კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: გავიგე, რომ, თურმე, კანის ჰიპნოზსაც აკეთებენ. მართალია ეს? თუ ასეა, როგორ კეთდება ასეთი ჰიპნოზი?
პასუხი: როგორც ფრანგი სპეციალისტები ამტკიცებენ, ეს ნამდვილად შესაძლებელია. თანაც, „ჰიპნოზიორად“ შეიძლება, ჩვეულებრივი კრემი გამოვიყენოთ, რადგან, თავისი ძირითადი ფუნქციების პარალელურად (კანის კვება, ლიფტინგი, დატენიანება და ასე შემდეგ), ნებისმიერი მკვებავი კრემი ამშვიდებს კანს. შესაბამისად, კანი დამოუკიდებლად იწყებს აღდგენას, გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად და ნაკლებად რეაგირებს გარე გაღიზიანებებზე.
კითხვა: როგორც ვიცი, სტრესის დროს, მთელ ორგანიზმთან ერთად, კანიც ზარალდება. არსებობს თუ არა ასეთ შემთხვევაში კანის დაცვის რაიმე საშუალებები?
პასუხი: საერთო სტრესის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს – კორტიზოლს, რომელიც ამცირებს კანის დამცავ ფუნქციას. ჩვეულებრივ, კანს აქვს უნარი, გაუმკლავდეს უსიამოვნებებს, მაგრამ, ნერვული აგზნების დროს, შესაძლოა, ყველაზე უმნიშვნელო ზემოქმედებამაც კი, ძალიან ძლიერი რეაქცია გამოიწვიოს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ, გაცილებით ეფექტურია, გავაძლიეროთ კანის დაცვითი ფუნქცია გარედან, ულტრაიისფერი სხივების საწინააღმდეგო ბლოკადით. მათი აზრით, SPF საშუალებები კანს იცავს არა მხოლოდ სხივებისგან, არამედ, მტვრისა და ტოქსიკური გამონაბოლქვებისგანაც. გამღიზიანებლებისგან დაცულ კანს შესაძლებლობა ეძლევა, „ყურადღება აღარ მიაქციოს“ უამრავ შემოტევას და მთლიანად „შეირგოს“ კრემის აქტიური კომპონენტები.
რეგულარული მოვლის შემთხვევაში, კანის დამცავი ფუნქცია საგრძნობლად ძლიერდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომელიმე გამღიზიანებელი გაარღვევს დაცვას (და ეს აუცილებლად მოხდება შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო), ამით კანი მნიშვნელოვნად მაინც არ დაზიანდება.
კითხვა: მაინტერესებს, დასაშვებია თუ არა შემოდგომა-ზამთრის სეზონზე სახეზე კომპრესების გაკეთება და, თუკი დასაშვებია, როგორი ტემპერატურის კომპრესია უმჯობესი?
პასუხი: შემოდგომა-ზამთრის სეზონზე დასაშვებია ეგრეთ წოდებული „ნიღაბი-კომპრესი“, ანუ, გაწმენდილ სახეზე (ასევე, ყელსა და დეკოლტეზე) წაისვით ნიღაბი და წამოწექით. 5-10 წუთის შემდეგ კი ნიღბის ზემოდან მჭიდროდ დაიფინეთ თბილ წყალში დასველებული და გაწურული მიტკლის ნაჭერი და გაიჩერეთ კიდევ 10-15 წუთი. შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით შესაფერისი მკვებავი.