ვინ იყვნენ იოსებ სტალინის პარტნიორები ბილიარდსა და ბოულინგში
სტალინის ოჯახი შედგებოდა მისი მეუღლის, ძველი ბოლშევიკის ქალიშვილის, ნადეჟდა ალილუევასგან, რომლის მამაც ბელადმა ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა პეტროგრადში მათ საცხოვრებელ ბინაში იმალებოდა და ორი შვილისგან: ცოცხალი და იმპულსური ვაჟის – ვასილისა და ქალიშვილი, სვეტლანასგან.
ვასილისა და სვეტლანას გარდა, სტალინს უფროსი ვაჟიც ჰყავდა პირველი ქორწინებიდან – იაკობი, მოკრძალებული და საყვარელი ბიჭი. ბელადის პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე გახლდათ. იაკობი საუბრის ტემბრითა და მანერებით ძალიან ჰგავდა სტალინს. აქვე ვიტყვი, რომ იაკობმა დაამთავრა რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტი და თავი საკუთარი სტიპენდიით გაჰქონდა. დროდადრო კი განიცდიდა სიდუხჭირეს, თუმცა, არასდროს მიუმართავს მამისთვის დახმარების თხოვნით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სტალინმა არჩევანი დაუწუნა მას, მსურდა, შვილი სამხედრო პირი მყოლოდაო... და იაკობმაც საარტილერიო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც ზუსტად ომის დაწყების წინ დაასრულა. ამის შემდეგ იაკობ ჯუღაშვილი ფრონტზე წავიდა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ვიაზნოსთან ჩვენი ნაწილები ალყაში აღმოჩნდნენ. იაკობი ტყვედ ჩავარდა...
გერმანელებმა ომის ბოლომდე ამყოფეს ის სხვადასხვა ბანაკში და ერთ-ერთ მათგანში მოკლეს კიდეც, თითქოს გაქცევის მცდელობისას. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, ერიოს თქმით, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ტყვეობაში, იაკობს თავი ღირსეულად და უშიშრად ეჭირა. ომის დასრულების შემდეგ, ერიო ამის შესახებ სტალინსაც სწერდა.
კრემლში, იქ, სადაც სტალინი და მისი ოჯახი ცხოვრობდა, კაროლინა ვასილევნას ევალებოდა სისუფთავესა და დალაგებაზე ზრუნავდა. საკვებს კრემლის სასადილოდან იღებდნენ. ბრძანების თანახმად, მე დაცვის გარდა, უნდა მეზრუნა მათი საყოფაცხოვრებო პირობების დაცვაზეც.
დავიწყე იმით, რომ აგარაკზე გავაგზავნე თეთრეული და ჭურჭელი. მოველაპარაკე ახალი პროდუქტებით მომარაგებასა და აგარაკთან ახლოს მოწყობილ მეურნეობაში განთავსებაზე. მითხრეს, ყველაფერი თვითონ მომეხსენებინა სტალინისთვის. ასე შედგა ჩემი პირველი შეხვედრა და დიალოგი ბელადთან. მანამდე მე ის მხოლოდ შორიდან მყავდა დანახული, როდესაც ვახლდი მოგზაურობისას, სეირნობისას, ან თეატრში ყოფნისას.
სტალინი და მისი ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა. ბელადი დადიოდა ძველი, გაცრეცილი ქურთუკით. მისი მეუღლე, ნადეჟდა ალილუევაც მოკრძალებული ქალბატონი გახლდათ. იშვიათად მომმართავდა რაიმე თხოვნით. სადად იმოსებოდა, დროის უმეტეს ნაწილს ბავშვებს უთმობდა.
მე მევალებოდა და მაინტერებდა კიდეც, სტალინის გემოვნებისა და თვისებების ცოდნა, განსაკუთრებით მისი ხასიათი. ამიტომ, ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით ვადევნებდი თვალს.
როგორც წესი, ის დილის 9 საათზე დგებოდა, საუზმობდა და 11 საათზე უკვე ცენტრალურ კომიტეტშო იყო, თავის სამუშაო ადგილას. სადილობდა იქვე, მისთვის ცენტრალური კომიტეტის სასადილოდან მოჰქონდათ სადილი. ხანდახან, როდესაც მოსკოვში ჩამოდიოდა კიროვი, ისინი ერთად მიდიოდნენ სახლში სასადილოდ. სტალინი ხშირად გვინ ღამემდე მუშაობდა, განსაკუთრებით ლენინის გარდაცვალების შემდგომ პერიოდში, როცა საჭირო შეიქმნა ტროცკისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.
თავის წიგნზეც „კითხვები ლენინიზმზე” „ცეკას“ კაბინეტში მუშაობდა, სადაც დროდადრო, აგრეთვე შუაღამემდე უწევდა გაჩერება. ხშირად, მოლოტოვთან ერთად ფეხით ბრუნდებოდა სამსახურიდან. კვირა დღეს ოჯახთან ერთად ატარებდა. როგორც წესი, აგარაკზე მიდიოდნენ ყველანი ერთად. თეატრში შაბათს ან კვირას დადიოდა მეუღლესთან ერთად. სტალინს ძალიან მოსწონდა გორკი და მის ყველა პიესას აუცილებლად ესწრებოდა. ხშირად, სამსახურის შემდეგ, მოლოტოვთან ერთად მიდიოდა ფილმის სანახავად. მოგვიანებით კინოთეატრი კრემლში მოაწყვეს. კინო ძალიან უყვარდა სტალინს. მიაჩნდა, რომ კინოს დიდი სააგიტაციო მნიშვნელობას ჰქონდა.
აგვისტო-სექტემბრისთვის სტალინი ოჯახთან ერთად სამხრეთს ესტუმრებოდა ხოლმე. შვებულებას შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭში, ან გაგრაში ატარებდა. შვებულების პერიოდშიც ბევრს მუშაობდა, ეცნობოდა ფოსტას. რომელიმე თანამშრომელი აქაც ყოველთვის ახლდა. 20-იან წლებში დასვენებისასაც მასთან ერთად იყო ხოლმე მშიფრავი, ხოლო 30-იანი წლებიდან – მდივანი. შვებულების დროს საქმიან შეხვედრებსაც აწყობდა. 40-იან წლებში მასთან ჩავიდა კ. გოტვალდი და ე. ხოჯა. დანიშვნამდე სულ ცოტა ხნით ადრე მას გაგრაში როკოსოვსკიც ეწვია.
სტალინი ბევრს კითხულობდა. თვალს ადევნებდა როგორც პოლიტიკურ, ისე მხატვრულ ლიტერატურას.
გართობის ნაირსახეობებს, ბელადის სამხრეთში ყოფნის პერიოდში, წარმოადგენდა კატერით სეირნობა, კინო, ბოულინგი, ბილიარდი. პარტნიორები იყვნენ იმ პერიოდში აგარაკზე მასთან ერთად მცხოვრები თანამშრომლებიც.
დიდ დროს უთმობდა ბაღს. სოჭში ყოფნისას ლიმონისა და მანდარინის ბევრი ნერგი დარგო. თვალს ადევნებდა როგორ გაიხარა, გაიზარდა ხეები და მოისხა ნაყოფი.
სტალინს ძალიან აწუხებდა ადგილობრივი მოსახლეობის მალარიით დაავადების პრობლემა. მისი ინიციატივით სოჭში დაიწყო ევკალიპტების გაშენება. როგორც ცნობილია, ეს ხე სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა: ძალიან სწრაფად იზრდება და აშრობს ნიადაგს, ანადგურებს მალარიის დაავადების კერებს.
ხშირად სტალინს აგარაკზე ესტუმრებოდნენ ხოლმე მოლოტოვი, კალინინი, ორჯონიკიძე, რომლებიც ამ პერიოდითვის, ასევე, შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებდნენ. სტუმრობდა კიროვიც.
1933 წელს სტალინს ტრაგიკულად გარდაეცვალა მეუღლე. ძალიან განიცდიდა ბელადი მის დაკარგავას. ჯერ ისევ პატარა შვილების აღზრდასა და მათზე ზრუნვას სტალინი თავისი დაკავებულობის გათვალისწინებით ვერ შეძლებდა. ამიტომ, პატარებზე ზრუნვის გადაბარება კაროლინა ვასილევნაზე მოუწია ბელადს.
სვეტლანა მშვიდი და დამჯერი ბავშვი იყო, რასაც ვერ ვირტყვით ანც და მოუსვენარ ვასილზე. ის ბევრ პრობლემას უჩენდა აღმზრდელებს. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ და სწავლა დაიწყეს, მათ საქციელზე პასუხისმგებლობა, ნაწილობრივ, მეც დამეკისრა.
მამის საყვარელი გოგონა, კარგად სწავლობდა, იყო მოკრძალებული და დისციპლინირებული, ხოლო ბუნებისაგან უსაზღვრო ნიჭით დაჯილდოებული ბიჭი, იძულებით მეცადინეობდა. მეტისმეტად ნერვიული იყო, იმპულსური, არ შეეძლო დიდხანს მონდომებით მეცადინეობა. ხშირად გაკვეთილების საზიანოდ, საკმაოდ წარმატებულად ერთობოდა სრულიად სხვა, ჯირითობის მაგვარი საქმიანობით. იძულებული ვიყავით, მისი საქციელი მამამისისთვის გვეცნობებინა, რაც მას ანაწყენებდა. სტალინს ბავშვები ძალიან უყვარდა. განსაკუთრებით გოგო, რომელსაც მოფერებით „დიასახლისს” ეძახდა, რითაც პატარა სვეტლანა დიდად ამაყობდა. ვაჟს ბელადი უფრო მკაცრად ექცეოდა, სჯიდა თავისი საქციელის გამო. სვეტლანა, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავდა ბებიას, სტალინის დედას, ხასიათით უფრო ჩაკეტილი, სუტყვაძუნწი ბავშვი იყო. ვასილი – პირიქით, ცოცხალი, გულწრფელი და გულისხმიერი. ორივე მკაცრად აღიზარდა, ყოველგვარი გათამამებისა და ფუფუნების გარეშე. ქალიშვილი გაიზარდა, დაამთავრა ინსტიტუტი, დაიცვა დისერტაცია, შექმნა ოჯახი, მუშაობდა და შვილების აღზრდით იყო დაკავებული. მამის გვარი, დედის გვარით შეიცვალა და უცხოეთში გაემგზავრა, რათა მეუღლე უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა. საბოლოოდ, სამშობლოში აღარც დაბრუნებულა. სტალინის ვაჟის, ვასილის ცხოვრება ტრაგიკულად განვითარდა. დაამთავრა რა საავიაციო სასწავლებელი, ჩაერთო ომის ქარცეცხლში. საკმაოდ კარგად მეთაურობდა საავიაციო პოლკს. იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, ვასილ სტალინი დააპატიმრეს. მას 8 წელი მიესაჯა. ამ 8 წლის შემდეგ, ის დასნეულებული გამოვიდა ციხიდან. სამხედრო წოდება შეუნარჩუნდა და პენსია დაენიშნა, მაგრამ შესთავაზეს, უარი ეთქვა მამის გვარზე, რაზეც ვასილ სტალინმა კატეგორიული უარი განაცხადა.
ამის შემდეგ ის ყაზანში გაგზავნეს, სადაც მალე გარდაიცვალა კიდეც, 1962 წლის მარტში. ის მაშიც 40 წლის იყო.
ნიკოლაი ვლასიკის, სტალინის პირადი მცველის ჩანაწერების მიხედვით