კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოიშორე ქმარი

დეივ დენისი მოუთმენლად ელოდა, როდის მოემზადებოდა ქალი. ლაურა ტუალეტის მაგიდასთან იჯდა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას მისჩერებოდა.

– ლაურა, ქვემოთ რეპორტიორები გელოდებიან, სასწრაფოდ ჩამოდი და მოიქეცი ისე, როგორც ვარსკვლავს ეკადრება. შენ არ გაქვს დაღლის უფლება!

– როგორ მძულან ყველანი! დამდევენ და მითვალთვალებენ, სახლშიც კი არ ვარ მათგან დასვენებული. პირადი ცხოვრება მინდა!

– ლაურა, გეყოფა ჭირვეულობა, მოწესრიგდი და ჩამოდი! ათ წუთს გაძლევ, იცოდე!

დეივი გავიდა. ლაურამ ამოიოხრა. ვერ იტანდა ამ კაცს – კინოსტუდიის მეპატრონეს. საბედნიეროდ, მალე მასთან აღარ იქნებოდა. სამმა კინოროლმა მილიონი შემოსავალი მოუტანა. ახლა შეიძლებოდა, ეფიქრა თავისი ოცნების განხორციელებაზე... ისევ ჩაიხედა სარკეში. ოცდათხუთმეტი წლის იყო, მაგრამ, ოცდაცხრაზე მეტს ვერაფრით მისცემდი. მის მშვენიერებაზე არ უმოქმედია იმ საშინელ შვიდ წელიწადს, რომელიც ჰოლივუდში მოხვედრამდე გაატარა. ჰოლივუდის სენსაციებზე გაგიჟებული ჟურნალისტები რას არ მისცემდნენ ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგრამ, ლაურა საიდუმლოდ ინახავდა თავის სამარცხვინო წარსულს... შვიდი წელი დაწანწალებდა მთელ ქვეყანაში. ქუჩის ბალაგანებში გამოდიოდა გულისამრევი ნომრებით – მღეროდა და თან ტანსაცმელს იხდიდა, მისი ქმარი, ჯორჯი კი ფულს კრეფდა. ჯორჯთან ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. გამოიყენა და, როცა ავად გახდა, უპატრონოდ მიაგდო. ცხოვრებაში ერთადერთი კარგი საქმე გააკეთა იმით, რომ ნიუ-იორკში ჩხუბში თავი მოაკვლევინა. ლაურამ ამის შესახებ გაზეთებში, კრიმინალურ ქრონიკაში ამოიკითხა. საბედნიეროდ, ახლა ჰარი ჰყავდა – მაღალი და ფართომხრებიანი მამაკაცი, კეთილი, თბილი ღიმილითა და ალერსით სავსე ხმით; მზრუნველი და საოცრად საყვარელი. მალე იქორწინებდნენ, საკუთარ სტუდიასაც გახსნიდნენ და ლაურა სამუდამოდ დაივიწყებდა ჯორჯის გვერდით გატარებულ კოშმარს...

ერთბაშად კარი გაიღო. ლაურა შემოტრიალდა – ზღურბლზე ჯმუხი, შავგვრემანი მამაკაცი იდგა. მუქმინიანი სათვალე ნახევარ სახეს უფარავდა. ლაურას რაღაც ეცნო მასში და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.

– ვინ ხართ და როგორ გაბედეთ აქ შემოსვლა?

– „ისტერნ-პრესიდან“ ვარ, პატარა ინტერვიუ მინდოდა ჩამეწერა. მხოლოდ სამი კითხვა.

– არავითარ შემთხვევაში! – წარბი შეიკრა ლაურამ, – ჩამოვალ და იქ მოგცემთ ინტერვიუს.

მაგრამ კაცმა უკან არ დაიხია, პირიქით, ოთახში შევიდა და კარი მიხურა.

– მე ვიფიქრე, რომ, გერჩივნა, მარტოებს გველაპარაკა, გლორია...

ქალი ლამის ჩაიკეცა:

– ჯორჯ? ეს შენ ხარ? კი მაგრამ, შენ ხომ მოკვდი?.. ღმერთო, საიქიოდან დაბრუნდი?

– შეიძლება, ასეც  ითქვას, გლორია... ციხეში ვიჯექი. მერე კი არ მიცდია რეპორტიორების შეცდომა გამომესწორებინა. არ გიხარია, საყვარელო, ქმრის ნახვა?

– არა! არა! რომ იცოდე, როგორ მძულხარ! შენ მკვდარი ხარ, მკვდარი!.. ცხოვრებას აღარ დაგანგრევინებ!

– ჰო?! მე შენი ქმარი ვარ! ხომ არ გინდა, ჩავიდე და ჟურნალისტებს გამოვუცხადო, ვინ არის სინამდვილეში ლაურა გეინორი? კარგ ფულსაც გადამიხდიან ექსკლუზივში.

– ოცი ათას დოლარს მოგცემ... არა, ორმოცდაათი ათასს თუ ახლავე წახვალ და დაივიწყებ ჩემს არსებობას.

ჯორჯმა უტიფრად გაიცინა:

– შენ დაგავიწყდა, სად ხარ? ეს კალიფორნიაა. ცოლ-ქმრის ქონება თანაბრად იყოფა. ზუსტად ვიცი, ანგარიშზე ორმოცდაათი მილიონი მაინც გექნება... მოდი ჩემთან, პატარავ. მოდი, ჩავიდეთ ჟურნალისტებთან და ყველას ვუთხრათ, რომ შენი საყვარელი ქმარუკა მკვდრეთით აღდგა.

– არა, არავითარ შემთხვევაში! მირჩევნია, მოვკვდე... ლაურამ უკან დაიხია. კაცი მისკენ დაიძრა, მხრებში მაგრად მოჰკიდა ხელი და მოუჭირა, მერე თავი გადაუწია და სახე სახესთან ახლოს მიუტანა. ქალმა დაიგმინა... ზიზღმა და სიძულვილმა ვულკანივით იფეთქა მის არსებაში... ხელი ზურგს უკან მდგარ ტუალეტის მაგიდას მოუპოტინა და ბრინჯაოს საფერფლეს მოებღაუჭა, მერე კი მთელი ძალით ჩასცხო საძულველ მოძალადეს კეფაში. ჯორჯის უსულო სხეული მძიმედ დაენარცხა იატაკზე. ლაურამ შიშით დახედა გასისხლიანებულ საფერფლეს და ზიზღით გაუშვა ხელი. სწორედ ამ დროს ოთახში ჰარი შემოვიდა. ლაურა მისკენ გაექანა და კისერზე შემოეხვია:

– მიშველე, ჰარი, მიშველე...

– ლაურა, ეს რა არის? რა მოხდა?

ქალს ისტერიული ტირილი აუვარდა და ჰარის ყველაფერი მოუყვა.

– თუ ეს ამბავი გახმაურდა, დაგიჭერენ... შენს კარიერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია – ყველაფერი დასრულდება.

– ჰარი, მიშველე, ჰარი... არ მინდა, ამ ნაძირალას გამო ისევ წუმპეში ჩავეშვა... არ მინდა!..

– მოიცადე, რამეს მოვიფიქრებ. ჯერ გვამი უნდა გადავმალოთ. გაქვს რამე ყუთი?

– მარტო ერთი, დედაჩემის ნაქონი სკივრი მაქვს. არ ვაგდებდი, სამახსოვროდ ვინახავდი.

– კარგი. ასე მოვიქცეთ: შენ მოემზადე, მე კი გვამს სკივრში ჩავტენი... ქვემოთ ერთად ჩავიდეთ. რაღაც იდეა მაქვს.

– რა? სკივრს როგორ გავიტანთ? ჰარი... აქაურობა კამერებითა და ფოტოაპარატებით მომარჯვებული ჟურნალისტებით არის სავსე, – შიშით თქვა ქალმა.

– შენ, მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ უნდა გაიღიმო. ჩქარა, სანამ დენისი ამოვიდა...

როცა ლაურა და ჰარი კიბის თავზე გამოჩნდნენ, ქალს სახე უბრწყინავდა ბედნიერებისა და ღიმილისგან... აჩხაკუნდა ფოტოაპარატები და ლაურას თვალი მოსჭრა განათების ყვითელმა შუქმა... ჰარიმ ხელი ასწია და ყველას სთხოვა, გაჩუმებულიყვნენ.

– მეგობრებო... ჩვენ ახლა განცხადებას გავაკეთებთ, ეს ექსკლუზიური ინფორმაციაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ დიდი ხანია, გვიყვარს ერთმანეთი... რამდენჯერ დაწერეთ მყვირალა სათაურებით – „ლამაზმანი და მისი აგენტი...” ჰოდა, მოგვილოცეთ – ერთ საათში ცოლ-ქმარი გავხდებით! 

დარბაზი აპლოდისმენტებმა შეაზანზარა. ჰარიმ ხელი ასწია და ხალხს გაჩუმება სთხოვა: – მოკლედ, ასე, ჩვენ ახლა წავალთ, დავქორწინდებით, დავბრუნდებით ჩვენი ნივთებისთვის და თაფლობის თვის გასატარებლად პირდაპირ მექსიკაში გავემგზავრებით. არანაირი ინტერვიუ სამი დღის განმავლობაში – თაფლობის თვე ჰოლივუდშიც თაფლობის თვეა...

– მოიცათ, მოიცათ, ასე არ გამოვა! – გააპროტესტა დეივ დენისმა, – მე კინოკომპანიის მეპატრონე ვარ და ვალდებულებები მაქვს პრესის წინაშე. მათ თქვენი ოჯახური ცხოვრების პირველი დღეების შესახებ უნდა დაწერონ!

– მხოლოდ ორ დღეს ვითხოვთ საქორწინო საჩუქრად, მხოლოდ ორ დღეს... მერე კი საუკეთესო რეპორტაჟები გექნებათ, თავისი ფოტოებით. გპირდებით...

უკვე ხუთი საათი გავიდა, რაც ცოლ-ქმარი იყვნენ და მარტოები ძლივს აღმოჩნდნენ მანქანაში... ლაურა ისევ კანკალებდა. ქმრის მხარს მიეკრა და ამოიოხრა.

– ნუთუ ყველაფერი დასრულდა?

– ჯერ არა, საყვარელო. ჯორჯის გვამისგან მალე გავთავისუფლდებით. ღამე იქნება, როცა ტბასთან ჩავალთ. იქ ერთი მიტოვებული სახლია და სარდაფში ჩავმარხავთ, მერე კი, თუ გინდა, მექსიკაში გავემგზავროთ ჩემს მეგობართან.

– მე მინდა, მალე მოვიშოროთ გვამი. საქორწინო მოგზაურობაში მივდივარ ყოფილი ქმრის გვამთან ერთად – ამაზე ფიქრი მზარავს.

– ვიცი, საყვარელო, ვიცი. მალე დასრულდება ეს კოშმარი... უკან მანქანა ხომ არ მოგვდევს?

ტბასთან რომ მივიდნენ, უკვე ბნელოდა. სახლი მიტოვებული და ნახევრად დანგრეული იყო...

– შენ წინ წადი, მე სკივრიდან ამოვიღებ ჯორჯს და უკან გამოგყვები. ფრთხილად იარე, ჩემო საყვარელო... ჩამრთველი კედელთან ახლოს არის, მარჯვენა მხარეს... 

ლაურამ ფრთხილად გააღო კარი. იატაკი აჭრიალდა... ფეხდაფეხ ჰარი მოყვებოდა ზურგზე მოკიდებული მიცვალებულით და მძიმედ ქშინავდა. გვამი გაქვავდა და დამძიმდა...

ლაურამ ხელი გაიწოდა, ჩამრთველმა გაიტკაცუნა და ოთახი გაწითლდა... დეივ დენისი წინ იდგა და ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა, იქვე იყვნენ ჟურნალისტები...

– მაშ, მექსიკა, არა?! მოიცათ, ეს რა არის? ღმერთო, დიდებულო!..

გაისმა შეკივლება, რამდენიმე ქალს გული წაუვიდა... ჰარიმ მიცვალებულს უშვა ხელი და გვამი მძიმედ, ყრუ ბრახუნით დაენარცხა იატაკზე... ლაურას მოეჩვენა, რომ ჯორჯმა თვალები გაახილა, მას შეხედა და ისევ დახუჭა...

 

 

скачать dle 11.3