ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს ინფორმაცია ცოფთან დაკავშირებით. აცრა მხოლოდ მაშინ არის აუცილებელი, როცა ცხოველი გვიკბენს თუ გაკაწვრის დროსაც საჭიროა?
პასუხი: აცრა აუცილებელია არა მარტო კბენის დროს, არამედ, გაკაწვრის შემთხვევაშიც. ადამიანები, რომლებიც უყურადღებოდ ტოვებენ ცხოველის ნაკბენს, ხშირად სავალალო შედეგს იღებენ. ამიტომ, თუ ცხოველი გიკბენთ ან გაგკაწრავთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ ცოფით შეიძლება დაავადდეთ როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველისგანაც. კბენის დროს ვირუსი ხვდება ქსოვილში, საიდანაც პერიფერიული ვენების საშუალებით მიგრირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ინკუბაციური პერიოდი მიმდინარეობს 12 დღე, მაგრამ, შეიძლება, ერთ წლამდეც გაგრძელდეს. ეს იშვიათობაა, ძირითადად კი 4-6 კვირა გრძელდება. აღნიშნული პერიოდი მცირდება, თუ ცხოველი გიკბენთ თავზე ან კისერზე.
კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკში შეიძლება დაემართოს ძაღლს ფილტვის კიბო?
პასუხი: ფილტვის კიბო ვითარდება უფრო ხშირად ასაკოვან ძაღლებში, რაც გამოწვეულია ფილტვის ქსოვილში მეტასტაზების მოხვედრით.
კითხვა: მაინტერესებს, რამდენ ხანს გრძელდება ძაღლის ორსულობა და როგორ მივხვდე, დაახლოებით, როდის იმშობიარებს ძაღლი?
პასუხი: ძაღლები მშობიარობენ ძირითადად 53-დან 63 დღემდე შუალედში. დიდი ნაყარი ჩნდება ადრე, პატარა – შედარებით გვიან. პატარა ჯიშის ძაღლები 2-3 დღით ადრე მშობიარობენ.
მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, სეირნობისას ძუ ცდილობს, შორს არ წავიდეს, იმზადებს „ბუდეს“, მოუსვენარია და განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს პატრონისადმი, ხდება მოსიყვარულე, ხშირად წევს. ასევე, მშობიარობამდე 2-3 დღით ადრე, მას სარძევე ჯირკვლებში უდგება რძე. კარგი იქნება, ამ პერიოდში თუ ძაღლს ვეტერინარს გაასინჯებთ.