ვინ შესწირა საკუთარი დღეგრძელობის მიზნით 9 შვილი ღმერთ ოდინს
ცნობები ადამიანთა მსხვერპლშეწირვის შესახებ, რაც სკანდინავიელებში იყო ტრადიციად დამკვიდრებული, საგებმა შემოინახა, ისინი ძირითადად მეორე ათასწლეულის დასაწყისშია ჩაწერილი, თუმცა, უფრო ადრეულ პერიოდებს ეხება. „საგა გუთებზე“ ჩაწერილია მეცამეტე საუკუნეში, მაგრამ, უძველეს დროებებზე მთხრობელი გვაუწყებს: „... ადამიანებს სწამდათ კორომებისა და ყორღანების, საღმრთო ადგილების, საღმრთო სვეტებისა და წარმართული ღმერთების“. ისინი კერპებს მსხვერპლად სწირავდნენ თავიანთ ვაჟიშვილებსა და ქალიშვილებს; ასევე, პირუტყვს, საჭმელ-სასმელთან ერთად და ამას შიშის გამო სჩადიოდნენ. მცირე ტინგები (სასამართლო კრებულები) მცირედ მსხვერპლს გასცემდნენ – პირუტყვს საჭმელ-სასმელით. ისინი საკუთარ თავს „მდუღარე ამხანაგებს“ უწოდებდნენ, რადგან, ერთად ხარშავდნენ მსხვერპლს.
საგები ძალზე ხშირად მოგვითხრობენ იმაზე, თუ როგორ სწირავდნენ ღმერთებს, უპირველეს ყოვლისა – სკანდინავიელთა უმაღლეს ღმერთს, ოდინს, არა უჯიშო მონებსა და ტყვეებს, არამედ, კონუნგებს ან მათ შვილებს. სნორი სტურლუსონი თავის ცნობილ საგაში „ინგლინგებზე“ მოგვითხრობს დომალდზე, შვედეთის ლეგენდარულ კონუნგზე, რომლის მმართველობის პერიოდი პირობითად შეიძლება მივაკუთვნოთ ახალი ერის პირველ საუკუნეებს.
„დომალდმა მემკვიდრეობით მიიღო მამისგან, ვისბურისგან, ქვეყნის მმართველობა. მისი მმართველობის პერიოდში შვედეთში მოუსავლიანობა და შიმშილობა იყო და შვედები დიდ მსხვერპლშეწირვებს აწყობდნენ უფსალაში. პირველ შემოდგომაზე მათ მსხვერპლად ხარი შესწირეს, მაგრამ შიმშილიანობამ არ იკლო. ამიტომ, მომდევნო შემოდგომაზე მათ ადამიანების მსხვერპლად შეწირვა დაიწყეს, მაგრამ შიმშილობას მაინც არაფერი ეშველა, შეიძლება, უფრო იმატა კიდეც. მესამე შემოდგომაზე ბევრი შვედი შეიკრიბა უფსალაში, სადაც მსხვერპლშეწირვა უნდა ჩაეტარებინათ. მათმა ბელადებმა ბჭობა დაიწყეს და გადაწყვიტეს, რომ მოუსავლიანობაში დამნაშავე იყო დომალდი და ის უნდა შეეწირათ მსხვერპლად – უნდა დასხმოდნენ თავს, მოეკლათ და მისი სისხლით შეეღებათ სამსხვერპლო. მათ ეს აღასრულეს კიდეც.
სნორი კიდევ ერთი ლეგენდარული კონუნგის – ოლავ ტყის მჩეხავის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც, ასევე, მოუსავლიანობის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს. შვედები, ჩვეულებრივ, მიიჩნევდნენ, რომ კონუნგი – მიზეზია როგორც მოსავლიანობის, ასევე, მოუსავლიანობის. ოლავ-კონუნგი უგულებელყოფდა მსხვერპლშეწირვას, რაც არ მოსწონდათ შვედებს და მიაჩნდათ, რომ სწორედ ეს იწვევდა მოუსავლიანობას. მათ შეკრიბეს ჯარები, გაემართნენ ოლავისკენ, ცეცხლი წაუკიდეს მის სახლს, შიგ გამოწვეს ოლავ კონუნგი და ოდინს მიუძღვნეს მოსავლიანობის მსხვერპლად.
თვით სნორი უკვე ქრისტიანი იყო, წარმართული ტრადიციები არ მოსწონდა და რაციონალურად აზროვნებდა: „შვედებს შორის ისინი, რომლებიც გონიერები იყვნენ, ხედავდნენ – შიმშილობის მიზეზი იყო ის, რომ ხალხი უფრო მეტი იყო, ვიდრე მიწას შეეძლო მათი გამოკვება და კონუნგი არაფერ შუაში იყო“.
კიდევ ერთ ლეგენდარულ ისტორიას, რომელიც პირობითად, შეიძლება, მეექვსე საუკუნეს მივაკუთვნოთ, გადმოგვცემს მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე საქსონ გრამატიკოსი (დანიელ მემატიანე). ის წერს, რომ ნორვეგიის მეფის, ვიკარის ფლოტს უამინდობის გამო არ შეეძლო ზღვაში გასვლა და მისმა მებრძოლებმა გადაწყვიტეს, ოდინისთვის ადამიანი შეეწირათ მსხვერპლად. წილისყრის შედეგად, თვით მეფე შეირჩა სამსხვერპლოდ, რომელიც თავისავე ძმადნაფიცმა, სახელგანთქმულმა გმირმა სტარკადმა მოაკვდინა. „საგა აუტრეკზე“ კი ამ ისტორიას სულ სხვანაირად გადმოგვცემს: სტარკადი სიმბოლური მსხვერპლშეწირვის ჩატარებას აპირებდა – ძმადნაფიცს (მეფეს) კისერზე ყულფი ჩამოაცვა და მას ლელქაშის ღეროთი შეეხო. მაგრამ, საკმარისი იყო, მას წარმოეთქვა სიტყვები: „ახლა შენს თავს ვაჩუქებ ოდინს“, რომ მარყუჟი თვითონ გაიჭიმა ვიკარის ყელზე, ხოლო ლელქაშის ღერო ლახვრად იქცა და სიცოცხლეს გამოასალმა კონუნგი; თუმცა, ამ ისტორიის უტყუარობა დიდ ეჭვს ბადებს კიდევ იმიტომ, რომ, თვით სტარკადი, სკანდინავიური მითების თანახმად, ექვსხელა გოლიათი იყო, რომელსაც ღმერთმა თორმა ზედმეტი ოთხი ხელი მოჰკვეთა.
ნახევრად ლეგენდარული კონუნგი, აუნი ან ანი, ერუნდის შვილი, ინგლინგების შესახებ დაწერილი საგის თანახმად, მამამისის შემდეგ გახდა შვედების კონუნგი. ის გულმოდგინედ ატარებდა მსხვერპლშეწირვებს და იყო ბრძენი ადამიანი. ბრძოლა მას არ უყვარდა და სულ სახლში იჯდა. მაგრამ, ერთხელ, ბრძენი კონუნგი სიცოცხლის აღსასრულზე დაფიქრდა – „მაშინ იგი სამოცი წლის იყო. მან დიდი მსხვერპლშეწირვა განახორციელა, თავისთვის მრავალწლოვანება შესთხოვა ოდინს და მსხვერპლად თავისი შვილი შესწირა. ოდინი აუნ კონუნგს დაჰპირდა, რომ კიდევ სამოც წელიწადს იცოცხლებდა“. ღმერთმა არ მოატყუა კონუნგი – მან მშვიდობით გაატარა დაპირებული წლები, რის შემდეგაც კვლავ ჩაატარა დიდი მსხვერპლშეწირვა და მსხვერპლად თავისი მეორე შვილი გაიღო. მაგრამ, ამჯერად, ოდინმა გადაწყვიტა, რომ სამოცი წლის სიცოცხლე ერთი ბავშვის ფასად – ეს ძალზე დიდი ნობათი იყო და, სიცოცხლისმოყვარულ კონუნგს დაჰპირდა, რომ ყოველ ათ წელიწადში შეწირულ ერთ შვილზე ის მარადის იცოცხლებდა.
მას შემდეგ, როცა უნმა მეშვიდე შვილი გაიღო მსხვერპლად, მან კიდევ ათი წელი იცოცხლა, მაგრამ, უკვე აღარ შეეძლო სიარული და მას „ტახტით დააბრძანებდნენ“. მერვე შვილის მოკვლით მან კიდევ ათი წელი იცოცხლა ლოგინში მწოლიარემ, ხოლო მეცხრე შვილის შეწირვის წყალობით, კვლავ ათი წელი იცოცხლა, მაგრამ, თოთო ბავშვივით წოვდა საწოვარას. აუნს სურდა, მეათე შვილიც შეეწირა ოდინისათვის, მაგრამ, ხალხი შეეწინააღმდეგა და არ დართო ნება, მსხვერპლშეწირვა ჩაეტარებინა, რის შემდეგაც კონუნგი მოკვდა და მას ყორღანი აუგეს. ყორღანის ნახვა, რომელსაც ადგილობრივები აუნს მიაწერენ, ამჟამადაც შეიძლება უფსალაში.