კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

ორი ქალი... ჩვეულებრივები... ერთმანეთის მსგავსები და ერთმანეთისგან განსხვავებულები თავისი მწუხარებით, პრობლემებით, ბედნიერებითა და ახირებებით... თითოეულს თავისი საიდუმლო აქვს – ის, რასაც არავის ეტყვის და კიდევ ის, რის შესახებაც ყველას მოუყვება. ორი ქალი ყველგან შეიძლება, იყოს. ყველგან და ყოველთვის... ნებისმიერ გარემოში პრინციპი მათი არსებობისა არ შეიცვლება.

დილა ჩვეულებრივად დაიწყო... თიკოს კი ეგონა, რომ ცოტათი უჩვეულოდ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივად. მაღვიძარა ცხრის ნახევარზე მომართა, ცხრაზეც და ათის ნახევარზეც, იმ იმედით, რომ რომელიმე გააღვიძებდა. ვერაფრით შეეგუა იმას, რომ თერთმეტ საათზე უკვე სამსახურში უნდა ყოფილიყო. მანამდე კი იმდენი რამ ჰქონდა მოსასწრები... შხაპი ხომ უნდა მიეღო... თმა დაევარცხნა და გაესწორებინა. კულულები ურჩობდნენ, არ ემორჩილებოდნენ. ამიტომ, სალონის გარეშე ვერაფერს იზამდა. ნახევარი საათი მაინც ხომ უნდა დაეკარგა ამაზე. ყავაც უნდა დაელია და სიგარეტიც მოეწია, ანუ რიტუალი შეესრულებინა... მერე ტანსაცმლის ამორჩევაც არ იყო იოლი. მოკლედ, სიახლემ მისი ცხოვრება შეცვალა. ჯერ არ იცოდა – უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ... რაც კოტე კიტიას საყვარელი გახდა, მას შემდეგ არ უმუშავია. აღარ სჭირდებოდა. კოტე ძუნწი არ იყო... ბებიის დანატოვარი, ნაჩუქარი ბინაც გაქირავებული ჰქონდა და მშობლებიც უგზავნიდნენ ფულს ერთადერთ ქალიშვილს. პროვინციულ ქალაქში ბევრი არ სჭირდებოდათ და დანაზოგი მთლიანად თიკოს ხმარდებოდა. ამიტომაც არ იწუხებდა თავს. დროს საკუთარი სიამოვნებისთვის ატარებდა... აუზი, ფიტნესი... მაღაზიები... პრინციპში, ამ ყველაფერმაც ძალიან დაღალა. ზოგჯერ სწყინდებოდა ხოლმე... 

ბეჟანი ძალიან სერიოზულად მოეკიდა ახალი თანამშრომლის განათლებას და მოვალეობებში გარკვევას. ყოველდღე პირადად ხვდებოდა, კაბინეტში აცილებდა და დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეუვლიდა ხოლმე. ხან ყავას მიუტანდა, ხან შოკოლადის ფილას... ერთი-ორჯერ ოფიციალურ მოლაპარაკებასაც დაასწრო... აშკარად ეფლირტავებოდა... თიკო თავაზიანად უღიმოდა... მოსწონდა, კაცი ასე რომ იყო აღფრთოვანებული მისით. საათს შეხედა... მესამე დარეკვამდე ხუთი წუთიღა იყო დარჩენილი... გაიზმორა და უხალისოდ ადგა. სააბაზანოში იყო, მობილურმა რომ დარეკა... ტანზე ნაჩქარევად შემოიხვია პირსახოცი და სველი ხელი მობილურს წაატანა... გაუკვირდა, კოტეს ხმა რომ გაიგონა.

– შენ ხარ? საიდან მირეკავ?

– წყნეთის აგარაკიდან, – უკმაყოფილოდ, მკვახედ მიახალა კიტიამ, – არ იცი, სადაც ვარ? არ გითხრა ლენუკამ? მომენტს რას გაუშვებდა?! დარწმუნებული ვარ, წუწუნი ჯერაც არ დაუმთავრებია.

– კოტე, რა გინდა? მაგვიანდება, საქმეზე ვარ წასასვლელი.

– მოიცა, ახლა რომელი საათია? მანდ რომელი საათია-მეთქი...

– აუუ, კოტეე... მაგვიანდება-მეთქი, თან შემცივდა კიდეც, ტანზე პირსახოცშემოხვეული დავდივარ, გამშრალებაც ვერ მოვასწარი...

– ვაა, შიშველი ხარ? აჰა, ერთი ეგ პირსახოციც მოიხსენი და დამენახვე? – გახალისდა კაცი და თიკომ გაიგონა, როგორ გააწკლაპუნა ტუჩები.

– აუ, შენ მთვრალი ხარ, ხო? – კოტე, მართლა მაგვიანდება, მერე დამირეკე, კარგი?

– გოგო, მომისმინე შენ! მითხარი, რა საქმე გაქვს ამ დილაუთენია, ხომ არ მღალატობ?

– კოტე, ძალიან სასაცილო ხარ, როცა ასეთ სისულელეს მეკითხები... როგორ უნდა გიღალატო, როცა შენი ცოლი არ ვარ.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, მომენატრე. ფულს გადმოგიგზავნი, ბილეთი აიღე და წამოდი... სასტუმროში ვაპირებ გადასვლას და მარტო ხომ არ ვიქნები?

– გაგიჟდი? თავი დამანებე. სად უნდა ჩამოვიდე?! დაურეკე ლენუკას და ჩამოვა. შვილსაც ნახავს და მარტოც არ იქნები. ჩემგან რა გინდა, ვერ ვხვდები.

– ჩამოდი. შენ მენატრები და არა ლენუკა.

– ხომ ხვდები, ტყუილად რომ იღლი ენას... არ შემიძლია ახლა შენთან ლაპარაკი.

– რატომ, რატომ... მითხარი ახლავე, ვისთან მიღალატე!

– მთვრალი ხარ ახლა შენ... წადი და დაიძინე... რომ ჩამოხვალ, მერე ვილაპარაკოთ.

– აქეთ ჩამოდი-მეთქი, გოგო... არ გადამრიო ახლა.

– ვერ ჩამოვალ. კარგად იყავი... – თიკომ მობილური გათიშა და გაბრაზებულმა დივანზე ისროლა... – გაგიჟდა. იქ რომ სანდრომ მნახოს, ლენუკას ვერ გადავურჩები... უიმე, დამაგვიანდა... – თიკომ საძინებელში შეირბინა და კარადის წინ გაჩერდა... დღეს რამე ისეთი უნდა ჩავიცვა, საბოლოოდ გადავრიო ის კაცი... ისე, გარდერობი გასაახლებელი მაქვს. პირველი ხელფასით ვიყიდი რამე მაგარს...

ბეჟანი ჩვეულებისამებრ ოფისის კართან დახვდა და მის დანახვაზე ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს შემთხვევით მოხდა მათი შეხვედრა.

– თიკო? ცოტა ხომ არ დააგვიანე?

– უნდა მაპატიოთ, ბატონო ბეჟან... სალონში შემაგვიანეს, – მოიბოდიშა ქალმა და თმა კეკლუცად შეისწორა.

– ოო, საპატიო მიზეზი გქონიათ, – კაცმა აღტაცებით შეათვალიერა და შეაფასა თიკო თავიდან ფეხებამდე, – უნდა ვაღიარო, რომ დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებით. არაჩვეულებრივად მომხიბვლელი ხართ. საღამოს საქმიანი ვახშამი მაქვს, ახალ პარტნიორებთან ერთად და პატივს ხომ არ დამდებდით, ჩემთან ერთად წამოსულიყავით?!

თიკო შეყოყმანდა...

– საღამოს?

– დიახ. რაიმე გქონდათ დაგეგმილი?

– არაა! – სიტყვა „გაწელა“ თიკომ და გაინაზა, – მაგრამ ასე ვერ წამოვალ, ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო. მოვასწრებ?

კაცს თვალები აუციმციმდა.

– შეგიძლიათ, ადრე წახვიდეთ... მაგალითად, შუადღისთვის... დრო ხომ გეყოფათ? თუმცა, მე წარმოდგენა არ მაქვს, უკეთესი რა შეიძლება ჩაიცვათ...

თიკომ მომხიბლავი ღიმილით „დაასაჩუქრა“ და მინის კარს ხელი შეავლო.

– ჰო, მართლა, თიკო... ოფისში თანამშრომლებისთვის მოწევას ვკრძალავ, მაგრამ შენთვის გამონაკლისს დავუშვებ. დერეფანში რომ არ დადგე, როცა მოწევა მოგინდება, შეგიძლია, ჩემი კაბინეტით ისარგებლო. გავიქეცი ახლა და საღამოს შეგეხმიანები. დაგირეკავ და მძღოლს გამოგიგზავნი.

ბეჟანმა კიდევ ერთხალ გამოხატა კმაყოფილება ქალის გარეგნობის გამო და ჩქარი ნაბიჯით გავიდა შენობიდან. თიკომ ამოიოხრა... ბატონი ბეჟანი აშკარად სერიოზულად იყო მის მიმართ განწყობილი და ამას უკვე აღარც მალავდა...

***

კოტემ სიგარეტი მოწია და ოთახში შებრუნდა. სანდრომ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.

– დედას ელაპარაკე?

– არა. საქმიანი საუბარი მქონდა. რა იყო?

– არაფერი. საქმიანი საუბარი ასეთ დროს? – მხრები აიჩეჩა ბიჭმა.

– რა გინდა, სანდრო? – ერთბაშად იფეთქა კაცმა, – იქ დედაშენი მიბურღავს ტვინს სულელური, უაზრო შეკითხვებით, აქ – შენ... აღარ ამომასუნთქოთ, აბა, თქვენ იცით!

სანდრომ გაოცებით შეხედა.

– რა გაყვირებს? ისე, უბრალოდ ვიკითხე.

– „ისე და უბრალოდ“, – გამოაჯავრა კოტემ, – ძალიან დავიღალე ამ ეჭვით სავსე უბრალოებით, ძალიან დავიღალე... საქმე ვაკეთო თუ იმაზე ვიდარდო, თქვენს ეჭვით გაჯერებულ ტვინში, რა ახალი „შეთქმულების თეორია“ მწიფდება.

სანდრომ მხრები აიჩეჩა, ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე საკმაოდ მშვიდი ტონით ჰკითხა:

– მამა, შენ, მგონი, მართლა ძალიან დაიღალე ან რამე ისეთი პრობლემა გაქვს, რაც ძალიან გაწუხებს და გაფორიაქებს. დედაჩემიც, ეტყობა ხვდება ამას, იმიტომაც ცდილობს, სიმართლეში გაერკვეს.

– დედაშენი ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას ცდილობს, იმ კატის, რომელიც იქ საერთოდ არ არის. სანდრო, აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ დაგელაპარაკო, თან, ცოტა დავისვენო დედაშენისგან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან ერთად ცხოვრება არ მინდა, უბრალოდ, ზოგჯერ ისეთ დღეში მაგდებს... თუმცა, რას გიხსნი, მოიყვან ცოლს და მიხვდები... – ხელი ჩაიქნია კოტემ.

– ჰო, ლენუკას ცოტა რთული ხასიათი აქვს, მაგრამ ამაში შენც ხარ დამნაშავე. უფლება არ მიეცი, ემუშავა... სახლში გამოკეტე... გვერდით არ ჰყავდი... მოიწყინა და მოწყენილი ქალები კი „ტვინის ბურღებად“ იქცევიან ხოლმე. მეც გავიზარდე, ვეღარ ვიცლიდი მისთვის... მოკლედ, ზოგჯერ ძალიან მეცოდება ლენუკა.

– გაეჩინა მერე კიდევ შვილები, მე დავუშალე? ვეხვეწებოდი და აიჩემა, – მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხიაო. გეგონება, ფეხსაცმელებზე იყო ლაპარაკი და არა ბავშვებზე... თუმცა, იმაში გეთანხმები, რომ ზოგჯერ ლენუკა მართლა შესაცოდია. დრო აქვს, საქმე – არა, მაგრამ შეეძლო, სახლიდან გაუსვლელადაც ეკეთებინა რაღაც.

– რა? ხაჭაპურები ეცხო შენთვის? კარგი რა, მამა... მე, ზოგადად, არ მომწონს ისეთი დამოკიდებულება, როგორიც შენსა და დედაჩემს შორის არის. მე არ მექნება ასეთი ოჯახი, ზუსტად ვიცი, – მტკიცედ თქვა სანდრომ და ერთბაშად დეას სახება დაუდგა წინ, მისი ულამაზესი, იდუმალი სევდით სავსე თვალები...

– შენ ჯერ კიდევ არ იცი, რა გექნება. არ არის ადვილი ცხოვრება. ჯერ რა გინახავს... ჯერ ჩემზე ხარ ჩამოკიდებული და „გულაობ“ ჩემი ფულებით.

– მამა, არ გინდა ასეთი ლაპარაკი. უკვე მეორედ დამაყვედრე, რაც ჩემთვის გაგიკეთებია. ისე იზამ, საერთოდ ერთ თეთრსაც არ გამოგართმევ. მე ვიმუშავებ და ვიცხოვრებ. ვისწავლი კიდეც.

– ჰო და ლენუკაც მომკლავს, ეგრევე დამახრჩობს.

– აბა, სულ ასე უნდა მაყვედრო? აღარ მინდა! – ხელები აიქნია სანდრომ.

– ჰო, კარგი, – მოლბა კიტია, – ეს ისე, სიტყვის მასალად წამომცდა. შენს მეტი ვინ მყავს? მაგრამ მინდა, ჩემიც გესმოდეს.

– ვცდილობ, ხომ ხედავ? – გაეღიმა სანდროს, – ისევ აპირებ სასტუმროში გადასვლას?

კიტიამ მხრები აიჩეჩა.

– ჯერ არ ვიცი... გავჩერდები თქვენთან კიდევ რამდენიმე დღე, ძალიან თუ არ შეგაწუხებთ...

– არ მაწუხებ-მეთქი, ხომ გითხარი.

– რა ვიცი, იქნებ იმ გოგოსთან შეხვედრა გინდა. რა ერქვა?

სანდრომ თვალები მოჭუტა.

– აა, სილვიაზე ამბობ? არავინ არ არის ეგ გოგო ჩემი. უბრალოდ, ნაცნობია, ერთად ვსწავლობთ.

– ისე, არა უშავს. მაგარი ტანი აქვს... მამა, მე რამეს კი არ გიშლი. უნდა გყავდეს გოგოები, აბა, რა... მაგრამ ლონდონში წასვლა რატომ აიხირე, გარბიხარ მისგან?

– აუ, აი, კიდევ... რატომ არის წარმოუდგენელი შენთვის, რომ სწავლის გაგრძელება ლონდონში მინდოდეს, – უყვირა მოთმინებადაკარგულმა სანდრომ და ტომასმაც შემოაღო კარი.

– მამაჩემიც ჩამოვიდა. ქვემოთ გველოდება. სანდრო, არ გესმის? რა გაყვირებდა?

– არაფერი. რა თქვი, მამაშენი აქ არის?

– ჰო. ქვემოთ, მანქანაში იცდის. ქალაქგარეთ გვეპატიჟება. პატარა რესტორანი ყოფილა... ძალიან მაგარ კერძებს ამზადებენ და ლუდიც განსაკუთრებული აქვთ. ხომ წამოხვალთ?

– კოტე?! – სანდრო მამამისს მიუბრუნდა, – ტომასის მამას შენი გაცნობა უნდა. რესტორანში გვეპატიჟება, უნდა წავიდეთ, უხერხულია...

– ვა, აქაც იციან ასეთი რამეები?! – მხრები აიჩეჩა კიტიამ, – უნდა წავიდეთ, რა თქმა უნდა. ქალებიც იქნებიან?

– მამა, – გამაფრთხილებლად შესძახა სანდრომ.

– კარგი, კარგი, ქურთუკს ავიღებ და მივდივარ. ბიჭო, მერე ჩვენთან უნდა ჩამოიყვანო ეს ხალხი. იქ განახებ, რესტორნების დახურვა და ქეიფი როგორ უნდა...

***

ლენუკამ რამდენჯერმე დაურეკა ქმარს. კოტე არ პასუხობდა... საათს შეხედა, მაგრამ ვერაფრით გამოთვალა დროებს შორის სხვაობა და ხელი ჩაიქნია... თიკოც აღარ გამოდიოდა კონტაქტზე. კოტესა და მთელ სამყაროზე გაბრაზებულმა დაქალზე მოინდომა ბოღმის ამონთხევა. ნომერი აკრიფა და დაელოდა...

– სად ხარ, ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ?

– არ მეცალა, ლენუკა. მოხდა რამე?

– არ გეცალა? ოჰო, ეს რაღაც ახალია. რა იყო, დიდი ხანია, რაც თანამდებობა შეიფერე?

– რა უცნაური ლაპარაკი იცი. ეგ რა შუაშია. ბუტაფორიად ხომ არ ვიქნები. ხომ უნდა გავამართლო ჩემი აქ ყოფნა. ხელფასს მიხდიან ბოლოს და ბოლოს.

– არ დაგავიწყდეს, რომ შენი მანდ ყოფნა და ხელფასიც, ჩემი დამსახურებაა, – გაღიზიანებული ტონით მიუგო ლენუკამ.

– ვერ ვხვდები, ამას რატომ მეუბნები, წილი ხომ არ გინდა მოგცე ამ ხელფასიდან – ვალში არ დარჩა თიკოც.

– მომისმინე, შენ, ნუ მეთამაშები! – სერიოზულად გაბრაზდა ლენუკა, – რაც დაგავალე, ის გააკეთე. ბეჟანასთან კურკურს კი ნუ გადაჰყვები.

– დღესვე ვერ ვეტაკები იმ ქალს. თანაც, ეს შენი ყოფილი თაყვანისმცემელი ფეხდაფეხ დამყვება. სიგარეტი ჩემს კაბინეტში მოწიეო და რა ვქნა?

– არ ვიცი მე, რაც გინდა, ის ქენი და გამიგე, ამ ჩემს ქმარს რა სჭირს. მგონი, საერთოდ მომატყუა და ბავშვთან არც ჩასულა. ეტყობა, იმ თავის საყვარელთან ერთად არის გამძვრალი და „მაბოლებს“.

თიკოს ლამის წამოსცდა, არავისთან ერთად არ არის „გამძვრალი“, აგერ ორი საათის წინ მელაპარაკა ირლანდიიდანო, მაგრამ დროზე შეიკავა თავი.

– შენ ახლა მარტო ხარ და ნერვიულობ. საღამოს მოვიდოდი და გაგართობდი, მაგრამ ბეჟანს რაღაც საქმიან შეხვედრაზე მივყავარ და უარს ვერ ვეტყვი.

– უკვე ასეა საქმე? – ირონიულად ჩაიცინა ლენუკამ, – იცი, რომ ეს აღარ არის სახუმარო?

– არ გინდა კუდების გამობმა. ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრაა.

– ჰმ... მოკლედ, ასე, მაგ ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრიდან პირდაპირ ჩემთან მოხვალ და ყველაფერს მომიყვები. ოღონდ არ დამიწყო, გვიანი იქნებაო... მანქანა გყავს და წახვალ სახლში როგორმე. აუ, არ წახვალ, დარჩები ჩემთან, არ იქნება პრობლემა, – ლენუკამ ისე გათიშა, პასუხის გაცემა არ დააცადა.

თიკომ ამოიოხრა... ზუსტად იცოდა, დაქალი დღევანდელი საღამოთი მიღებულ სიამოვნებას ბოლომდე ამოაშხამებდა.

ლენუკამაც ვერ მოისვენა. წინ და უკან დარბოდა ოთახში და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა... მარიკა იქამდე ვერ შეამჩნია, სანამ ქალმა ხმამაღლა არ დაუძახა.

– რა გინდა, მარიკა? წეღან ხომ გითხარი, არაფერი მომიმზადო, არ მინდა-მეთქი?

– ვიღაც კაცი გკითხულობთ.

– ვინ კაცია?

– არ ვიცი. არ უთქვამს. ქალბატონი ელენეს ნახვა მინდაო.

ლენუკამ გაოცებით ასწია ლამაზად ამოქნილი წარბები და საკუთარი ღირსების შეგრძნებით, შემოსასვლელისკენ გაემართა... ჰოლში სრულიად უცხო, საკმაოდ უსიმპათიო მამაკაცი იდგა და ყალბი, უტიფარი თავაზიანობით უღიმოდა. მოგესალმებით, ქალბატონო ელენე... კოტე კიტიას მეუღლე ბრძანდებით, ხომ მართალია?

– დიახ, – დაიბნა ლენუკა. დიდი ხანი იყო, მისთვის ნათლობის სახელით არავის მიუმართავს. თანაც, ეს უხეშნაკვთებიანი კაცი ცოტათი შიშსაც აღძრავდა მასში და დამფრთხალმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3