როდის მომდინარეობს ადამიანის სნეულება მშობლების არასწორი ცხოვრებიდან და როგორ უნდა წარმართოს დედ-მამამ თავისი და შვილების ცხოვრება განღმრთობისთვის
დღევანდელი ადამიანებისთვის ნუგეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს საკმაოდ რთულ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, ბევრი განსაცდელისა და გაჭირვების გადატანა. ასეთ დროს კი ნუგეშს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მხოლოდ უფლისგან მონიჭებულ ნუგეშს თუ შეუძლია ადამიანის დამშვიდება, მისთვის სიმშვიდისა და ბედნიერების მინიჭება.
მამა გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): მნიშვნელობა არ აქვს, მარხვა იქნება თუ არა, ნუგეში ყოველთვის სჭირდება ადამიანს, ყველა ქმნილებას, მათ შორის განკაცებულ უფალსაც. გავიხსენოთ გეთსამანიის ბაღი, სადაც მაცხოვარი მიდის სალოცავად მამა ღმერთის წინაშე. მას თან მიჰყავს სამი მოციქული. თუ განკაცებულ ღმერთს სჭირდება ნუგეში, მით უმეტეს, ეს სჭირდება ყველა ადამიანს. ვინც ფიქრობს, რომ ნუგეში არ სჭირდება, ყველაფერი კარგად აქვს, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება, სიმართლეს შეეფერებოდეს.
– ვისგან იღებს ადამიანი ნუგეშს?
– „დილის ლოცვები“ იწყება სიტყვებით, რომელსაც სულიწმიდის მოწვევა ჰქვია – „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო“; ანუ ნუგეშისმცემელი არის ღმერთი და თუ ადამიანი უფლის სახელს მოუხმობს, ის აუცილებლად მიიღებს ნუგეშს. აღდგომით მაცხოვარი არის მთავარი ნუგეში. ძველ აღთქმაში იერემია წინასწარმეტყველი ბრძანებს: წყეულიმც იყოს ადამიანის მოიმედე – ძველი აღთქმის ეკლესიამ ნუგეში არ იცის. ამის შესახებ არაერთი რამ დაწერილა ძველ აღთქმაში, სადაც არის ტირილი, გოდება, უიმედობა, ყველა ადამიანი მიემართება ჯოჯოხეთისკენ: მართლებიც და დამნაშავეებიც. თითქოს ნუგეში აღარ არის, თუმცა ადამიანებს მაინც აქვთ მოლოდინი და ეს მოლოდინი დადგება ახალ აღთქმაში, განკაცებული ღმერთის დედამიწაზე მოსვლისას. აღდგომის ხატის მიხედვით, როდესაც მაცხოვარს ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს ადამი, მისი მანტია ზემოთ არის აფრიალებული. ეს არის პროცესი, რომელიც მომავალშიც გრძელდება, ისევე როგორც ნუგეში, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანებს.
– დღეს, ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა უჭირთ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ამის დაჯერება, რადგან მათ ირგვლივ უამრავი სნეული, გაჭირვებული, პატიმარია.
– სამწუხაროდ, ასეა: დღეს ძალიან ბევრი სნეული, პატიმარია; ბევრს საჭმლის ფული არ აქვს; სახლი, კარი, ოჯახი აქვთ დანგრეული, მეუღლე – უცხოეთში. ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ყველაზე მეტად ნუგეში. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქრისტე არის მხსნელი, მესია, მაცხოვარი, ამიტომაც ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, მაცხოვარი სჭირდებათ, რომ ნუგეში მიიღონ. და ვის სჭირდება ნუგეში? იმ ადამიანს, რომელიც თავს დაცემულად გრძნობს, ვინც ფიქრობს, რომ სნეულებაშია მისი ბუნება. ღმერთმა ხომ მკვდრეთით აღადგინა ჩვენი ბუნება, მაგრამ არა ჩვენ, პირადად, რადგან ჩვენ დაგვიტოვა თავისუფალი ნება და გვითხრა: მე კი აღვადგინე ადამიანური ბუნება, მაგრამ შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება ამის შესახებ. ოცდამეერთე საუკუნეში ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, რადგან ირგვლივ ბევრი ცრუ იდელოგიაა. ბევრი პარტია აძლევს ადამიანს ცრუ დაპირებებს. შემდეგ ისინი მოდიან ეკლესიაში და ჩვენ ვეუბნებით: ნუ გაქვთ ადამიანების იმედი, ხვალ სხვა პარტია მოვა, სხვა ადამიანები მოგცემენ ნუგეშს და თქვენ ისევ გაწბილებულები, ნუგეშის გარეშე აღმოჩნდებით. მიიღე მხსნელად განკაცებული ქრისტე და შენც ცხონდები, შენი სახლეულიც – სამწუხაროდ, დღეს ეს დავიწყებული გვაქვს. ისევ და ისევ ველოდებით გარკვეულ მესიას, ცრუ მესიებს, რომლებიც ადამიანებს ცრუ წყალობას ჰპირდებიან. აქვე შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას გააჩნია ობიექტური დასაბუთება იმისა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არის ღმერთკაცობრივი; გამოცხადებითი, დააარსა ღმერთმა და მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს მართლმადიდებლობა და მიიღოს ნუგეში. თუ შენ არ ხარ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, ეს არის უკვე ცრუ ნუგეში, სიცრუის მამა კი ეშმაკია, რომელიც სხვადასხვა ნიღაბს ადვილად ირგებს. ანტიქრისტეც ხომ თავიდან მოვა, როგორც ნუგეშისმცემელი – იქნება განათლებული, სიმპათიური, თითქმის მთელი მსოფლიოს საგანძური მის ხელში იქნება, თითქმის ყველა პარტია, რელიგია მას დაემორჩილება. ის ადამიანები, ვისაც არ სწამთ იესო ქრისტესი, ავტომატურად გადავლენ ანტიქრისტეს ეკლესიაში. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს ამისგან. იწამეთ ქრისტე და მიიღებთ ნუგეშს. უნუგეშო ადამიანი შემდეგში ვარდება სასოწარკვეთილებაში და საბოლოოდ, ცუდად ამთავრებს ცხოვრებას. ეს ეხება დიდსაც და პატარასაც. თუმცა, ჩვენ შეიძლება, ბავშვებისგან ვისწავლოთ კარგი რაღაცეები. ბზობის დღესასწაულზეც დიდები ჩუმად არიან, ეშინიათ და ამ დროს ბავშვები უგალობენ მაცხოვარს. მაცხოვარი დაბადებისთანავე იდევნებოდა და ეს შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც კი მოინათლა, ასპარეზზე გამოვიდა, მაშინაც იდევნებოდა, ნერწყვა, გვემა, ყვრიმალთცემა – ყველაფერი გადაიტანა. წმიდა მამებს ასეთი ხატოვანი სწავლება აქვთ: ყველაზე დიდი უმადურება და მრისხანება გამომჟღავნდა ადამიანების მიერ ჯვარცმის დროს, ხოლო ყველაზე დიდი წყალობა და სიყვარული აღდგომის ჟამსო. ღმერთმა თავის ადამიანურ ბუნებას არ დააკლო არაფერი ისეთი, რაც ჩვენ გვაქვს. ის ყველაფერი, რასაც ჩვენ განვიცდით, საკუთარ თავზე განიცადა. ბევრ ჩვენგანს უდარდელი ბავშვობა ჰქონდა, მაცხოვარი ერთი დღე არ ყოფილა მოსვენებით. ამიტომ, იმ ადამიანებს, იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს მძიმე სნეულებით არიან დაავადებულები, მინდა ვუქადაგო: შენ შეიძლება, ახლა გტკივა, ცუდად ხარ, მაცხოვარსაც სტკიოდა, განიცდიდა. მათ უნდა ვუქადაგოთ, რომ განღმრთობისთვის წარვმართოთ ჩვენი და ბავშვების ცხოვრება. დღეს, ვინც ეკლესიაში დადის, მათგან ვინმეს მიზანი თუ იქნება განღმრთობა? რა თქმა უნდა, არა. კი უნდათ სამოთხეში შესვლა, მაგრამ პირდაპირ სამოთხეში ხომ არავინ შეგვიშვებს. ადამიანის განღმრთობა დაბადებიდანვე იწყება. არ არსებობს აღმართი დაღმართის გარეშე, მწუხარება – სიხარულის, სიხარული – მწუხარების გარეშე. ამიტომ, ბავშვებს უნდა ვუთხრათ: ღმერთი მოწყალეა, განიკურნები და შენი სნეულება დაგეხმარება განღმრთობაში. განღმრთობა კი აღმატებული მდგომარეობაა ადამიანის ცხოვრებაში. ბევრი ადამიანი, რომელიც ეკლესიაში დიდი ხანია, დადის, შეიძლება, არც უფიქრია განღმრთობაზე. ღმერთი რატომ განკაცდა? იმისთვის, რომ ჩვენ განვიღმრთოთ. ამის შესახებ ინფორმაცია პატარაობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ სნეულებაში მყოფ ადამიანებს. რომ მამაოს მოსვლით ღმერთი მოდის შენთან, რომელსაც ძალიან უყვარხარ. ეს კი იმედით აღავსებს მათ. ნებისმიერ ასაკში, როგორც კი ბავშვს ღმერთზე ელაპარაკები, მას შეიძლება, ყველაფერი არ ესმის, მაგრამ რაზე ესაუბრები, აუცილებლად გაიგებს, რადგან ბავშვი იბადება ღვთის სიტყვად, ნორჩი ნერგის სახით. შემდეგში, თუ მას კარგად მორწყავ, გამოიღებს სწორ ნაყოფს. თუ ბავშვს ბავშვობიდან შრომისმოყვარეობას, სიმდაბლეს არ ვასწავლით, არავითარი განღმრთობა არ იქნება მასში. არავითარი მადლი არ იქნება, ზიარებასაც არ ექნება აზრი. იუდამაც მიიღო ზიარება, მაგრამ მწუხარება დაიტეხა თავზე. როგორ უნდა ისწავლოს ბავშვმა თავმდაბლობა? რა თქმა უნდა, მშობლებისგან. პირველი სწავლება, მაგალითი სწორედ ბავშვებისგან მოდის. როცა ხედავს ბავშვი, დედაც და მამაც მარხვაზეა, ამ დროს კი ორივე ერთობა; ვიღაც დაიძახებს, დარეკავს და დედა ეუბნება მამას: უთხარი, სახლში არ ვარ. ბავშვები ამ ყველაფერს კარგად ითვისებენ და მერე გამოდიან ცრუპენტელები, მატყუარები. ნუგეში ადამიანს უცბად არ მიეცემა, თუ მას ბავშვობიდან სწორ იმედზე არ დავაყენებთ, სწორ მიმართულებას არ მივცემთ და ვეტყვით: არ გქონდეს ჩემი იმედი, დედიკოს იმედი, არც მდიდარი ბაბუის იმედი. იშრომე, იღვაწე, ილოცე და უფალი შეგმოსავს, გაცხონებს, გაცხოვრებს. მაგრამ, კარგია, რომ ეს ბავშვებმა გაიგონ ჩვენი, მშობლების ბაგეებიდან, ქცევიდან. ძალიან ბევრი მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი მეზობლის ბავშვმა გააფუჭა. იმას კი არ ამბობს, რომ მე ვერ გავზარდეო. არადა, ღმერთმა დაანახვა მას, რომ მისი შვილი სნეულებაშია, დამნაშავეა, მაგრამ, მაინც მისი დროზე ადრე შეწყალება უნდა. რომელ სნეულს გამოუშვებენ საავადმყოფოდან მანამ, სანამ არ განიკურნება. ჩვენ ვეუბნებით: შენი შვილი ცოტა ხანს იყოს საპყრობილეში, რადგან შენთან რომ იყო, არ ასწავლიდი, არასწორად გაზარდე და ღმერთის დაშვებით, ის საპყრობილეში აღმოჩნდა, ან რაღაც სნეულება შეხვდა არასწორი ცხოვრებიდან გამომდინარე. ხშირად ჩვენი შვილების სნეულება ჩვენი არასწორი ცხოვრებიდან მომდინარეობს. ადამიანს კეთილგონიერება აცხონებს. ამიტომ, უნდა მიხვდე, სად დაუშვი შეცდომა, რომ მერე იქნება გამოასწორო.