როგორ აღაგზნებს და აძლიერებს ჩვენს გრძნობებს სურნელი და რა ემოციებს იწვევს სწორად შერჩეული სუნამო ორ შეყვარებულ ადამიანს შორის
სწორად შერჩეული სურნელი ამძაფრებს ორ ადამიანს შორის ურთიერთობას, უფრო მეტად ამყარებს სიყვარულს, ვნებიანს ხდის მას და რომანტიკულ და ეროტიკულ ელფერსაც აძლევს. როგორც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ბატონი დათო ამბობს, სუნი ამძაფრებს, აღაგზნებს და აძლიერებს ჩვენს გრძნობებს.
დათო: ზოგადად, ბევრი ისეთი კითხვა უჩნდება ადამიანს, რომლების პასუხს ხშირად ვერ იღებს. უფრო სწორად, პასუხი ისეთმა ადამიანმა უნდა გასცეს, რომელიც მსგავს თემებში კომპეტენტურია და, ამ დროს მეგობრის, მეზობლის ან ახლობლის რჩევა, უბრალოდ, ვერ დაგეხმარებათ. მინდა, ჩემი გამოცდილებისა და კვლევების საფუძველზე შექმნილი ის ფაქტები და დასკვნები გაგაცნოთ, რომლებიც აუცილებლად ყველას დაეხმარება.
– ამბობენ, რომ ამა თუ იმ სურნელის ძალა ადამიანს გარკვეული საკითხების გადაჭრაში ეხმარება; აქვს უნიკალური თვისება, ადამიანში სხვადასხვა ასოციაცია გამოიწვიოს და გააღვიძოს მოგონებებიო. ეს რეალურად ასეა?
– დიახ, სურნელს უდიდესი ძალა გააჩნია და აქვს უნიკალური თვისება, გამოიწვიოს ადამიანში სხვადასხვა ასოციაცია, გააღვიძოს მოგონებები, ორ ადამიანს შორის უხილავი სასიყვარულო ძაფები გააბას და ასე შემდეგ. მოკლედ, სუნს და არომატს უდიდესი საიდუმლო ძალა გააჩნია. და, სხვათა შორის, პირადი ცხოვრების მოწყობაშიც გვეხმარება.
– როგორ გავარკვიოთ, რომელი სურნელია ჩვენთვის დადებითი ემოციების აღმძვრელი და სასიკეთო ცვლილებების შემომტანი პირად ცხოვრებაში?
– კარგი კითხვაა, რადგან, დღეს უამრავი სუნამო იყიდება, შესაბამისი რეკლამაც უკეთდება და, ბევრი იმის გამოც ყიდულობს, რომ, უბრალოდ, მოდაშია, სიახლეა ან ნაჩუქარია. ეს არასწორი მიდგომაა და, ამით, შესაძლოა, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეიქმნათ. მოკლედ, სწორად შერჩეული სურნელი მხოლოდ ამძაფრებს სიყვარულს და რომანტიკულ, ეროტიკულ და ვნებიან გარემოს ქმნის. სუნი აღაგზნებს და აძლიერებს ჩვენს გრძნობებს. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ შეყვარებულის ლტოლვა თქვენდამი ისეთი აღარ არის, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო, ანუ, დროთა განმავლობაში შენელდა, სასწრაფოდ იზრუნეთ სუნამოს ან შხაპის გელის შეცვლაზე. გაიხსენეთ და გამოიყენეთ ის სურნელი, რომელსაც მასთან პირველი შეხვედრების დროს იყენებდით. უკვე დამტკიცებული და პარაფსიქოლოგთა მიერ აღიარებულია, რომ სუნს აქვს უნიკალური უნარი – ადამიანებში სხვადასხვა ასოციაცია გამოიწვიოს და გააღვიძოს მიძინებული მოგონებები. სხვათა შორის, სუნი სერიოზულ გავლენას ახდენს თავის ტვინზე, კერძოდ, ააქტიურებს რეფლექსებს და პარტნიორებიც თითქოს მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. ასევე, სწორად შერჩეული სურნელი აძლიერებს სექსუალურ აქტივობას ორ ადამიანს შორის.
– გამიგია, რომ თითოეული ადამიანის კანს თავისი დამახასიათებელი სუნი აქვს, რომელსაც მძაფრად ვერ შევიგრძნობთ, თუმცა, ინტუიციის დონეზე ხდება მისი აღქმა და სწორედ ეს აახლოებს ორ საპირისპირო სქესს ერთმანეთთანო.
– დიახ, ცნობილია, რომ ადამიანის სხეულის ბუნებრივი სუნი საპირისპირო სქესს იზიდავს და, ეს კარგად იცის მან, ვინც არომათერაპია-პარაფსიქოლოგიის კუთხით მუშაობს, „სექსუალური” სუნი, ძირითადად, ორ ჯგუფად იყოფა: ნატურალური, ანუ, სხეულის ბუნებრივი სურნელი და ხელოვნური, ანუ, ეგრეთ წოდებული ხელოვნურ-სასიგნალო, იგივე სასიგნალო. სექსუალურ პარტნიორებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სწორედ ბუნებრივი სუნი ახდენს, მაგრამ, თუ სხეულის სურნელი ვნებას აღვიძებს, შესაფერის ინტიმურ ატმოსფეროს სწორედ ხელოვნურ-სასიგნალო სურნელი ქმნის. მარტივი ენით რომ აგიხსნათ, თუ ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა და გადარევა გსურთ, მასთან ინტიმურ შეხვედრაზე მიდით თქვენი ბუნებრივი სურნელით, ოთახში კი დაანთეთ ვარდის ან ჟასმინის სურნელის მქონე ჩხირები ან სანთლები – ეს არომატი მასზე ისე იმოქმედებს, რომ, შესაძლოა, თქვენი ალერსის გარეშე ცხოვრება ვეღარ შეძლოს. დამეთანხმეთ, საკმაოდ მარტივი „სატყუარაა“ კაცის გულის დასაპყრობად.
– და, მაინც, ხომ არ ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ბედისწერაზეა დამოკიდებული, ანუ, ადამიანის სასიყვარულო თუ პირადი ცხოვრების მოწყობაში ბედი თამაშობს დიდ როლს და არა ის სურნელი, რომლსაც კონკრეტული ადამიანი სუნამოს, სანთლის თუ სხვა სახით არჩევს?
– მე ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: ყველა ქალი ურწმუნოა, მაგრამ, შანსს ხელიდან მაინც არ უშვებს! არ მეგულება ქალი, ამაში დამეთანხმოს, მაგრამ, არც ისეთი ქალი მეგულება, რომ ეს ერთხელ მაინც არ სცადოს. მაგალითად, მე პირადად ვიცნობ ისეთ ადამიანს, ვინც გამოსცადა სურნელოვანი ჩხირებისა თუ სანთლების არომატების ძალა საძინებელში – მან ადვილად „დაიპყრო” სასურველი მამაკაცი და მისი ვნება და სიყვარულიც სწრაფად მოიპოვა. მერწმუნეთ, ასეა და, ეს მე კი არ მოვიგონე, არამედ, კვლევების საფუძველი მაძლევს ამის თქმის უფლებას. სურნელის ძალას უძველესი დროიდან იყენებდნენ ქალები მამაკაცის გულის დასაპყრობად და ეს წარმატებით გამოსდიოდათ კიდეც. ადრე, ქორწილის პირველ ღამეს, აუცილებლად ანთებდნენ ნეფე-პატარძლის საძინებელ ოთახში ვარდისსურნელიან სანთლებს და დგამდნენ წყლიან ჭურჭელს, სადაც ვარდის ფურცლები იყო ჩაყრილი. თქვენი აზრით, ეს რაში სჭირდებოდათ? იმისთვის, რომ მათი ქორწინების პირველი ღამე უფრო ვნებიანი ყოფილიყო და მათი ცხოვრება მომავალშიც ვარდის ფურცლებით მოფენილიყო. ეს ძველი ტრადიციაა და, ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ინდოეთში, ტაილანდში, არაბეთში და ასე შემდეგ, დღემდეა შემორჩენილი. ბევრი დამეთანხმება, რომ ადამიანების უმრავლესობა არასწორად არჩევს სუნამოს. ხშირად მქონია შემთხვევა, ვხედავ, მოდის გოგონა, ლამაზი, ტანადი, მიიპყრო ჩემი ყურადღება და, გვერდით რომ ჩამიარა, ისეთი მძაფრი სუნამოს სუნი დატოვა, მაშინვე გააქარწყლა მასზე ფიქრი (იცინის). დამიჯერეთ, სურნელს ადამიანისთვის ძალიან ბევრი სიკეთის და ამავდროულად, ზიანის მოტანაც შეუძლია. ამიტომ, ამ საკითხს სწორად უნდა მიუდგეთ და მხოლოდ მოდას აყოლილი არ უნდა იყოთ. ბევრი ვიცი, შემოვა თუ არა ახალი ბრენდის სუნამო, გავარდება მაღაზიაში, მისცემს დიდი თანხას და, ისე იყიდის, მისი სურნელი არც კი იცის, უბრალოდ, რეკლამა მოეწონა და სიახლეა. ასე არასდროს მიუდგეთ ამ საკითხს. გირჩევთ, სუნამოს არჩევისას, კარგად დაფიქრდით, დააკვირდით გარშემო მყოფების შეგრძნებებს თქვენი სუნამოს სურნელთან მიმართებაში და მოერიდეთ მძაფრი არომატებით საზოგადოებაში თავის მოწონებას. ჯობია, თქვენს სხეულს ნაზი, მომაჯადოებელი, ამოუცნობი და ჰაეროვანი არომატი ასდიოდეს, რომელიც ადამიანს თქვენთან დაახლოების სურვილსა და ვნებას აღუძრავს და არა გააღიზიანებს თქვენი სიახლოვე.