რატომ გამოჭრა ყელი ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილი ცოლის საქმროს და რა მუქარა აუსრულა მას
41 წლის ნუგზარ ჭ-ძემ ყოფილ ცოლს საქმრო მოუკლა. საბადრაგო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი 36 წლის ნუკრი კ-ია შემთხვევის ადგილზე, გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დანაშაული ნუგზარ ჭ-ძის ყოფილი ცოლის მარინა ქ-შვილის კუთვნილ ბინაში მოხდა. გამოძიებამ ის წამქეზებლად ცნო. გამოძიებით დადგინდა, რომ სწორედ მან წააქეზა მკვლელობაზე ყოფილი ქმარი, რომელსაც სთხოვა, რომ საქმროს ჩამოშორებაში დახმარებოდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, ნუგზარ ჭ-ძე წარსულში იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო ნასამართლევი. ასევე, ნასამართლევი იყო მისი მეუღლეც მარინა ქ-შვილიც, რომელსაც წლების წინ ტურისტული სააგენტო ჰქონდა. მას რამდენიმე მოქალაქემ თაღლითობისა და ფულის გამოძალვისთვის უჩივლა, თუმცა ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედა ციხეში მოხვედრისგან პირობითი მსჯავრითა და დაზარალებულებისთვის ფინანსური ზარალის ანაზღაურების შედეგად, გადარჩა. ციხიდან გათავისუფლებულ ნუგზარ ჭ-ძეს ცოლმა განუცხადა, რომ მასთან განქორწინებას აპირებდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს სკანდალებითა და ფიზიკური შეხლა-შემოხლით დაცილდნენ. ნუგზარ ჭ-ძე ყოფილი ცოლის ბინას და ორ შვილს, იმ იმედით, რომ ქალი შეურიგდებოდა, რამდენიმე თვე სტუმრობდა ხოლმე. მას შემდეგ კი, რაც ყოფილმა ცოლმა მამაკაცს არ დაუმალა, რომ საქმრო ჰყავდა, ყოფილი ქმარი მიხვდა, რომ მარინა ქ-შვილი, მასთან შემრიგებელი აღარ იყო. ქალის ახალი რჩეული გახლდათ ნუკრი კ-ია, რომელიც საბადარაგო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო და რომელსაც ნუგზარ ჭ-ძე ციხეში ყოფნის პერიოდიდან იცნობდა. ყოფილ ქმარსა და საქმროს შორის ურთიერთობის თავიდანვე გამწვავება, ამ ფაქტსაც მოჰყვა – ნუგზარ ჭ-ძე ყოფილ ბადრაგს ცოლის შეცდენაში ადანაშაულებდა და უმტკიცებდა, რომ ეს მამაკაცური საქციელი არ იყო. ნუკრი კ-ია ნუგზარს უხსნიდა, რომ, როცა მარინა ქ-შვილი გაიცნო, წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო მისი ყოფილი ქმარი. მათ შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მათი საქმის გარჩევაში ჯერ სხვები, შემდეგ კი ქალის მოთხოვნით, უბნის ინსპექტორიც ჩაერთო. ის ყოფილ ქმარს ხელწერილის დაწერას სთხოვდა, რომ ყოფილ ცოლსა და მის საქმროს აღარ შეაწუხებდა, ნუკრი კ-ია საცხოვრებლად უკვე ქალის ბინაში იყო გადასული.
ექვსი თვის შემდეგ, მდგომარეობა შეიცვალა. მარინა ქ-შვილმა საქმროსთან ერთად ავტომანქანების სამრეცხაო გახსნა. როგორც გარდაცვლილი ნუკრი კ-იას დისგან გახდა ცნობილი, ქალმა საქმე მთლიანად ახალი საქმროს ფულით წამოიწყო. თუმცა, ორ-სამ თვეში მიხვდა, რომ ბიზნესი ისე მომგებიანი არ იყო, როგორც ელოდა. ამონაწერი ნუკრი კ-იას დის ჩვენებიდან: „ჩემი ოჯახი ამ ქალის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამ ქალის გამო ჩემმა ძმამ ოჯახი, ცოლ-შვილი მიატოვა. ამას ისიც ემატებოდა, რომ კარგად ვიცოდი მარინას წარსული. სულ ვაფრთხილებდი ნუკრის, რომ მასთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანდა. მარინამ ჩემი ძმა გამოიყენა, ჯერ ფული დასტყუა, მერე კი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. ნაცნობისგან გავიგე, რომ მარინა ჩემი ძმის პარალელურად, სხვა მამაკაცსაც ხვდებოდა. იმას ჰპირდებოდა, რომ ცოლად გაჰყვებოდა და მასთან ერთად უცხოეთში გაიპარებოდა. ჩემს ძმასაც ვუთხარი ეს ამბავი, მარინასაც ველაპარაკე, საიდან მოიტანეო – გაიკვირვა და უარყო. თუმცა, იმ ბიჭის ასავალ-დასავალიც გარკვეული მქონდა და მასაც ველაპარაკე. ჩემი ძმის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი მარინას ბოლოს და მითხრა: მე და ნუკრის ურთიერთობა აგვერია და ალბათ, დავშორდებითო“.
მას შემდეგ, რაც მარინასა და ნუკრის ურთიერთობა აერიათ, მარინამ ნუკრის მოსთხოვა, დავშორდეთ და რა თანხაც დაგვახარჯე მე და ჩემს შვილებს, ყველაფერს უკან დაგიბრუნებო. ის ასევე, დაჰპირდა, ბიზნესში ჩადებული სამი ათასი დოლარის უკან დაბრუნებასაც. მოწმეთა ჩვენების მიხედვით, ნუკრი კ-იამ ქალს დაშორებაზე უარი უთხრა. ფული არ მინდა, მიყვარხარ და ნუ მიმატოვებო, სთხოვა ქალს, რომელსაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დადგინდა, რომ მან დახმარება ყოფილ ქმარს სთხოვა. ნუკრი მაწუხებს, მცემს, ცხოვრება გამიმწარა და უნდა ჩამომაშოროო. ნუგზარ ჭ-ძეს ყოფილ ბადრაგთან საკუთარი ანგარიშიც ჰქონდა და ყოფილი ცოლის მისგან „დაცვა” გადაწყვიტა. მკვლელობის დღეს მან დილიდან დაურეკა ნუკრის და უთხრა, შენთან საქმე მაქვს, საღამოს მარინასთან შევხვდეთო. გამოძიების მასალების მიხედვით, ნუგზარ ჭ-ძემ ნუკრი კ-ია, რომელიც ბოლო დღეებში მარინა ქ-შვილის ბიანში აღარ მიდიოდა, ქალთან მოტყუებით მიიყვანა და მასთან ანგარიშსწორება, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. ყოფილი ქმრის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენება მისცა თავად მარინა ქ-შვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნუგზარ ჭ-ძემ მას ტელეფონზე საუბრისას უთხრა, მაგ კაცს ყელს შენ თვალწინ გამოვჭრიო. ყოფილმა ქმარმა დანაპირები შეასრულა და ნუკრი კ-ია ორი მცირეწლოვანი ბავშვისა და მათი დედის თვალწინ მოკლა. ამონაწერი მარინა ქ-შვილის ჩვენებიდან: „მათი დაპირისპირება სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, მათი გაშველება ვცადე, თითქოს შევძელი კიდეც, მაგრამ მერე უკვე ფიზიკურ დაპირისპირებასა და ჩხუბზე გადავიდნენ. ნუგზარმა ნუკრის დედა შეაგინა, ნუკრიმ დაარტყა. ყველაფერი უცებ მოხდა, ისე რომ გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. ნუგზარმა დანა ჯერ გულში დაარტყა ნუკრის, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. მე კივილი ავტეხე, ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ. სასწრაფოც გამოვიძახეთ, მაგრამ ნუკრი უკვე გარდაცვლილი იყო.”
სამართალდამცველებმა ნუგზარ ჭ-ძე ცხელ კვალზე დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობა არ ჰქონია დაგეგმილი და დანაშაული სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელის ადვოკატების შუამდგომლობა და მას 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დაზარალებული მხარე – გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ყოფილმა ცოლ-ქმარმა მამაკაცის მკვლელობა ორგანიზებულად ერთად დაგეგმა და მათი მთავარი მიზანი ნუკრი კ-იას თანხების მითვისება, შემდეგ კი მისი თავიდან მოცილება იყო. ამჯერად სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გადაურჩა მარინა ქ-შვილი, რომელიც მკვლელობის წაქეზებისთვის გისოსებს მიღმა ორი წლით მოხვდა.