ეძიე კაცი
– რა იცოდით, რომ ყველაზე მეტად იები მიყვარს? – ღიმილით ჰკითხა ქალმა და ყვავილების სურნელი დახუჭული თვალებით ჩაისუნთქა.
– რეზოს ვკითხე თქვენ შესახებ რაღაცეები და იმან მითხრა, – არ დაუმალა ტომასმა, მერე ოფიციანტი მოიხმო და წყლიანი ლარნაკის მოტანა სთხოვა თაიგულისთვის.
– რეზო, ალბათ, ნაწყენია ჩემზე – უნდა დამერეკა და ვერ მოვახერხე. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ ცოტა ზედმეტი ინფორმაცია მოგაწოდათ ჩემზე, – მიამ მენიუ ჩამოართვა კაცს და გადაშალა.
– თვითონ არაფერი მოუყოლია, მხოლოდ ჩემს კითხვებს გასცა პასუხი. ახლა კერძები შევარჩიოთ და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, – თავაზიანი ღიმილით უთხრა ტომასმა და ქალი დაუფარავი აღფრთოვანებით შეათვალიერა, – ფანტასტიკურად გამოიყურებით, თუმცა, იმ საღამოსაც ძალიან მომეწონეთ – ჯინსის შარვლით, თხელი პულოვერით და, კიდევ, კამერით ხელში. ზოგადად კი, ძალიან მომწონს, როცა ქალი კლასიკურ ტანსაცმელს ირგებს – ეს ყველას არ გამოსდის.
მიამ კომპლიმენტი შეიფერა, მაგრამ პასუხი არ გაუცია, მერე მენიუ მაგიდაზე დადო და თქვა:
– მე რომელიმე სალათას შევჭამ, პრინციპში, სულერთია, რომელს, თქვენ თვითონ შეარჩიეთ.
ტომასმა კიდევ ერთხელ გადახედა მენიუს და ოფიციანტს ორი სალათა, ხაჭაპური და ნახევრად მშრალი თეთრი ღვინო შეუკვეთა.
– ვგიჟდები თქვენს ხაჭაპურზე, ასეთი გემრიელი რამ არსად გამისინჯავს, – უთხრა ქალს და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, – შეიძლება, თქვენთან მოვწიო, სანამ კერძებს მოგვიტანენ?
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა მია და ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ, თვითონაც ამოიღო ჩანთიდან სიგარეტი, – ვიცი, რომ ამერიკაში ეს ცუდ ტონად ითვლება, მაგრამ, რა ვქნა, ვერ გადავეჩვიე და, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენს თვალში უკეთესი გამოვჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ვარ, ამ მავნე სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყვი.
– არც არის საჭირო უარის თქმა და, საერთოდ, რაღაც როლების თამაში, – ტომასმა მაშინვე მიაგება ანთებული სანთებელა, მერე კი ძალიან გულწრფელად უთხრა: – სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა, თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცოდე, რომ უფრო ახლოს გაგიცნოთ.
– მაინც, რა გაინტერესებთ? – გაეცინა მიას.
– ყველაფერი-მეთქი, ხომ გითხარით, ანუ, ყველა წვრილმანი და მსხვილმანი ინფორმაცია თქვენი პიროვნების შესახებ: თქვენი ხასიათი, თვისებები, ინტერესები, მსოფლმხედველობა...
– საერთოდ, ვისაც ასე სახელდახელოდ ხვდებით, ყველა ქალის შესახებ აგროვებთ დაწვრილებით ინფორმაციას? – პასუხს თავი აარიდა მიამ.
– არა, სულ მეორედ გამიჩნდა ამისი სურვილი, არ გატყუებთ, – გაუღიმა ტომასმა და მერე სერიოზული სახით დაამატა: – და, პირობას გაძლევთ, რომ ამ საღამოს არც ერთ, თუნდაც უმნიშვნელო და უმტკივნეულო ტყუილსაც კი არ ვიტყვი. გჯერათ ჩემი?
– აბა, რა გითხრათ, – მიამ თვალებში შეხედა თანამოსაუბრეს, – ვეცდები, დაგიჯეროთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ზოგადად, არ მჯერა მამაკაცების გულწრფელობის; მაგრამ, ხომ შეიძლება, თქვენ მართლაც იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდეთ?
– რატომ არ გჯერათ, ჯერ არ შეგხვედრიათ მამაკაცი, რომელიც ტყუილებს არ ამბობს?
– ასეთი არც მამაკაცი შემხვედრია და არც ქალი, რადგან, ტყუილი ეს ის ტკბილ-მწარე ლუკმაა, რომლის ერთხელ გასინჯვამაც კი მიჩვევა იცის, თუმცა, ტყუილსაც გააჩნია.
– ვერ დაგეთანხმებით. ტყუილი – ტყუილია.
– ვერც მე დაგეთანხმებით, – არ დაუთმო მიამ, – ტყუილი მრავალნაირი არსებობს: ბოროტი ტყუილი, კეთილი ტყუილი, უნებლიე ტყუილი, გამამხნევებელი ტყუილი...
– კარგი, გნებდებით, – გაეცინა ტომასს, – მაგრამ, ერთ კითხვას დაგისვამთ ამ თემასთან დაკავშირებით.
– ყურადღებით გისმენთ.
– თქვენი აზრით, რა მიზნით ამბობს ადამიანი ტყუილს?
– როგორ ტყუილს?
– ნებისმიერს.
– პრინციპში, იმ მიზნით, რომ დაარწმუნოს იმაში, რასაც ეუბნება, ანუ, დაარწმუნოს თავის ტყუილში.
– დიახ. მაგრამ, ის თუ იცით, როგორ უნდა მოახერხოთ ეს? – ღიმილით ჰკითხა ტომასმა.
– ალბათ, ჯერ თვითონ უნდა დაიჯერო.
– ჰო, ეგეც არის, მაგრამ, როგორც ძია ჰიტლერმა თქვა...
– ვინ თქვა? – სიცილით შეაწყვეტინა მიამ.
– ძია ჰიტლერმა, ქოჩორგადაგლესილმა კომედიანტმა პაწაწინა ულვაშით.
– კომედიანტი უძახე და, კი გაიგდო ნახევარი მსოფლიო წიხლქვეშ.
– ჰო, გაიგდო, იმიტომ რომ, მიუხედავად ექსცენტრიკულობისა, საკმაოდ ნიჭიერიც იყო ის კაციჭამია. ჰოდა, სწორედ ჰიტლერმა თქვა, რაც უფრო გრანდიოზული იქნება შენი ტყუილი, მით უფრო ადვილად დაგიჯერებენო.
– მძულს ჰიტლერი, მაგრამ, აშკარად სწორი ფორმულირება აქვს გაკეთებული, – მიამ ერთი ყლუპი ღვინო მოსვა და ტომასს შეხედა, – თქვენ ეთანხმებით მის სიტყვებს?
– ვეთანხმები, თუმცა, ცოტა სხვა მიმართულებას მივცემ ამ თემას, – ტომასი ოდნავ გადაიხარა მიასკენ, თვალებში შეხედა და თქვა: – როდესაც ადამიანი ხშირად ამბობს ნებისმიერი „კატეგორიის“ ტყუილს, ოდესმე აუცილებლად გაიშიფრება და, ყველა მიხვდება, რომ მისი ნდობა არ შეიძლება.
– ეს უკვე ამ ადამიანის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, – მიამ ჩანთიდან კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო და ტომასმაც მაშინვე შეაგება ანთებული სანთებელა.
– რას გულისხმობთ?
– „ყველაზე სანდო ის ადამიანია, რომელიც უკეთ მალავს თავის ფიქრებსა და ზრახვებს“... ეს ციტატაა და, იცით, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? – ჰკითხა მიამ და, კაცმა მხრები რომ აიჩეჩა, თვითონვე გასცა პასუხი: – იუდა ისკარიოტელს!
– მართლა? – გაუკვირდა ამერიკელს, – ნამდვილად არ ვიცოდი. მაგრამ, სამაგიეროდ, ეტყობა, ეს სიტყვები კარგად იცოდნენ და იციან მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებმა, ასე ოსტატურად რომ იტყუებიან, – ტომასმა ხმამაღლა გაიცინა, – თუმცა, ვერც თქვენები და ვერც ჩვენები ბოლომდე ვერ ახერხებენ მსმენელებისგან ზრახვების დამალვას, რადგან, ეს ზრახვები თითქმის ყველა პოლიტიკოსს, განურჩევლად ქვეყნისა, ეპოქისა, სქესისა, ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა, პრინციპში, ყველას ერთნაირი აქვს და ეს ყველაფერი ისე აშკარად აწერიათ სახეზე, რომ შეხედვისთანავე მიუხვდები ჩანაფიქრს – იშოვონ რაც შეიძლება ბევრი ფული და იცხოვრონ მეფეებივით, იმსახურებენ ამას თუ არა.
– მაგრამ, გამონაკლისებიც ხომ არსებობენ...
– ჰო, მაგრამ, იმდენად უმნიშვნელო პროცენტია, რომ ამინდს ვერ ქმნიან.
– მე ასე არ ვიტყოდი, – თავი გააქნია მიამ, – რომ არა ის თუნდაც ერთეული წესიერი ადამიანები, პოლიტიკაში იქნება ეს თუ სხვა სფეროში, დედამიწა ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა. სხვათა შორის, სადღაც წავიკითხე, ერთ ძალიან ცნობილ ადამიანს ჰკითხეს, ოღონდ, ვის, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს – რა განსხვავებაა ცუდ პოლიტიკოსსა და კარგ პოლიტიკოსს შორისო და, იცით, რა უპასუხა?
– არა, თუმცა, მგონი, ვხვდები – ტყუილთან იქნება დაკავშირებული.
– დიახ. ცუდი პოლიტიკოსი ის არის, ვინც ატყუებს ხალხს, მაგრამ ვერ აჯერებს თავის ტყუილში; კარგი პოლიტიკოსი კი – ის, ვინც ისე დამარწმუნებლად იტყუება, რომ ყველას სჯერა მისიო.
– ძალიან ზუსტი შეფასებაა.
– ნამდვილად. მაგრამ, კიდევ გავიმეორებ: რომ არა ის გამონაკლისები...
– მიყვარს ოპტიმისტები, – ტომასმა ჭიქა აიღო და მსუბუქად მიუჭახუნა მიას ჭიქას, – ეს თქვენ გაგიმარჯოთ, მშვენიერო ქალბატონო და, თქვენი თამადობით – ყველა ოპტიმისტს, რომლებსაც ჯერ კიდევ სწამთ ადამიანური სიკეთის.
– გმადლობთ, – მიამაც აიღო თავისი ჭიქა, ერთი ყლუპი მოსვა და კაცს ღიმილით ჰკითხა: – თქვენ არ ხართ ჩვენს რიგებში?
– ხანდახან, – გაეცინა ამერიკელს, – ზოგადად კი, ნამდვილად არ ვარ ასეთი გულუბრყვილო, თანაც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, საშინლად ვერ ვიტან ტყუილს.
– ეგ უკეთესია, ვიდრე ის, რომ გეთქვათ – არასდროსო, – გაიცინა მიამაც, – აი, რაც შეეხება ტყუილებს, მეც ვერ ვიტან, მაგრამ, თუ ნებას მომცემთ, ექსპრომტად მინდა ვთქვა ერთი სადღეგრძელო.
– თქვით, სიამოვნებით მოგისმენთ.
– გაუმარჯოს ტყუილს! – საზეიმოდ გამოაცხადა მიამ და ახლა მან მიუჭახუნა ჭიქა.
– რატომ მაინცდამაინც ტყუილს? – გაუკვირდა ამერიკელს.
– იმიტომ, რომ ტყუილს ბევრჯერ გადავურჩენივართ...
– რისგან?
– ბევრი რამისგან.
– მაგალითად?
– მაგალითად, უხერხულობისგან, სირცხვილისგან, ტკივილისგან, მარტოობისგან, სიკვდილისგანაც კი.
– მერე, ეგ გადარჩენაც ხომ ტყუილია, მირაჟია?
– ალბათ, ნაწილობრივ ასეა, მაგრამ, გადარჩენა თუ ხსნა ხომ მაინც ფაქტია. თუმცა, ისიც მართალია, რომ ტყუილით ხსნა ტყუილი ხსნაა, რადგან, ბოლოს მაინც ის მოხდება, რაც უნდა მომხდარიყო; ტყუილი, უბრალოდ, დროში წელავს მოსახდენს, ეს დრო კი ხანდახან ისე საჭიროა ხოლმე... გარდა ამისა, ტყუილი ძალიან კომფორტული რამაა, თუკი ამ საქმის პროფესიონალი ხარ, – მიამ თავისი სადღეგრძელო დაასრულა, ღვინო ოდნავ მოსვა და ტომასს შეხედა: – გატყობთ, რომ არ მეთანხმებით.
– ნაწილობრივ გეთანხმებით, – ტომასი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და სიცილით განაგრძო: – საერთოდ კი, მთელი ცხოვრება ქალებში ვტრიალებ და, მაინც ვერ ვხვდები, როგორ ახერხებთ ქალები ამხელა ლოგიკის ჩატევას ასეთ ალოგიკურობაში.
– ანუ?
– ანუ, ჯერ ტყუილი გალანძღეთ, მერე ადღეგრძელეთ, მერე შეაქეთ და, პრინციპში, ყველა პუნქტში მართალი იყავით, თუმცა კი, საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდით ყოველ სიტყვაში – ეს მხოლოდ ქალს შეუძლია, ოღონდ, ჭკვიან ქალს. ნაწილობრივ კი იმიტომ გეთანხმებით, რომ, ჩემი აზრით, სიცრუე ხშირად თვითონ ბადებს სირცხვილს, ტკივილსა და მარტოობას.
– ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, უნდა იცოდე, სად, როდის, ვისთან და რა დოზით თქვა ტყუილი. სხვათა შორის, პირველი ტყუილი ადამმა თქვა, რომელმაც თვით ღმერთის მოტყუება სცადა.
– ადამმა კი არა, ევამ – მან არ შეატყუა ადამს აკრძალული ხილი?
– ევამ აცდუნა ადამი, ტყუილი კი, თან, მამალი ტყუილი, ადამმა თქვა, თანაც, ეყო თავხედობა და ღმერთის მოტყუება სცადა.
– მერე, რით დაამთავრა „ექსპერიმენტი“? – ირონიულად ჰკითხა კაცმა.
– ჰო, კრახით. ღმერთმა ამხილა ადამი და ისიც და ევაც სამოთხიდან გამოაძევა.
– აი, ამის შემდეგ კი უკვე ლოგიკა იკარგება, – თქვა ტომასმა.
– რა ლოგიკა? – ვერ მიხვდა მია.
– რა და, რადგან პირველი ადამიანების პირველივე ცდა ტყუილის თქმისა კრახით დამთავრდა, წესით, კაცობრიობა უნდა მიმხვდარიყო, რომ ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა და სამუდამოდ უნდა ამოეღო თავისი ყოფიერებიდან, მაგრამ...
– ამოგვეღო კი არა, ცხოვრების წესად ვაქციეთ სიცრუე და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი ძალიან ჭკვიანი და ეშმაკია – მიხვდა, რომ, მართალია, ღმერთი ვერ მოატყუა, მის თვალს ვერ დაემალა, მაგრამ, ისიც ხომ ახსოვდა, როგორ გააცუცურაკა ევამ ადამი და, იმედი მიეცა, რომ ოდესმე თვითონაც გამოიყენებდა ამ ფანდს ისევ თავისიანთან, თავისნაირთან... – მიამ უცბად გაწყვიტა ფრაზა და, ცოტა არ იყოს, განაწყენებულმა ჰკითხა თავის კავალერს: – მაგრამ, რაზე ვლაპარაკობთ? მგონი, იმიტომ არ გითხოვიათ ჩემთან შეხვედრა, რომ ჩემი აზრი გაგეგოთ ტყუილ-მართლის შესახებ, ასე არაა?
– ნამდვილად ასეა, მაგრამ, ჯერ სიტყვამ მოიტანა, მერე აზრთა გაცვლა-გამოცვლაში გავერთეთ და... – უხერხულად შეიშმუშნა ტომასი, – მაპატიეთ, მართლა არ გამომივიდა კარგად, თუმცა, ისე საინტერესოდ აზროვნებთ და საუბრობთ, ერთ რამედ ღირს თქვენი მოსმენა, – ტომასმა თვალებში შეხედა ქალს და ღიმილით დაამატა: – გეფიცებით, ამას მართლა გულწრფელად გეუბნებით, ყოველგვარი ტყუილის გარეშე. არ გჯერათ?
– მჯერა, – თქვა მიამ, – მაგრამ, მირჩევნია, თემა შევცვალოთ და რამე უფრო მსუბუქზე გადავიდეთ. თანახმა ხართ?
ტომასი ხალისით დაეთანხმა და მაშინვე ჰკითხა:
– რამდენი ხანია, ერთი რამ მაინტერესებს: მია ამერიკაში გავრცელებული სახელია, აქ არც კი გამიგია. თქვენ ვინ დაგარქვათ?
– ჩემმა უფროსმა შვილმა, – მზერა გაუთბა მიას, – სინამდვილეში, მაია მქვია, მაგრამ, ლაპარაკი რომ დაიწყო, რატომღაც, „მაია“ ვერ წარმოთქვა და „მია დედა“ დამიძახა. მერე ყველას მოგვეწონა და ასე გავხდი მია. საბუთებში კი ისევ მაია ვარ.
– აი, მე კი ძალიან გავრცელებული და, მე ვიტყოდი, ძალიან სტანდარტული სახელი მქვია. თან, არანაირი ისტორია არ ახლავს ჩემთვის ამ სახელის დარქმევას, – რაღაცნაირად, გულდაწყვეტით თქვა ტომასმა.
– სხვათა შორის, ტომასის ქართული ვარიანტი თომაა; უფრო სწორად, ბიბლიური ვარიანტია, ჩვენთან ოდითგანვე გავრცელებული და დამკვიდრებული. ასე რომ, თუ მაინცდამაინც არ მოგწონთ თქვენი სახელი, შეგიძლიათ, თომა დაირქვათ.
– ურწმუნო თომა... სხვათა შორის, კარგი იდეაა, მაგრამ, რადგან ყველა საბუთში ჩემი სრული სახელი მიწერია, მოდი, ასე ვქნათ: თქვენთვის ვიქნები თომა, დანარჩენებისთვის კი, ძველებურად, ტომასი, – თვალები აუციმციმდა ამერიკელს.
– და ეს დიდ პატივად უნდა ჩავთვალო? – ხუმრობანარევი ირონიით ჰკითხა მიამ.
– არა, დაახლოების ნიშნად.
– ჩვენ უკვე ასე დავახლოვდით? – ცალი წარბი ასწია ქალმა და ჭიქას წაეტანა.
– ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ ამას, – კაცმა მაშინვე თავისი ჭიქა შეაგება და მსუბუქად მიუჭახუნა – ეს საქართველოში ვისწავლე, მერე კი განაგრძო: თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე ნამდვილად ვცდილობ.
– ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია, – გაეცინა მიას, ტომასის დაბნეულ სახეს რომ შეხედა.
– ბატონო? – ვერ გაიგო კაცმა მიას ნათქვამი.
– ანდაზა გვაქვს ასეთი, – მშვიდად თქვა მიამ და სიტყვასიტყვით განუმარტა ქართული ანდაზა.
– ჰო, კარგი ნათქვამია. საერთოდ, თუ თვითონ არ დაეხმარე ბედს, რომ გიპოვოს, შენთან მოვიდეს და გვერდში ამოგიდგეს, ისე არაფერი გამოვა. თუ შენ არ მოინდომე, ის თვითონ არ მოგძებნის – ბედი აღმა-დაღმა დახეტიალობს, ხალხს აკვირდება და, ვის თვალებშიც მასთან ყოფნის სურვილს დაინახავს, მხოლოდ იმის კარზე აკაკუნებს.
– გეთანხმებით, მაგრამ, ხშირად ბედი ამ სურვილის დანახვის გარეშეც მიუკაკუნებს ხოლმე ვინმეს და, მერე, იმსახურებს თუ არა ის ადამიანი ამას, სიკვდილამდე არ ტოვებს, სულ თან დასდევს, – აჰყვა რომანტიკულ-ფილოსოფიურ მსჯელობაში მია, – ზოგს კი, მართლაც წესიერს, პატიოსანსა და გაჭირვებულს, ზედაც არ უყურებს.
– ანუ, გამოდის, რომ, არც ბედი ყოფილა მაინცდამაინც ობიექტური და სამართლიანი და, აბა, რაღას მოვითხოვთ ადამიანები ერთმანეთისგან? – გაეცინა ტომასს.
– ალბათ, ამ უსამართლობის გამოსწორებას, მაგრამ, სულ ტყუილად გვაქვს ამის იმედი, რადგან, ადამიანი, თავისთავად, ყველაზე უმადური და უსამართლო არსებაა, – განაგრძო მიამ.
– რატომ, განა არ არიან სამართლიანი ადამიანები? – არ დაეთანხმა ტომასი.
– არიან, ოღონდ, იმდენად ცოტანი, რომ, აშკარად „წითელი წიგნის“ კანდიდატები არიან.
– ვერ დაგეთანხმებით, მე ძალიან ბევრს ვიცნობ ასეთს და, სხვათა შორის, თავადაც ვცდილობ, რომ სამართლიანი ვიყო, – ამაყად თქვა კაცმა.
– მცდელობა სულ არაფერს ნამდვილად ჯობია, მაგრამ, ზოგადად, ჩვენ სამართლიანები, მე ვიტყოდი, ზედმეტად სამართლიანები, ვართ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ და ეს უკვე აღარ არის ობიექტური სამართლიანობა...
– მია, აღარ გვინდა ზოგადსაკაცობრიო პრობლემების განხილვა და გადაწყვეტა, – მოულოდნელად შეაწყვეტინა ტომასმა და გაოცებულ ქალს თვალებში ჩახედა, – მე ახლა დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, თვალებში გაკოცოთ, მაგრამ, რადგან ვიცი, რომ ამის უფლებას ჯერჯერობით არ მომცემთ, ხელზე გაკოცებთ...
– ჯერჯერობით?! – გაოცება ვერ დამალა მიამ საუბრის ასე მოულოდნელად სხვა თემაზე გადატანის გამო.
– ჰო, ჯერჯერობით, – ღიმილით თქვა ტომასმა, ფრთხილად აიღო მიას ხელი და ტუჩებით ოდნავ შეეხო, – ხომ გითხარით, ხანდახან ოპტიმისტი ვარ-მეთქი.
მია უცბად გაჩუმდა.
– რატომ ჩაფიქრდით, რამე ხომ არ შემეშალა? – შეწუხდა ტომასი, – თუ ასეა, მზად ვარ, მუხლებზე დაჩოქილმა მოგიხადოთ ბოდიში.
– არა, არაფერი შეგშლიათ, უბრალოდ, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა ასე...
– რა მოხდა? – გაუხარდა ამერიკელს, რადგან, ეგონა, რომ მია ახლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ეტყოდა.
– პირველად მოხდა ისე, რომ მამაკაცთან პირველ პაემანზე მოსული, რაღაც აბსტრაქტულ თემებზე ვლაპარაკობ... თუმცა, გამოგიტყდებით, ერთი მხრივ, სასიამოვნოც კია, სტანდარტულ ფლირტს რომ არ ჰქონდა ადგილი.
– ანუ?
– ანუ, „მე თქვენ დანახვისთანავე შემიყვარდით“, „კიდევ როდის შევხვდებით“, „ყავა ჩემს ნომერში ხომ არ დაგველია“ და ასე შემდეგ, – გაეცინა მიას.
– ეგ ეტაპი ძალიან დიდი ხნის წინ გავიარე, ბიჭობის ასაკში; მე ახლა სერიოზული ურთიერთობის მოთხოვნილება მაქვს.
– ეგ რას ნიშნავს?
– ვეძებ „ჩემს“ ქალს, ისეთს, რომლისთვისაც მეც „მისი“ ვიქნები.
– ასე მალე დაგავიწყდათ ცოლი? როგორც ვიცი, სულ ახლახან გაეყარეთ. ნუთუ არაფერი დაგრჩათ იმ ქორწინებიდან – არც სიყვარულის ნარჩენი, არც მონატრება, არც სინანული? – რატომღაც უცბად გაბრაზდა მია.
– ტყუილად ბრაზობთ, – ტომასმა იგრძნო მიას ცოტათი აგრესიული განწყობა, – მე ვხვდები, რომ თქვენ ახლა შინაგანად, თქვენდაუნებურად, სოლიდარობას უცხადებთ ჩემს ცოლს, როგორც ქალი – ქალს, თუმცა კი, სულაც არ იცნობთ მას. ეს, აშკარად, თქვენი ხასიათის თვისებაა და, სიმართლე გითხრათ, მომწონს ეს თვისება, მაგრამ, უნდა დაგამშვიდოთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით მხოლოდ კარგი ნაცნობები, ანუ, სიყვარული, რომელიც, გვეგონა, რომ უსასრულოდ გაგრძელდებოდა, გაქრა, როგორც ხელისგულზე დავარდნილი ფიფქი, თანაც ისე, რომ პაწაწინა კვალიც კი არ დატოვა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია და, ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ერთად ყოფნას აზრი არ ჰქონდა. ვისი ბრალი იყო ის, რაც მოხდა, მნიშვნელობა არ აქვს და, სხვათა შორის, არც დაგვიდანაშაულებია ერთმანეთი. ორივემ თვალი გავუსწორეთ რეალობას და, რადგან არცერთს არ გვინდოდა ტყუილში ცხოვრება და ამით საკუთარი თავისა და ერთმანეთის შეურაცხყოფა, გაყრა გადავწყვიტეთ, თუმცა, კარგ მეგობრებად დავრჩით.
– ეგ მაგარი იცით ამერიკელებმა – „გავეყარეთ ერთმანეთს, მაგრამ, კარგ მეგობრებად დავრჩით“... – ჩაეცინა მიას, – იმდენად კარგი მეგობრები ხდებით ხოლმე, რომ შემდეგ ერთმანეთის ქორწილებშიც მიდიხართ თქვენი ახალი პარტნიორებით – ჩემთვის ეს, ცოტა არ იყოს, მიუღებელია.
– მტრებად დაშორებას ასე არ ჯობია?
– ორივე უკიდურესობაა, – დაფიქრებით თქვა მიამ და მერე უცებ ჰკითხა: – როდის მიხვდით, უფრო სწორად, როდის იგრძენით, რომ ერთმანეთი აღარ გიყვარდათ? – მაგრამ, მიხვდა, რომ ცოტა უტაქტო შეკითხვა გამოუვიდა და იუხერხულა, – მაპატიეთ, ზედმეტი მომივიდა.
– სულაც არა, – გაეღიმა ტომასს, – ჩვენ ახლა ერთმანეთის გაცნობის პერიოდი, ეტაპი თუ სტადია გვაქვს და, ამიტომ, ნებისმიერი კითხვის დასმის უფლება უნდა დავუტოვოთ ერთმანეთს...
„თვითონაც აპირებს მსგავსი კითხვების დასმას“, – მიხვდა მია და შინაგანად მოემზადა პასუხების გასაცემად, თუმცა, იგრძნო, რომ ცოტა დაიძაბა.
– ... ამიტომ, – განაგრძობდა ტომასი, – აბსოლუტურად გულწრფელად და დაუფარავად გაგცემთ პასუხს ყველაფერზე, რაც გაინტერესებთ, ოღონდ...
– ოღონდ, ჩემგანაც ასეთივე გულწრფელ პასუხებს მოითხოვთ, – შეაწყვეტინა მიამ.
– „მოვითხოვ“ – ცოტა კატეგორიულად ჟღერს. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ველოდები, ანუ, თქვენ გაინტერესებთ, როდის მივხვდით, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარდა... – კაცი რამდენიმე წამს ჩაფიქრდა და მერე ძალიან გულწრფელი ტონით განაგრძო: – სექსის დროს. ერთ დღესაც, „აღმოვაჩინე“, რომ ჩვენი ინტიმური კავშირი იყო, თუ შეიძლება ითქვას, „ცარიელი სექსი“, ანუ, ურთიერთობა გრძნობის, ვნებისა და ცეცხლის გარეშე. მერე კი, როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა და, თან, ყოველი მომდევნო ჯერი უფრო ცივი და დაცლილი იყო, ყველაფერი ნათელი გახდა.
– მაგრამ, მარტო სექსი ხომ არ არის მთავარი? – მიამ იუხერხულა სხვის ინტიმურ ცხოვრებაში შეჭრა, თუმცა, მაინც გაბედა საუბრის გაგრძელება მისთვის ყოველთვის აკრძალულ თემაზე.
– თითქმის ყველაზე მთავარია, – უხერხულობის გარეშე განაგრძო ტომასმა, – ყველაფერი დანარჩენი: ფული, პარტნიორების ხასიათები, გარემო პირობები – ეს მხოლოდ შემავსებელი ნაწილებია. ცუდ პირობებს, სიღარიბეს, რომელიმე პარტნიორის მძიმე ხასიათს – ამ ყველაფერს, ერთად და ცალ-ცალკე, უპირობოდ გადასწონის ჰარმონიული სექსუალური ურთიერთობა, პირიქით კი არასდროს ხდება, უფრო სწორად, თუკი ხდება, მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორის მოთმინების ან პრაგმატული გათვლების გამო.
– ესე იგი, სიყვარული მხოლოდ კარგი სექსია და მეტი არაფერი? ვერ დაგეთანხმებით. შეიძლება, კარგი სექსი გქონდეს ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს.
– რა თქმა უნდა, ასეც ხშირად ხდება, მაგრამ, თუ იმასთან არ გაქვს კარგი სექსი, ვინც გიყვარს, ის სიყვარული ნელ-ნელა აუცილებლად გაქრება. არ გაგიგიათ გამოთქმა – „ცუდ სექსს კიბეზე ძილი ჯობიაო“? ჰოდა, კაცები ორგანულად ვერ იტანენ კიბეზე ძილს.
– ვერც ქალები, – გაეცინა მიას, თუმცა, არ უყვარდა, როცა ახალგაცნობილი მამაკაცი ზედმეტად თავისუფლად ლაპარაკობდა მისთვის ცოტა პიკანტურ თემებზე, – მაგრამ, ამას ხმამაღლა არასდროს ამბობენ, ყოველ შემთხვეაში, ქართველი ქალები.
– ძალიანაც ცდებიან, – ღიმილით უპასუხა ტომასმა, – აი, ამერიკელი ქალების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას „კიბეზე ძილს“ გაყრა ან პარტნიორის გამოცვლა ურჩევნია, თუ, ცხადია, მატერიალური ან სხვა რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზი არ აჩერებს ასეთ კაცთან, – ტომასმა ფუჟერები შეავსო და განაგრძო: – ახლა კი ჩემი ჯერი დადგა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში