რობერტ ლევანდოვსკი – პოლონური ფეხბურთის ვარსკვლავი
რობერტ ლევანდოვსკი თანამედროვე პოლონური ფეხბურთის ნომერ პირველი ვარსკვლავი და ეროვნული ნაკრების ლიდერია. მისი გოლების გარეშე, წარმოუდგენელია, როგორც პოლონეთის ნაკრები, ასევე მიუნჰენის „ბაიერნი”. ცნობისთვის, პოლონეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების მეტოქეა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ნოემბერში კი ლევანდოვსკი შეგვიძლია ნაკრებების მატჩის დროს ვნახოთ თბილისში.
* რობერტი სპორტულ ოჯახში დაიბადა. მამა – კშიშტოფ ლევანდოვსკი ფეხბურთელი გახლდათ და პოლონეთის მეორე დივიზიონის კლუბებში თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ კი, ძიუდოს მწვრთნელი გახდა. დედა – ივონა, ასევე სპორტსმენი იყო, ფრენბურთელი. რობერტის და – მილენა, დედის მსგავსად, ფრენბურთელია და ერთი პერიოდი, პოლონეთის ფრენბურთელთა ნაკრების წევრიც გახლდათ. სპორტთან არის დაკავშირებული რობერტის მეუღლე – ანა სტაჩურსკა, რომელიც პოლონეთის ჩემპიონია კარატეში. თავდაპირველად, რობერტი ძიუდოში ვარჯიშობდა, თუმცა შვიდი წლის ასაკიდან ფეხბურთზე გადაერთო და წარმატებასაც მიაღწია. რობერტი დღემდე ნანობს, რომ მამა, რომელიც 2005 წელს გარდაიცვალა, ვერ მოესწრო მის წარმატებას და ყველა გატანილ გოლს ის მამის ხსოვნას უძღვნის.
* პოლონეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ფრანტიშეკ ჟმუდამ, თავის დროზე, 15 წლის ლევანდოვსკი ხეს შეადარა და აღნიშნა, რომ მსგავსი უნიჭო ფეხბურთელი, არასდროს შეხვედრია. ლევანდოვსკის წარმატებული სპორტული კარიერა მეტყველებს, რომ ჟმუდა შეცდა. ცნობისთვის, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პოლონეთსა და უკრაინაში გაიმართა, ჟმუდა მშობლიურ ნაკრებს ედგა სათავეში და გუნდის წარუმატებლობას ლევანდოვსკი და სხვა ფეხბურთელები სწორედ მას აბრალებენ.
* ცნობილი ფაქტია, რომ 2006 წელს ვარშავის „ლეგიამ” უარი განუცხადა რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტის გაგრძელებასა და პირველ გუნდში გადაყვანაზე, რის გამოც ლევანდოვსკი მოკრძალებულ „ზნიჩში” გადავიდა. მოგვიანებით, „ლეგიას” ბოსები ნანობდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას.
* რობერტ ლევანდოვსკი კარიერის დასაწყისში კოჭლობდა, რადგან ერთი ფეხი მეორეზე მოკლე ჰქონდა. სპეციალური ვარჯიშებისა და წვრთნის შედეგად, ლევანდოვსკის ეს ფიზიკური ნაკლი დღეს, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია.
* რობერტ ლევანდოვსკი ურთიერთობაში ხისტი და მოკრძალებულია. ცნობილი ფაქტია, რომ „დორტმუნდში” თამაშის დროს, მას გუნდის არც ერთ წევრთან არ ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის, არც თანამემამულეებთან – იაკუბ ბლაშიკოვსკისთან და ლუკას პიშეკთან. მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკი და ბლაშიკოვსკი ნაკრების ლიდერები არიან, რობერტი საერთოდ არ ურთიერთობს მასთან, ფეხბურთელები სანაკრების მატჩების დროსაც კი, სხვადასხვა თვითმფრინავებით მგზავრობენ. გარდა ამისა, მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებიც აქვთ. ლევანდოვსკი ლიბერალური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის” მომხრეა, ხოლო ბლაშიკოვსკი კონსერვატორია.
* პოლონეთში რობერტ ლევანდოვსკი ნომერ პირველი ფეხბურთელი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. პოლონური მედიის ძირითადი თემაა ლევანდოვსკის პირადი ცხოვრება და პროფესიული კარიერა. ლევანდოვსკი იმდენად პოპულარულია, რომ სახელი რობერტი პოლონეთში ყოველ მეორე ახალშობილ ბიჭს ჰქვია.