირს შეგუება?

– კომუნიკაციის პრობლემა მაქვს. იქ სხვანაირი იუმორია, რომელსაც ჯერ ვერ გავუგე – შეიძლება, შეურაცხყოფა მოგაყენონ და გითხრან, ვხუმრობო. არ ვიცი, რა დროს ხუმრობენ და რა დროს სერიოზულად ლაპარაკობენ, როდის უნდა გამეცინოს და როდის მეწყინოს; ამიტომ, სულ დაძაბული ვარ საუბრის დროს. იმ დღეს ძალიან უხერხულობაში აღმოვჩნდი ნინო რამიშვილთან. რომ დავინახე, ძალიან გამიხარდა, მივესალმე და ვუთხარი – მე თქვენ გიცნობთ, თქვენ ხომ „სუხიშვილებში” ცეკვავთ-მეთქი. ისე შემომხედა, მივხვდი, რაღაც არასწორად ვთქვი, ამიტომაც, ბევრს აღარ ვლაპარაკობ, რომ შეცდომები არ დავუშვა.

– ვიკა, შენს ბიოგრაფიას გადავხედე და ვნახე, რომ, რეალურად, დიდ წარმატებას მიაღწიე – შენს პორტფოლიოში მსოფლიო ბრენდების სახელები ფიგურირებს. რატომ გადაწყვიტე, მიგეტოვებინა ამერიკული მოდის გლამურული ცხოვრება, ჩამოსულიყავი საქართველოში და მიგეღო მონაწილეობა პროექტში, საიდანაც, შეიძლებოდა, პირველივე ლაივიდან გამოთიშულიყავი?

– მე ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, სიახლე და რისკი. არასდროს მიცეკვია, მაგრამ, ამის სურვილი ბავშვობიდან მქონდა. ახლა მომეცა შანსი და გამოვიყენე. გარდა ამისა, ეს პროექტი მაძლევს საშუალებას, რომ 15 წლის მონატრებულ დებთან ერთად ყოფნით ცოტა ხანს დავტკბე და ავინაზღაურო ის წლები, რომლებიც ერთმანეთის გარეშე გავატარეთ. დავდივარ ფეხით და ვგრძნობ, რომ მომნატრებია ჩემი ქალაქი. აქ ყველაფერს თავისი სუნი აქვს; მგონია, რომ მზეც სხვანაირად ანათებს და, რაც მთავარია, მინდა, აი, ის ადამიანური ურთიერთობები ბოლომდე შევიგრძნო. კიდევ, მინდა, დიდხანს ვიყო აქაურ მეგობრებთან. მიყვარს საქართველო და, რაც დრო გადის, უფრო მეტად მინდა ადამიანებთან ურთიერთობა. ამერიკაში არაფერი მაკლია, გარდა ამ ურთიერთობებისა, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.

– უცნაურია... ყველა, ვინც ბრუნდება, ძალიან მალე დეპრესია ეწყებათ და უკან გაქცევაზე არიან.

– არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე მოსაწყენად არ მცალია. ორი კვირაა, რაც პროექტი დაიწყო და უკვე ათასზე მეტმა ადამიანმა დამიმატა „ფეისბუქში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ათას ადამიანზე მეტი მეგობარი შევიძინე. თითომ რომ დღეში ერთი მესიჯი გამოგზავნოს ჩემს ნომერზე – 95111, კიდევ დიდხანს შევძლებ საქართველოში დარჩენას. ძალიან მინდა, ახალ წელს თბილისში შევხვდე ჩემს დებთან ერთად, მაგრამ, თუ პროექტს გამოვეთიშე, იძულებული ვიქნები, უკან დავბრუნდე. ჩემი აგენტები თვალყურს ადევნებენ პროექტს და, ერთი სული აქვთ, რაც შეიძლება მალე წავიდე, რომ ახალი კონტრაქტები გავაფორმო. ახლა იმიტომ დამთანხმდნენ აქ წამოსვლაზე, რომ Dancing with the stars („ცეკვავენ ვარსკვლავები“) მსოფლიო დონის კონკურსია და ამ პროექტში მონაწილეობა ერთგვარი პრესტიჟია.

– სამი თვეა, თბილისში ხარ. ჯერ არ მიგიღია სხვა შემოთავაზებები? საქართველოშიც არის ისეთი სერიოზული კომპანიები, ვინც დაინტერესდებოდა და კარგად გამოიყენებდა შენი დონის მოდელის სახეს.

– შესაძლოა, „თბილისი ფეშენ-ვიქზე“ მივიღო მონაწილეობა, თუმცა, სხვა შემოთავაზებებზეც არ ვიტყვი უარს, ოღონდ კი ახალ წლამდე აქ ყოფნის შანსი მომეცეს. ანაზღაურებაზე ლაპარაკიც არ არის, რადგან, არა მგონია, ვინმემ შეძლოს იმის გადახდა, რასაც ამერიკაში თუნდაც ერთ გამოსვლაში ან ფოტოსესიაში ვიღებ. ამიტომ, თუ საქართველოში სადმე დამიძახებენ, აღებულ ჰონორარს საქველმოქმედო ფონდებში გადავრიცხავ.

– თუ ფინანსების პრობლემა არ გაქვს, მაშინ, ახალ წლამდე დარჩენას რატომ ვერ შეძლებ? 

– ჩემს სააგენტოსთან ისეთი კონტრაქტი მაქვს, სადაც მიწერია, რომ, პროექტიდან გამოსვლის შემთხვევაში, არაუგვიანეს ორი კვირისა, უკან უნდა დავბრუნდე. მათ ვერ ავუხსნი და ვერასდროს გაიგებენ, რატომ უნდა მინდოდეს, ჩემს დებთან ერთად შევხვდე პირველ იანვარს და რას ნიშნავს ახალი წლის ტრადიციები. შობა სხვა თემაა, მაგრამ ახალ წელს ვერ გაიგებენ. ამიტომ, ძალიან ბევრს ვრეპეტიციობ, რომ კარგად ვიცეკვო და მაყურებელმა დამიმესიჯოს.

– ნიუიორკული ახალი წელი როგორია?

– საბედნიეროდ, იქ ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, რომლებთან ერთადაც ვხვდები ხოლმე ახალ წელს. ჩვენ ისედაც ხშირად ვიკრიბებით „უიქენდებზე” და ქალაქგარეთ პიკნიკებს ვაწყობთ. ადრე არ იყო ქართული რესტორანი, მაგრამ ახლა ნიუ-იორკის ცენტრში გაიხსნა კარგი ქართული რესტორანი და იქაც ხშირად დავდივართ. სხვათა შორის, ამერიკაში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ქართველი დიზაინერია უტა, რომელიც ჩვენს სამეგობრო წრეშია და ყველა ერთად კარგ დროს ვატარებთ ხოლმე. ჩვენი სამეგობრო წრიდან ამ ეტაპზე მე და ირაკლი ლებანიძე ვართ საქართველოში. ორი წელია, ჩამოვიდა, ქართველი გოგო მოიყვანა ცოლად და გიო გაბუნიას გადაცემის პროდიუსერია, რომელიც რაღაცეებში მეხმარება.

 

скачать dle 11.3