როგორ გახდა ქართველი მეჩოხის შვილი ცნობილი ბოროტმოქმედი, მეტსახელად „თხუნელა“
საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში მევლუდ კოხრეიძეს გამორჩეული ადგილი უკავია და იმითაა უნიკალური, რომ სხვადასხვა საპყრობილიდან ცამეტჯერ გაიქცა... ის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის დანაშაულს სჩადიოდა. ერთი ხელწერა არ გააჩნდა და სწორედ ეს იყო მისი კრიმინალური საქმიანობის ხელწერა... „თხუნელა“ – ასეთი მეტსახელი შეარქვეს კოლეგებმა მევლუდ კოხრეიძეს და გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს, ამ არაორდინარული პიროვნების ცხოვრებიდან.
პირველი გაქცევა
მევლუდ კოხრეიძე 1906 წელს დაიბადა თბილისში, მეიდანში. მამამისი მეჩოხე იყო და საქართველოში სახელგანთქმულ მკერავად ითვლებოდა. ცნობილი მშობლის ძალისხმევის მიუხედავად, მევლუდმა სხვა გზით სიარული არჩია და ბოროტმოქმედი გახდა. 1924 წელს 18 წლის მევლუდმა თავისი პირველი დანაშაული ჩაიდინა. მან მეიდანზე მდებარე, იუველირ კერსის სახელოსნოს ქვეშ თხუთმეტმეტრიანი გვირაბი გათხარა. სახელოსნოში შეძვრა. სეიფი გატეხა და 35 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა. ძარცვა უმაღლეს დონეზე იყო ჩადენილი, მაგრამ მევლუდი მაინც დააპატიმრეს. საქმე კი ის იყო, რომ მილიციამ ანა პატარიძე დააკავა სახელოსნოდან გატაცებული ბრილიანტის კოლიეს გაყიდვისას და სწორედ მან დაასახელა მევლუდი. პატარიძე ძვირფასეულობის გადამყიდველი იყო და კოხრეიძეს მისთვის ჰქონდა მიბარებული ნაძარცვი ნივთები. პატარიძე სპეკულაციისთვის გაასამართლეს. მევლუდს კი ძარცვისთვის ექვსი წელი მიუსაჯეს და ორთაჭალის ციხეში ჩასვეს. საპყრობილეში მევლუდ კოხრეიძემ სულ რაღაც ოთხი თვე დაჰყო. ზუსტად იმდენი, რაც მას ორმოცმეტრიანი გვირაბის გასათხრელად დასჭირდა და 1924 წლის 19 აგვისტოს გაიქცა... მევლუდ კოხრეიძე გვირაბს კოვზით თხრიდა აბანოდან, სადაც ის სანიტარულ ზედამხედველად მოეწყო. სწორედ ამ შემთხვევის მერე უწოდეს მას „თხუნელა“ და ეს მეტსახელი მევლუდს სიცოცხლის ბოლომდე შერჩა.
საგანგებო რწმუნებული
გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში, ახალგაზრდა საბჭოთა სახელმწიფო სწრაფად იკრებდა ძალებს და სავაჭრო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებს ამყარებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. გაძლიერდნენ სამართალდამცავი სტრუქტურებიც და სახელმწიფომ სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს. იმ პერიოდში, მევლუდ კოხრეიძე ოდესაში მოღვაწეობდა და „თხუნელა“ ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო ამ შავიზღვისპირა კრიმინალური ქალაქის ბოროტმოქმედთა ელიტაში.
1930 წლის ივნისში, ქალაქ ოდესას ამერიკული გემი „ნევადა“ მიადგა. მან ჩარხმშენებელი ქარხნის მოწყობილობა ჩამოიტანა, რომელიც შემდეგ მოსკოვში უნდა გადაეტანათ. ხელშეკრულების მიხედვით, საბჭოთა მთავრობას ოქროთი უნდა გადაეხადა საფასური. როგორც კი გემიდან ქარხნის მოწყობილობა გადმოტვირთეს, სახელმწიფო ბანკის სპეციალურმა სამხედრო ჯგუფმა მასზე ოქროს ზოდებით სავსე ათი ყუთი აიტანა. თითოეულ ყუთში ორმოცდაათი ცალი, ერთკილოგრამიანი ოქროს ზოდი ელაგა. ამგვარად, 500 კილოგრამი ოქრო „ნევადას“ შეიარაღებულმა დაცვამ ჩაიბარა და გემი ერთ საათში ზღვაში გავიდა. ოდესის ნაპირიდან ათი კილომეტრის მოშორებით, გემს პატარა სამხედრო კატარღა წამოეწია. მასზე რვა შეიარაღებული პირი იმყოფებოდა და ისინი სამხედრო ფორმებში იყვნენ გამოწყობილები. კატარღამ „ნევადა“ გააჩერა. შეიარაღებული პირები გემბანზე აუშვეს და ერთ-ერთმა მათგანმა გემის კაპიტან ლოურენს კეილის განუცხადა ინგლისურ ენაზე:
– მისტერ! მე „ჩეკას“ საგანგებო რწმუნებული, კომისარი ოლეგ ვასილიევი ვარ. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ თქვენს ბორტზე ორი ბოროტმოქმედი იმყოფება და ისინი თქვენ უცხოეთში გაგყავთ. ძებნილები პოლიტიკურ დანაშაულში არიან მხილებულნი და უმორჩილესად გთხოვთ, რომ ჩვენ გადმოგვცეთ.
– რას ბრძანებთ, კომისარო. ჩვენს ბორტზე მხოლოდ ჩვენი ეკიპაჟია და თორმეტი შეიარაღებული სამხედრო, რომლებიც ქარხნის მოწყობილობაში გადახდილ ოქროს იცავენ.
– მისტერ ლოურენს კეილი! – გაამკაცრა ტონი ინგლისურად უზადოდ მოლაპარაკე კომისარმა, – ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიმართლეს ამბობთ.
გულუბრყვილო კაპიტანმა გემის გაჩხრეკის უფლება მისცა კატარღიდან ამოსულ შეიარაღებულ პირებს. ორი კაცი გემბანზე დარჩა. დანარჩენები კი ტრიუმში ჩავიდნენ კაპიტნისა და ოთხი მეზღვაურის თანხლებით. ჩხრეკა მანამდე გრძელდებოდა, სანამ „ჩეკისტებმა“ ოქროს საცავ კაიუტას არ მიაღწიეს. იქ კი, მათ ჯერ დაცვა განაიარაღეს და ყველა გაკოჭეს, შემდეგ კი ათი ყუთი ოქრო კატარღაში გადატვირთეს და შუა ზღვაში გაუჩინარდნენ.
„ჩეკას“ საგანგებო რწმუნებული, სინამდვილეში „თხუნელა“ იყო. დანარჩენები კი მისი თაღლითურ-ბანდიტური ჯგუფის წევრები. „ჩეკამ“ ბოროტმოქმედები ქალაქ ნიკოლაევში დააპატიმრა და ოქროც უკან დაიბრუნეს. მევლუდ კოხრეიძე კი მოგვიანებით, ქალაქ ხარკოვში აიყვანეს და ადგილობრივ ციხეში მოათავსეს დროებით. თუმცა, „თხუნელა“ იქ მხოლოდ სამი დღე იჯდა. მეოთხე დღეს, გამთენიისას, მევლუდ კოხრეიძემ სამსართულიანი საპყრობილის სახურავზე ააღწია. მთელი ძალით გამოქანდა და ჩვიდმეტმეტრიანი სიმაღლიდან ციხის გვერდით მშენებარე, ადმინისტრაციული შენობის საძირკველში ჩახტა, რომელიც წვიმის წყლით იყო სავსე...
გაქცევისას, თხუნელამ ოცდაათი მეტრი ჰაერში იფინა...
გრანდიოზული თაღლითობა
მეორე მსოფლიო ომი რომ დასრულდა, საბჭოთა კავშირში დანგრეული ქვეყნის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და გრანდიოზული მშენებლობები გაჩაღდა. გამოიყო დიდი თანხები და მშენებლებს საქმე მიეცათ. 1952 წლის იანვარში, მიწასთან გასწორებული სტალინგრადი სწრაფად შენდებოდა. ქალაქი ხარაჩოებში იყო გახვეული და მშენებლები ჭიანჭველებივით შესეოდნენ სხვადასხვა ობიექტს. ერთ საღამოს, ¹34 სამშენებლო ტრესტის შენობას სოლიდური მამაკაცი ეწვია და მმართველს უთხრა:
– მე იური კანდიდოვი ვარ და თქვენთან „ცეკადან“ მომავლინეს სარევიზიოდ. მშენებარე ობიექტები უნდა დავითვალიერო და გთხოვთ, პირადად მაჩვენოთ ყველაფერი.
ტრესტის მმართველმა სტუმარს ობიექტებიც გულდასმით დაათვალიერებინა და ნახაზებიც უჩვენა. ორი დღის შემდეგ კი რევიზორი გააცილა. 34-ე ტრესტი სპეციალიზებული დაწესებულება იყო და მისი თავისებურება ის გახლდათ, რომ განსაკუთრებული დაცვის დონის ობიექტებს აშენებდა. ძირითადად ბანკებსა და შემნახველ სალაროებს.
„ცეკას“ რევიზორი სულაც არ იყო რევიზორი. არამედ, იმ დროისთვის უკვე სამჯერ ნასამართლევი და ციხიდან შვიდჯერ გაქცეული მევლუდ კოხრეიძე, იგივე თხუნელა. მან ეს „რევიზია“ გრანდიოზული ძარცვა-თაღლითობისთვის გამოიყენა და სამი წლის შემდეგ, 1955 წელს განახორციელა. ივლისის ერთ ცხელ საღამოს თხუნელამ და კიდევ ხუთმა მძარცველმა საიდუმლო-სავენტილაციო ხვრელით, რომელიც იმ პერიოდში ყველა მსგავს დაწესებულებას გააჩნდა, ბანკის საცავში შეაღწიეს. ძალიან ადვილად გათიშეს სიგნალიზაცია და იქიდან 6 მილიონი მანეთი, ანუ მთლიანი თანხა, რაც იქ იმ დროს იყო შენახული, გაიტაცეს. დამნაშავეების კვალზე გასვლა მხოლოდ 1956 წლის აგვისტოში, ანუ 13 თვის შემდეგ მოხერხდა და ბოროტმოქმედთა ბანდა თბილისში, ფუნიკულიორის პლატოზე მდებარე რესტორანში აიყვანეს. ისინი გაასამართლეს და კოხრეიძის გარდა, ყველას 25-25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თხუნელას კი სიკვდილით დასჯა გამოუტანეს და ჯერ ორთაჭალის ციხეში მოათავსეს, შემდეგ კი ეტაპით მოსკოვში გაუშვეს. ერთი საქმის საგამოძიებო ექსპერიმენტში უნდა მიეღო მონაწილეობა. თხუნელას ამან უშველა. მან საეტაპო ვაგონიდან გაქცევა მოახერხა და მიიმალა...
ორი წლის შემდეგ „თხუნელას“ უმაღლესი სასჯელის მუხლი – სიკვდილით დასჯა გაუუქმეს. მას მერე კოხრეიძემ კიდევ ექვსჯერ მოახერხა გაქცევა. ის 1991 წელს 85 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.