ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ უნდა გავარჩიო, ჯანსაღია თუ არა მცენარე შეძენისას?
პასუხი: შეძენისას კარგად უნდა შეამოწმოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მცენარე ჯანსაღია და კარგად გაიზრდება. თუ გამოცდილი მებაღე არ ხართ, გირჩევთ, ჩამოფასებულ განყოფილებაში გამოფენილი დაზიანებული ან ავადმყოფური შესახედაობის მცენარეები არ შეიძინოთ, თუნდაც ძალიან იაფი იყოს, რადგან, ასეთი მცენარე ძნელად გადარჩება. აყვავებული მცენარის შეძენისას ის შეარჩიეთ, რომელსაც გასაშლელად გამზადებული ბევრი კოკორი აქვს. ფოთლები ქვედა მხრიდან შეამოწმეთ, რადგან პარაზიტები შეიძლება ფოთლების ზურგზე, ღეროზე ან უბეებში ჰქონდეს ჩაბუდებული. ქოთნის ძირიდან გამოშვერილი ფესვები იმის ნიშანია, რომ მცენარეს დიდი ქოთანი სჭირდება. თუ ასეთ მცენარეს იყიდით, მაშინვე უნდა გადარგოთ. გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ: თუ მცენარე ზამთარში შეიძინეთ, შინ შეფუთული მიიტანეთ, რადგან, ცივმა ჰაერმა, შეიძლება, ფოთლები ან კვირტები დააყრევინოს.
კითხვა: რა სინათლე და ტემპერატურა მოსწონს ჭორიკანას?
პასუხი: ეცადეთ, ჭორიკანა კაშკაშა სინათლეზე დადგათ, რადგან კაშკაშა სინათლეზე ფოთლები კარგ ფერს იღებს და მცენარეც უხვად ყვავილობს. მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ზამთრის მინიმალური ტემპერატურა კი 12 გრადუსია. ჭორიკანა საკიდ კალათაში უნდა მოათავსოთ.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მოვრწყა სტრომანტე?
პასუხი: ზრდის პერიოდში სტრომანტეს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ხოლო ზამთარში მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ზრდის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ გაზავებული ბალანსირებული და თხევადი სასუქით. სიგრილე და ჩრდილიანი ადგილი მცენარეს დაბალ ტენიანობასთან ბრძოლაში ეხმარება. სითბოში ზრდა დაჩქარდება, მაგრამ, ტენიც მეტი დასჭირდება.
კითხვა: ბინაში მაქვს სელაგინელა. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვუარო?
პასუხი: სელაგინელას ვნებს სიმშრალე, ამიტომ, რეგულარულად დანამეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. დაფესვიანებული ყლორტები თითქმის მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ დაყოთ და ახალ ქოთანში გადარგოთ. მას ჩრდილიანი და უმზეო ადგილი უყვარს. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. სიცხესა და სიმშრალეში ფოთლები გაუხმება. სჭირდება ტენიანი გარემო. მისთვის სასურველი ადგილი სააბაზანო ან სამზარეულოა.
კითხვა: ბინაში მაქვს „ფრთიანი“ პალმა, როგორ მოვუარო, რომ კარგად გაიხაროს?
პასუხი: პალმის ეს სახეობა ნელა იზრდება, მაგრამ, თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, ძალიან ლამაზ მცენარეს მიიღებთ. ზამთარში ის ყველაზე ნათელ ადგილზე გადაიტანეთ – შედარებით სიჯანსაღისთვის მას კარგი განათება და კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ, არა მწველი მზე. სწრაფად იზრდება 22-23 გრადუსზე. ზამთარში მინიმალური ტემპერატურა 10 გრადუსი უნდა იყოს. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთარში, როცა ტემპერატურა და სინათლე ნაკლებია, მიწას შეშრობა აცადეთ და მცენარე შედარებით იშვიათად მორწყეთ. იმისთვის, რომ პალმამ სასურველი ფორმა არ დაკარგოს, ხშირი განიავება და ოდნავ ტენიანი ჰაერი სჭირდება. ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. თუ ეცდებით, რომ ამ მცენარემ იყვავილოს, თქვენი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, რადგან, „ფრთიანი“ პალმა ოთახის პირობებში ვერც ყვავილობს და ვერც ნაყოფს ისხამს.