კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეეჭრა გასახდელში ბორის პაიჭაძეს ბერია და რისი შემსრულებელი იყო ის

„ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და იმისთვის, რომ ადამიანმა მიზანს მიაღწიოს, გამართლებაცაა საჭირო. ბედი სად წაგიყვანს, არავინ იცის, მაგრამ თუ ზუსტად იქ მიგიყვანა, სადაც საკუთარ თავს თავადაც წარმოიდგენ, მაშინ უკვე შემდგარი პიროვნება ხარ,” – ეს სიტყვები ბრძანა გენიალურმა ადამიანმა, სპორტსმენმა და მთელი ერისთვის სამაგალითო, საამაყო შვილმა ბორის პაიჭაძემ, როცა ჰკითხეს, როგორ მოხვდით ფეხბურთშიო. უკვე ოცი წელია, რაც ბორის პაიჭაძე წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ დღეს კიდევ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც საკუთარი თვალით უნახავთ ბორის პაიჭაძის თამაში, მას იცნობდნენ და უყვარდათ… ალბათ, ბევრს აინტერესებს, რატომ თქვა ბატონმა ბორისმა, ყველაფერი ბედზეა დამოკიდებული, სად მიგიყვანსო. შეიძლება, ბევრმა არც კი იცის, რომ ბორის პაიჭაძე, სანამ ფეხბურთელი გახდებოდა, მეზღვაური გახლდათ. ამიტომაც ბრძანა, ის, რომ არავინ იცოდა, მისი გემი სად მიცურდებოდა ან კი მიცურდებოდა იმ ადგილას, სადაც საბოლოოდ მან ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა?! უწინ ხომ ბევრი მიდიოდა შორეულ ზღვაოსნობაში. ზოგისთვის ეს ჰობი იყო, ზოგისთვის სამუშაო ადგილი. ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიკეთში დაბადებული და გაზრდილი ბორის პაიჭაძისთვის, ეს სამუშაოც იყო, ჰობიც და გასართობიც. ბორის პაიჭაძე გემ „ტენდრაზე” მექანიკოსად მუშაობდა. გემის კაპიტანი ნერვიულობდა, ახალი მექანიკოსი როგორ გაართმევდა თავს მოვალეობას, მაგრამ გემი, რომელიც ოდესაში მიდიოდა, ჩინებულად მუშაობდა – მექანიკოსს ყველა აქებდა. 

– რა გვარი ხარ, ბიჭუნი? 

– მე ბორის სოლომინის ძე პაიჭაძე ვარ.  

ბორისი მექანიკოსად კი მუშაობდა, მაგრამ მისი ახლობლები და მეგობრები ცდილობდნენ, როგორმე ფეხბურთში დაებრუნებინათ. ფოთელთა გუნდი საქართველოს პირველობაზე ბათუმელთა გუნდს უნდა შეხვედროდა. როგორც ფოთელები ფიქრობდნენ, მათი ხსნა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, ბორის პაიჭაძეს შეეძლო, მაგრამ ის უბედნიერესი იყო იმით, რომ მეზღვაური იქნებოდა. პაიჭაძე უკვე გემ „მეტალისტზე” გადაიყვანეს და ბათუმში მდგომი გემი მალე შორეულ ნაოსნობაში მიემგზავრებოდა, მაგრამ გემზე იუნგამ წერილი მიარბენინა, პაიჭაძის სახელზე დეპეშაა მოსულიო. იუნგამ ბორისს თვალი ვერ გაუსწორა. ბორისმაც წაიკითხა, რომ დედა სასწრაფოდ სახლში იხმობდა. მამა უკანასკნელ წუთებს ითვლის და უნდა ჩამოხვიდეო. 

რომ არა ეს დეპეშა, დღეს ბორის პაიჭაძე არავის ეცოდინებოდა. მისმა მეგობრებმა გაგზავნეს ეს დეპეშა და ბორისი ფოთში ჩაიტყუეს. მერე სტადიონზე მივიდა, ბურთი დაინახა, მისი მეგობრები თამაშობდნენ და... იმ წუთში დაავიწყდა გემი, ზღვა, „მეტალისტი”, შორეული მგზავრობა. უმალვე მაისური მოირგო და თავისი ბედი საბოლოოდ ფეხბურთს დაუკავშირა. „ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ქვეყანაზე თუნდაც ერთ ადამიანს სჭირდება. მიხაროდა, ჩემი მეგობრების გული რომ გავახარე, მათ გვერდით დავდექი. ახლა მე თქვენ გეკითხებით, შეცდომა დავუშვი? არა! ხშირად მესიზმრებოდა გემიც, შორეული ზღვაოსნობაც, გემის მოგუგუნე ძრავები და ნოსტალგიაც მქონდა, მაგრამ, მერე რომ მახსენდებოდა ჩემს მიერ გატანილი გოლები, სტადიონზე მოსული უამრავი გულშემატკივარი, გამარჯვებები,  ვწყნარდებოდი. ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩემს მეგობრებზე ნამდვილად არ გავბრაზებულვარ, უბრალოდ, საშინლად მტკიოდა გული. იმას ვფიქრობდი, ვაითუ, მამას ვეღარ ჩავუსწრო-მეთქი. თითქოს თავზე მეხი დამეცა, უკვე აღარაფერი მაინტერესებდა, მაგრამ როცა გავიგე, რომ მამაც ცოცხალი იყო და ისიც ჩემს მეგობრებს ემხრობოდა, ყველაფერი ნათელი გახდა – ფეხბურთში დავრჩი,” – იხსენებს ბორის პაიჭაძე. რაც შეეხება იმ შეხვედრას, რომლისთვისაც ბორისის მამაც კი გაწირეს მისმა მეგობრებმა, ფოთელებმა 2:1 მოიგეს. ეს შეხვედრა თბილისში შედგა და ორივე გოლი ბორის პაიჭაძემ გაიტანა. არადა, წელიწადზე მეტი იყო, ფეხბურთი არ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა.

ბორისმა ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ მამა არ თანაუგრძნობდა. სოლომონ პაიჭაძე ცნობილი ლელობურთის მოთამაშე გახლდათ, მაგრამ ფეხბურთის ნამდვილი მტერი იყო. 1934 წელს თბილისს ხარკოველები ესტუმრნენ. მათ თბილისის „დინამო” ზედიზედ დაამარცხეს, სხვა გუნდებიც ზედ მიაყოლეს და მერე ურჩიეს – ფეხბურთის აკვანი საქართველოში პირველად ფოთში დაირწა და ახლა იქ ჩადით, იქ ითამაშეთო. ხარკოველები გაყოყოჩდნენ და მართლაც ეწვივნენ ამ ქალაქს. სოლომონ პაიჭაძე შინ ბრუნდებოდა და გზად სტადიონი უნდა გაევლო. ფოთელები და ხარკოველები თამაშობდნენ. საოცარი ყიჟინა გამოდიოდა იქიდან და მასაც გადაუწყვეტია, მივალ და ვნახავ ერთი, რა ხდებაო. მისი შესვლა სტადიონზე და მისი შვილის მიერ გოლის გატანა ერთი იყო. ბორისს ხარკოველები ვერ აჩერებდნენ და ხალხიც სულ ბორიას გაიძახოდა. შეხვედრა 2:2 დასრულდა. მაყურებლებმა ფეხბურთელები ხელში აიყვანეს და ისე გააცილეს. სოლომონი გაოცებული და აღტაცებული იყო. იმის შემდეგ მას ბორისისთვის ფეხბურთზე ერთი აუგი სიტყვაც კი არ უთქვამს. 

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბორის პაიჭაძეს გადახდა, უკვე როგორც თბილისის დინამოელს. „მაშინ უკვე თბილისის „დინამოს” წევრი ვიყავი და მოსკოვის „სპარტაკს” ვეთამაშებოდით. ძალიან კარგად ვითამაშე ის შეხვედრა, გოლიც გავიტანე. ერთი გულშემატკივარი მოვიდა და მეუბნება: ბორის, შენმა ფინტებმა თავგზა აუბნია „სპარტაკის” მცველ სოკოლოვს, რა მაგარი ფინტების გაკეთება გცოდნიაო. ხმას არ ვიღებ. მოკლედ, მაქებს და მადიდებს და ბოლოს, სიტყვა ბანზე ავუგდე. ეჰ, ფოთში გაზრდილი ბიჭი აზრზეც კი არ ვიყავი, რომ ფინტი თურმე მოტყუებას ნიშნავდა. მე კიდევ ხმას ვერ ვიღებდი სირცხვილით”, – სიცილით იხსენებს ბორის პაიჭაძე. 

არის კიდევ ერთი კარგად გასახსენებელი შეხვედრა, რომელსაც მუქარაც ახლდა თან, მაგრამ წლების შემდეგ ბორის პაიჭაძე ამას ღიმილით იხსენებდა: „იმ დროს ყველა გუნდი ძლიერი იყო, თან, შეიძლება ითქვას, ყველა ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობდა. შეტევაზე მიდიოდნენ და დაცვაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ამიტომაც იყო, ბევრი გოლი რომ გადიოდა. დღეს იმ ხალხს რომ ჰკითხოთ, ვისაც მაშინდელი თამაშები ახსოვს, გეტყვის – იმდროინდელი ფეხბურთი უფრო სანახაობრივი იყოო. ვერც გაამტყუნებდი, ძალიან ბევრი გოლი გადიოდა. მოკლედ, შეხვედრა გვაქვს „ცდკასთან”. კარგი გუნდი იყო, ძლიერი და ათლეტური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.  სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რა დაგვემართა. პირველი ტაიმი 1:4 წავაგეთ და შეიძლება ითქვას, თამაშის შემოტრიალების იმედი აღარც გვქონდა. გასახდელში ვართ, დანა კბილს არ გვიხსნის. ამ დროს კარი გაიღო და გასახდელში ლავრენტი ბერია შემოვიდა. ყველა მივხვდით, რაშიც იყო საქმე. ცხადია, იმ დროს ხმას როგორ ამოიღებდი, მაგრამ ახლა ვიტყვი – დაგვემუქრა... ჩვენი პრესტიჟი, ქვეყნის სახელი ახსენა და ცხადი გახდა, მუქარის ამსრულებელი იყო. თამაში უნდა მოგვეგო. აბა, როგორია? 1:4-ს აგებ. ჯერ რამდენი გაქვს გაშვებული – ერთი იმდენი უნდა გაიტანო და თან, არც უნდა გაუშვა. მოკლედ, ბერია გავიდა გასახდელიდან და ბიჭებს ავუხსენი: ყველა გვიცნობს, იციან, როგორც ვთამაშობთ და რაღაც უნდა შევცვალოთ-მეთქი. ავდგებით და დავიწყებთ ადგილების ცვლას. ხან მარჯვნივ ვითამაშებთ, ხან მარცხნივ, ხან ცენტრიდან შევუტევთ. მოკლედ, ბიჭებმა მეორე ტაიმი სწორედ ასეთი ტაქტიკით ვითამაშეთ და „ცდკას” ფეხბურთელები გაშტერდნენ. აღარ იცოდნენ, საით წასულიყვნენ. 5:4 მოვიგეთ. თამაშის შემდეგ გასახდელში ბერია აღარ ჩამოსულა, მაგრამ ტრიბუნაზე თვალი მაინც მოვკარი. გახარებული იყო, ძალიან გახარებული და იღიმოდა. ეს იყო დაუვიწყარი გამარჯვება.“

თბილისის „დინამოში” თამაშობდა მიხეილ ბერძენიშვილი, პენალტების უზადო შემსრულებელი და „ფეხბურთის კარუზო.” სწორედ მის შესახებ მოგახსენებთ ერთ საინტერესო ამბავს: „თბილისის „დინამო” თასის ნახევარფინალში გავიდა. მეტოქე „სპარტაკია”. მრისხანე გუნდი, რომლის დაცვის ბურჯიც სტაროსტინი გახლდათ. თავდასხმაში კი სტეპანოვი ჰყავდათ შეუჩერებელი. მოსკოვში ვთამაშობთ. ვაგებთ 1:3-ს. თამაშის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა. ბურთი მივიღე და ჩემს წინ სტაროსტინი აღიმართა. მისკენ დავიძარი და ცრუ მოძრაობა გავაკეთე. გამოცდილი მცველი უმალვე წამოეგო და მეც მეკარესთან პირისპირ გავედი. დავარტყი და გავიტანე. ანგარიში 3:2 გახდა. სტაროსტინმა გამოსცრა: ლაწირაკი! მატჩის ბოლო წუთზე კი მეტოქის კარში მსაჯმა პენალტი დანიშნა და მის შესასრულებლად მიხეილ ბერძენიშვილი მივიდა. მისი იმედი გვაქვს, მაგრამ ეს რა ხდება – მიშას ფეხები უკანკალებს, ნერვიულობს! მსაჯმა სასტვენი კი მისცა, მაგრამ მიშა ადგილიდან არ იძვრის. მისი გამხნევების თავიც კი აღარ გვაქვს. რუსების კარში რიჟოვი იდგა, უძლიერესი მეკარე. მიშამ დაარტყა, მაგრამ თავში ხელები წავიშინეთ. ბურთი კარისკენ გაგორდა. იმის თავიც კი აღარ გვაქვს, შევხედოთ რიჟოვი სად დგას. ბურთს შევყურებთ, რომელმაც ნელა გადაკვეთა ხაზი და კარის ბადეს არც კი შეხებია. რიჟოვი? როგორც კი მიშამ ბურთს ფეხი შეახო, რიჟოვმა მარცხნივ ისკუპა, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, ბურთი კი მარჯვნივ წავიდა. სანამ რიჟოვი ადგა და საპირისპირო მხარეს გადახტომა სცადა, გოლიც გავიდა. არა, ეს დაცინვა სულაც არ ყოფილა, მიშა ასე ურტყამდა პენალტებს. უბრალოდ, თასის ნახევარფინალში რიჟოვი ვერ იფიქრებდა, მიშა ასე თუ დაარტყამდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ შეგვარქვეს მთელს საბჭოეთში ქართველებს „დიდი ურუგვაელები”. მე რუმინეთში ტურნეს დროს „ფეხბურთის კარუზოც” კი შემარქვეს, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი მაინც „დიდი ურუგვაელობა” იყო.” ასეთი გასახსენებელი ბორის პაიჭაძეს ძალიან ბევრი ჰქონდა. თბილისის დინამოს მწვრთნელი მხოლოდ ერთი სეზონი იყო, 1953-1954 წლებში. ქვეყნის პირველი გუნდის ღირსებას კი 15 წლის განმავლობაში იცავდა. დღეს მის სახელს ეროვნული სტადიონი ატარებს და ასე იქნება მანამ, სანამ საქართველო იარსებებს. 

 

скачать dle 11.3