კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

– კარგი რა, ძია კოტე, რა საჭიროა მორიგეობის დაწესება.

– არავითარი ძია კოტე. ეს მინისტრის ბრძანებაა და უნდა დაემორჩილო. საქმე კაცის მკვლელებთან გვაქვს და არა ცხვირმოუხოცავ ლაწირაკებთან, – მკაცრად თქვა გენერალმა. შემდეგ მერაბს მხარზე მოუთათუნა ხელი და ღიმილით დაამატა, – ასეა საჭირო, შვილო. ახლა კი წავედი.

კოტე თავართქილაძე ბინიდანაც არ იყო გასული, რომ მილიციის ოთხი ოპერმუშაკი გამოცხადდა. მინისტრის დანახვაზე ოთხივე სმენაზე დადგა. გენერალი მათ მიესალმა. პირადად მისცა მითითებები. მერაბისკენ მიანიშნა მათ და უბრძანა:

– არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ სახლის დატოვების უფლება. მაღაზიაში თუ დასჭირდა რამე, ერთ-ერთი თქვენგანი ჩავიდეს. ხოლო თუ ურჩობა დააპირა, პირდაპირ მე დამირეკეთ. ორი ოპერი პერიმეტრს გააკონტროლებს. ერთი სადარბაზოში, ერთიც ბინაში იმორიგევებს. ყოველ რვა საათში შეიცვლებით. აბა, თქვენ იცით, ფხიზლად იყავით და შეუმჩნევლად იმოქმედეთ.

– არის, ამხანაგო გენერალო! – გამოეჯგიმნენ მინისტრს ოპერები.

მერაბს ძალიან ეუხერულებოდა, რომ თორმეტ ოპერს, სამ ცვლად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა ედარაჯა. მისი ბინისთვის და დაეცვა მისი ოჯახი. თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ გენერალი თავის ბრძანებას არ შეცვლიდა. მაიორი უხერხულობისგან წამოწითლდა და მინისტრს უთხრა:

– ამხანაგო გენერალო, ერთი-ორი საათით მაინც გავალ ხვალ სახლიდან, რომ ხელოსნები მოვიყვანო და კარი გამოვაცვლევინო.

– დარდი ნუ გაქვს. შუადღემდე, ხვალ მე თვითონ გამოგიგზავნი ხელოსნებს კარიანად და ისეთი ფოლადისგან დამზადებულ კარს დაგიყენებენ, ტანკიც ვერ შემოანგრევს, – მიუგო გენერალმა მაიორს. გამოემშვიდობა და წავიდა.

 ოპერები პოსტებზე განაწილდნენ. თამარი და მერი ერთ ოთახში დაწვნენ. ამასობაში ღამის ოთხი საათიც შესრულდა. მერაბი დედის საძინებელში განმარტოვდა, საწოლზე წამოწვა და ჩაფიქრდა.

„მაინც, ვინ უნდა დამსხმოდა თავს და რატომ? – იმეორებდა გუნებაში მაიორი გამრეკელი, – ნუთუ ფანტომი ცოცხალია და მკვლელი მან გამომიგზავნა, რომ თავიდან მომიშოროს და საბოლოოდ დაიძვრინოს თავი? თუ ეს ასეა, მაშინ, რა მოხდა სოხუმში და სარია როგორ მოხვდა იმ ბინაში? არა, ეს ყველაფერი კოშმარულ სიზმარს ჰგავს. დავუშვათ, მართლა სარია იყო ფანტომი და როგორც კოტე სოხაძე ამბობს, მხოლოდ რუზგენ ჩოჩიანი დაგვრჩა მოსახელთებელი და სწორედ ის დამესხა თავს. რაც მართალი, მართალია, ჩოჩიანს ყველა მიზეზი აქვს, რომ ჩემზე შური იძიოს, მაგრამ ის შეძლებდა ამდენს? ჩოჩიანი შეიძლება, მხოლოდ შემსრულებელია, მის ზურგსუკან კი სხვა დგას. ეს სხვა ფანტომია. მაგრამ, ფანტომი ხომ მკვდარია? მკვდარია კი ფანტომი?“

მერაბს გამთენიისას ჩაეძინა. თვალი რომ გაახილა, თითქმის შუადღე იყო. სწრაფად გამოვიდა დედის საძინებლიდან და დერეფანში მერის შეეფეთა. მან შვილს ჰკითხა:

– როგორ ხარ, მერაბ?

– კარგად. შენ?

– მე რა მიჭირს, თამარს კი ჯერაც სძინავს. მთელი ღამე შფოთავდა, როგორც ეტყობა, კოშმარები ესიზმრებოდა. გამთენიისას კი დაწყნარდა. არა უშავს, შვილო. ყველაფერი კარგად იქნება. საუზმე მზადაა. შენს კოლეგას დაუძახე და ისაუზმეთ.

მორიგე ოპერი რის ვაი-ვაგლახით დასვეს სუფრასთან და საუზმეს რომ მორჩნენ, ხელოსნებიც მოვიდნენ. მათ საკმაოდ სწრაფად დააყენეს მასიური რკინის კარი და წავიდნენ. თამარმა მოგვიანებით გაიღვიძა. მერაბი მას სასთუმალთან ჩამოუჯდა, მიეფერა და ჰკითხა:

– როგორ ხარ, ძვირფასო?

– მე კარგად. შენ? ფეხი ძალიან გტკივა?

– საერთოდ არა, – გაუღიმა მერაბმა მეუღლეს, – გენერლის ახირება რომ არა, ახლავე წავიდოდი სამსახურში.

– მაინც, რა მოხდა აქ წუხელ.

– ძალიან შეგეშინდა?

– შენი გასისხლიანებული ფეხის დანახვაზე წამივიდა გული.

– შე უშნო, შენა, ექთანი მაინც არ იყო, – თავზე ხელი გადაუსვა მერაბმა თამარს, – სისხლმა როგორ შეგაშინა?

– მე შენმა სისხლმა შემაშინა, საყვარელო, თორემ სისხლის მეტი რა მინახავს საავადმყოფოში.

– ნურაფრის შეგეშინდება, ძვირფასო. ტყვიები მეფერებიან, მაგრამ არ მკლავენ, – იხუმრა მერაბმა ღიმილით, – გახსოვს? გაგრაში რომ მითხარი, მილიციელის ცოლობა არ მინდაო?

– მე ნესტორ პესკასელს ვგულისხმობდი, – მიუგო თამარმა და დაამატა, – ჰო, მართლა, როგორ ჩაიარა ნესტორის ცოლის დაკრძალვამ?

– ნუ მკითხავ, – თავი გააქნია მაიორმა, – ნესტორი საშინლად ბღაოდა და ის საცოდავი რომ მიწაში ჩადეს, საფლავში ჩახტა. კუბოს შემოეხვია და გული წაუვიდა. ძლივს მოასულიერეს. თანაც, ფეხმძიმედ ყოფილა.

– ფეხმძიმედ? საცოდავი.

– ძალიან შემეცოდა ნესტორი.

თამარი წამით ჩაფიქრდა და მერაბს ჰკითხა:

– უცებ რომ მეც მოვკვდე, რას იზამ?

მერაბ გამრეკელს სახეზე ფერი ეცვალა. თამარს მიეფერა, მაგრამ მტკიცედ უთხრა:

– ღმერთმა დაგიფაროს. ასეთ სისულელეზე არასდროს იფიქრო და არც თქვა. ყველაფერი  კარგად იქნება.

– მაპატიე, საყვარელო. არც ვიფიქრებ და არც ვიტყვი.

– შევთანხმდით, – თქვა მერაბმა. ცოლს აკოცა და საძინებლიდან გავიდა, რადგან მას კოტე სოხაძემ მოაკითხა.

– ჭრილობა ხომ არ გაწუხებთ, ამხანაგო მაიორო? – გაუღიმა მერაბს კოტემ, ხელი ჩამოართვა და სავარძელში მოკალათდა.

– მინისტრი არ მიშვებს აქედან, თორემ ახლავე გამოვიდოდი სამსახურში, – მიუგო მერაბმა და ჰკითხა, – რამე ახალი ხომ არაა?

– მთელი მილიცია ფეხზე დგას. ჩოჩიანს ყველგან ეძებენ. ვინც კი საეჭვო ქალი გვყავს დაფიქსირებული, ყველა აყარეს და კითხავენ. ერთი სიტყვით, დუღს და გადმოდუღს მუშაობა.

– ექსპერტიზები?

– გივი სახვაძის დასკვნა აქ მაქვს. „ტეტეს“ წარმომავლობა დადასტურდა. სერგი შამბას რომ ხუთი ტყვია ესროლეს, ის იარაღია.

– ეს ისედაც ნათელი იყო. სისხლების კვლევის შედეგები მაინტერესებს.

– ლაბორატორიაში მითხრეს, შუადღის მერე გვეცოდინებაო და დასკვნას პირდაპირ აქ მოიტანენ, – უთხრა სოხაძემ მერაბს და სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მერიმ ერთ-ერთი თანამშრომელი შემოიყვანა ოთახში.

– როგორ ბრძანდებით, ბატონო მერაბ? – ჰკითხა ახალმოსულმა გამრეკელს.

– კარგად, გმადლობთ, – მიუგო გამრეკელმა ხელქვეითს, – რა მოგვიტანე?

– ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა. გაეცანით, – ხელქვეითმა მერაბს დასკვნა მიაწოდა.

– თავისუფალი ხარ. თუ რამე ახალი ან სასწრაფო გამოჩნდა, ჯერჯერობით აქ ვიქნები და მოდი, – უთხრა სოხაძემ მილიციელს და გაისტუმრა.

მერაბ გამრეკელი ყურადღებით გაეცნო ექსპერტიზის დასკვნას და ჩაფიქრდა. შემდეგ გააბოლა და მაიორ სოხაძეს უთხრა:

– არც ისეა საქმე, როგორც ჩვენ გვგონია და ნაადრევად ვზეიმობთ ფანტომის ბანდის ლიკვიდაციას.

– რატომ ფიქრობ ასე, მაინც, რა წერია მაგ დასკვნაში?

– შენ თვითონ წაიკითხე.

 სოხაძე ყურადღებით გაეცნო ექსპერტიზის დასკვნას. ფურცელი მაგიდაზე დადო და გამრეკელს უთხრა:

– აქ წერია, რომ შენი სახლის კიბეებზე აღმოჩენილია სისხლის ორი სხვადასხვა კვალი. ერთი შენია. მეორე კი – უცნობი. მეორე კვალი არც რუზგენ ჩოჩიანის სისხლს ემთხვევა, რომელიც ჩვენი ლაბორატორიის აღრიცხვაზეა და არც ჩვენს აღრიცხვაზე მყოფი, სხვა დამნაშავეების სისხლს. გამოდის, რომ უცხო ბოროტმოქმედი დაგესხა თავს.

– ასე გამოდის. თანაც, ისიც აშკარაა, რომ ქალიც მათი წევრია, – დაამატა მერაბმა.

– შენი აზრით, ფანტომის ბანდაში, ჩოჩიანისა და იმ ქალის გარდა, ჩვენთვის უცნობი კაციცაა?

– და, შეიძლება, არა ერთი უცნობი კაცი და ქალებიც. აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბანდა ჯერ არაა ლიკვიდირებული და ბევრი თავსატეხი გველოდება წინ.

– მთავარი ისაა, რომ ჯონდო სარია, ანუ ფანტომი მკვდარია. ასე ვთქვათ, ბანდას თავი მოკვეთილი აქვს და დანარჩენების მოხელთება ბევრად უფრო ადვილი იქნება.

– მკვდარია რომ ფანტომი?

– ხუმრობ?

– სულაც არა.

– კი მაგრამ, შენი თვალით არ ნახე მოკლული ჯონდო სარია?

– ნახვით კი ვნახე, მაგრამ ის იყო სინამდვილეში ფანტომი?

– ეს ხომ დამტკიცებული ფაქტია. ჩვენს საქმეში კი ფაქტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ვერსად გაექცევი.

– ნამდვილ ფაქტებს – ვერა. მაგრამ ფაქტების ფალსიფიკაციაც ხომ შეიძლება?

– კარგი რა, მერაბ. შეიძლება, საბუთები გააყალბო, მაგრამ ჩვენს საქმეში ვის რა უნდა გაეყალბებინა? ჩვენ ვიძიებთ მას და შენი ლოგიკით გამოდის, რომ ფაქტები მე და შენ გავაყალბეთ?

– ამას არ ვგულისხმობ.

– აბა, რას?

– იმას, რომ ვიღაცამ ცრუ კვალზე დაგვაყენა და იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რასაც ახლა შენ ამბობ.

– ვერაფერს ვხვდები. ახლა არ ლაპარაკობდი ფაქტების გაყალბებაზე და შენი აზრით, მაინც,  რა ფაქტებია ამ საქმეში გაყალბებული? – ჰკითხა მერაბს გაოცებულმა კოტემ.

– რა და სოხუმში მომხდარი სამმაგი მკვლელობის ფაქტი. ანუ, მთლიანად ეს დანაშაული.

კოტე სოხაძეს მოულოდნელობისგან სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა და პაუზის მერე მერაბს ჰკითხა:

– როგორ?

– თუ ჩემი ვარაუდო სწორია, მაშინ მკვლელობის ადგილზე ვიღაც მეოთხეც იყო, სავარაუდოდ, ფანტომი.

– ანუ, ბუთბა, ბუთბას ცოლი და სარია ვიღაც მეოთხემ დახოცა. მოკლულებს მშვიდად დააჭერინა ხელში პისტოლეტები და ასევე მშვიდად დატოვა მკვლელობათა ადგილი?

– სწორედ მასე, – დაუდასტურა მერაბმა.

– ამ ლოგიკით, გამოდის, რომ ის მეოთხე ბუთბებსაც კარგად იცნობდა და სარიასაც?

– ზუსტად მასე ვფიქრობ, – თქვა მერაბმა და განაგრძო, – იმ მეოთხემ სარია თვითონ მიიყვანა იმ ბინაში და შურისძიების სცენა დადგა. თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ბუთბას ცოლს ყველა პატიოსან ქალად ახასიათებს და ბოზობას არ იკადრებდა. არ ჯონდო სარიაზე უთქვამს ვინმეს – მექალთანე იყოო. საერთოდ, ყველას გაუკვირდა და ეწყინა სარიას სიკვდილი. არც ჩემი აზრით იყო ცუდი ადამიანი ჯონდო სარია და საერთოდ, ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი.

– ესე იგი, ფიქრობ, რომ ფანტომი ცოცხალია?

– კი, ასე ვფიქრობ, მაგრამ ეს ჩვენ შორის დარჩეს და ნურც მინისტრს ეტყვი. თუ ფანტომი მართლა ცოცხალია, დე, იფიქროს, რომ ცრუ კვალზე დაგვაყენა. ამ ვერსიის გახმაურება არ გვაწყობს, რომ ფანტომის ყურამდე არ მივიდეს.

– გასაგებია, მაგრამ მინისტრს რატომღა ვუმალავთ ამ ვერსიას, მისგან ხომ არსად გავა ეს ამბავი?

– იმიტომ ვუმალავ ჯერჯერობით, რომ იქნებ ვცდები? რას იტყვის მაშინ გენერალი და როგორი გამოვჩნდები მის თვალში? ამიტომ, ჯობია, ჯერჯერობით ენას კბილი დავაჭიროთ და ჩემზე თავდასხმის კვალს მივყვეთ. თან, იმ სამმაგი მკვლელობის საქმეს ყურადღებით მივადევნოთ თვალი. ვნახოთ, როგორ გამოიძიებენ მას ჩვენი სოხუმელი კოლეგები. ამ საქმის კურატორობას პირადად შენ გავალებ და უმცირესი დეტალიც არ გამოგეპაროს. ყველაფერი დაწვრილებით შეისწავლე და გამაგებინე.

სოხაძემ მერაბ გამრეკელი ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:

– მერაბ, მოხარშულს გიცნობ და ვგრძნობ, რომ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები.

– მაინც, რაზე გაქვს ეჭვი. რას უნდა გიმალავდე?

– ფანტომის სახელს.

– ფანტომის სახელი რომ ვიცოდე, ასე გულხელდაკრეფილი ვიჯდებოდი?

– უფრო სწორად, იმის სახელს, ვინც შენ ფანტომი გგონია.

– არა, რატომ დაგიმალავდი, – მხრები აიჩეჩა მერაბმა. გუნებაში კი გაიფიქრა: „მოვა დრო და ყველაფერს შეიტყობ. ახლა კი ეს იკმარე, ჩემო კოტე“.

– ნამდვილად? – ჰკითხა სოხაძემ.

– ნამდვილად, – მიუგო მერაბმა, – მოკლედ, მასეა. წადი ახლა და იმუშავე. სამსახურიდან სოხუმში დარეკე და გაიგე, ახალი ხომ არაფერია ამ საქმეში.

კოტე სოხაძე რომ წავიდა, მერაბმა გაიფიქრა: „თუ სარია არ იყო ფანტომი, მაშინ, ალბათ, ნესტორ პესკასელია ფანტომი და ყველაფერი მან მოაწყო. ნუთუ მართალი ვარ და არ მეშლება?“

მაიორ მერაბ გამრეკელის ვერსიით, ნესტორ პესკასელს, ერთი მხრივ, რუზგენ ჩოჩიანის ბანდის ყველა ძაფი ეპყრა ხელთ და მართავდა მას, მეორე მხრვ კი, დაურ ბუთბას მეშვეობით ცდილობდა, ანალოგიური დაჯგუფების ჩამოყალიბებას და ფართო, მაფიოზური სტრუქტურის შექმნას. მერაბის აზრით, თითოეულ ასეთ ბანდას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა ემოქმედა და არ უნდა სცოდნოდათ, რომ ერთი პატრონი ჰყავდათ. გამრეკელი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მაიორი პესკასელი ორმაგ თამაშს ეწეოდა და სულაც არ იყო ის კაცი, როგორადაც ცდილობდა საკუთარი თავის წარმოჩენას. მაგრამ, მერაბს ტანში ზარავდა იმისი გაფიქრება, რომ ნესტორმა თავისი ორსული ცოლი მოკლა... ასეთ დასკვნამდე კი გამრეკელი იმიტომ მივიდა, რომ ფიქრობდა – ნესტორი ცოლმა გაშიფრა, პესკასელმა კი ის თავიდან მოიშორა.

„ნუთუ მართლა ისე იყო, როგორც მე ვფიქრობ, – ხშირად იმეორებდა თავისთვის მერაბი, – ნუთუ პესკასელი ასეთი ნაძირალაა, თავისი შვილის დედა მოკლა. არც მომავალი, ჯერ არ დაბადებული ბავშვი დაინდო და ასე გასწირა?“

მერაბის ვარაუდს ისიც ამყარებდა, რომ პესკასელის მეუღლის დაღუპვის ფაქტზე არც ელემენტარული მოკვლევა ჩატარებულა და არ მიცვალებული გაუკვეთავთ. თუმცა, წესის მიხედვით, ორივე პროცედურა უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ, ვის მოუვიდოდა აზრად ამის გაკეთება და ვინ ივარაუდებდა, რომ ნესტორს თავისი ახალგაზრდა, ორსული ცოლის მოკვლა შეეძლო. ზოგჯერ მერაბ გამრეკელს ეჩვენებოდა, რომ ნესტორ პესკასელის მიმართ უარყოფითი შინაგანი განწყობა ჰქონდა და მთელ ამ ვერსიას აქედან გამომდინარე აგებდა. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა. ოფიციალურად, მაიორი ნესტორ პესკასელი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე იყო. გამრეკელის ამ ვერსიას ფაქტობრივი ხელჩასაჭიდი არ ჰქონდა და ამ მხრივ, მერაბი შეზღუდული იყო.

ასეთ ფიქრებში გაატარა მერაბ გამრეკელმა შვიდდღიანი „შინაპატიმრობა“. ისე მიიწურა ნოემბერი და დადგა დეკემბრის პირველი დეკადა, რომ ფანტომის საქმეში არანაირი ძვრა არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში მერაბს ორჯერ მოუწია აფხაზეთში ჩასვლა. ერთხელ ნესტორიც ნახა, რომელიც ისე იყო დათრგუნული, რომ მერაბს შეეცოდა და გაიფიქრა: არ ჰგავს ეს ცოლის მკვლელს და ხომ არ ვცოდავ, ნესტორი რომ ფანტომი მგონიაო...

– მერაბ, ძმაო, როგორ ხარ? – ჰკითხა სტუმრად მისულ გამრეკელს პესკასელმა, რომელსაც არყის სუნი ასდიოდა.

– შენ როგორ ხარ, ნესტორ? მე რა მიჭირს, – მიუგო მერაბმა.

– მე რომ მჭირს, საძულველ მტერს არ ვუსურვებ იმას. ფატის დაღუპვის მერე ჩემთვის ყველაფერი დასრულდა.

– ბავშვი სად არის?

– ფატის დასთან, ესმასთან, ოჩამჩირეში. იქაა გათხოვილი და თავისთან წაიყვანა. მე არ მაქვს მისი მოვლის თავი.

 – თავი ხელში უნდა აიყვანო. ჯერ ოცდაათისაც არ ხარ და ასე დაშვება არ შეიძლება.

– მორჩა ჩემთვის ყველაფერი, –  ხელი ჩაიქნია ნესტორმა და არყით სავსე ორასგრამიანი ჭიქა გადაჰკრა და დაამატა, – გადავუხდი ჩემს ფატის ორმოცს და მოვშორდები აქაურობას. აქ გაჩერება ჩემს ძალებს აღემატება.

– რას აპირებ?

– რუსეთში წავალ, გადავიკარგები.

– მერე ბავშვი?

– ბავშვს ესმას დავუტოვებ. არ მაქვს მე ახლა მისი გაზრდის თავი.

– შენ ჩემგან ჭკუა არ გესწავლება, მაგრამ გირჩევ, სამსახურს დაუბრუნდე. თან, ბავშვის აღზრდას მოჰკიდო ხელი და ყველაფერი კარგად იქნება.

მერაბ გამრეკელი ორი საათი გაჩერდა პესკასელთან. ამ ხნის განმავლობაში ნესტორმა ოთხი ორასგრამიანი არყის ჭიქა გამოსცალა. ბოლოს კი მაგიდაზე დადო თავი და ჩაეძინა. ამ დროს პესკასელის ცოლის და – ესმა მოვიდა. მერაბს მიესალმა და თქვა:

– საცოდავი ნესტორი. გამოუფხიზლებლად სვამს.

– მე მერაბ გამრეკელი ვარ, – უთხრა მერაბმა ესმას.

– გიცნობთ. დასაფლავებიდან მახსოვხართ. ნესტორი ხშირად გახსენებთ ხოლმე. ასე ამბობს, ჩემი ძმააო.

– ნესტორის პატარა როგორ არის?

– რა უჭირს. მე მყავს. ყველანი თავზე ვევლებით. ცივ ნიავსაც არ ვაკარებთ, მაგრამ ნესტორს რა ეშველება. ფატი ძალიან უყვარდა და მის დაღუპვას ვერ ეგუება.

მერაბი კიდევ ათიოდე წუთი ელაპარაკა ესმას. შემდეგ გამოემშვიდობა და წავიდა. დეკემბრის შუა რიცხვებში კვლავ აფხაზეთში გამგზავრება მოუწია და ნესტორ პესკასელსაც ესტუმრა. გამრეკელის გასაოცრად მაიორი პესკასელი მერაბს რადიკალურად შეცვლილი დახვდა. ის აბსოლუტურად მშვიდი და ფხიზელი იყო. მერაბს გადაეხვია და ჰკითხა:

– როგორ ხარ, ძმაო?

– არა მიშავს. შენ?

– ახლა უკეთ, – ირონიით თქვა ნესტორმა, – თუ ამას კარგად ყოფნა ჰქვია. აღარ ვსვამ. გუშინწინ ფატის ორმოცი მქონდა.

– კარგია, რომ აღარ სვამ. გამიხარდა, ალბათ, სამსახურშიც გახვალ.

– არა, მერაბ, აქ მე ვეღარ გავჩერდები და ეს მყარად მაქვს გადაწყვეტილი.

– აბა, სად წახვალ?

– რუსეთში.

– იქ რა უნდა გააკეთო?

– ჯერ არ ვიცი. ახალ წელს მოსკოვში შევხვდები. ჩემი ძმაკაცი ცხოვრობს იქ და მელოდება. მერე კი, ვნახოთ.

– ბავშვი?

– ესმას ოჯახში ვტოვებ. ჯერჯერობით მისი თავი არ მაქვს. მერე ვნახოთ.

– შეიძლება, უკეთესიც კი იყოს. წარმატებებს გისურვებ! – მერაბმა ხელი ჩამოართვა ნესტორს. გამოემშვიდობა და წამოვიდა.

საახალწლოდ მერაბი, თამართან ერთად დაბრუნდა აფხაზეთში და დღესასწაულს ანჩაბაძეების სახლში შეხვდა. ნაახალწლევს კი ოჩამჩირეში გაემგზავრა და ნესტორ პესკასელის ცოლის დას ეწვია.

– მობრძანდით, მერაბ, – შეიპატიჟა ესმამ მერაბ გამრეკელი და თავისი ქმარ-შვილი გააცნო.

მერაბი ბავშვებს მიეფერა და ესმას ჰკითხა:

– თქვენი დისშვილი სად არის?

– სძინავს, ბატონო მერაბ.

– როგორ არის?

– კარგად. რა უჭირს.

– ნესტორისგან ისმის რამე?

– მოსკოვშია. რეკავს ხოლმე. წუხელაც ველაპარაკე.

– რას საქმიანობს?

– თავის ჯგუფელთან ცხოვრობს. ერთად დაამთავრეს იურიდიული ფაკულტეტი მოსკოვის უნივერსიტეტში და თუ არ მეშლება, ის კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

– კარგი. წავედი მე. ნესტორი მოიკითხეთ ჩემგან.

– დარჩით, ბატონო მერაბ. თითო ჭიქა წავუქციოთ, – შესთავაზა გამრეკელს ესმას მეუღლემ. მაგრამ მერაბმა მოუბოდიშა, გადაუდებელი საქმეები მოიმიზეზა და წამოვიდა.

მერაბი ზომიერად მართავდა „ვოლგას“ და საათში სამოც კილომეტრს არ აჭარბებდა, თან ნესტორ პესკასელის ფანტომობაზე ფიქრობდა. მაიორი ძველი დილემის წინაშე იდგა და ვერ გაეგო, ნესტორი სიკეთეს ემსახურებოდა თუ ბოროტებას.

„რა ჩაიფიქრა, ნეტავ, ნესტორმა და რატომ წავიდა მოსკოვში? – გაიფიქრა მერაბმა, – მართლა აღარ შეეძლო აქ გაჩერება თუ გაერიდა საფრთხეს? გარეგნულად ყველაფერი სუფთად გამოიყურება და ვერაფერში შეედავები. მაგრამ ასეთივე სუფთაა ის შინაგანად?“

მერაბს ფიქრები გზატკეცილის განაპირას მდგომმა მამაკაცმა გააწყვეტინა. მხარზე ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. კოკისპირულ წვიმაში იდგა და კანტიკუნტად მოძრავი მანქანების გაჩერებას ცდილობდა. მერაბმა „ვოლგა“ გააჩერა და ხურჯინიანს ჰკითხა:

– საით მიბრძანდებით?

– მე შორს მივდივარ, მაგრამ სადაც მიდიხარ, წამოგყვები. იქიდან კი „პაპუტკას“ გავყვები, – მიუგო ხურჯინიანმა მერაბს. უკანა სავარძელზე მძიმე ხურჯინი დადო, თვითონ კი მერაბის გვერდით მოკალათდა.

გამრეკელმა „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და მამაკაცს უთხრა:

– გაგრაში მივდივარ. თქვენ?

– აგაშენა ღმერთმა. მეც გაგრაში მივდივარ, ჩემს ძმასთან.

– ჰოდა, მიგიყვანთ.

– აქაურს არ ჰგავხარ, – უთხრა ხურჯინიანმა მერაბს.

– თბილისელი ვარ. აქ ნათესავებთან ჩამოვედი.

– ვისი სტუმარი ხარ?

– მართა ანჩაბაძის.

– მართა, მართა... ანჩაბაძე მართა... – გაიმეორა მერაბის მეგზურმა და მაიორს ჰკითხა, – მართას ქმარი ექიმი ხომ არ იყო?

– დიახ.

– ეგრე გეთქვა, შე კაცო. ანჩაბაძე მართას მეუღლის გვარია. მართა კი შამბაა. მისი ბიძაშვილი, ასთამური და მე სიყრმის მეგობრები ვართ. იცნობ ასთამურს?

– ვიცნობ.

– საცოდავს შვილი მოუკლეს ორი წლის წინ. დიდებული ვაჟკაცი იყო. სერგი ერქვა, – თქვა ხურჯინიანმა. მოწევის ნებართვა ითხოვა. თანხმობა რომ მიიღო, თუთუნი გააბოლა, – დიდებული ქმარი ჰყავდა მართას. მთელ აფხაზეთში სახელგანთქმული ექიმი იყო. ერთხელ ჩემი თანასოფლელი დათვმა დატორა და იმან გადაარჩინა სიკვდილს.

მერაბს თავისი სიდედრის მონათხრობი გაახსენდა და მეგზურს უთხრა:

– მსმენია ეგ ამბავი.

– შენი სახელი მაჩუქე, – უთხრა ხურჯინიანმა მერაბს.

– მერაბ გამრეკელი.

– როგორ ნათესავად ეკუთვნი მართას.

– სიძე ვარ, ქალიშვილის მეუღლე.

– ძალიან სასიამოვნოა, – ხურჯინიანმა ხელი გაუწოდა მაიორს და გაეცნო, – მე გულბერდ მანძულია ვარ.

ხურჯინიანის გვარის გაგონებაზე მერაბს მამამისის მკვლელის სახე წარმოუდგა და ხურჯინიანის მიმართ ზიზღი მოეძალა. თუმცა, თავს სძლია. არაფერი შეიმჩნია. გულბერდ მანძულიას ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– ძალიან სასიამოვნოა.

სამოციოდე წლის გულბერდი ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა და მაიორს მთისა და ბარის ამბები მოუყვა. მერაბმა ხურჯინიანის ლაპარაკიდან შეიტყო, რომ გულბერდი და მამამისის მკვლელი თანასოფლელები იყვნენ. მერაბს რობერტ მანძულიას დოსიეში ჰქონდა წაკითხული მისი სოფლის სახელწოდება და ხურჯინიანს ჰკითხა:

– როგორც ვიცი, მანძულიები დიდი გვარი არ უნდა იყოს?

 – მართალი ხარ. ბევრნი არ ვართ. სულ ერთ სოფელში ვეტევით.

– ალბათ, ერთი ოჯახივით ცხოვრობთ.

– კი. მასეა. ნათესავები ვართ და ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. მთის ხალხი ვართ და ერთმანეთი თუ არ გავიტანეთ, სხვა ხეირს არ დაგვაყრის.

– მთის ხალხი სულ სხვაა. ვაჟკაცი, ლაღი, თავისუფალი. ზრდილობა არ ეშლებათ და უფროსების პატივისცემა. თავკაცობა იციან და ყველაზე უფრო ეს მომწონს. რასაც თავკაცი იტყვის, მორჩა, გათავებულია. უნდა შესრულდეს ის და წყალი არ გაუვა.

– მართალი ხარ, – სიამაყით თქვა გულბერდმა, – ბიძა მყავდა მე მასეთი. მკაცრი იყო ძალიან, რკინის კაცს ეძახდნენ სოფელში. მაგის სიტყვას წყალი არ გაუვიდოდა და თუ მაგარი იყავი, არ გექნა, რასაც გეტყოდა...

– სოფლის თავკაცი იყო? – ჰკითხა მერაბმა, თან უცნაური წინათგრძნობა დაეუფლა.

– „ჩეკისტი“! – სიამაყით თქვა გულბერდმა,  – მარა, იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ მის სახელს შიშით ახსენებდნენ სოფელში.

– მაგარი ვინმე იქნებოდა. რა ერქვა, ბატონო გულბერდ.

– რობერტი. რობერტ მანძულია. პოლკოვნიკი კაცი იყო და ფრონტზე დაიღუპა გმირულად.

– თქვენი მამის ძმა იყო, ბატონო გულბერდ?

– მამაჩემის ბიძაშვილი. ბიძაა იგივე, ახლო, სისხლით ნათესავი.

– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა მერაბი და ჰკითხა, – ის რომ დაიღუპა, მაშინ თქვენ პატარა იქნებოდით.

– თორმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე. სულ ორჯერ მყავს ნანახი. დიდი კაცი იყო და სად ეცალა სოფელში სასიარულოდ. პირველად რომ ვნახე, ცოლი და სულ ჩვილი ვაჟი ჰკავდა ჩამოყვანილი. მეორედ კი მარტო ჩამოვიდა. მაშინ უკვე ომი იყო. სულ მალე კი გავიგეთ, ომში გმირულად დაიღუპაო და ძალიან გვეწყინა.

– იმ გმირი კაცის ვაჟიც მამასავით მაგარია?

– არ ვიცნობ მის ვაჟს. მისი ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობდა და სოფელში პირდაპირი ნათესავი არ ჰყავს. ის კი არა და, მისი მამისეული კარ-მიდამოც მოვარდნილმა მეწყერმა ჩაიტანა დიდი ხნის წინ, – თქვა გულბერდმა სიამაყით, – ხომ გაგიგონია, კვიცი გვარზე ხტისო და მისი ვაჟიც მამასავით მაგარი იქნება. თუმცა, მის შესახებ არაფერი გამიგია, სიმართლე გითხრა.

გულბერდ მანძულიას პირი არ გაუჩერებია გაგრამდე და მერაბს მთელი ქვეყნის ამბები მოუყვა. გამომშვიდობებისას კი ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– მადლობა დიდი. ვინიცობაა ჩემს სოფელში მოხვდე, ოჯახში მესტუმრე. კარგად, აბა! მართა მომიკითხე და ასთამურს თუ ნახავ, უთხარი, – გულბერდ მანძულიამ მოკითხვა შემოგითვალაო.

მერაბი სახლში აპირებდა წასვლას, მაგრამ გულბერდთან შეხვედრის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა და ასთამურ შამბასთან გაემართა.

– შემოდი, შვილო, შემოდი, – შეიპატიჟა გოლიათმა შვილობილი, – მიდი, ბუხარს მიეფიცხე და მეც მოვალ. ტაბლას მოვიტან.

– მოგეხმარები.

– არ მინდა. ახლავე მოვალ. გათბი შენ.

ასთამური ხუთიოდე წუთის შემდეგ დაბრუნდა ტაბლით ხელში, რომელზეც ძირითადად მშრალი საჭმელი და არყით სავსე ლიტრიანი ბოთლი ელაგა.

– თამარი რატომ არ წამოიყვანე? – ჰკითხა ასთამურმა მერაბს.

– ოჩამჩირიდან მოვდივარ. ნესტორ პესკასელის ცოლისდის ოჯახში ვიყავი.

 – საცოდავი ნესტორი. რამხელა უბედურება დაატყდა თავს. რაო, რა გითხრეს. როგორააო ნესტორი.

– მოსკოვშია. თავისი მეგობრის სახლში. მეტი არაფერი იციან. წუხელაც ულაპარაკიათ და ასე უთქვამს, ახალი არაფერიაო.

სანამ სმას შეუდგებოდნენ, მერაბმა თამარს დაურეკა და უთხრა, სადაც იყო. შემდეგ კვლავ სუფრას დაუბრუნდა და მასპინძელს უთხრა:

– დაიწყე, ძია ასთამურ. მომენატრა შენთან ერთად დალევა და ლაპარაკი.

სტუმარ-მასპინძელი ტკბილად საუბროდა. თან, ასთამურ შამბას გამოხდილ ჭანჭურის არაყს სვამდნენ და გემრიელად მომზადებულ საჭმელებს აყოლებდნენ. მერაბის სტუმრობის ნამდვილი მიზანი რობერტ მანძულიას შესახებ ინფორმაციის გაგება იყო და მაიორი შესაბამის მომენტს ეძებდა, რომ სასურველი თემა ჩამოეგდო. მორიგი სადღეგრძელოს შემდეგ მერაბმა ასთამურს უთხრა:

– ჰო, მართლა, ძია ასთამურ. გულბერდ მანძულიამ მოგიკითხათ.

– გულბერდი სად ნახე?

მერაბმა დაწვრილებით მოუყვა ასთამურს ყველაფერი და ბოლოს უთხრა:

– ასე მითხრა, „ჩეკისტი“ ბიძა მყავდა, რკინის კაცი იყო და ომში დაიღუპაო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3