როგორ იხილა ურწმუნო ქალმა საიქიო
არაჩვეულებრივი ისტორია გადახდა თავს 1964 წელს ბარნაულელ (რუსეთის ფედერაცია) კლავდია უსტიუჟანინას. ამ ამბავს ის ბევრს უყვებოდა, მათ შორის მღვდელმსახურებსაც, რომლებმაც ყველაფერი დაწვრილებით ჩაიწერეს.
– მე არასდროს მწამდა ღმერთი და მორწმუნეებს დავცინოდი ხოლმე. 1961 წელს დავავადდი კიბოთი და სამი წელი ვავადმყოფობდი. ბევრ ექიმთან მომიწია მკურნალობა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, იმდენად ცუდად გავხდი, რომ აღარც ჭამა შემეძლო და აღარც სმა; საავადმყოფოში დამაწვინეს და მოსკოვიდან სპეციალურად პროფესორი ნეიმარკი გამოიძახეს, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა 1964 წლის 19 თებერვალს.
როდესაც ექიმებმა მუცელი გამიჭრეს, უცებ ჩემი სხეული გვერდიდან დავინახე. შემდეგ მე უკვე მივხვდი, რომ ჩემი სული ქირურგების გვერდით იდგა და თავზარდაცემული უცქერდა კიბოს სიმსივნეს და ნაწლავებში ღრმად გასულ მეტასტაზებს. ექიმები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და მათი სიტყვებიდან გავიგე, რომ თორმეტგოჯა ნაწლავი თითქმის დამპალი მქონდა. ბოლოს ჩემი სხეული ურიკაზე გადაასვენეს და მორგში გაგზავნეს. მე ფეხდაფეხ მივყვებოდი ჩემს სხეულს და მიკვირდა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი.
რამდენიმე საათში ვიგრძენი, რომ ზემოთ-ზემოთ ვიწეოდი. ზემოდან ჩემს მშობლიურ ბარნაულს გადმოვყურებდი. მალე ჩემთვის უცნობ ადგილზე აღმოვჩნდი: ჩემ ირგვლივ მაღალი ხეები იდგა, თავისი ლამაზი, სხვადასხვა ფერის ფოთლებით. მათ შორის პატარა სახლები იყო განთავსებული, რომლებიც, როგორც მომეჩვენა, დაუსახლებელი იყო და, იქვე, ჩემ შორიახლოს, ლამაზი ქალი შევნიშნე, გრძელი კაბით შემოსილი; მას გვერდით ჭაბუკი მოჰყვებოდა, რომელიც ცრემლებად იღვრებოდა და რაღაცას შესთხოვდა. უცნობი მოვიდა ჩემთან და წარმოთქვა: „უფალო, საითკენ გავუშვათ?“ – და მხოლოდ ამ მომენტში მივხვდი, რომ გარდავიცვალე: სული ჩემი ზეცაში იყო, ხოლო სხეული – მიწაზე. მე მაშინვე გავიაზრე, რომ ბევრი ცოდვა მაწვა კისერზე, რომლებზეც პასუხი უნდა მეგო და, ამ დროს გაისმა მაღალი ხმით ნათქვამი სიტყვები, რომელთა ავტორის განსაზღვრა მე არ შემეძლო: „დააბრუნე იგი დედამიწაზე, ის უდროოდ მოვიდა. მამამისის ლოცვებმა უშველა მას“. მე მივხვდი, რომ ქალი გრძელ სამოსში ზეციური დედოფალი იყო, ხოლო ჭაბუკი, რომელიც გვერდზე მოჰყვებოდა და რაღაცას შესთხოვდა მას – ჩემი მფარველი ანგელოზი.
ამასობაში უფალმა განაგრძო: „უჩვენე მას ის ადგილი, რომელიც მან დაიმსახურა“... – და მე ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. ყურებში, თვალებში, პირში და ნესტოებში ცეცხლოვანმა გველებმა დამიწყეს შეძრომა. აუტანელი ტკივილებისგან ვიწლაწნებოდი და შველას ვითხოვდი: „უფალო! – ვყვიროდი მე, – გამიშვი სახლში! შვილი დამრჩა ობლად“. „შენ მხოლოდ ერთი შვილი გებრალება, – გავიგონე პასუხად, – მე კი – ყველა თქვენგანი. მაგრამ, როგორი ბიწიერი გზა აირჩიეთ თქვენთვის ცხოვრებაში სავალად! მე გელოდებით თქვენ, როდის გამოიღვიძებთ ცოდვილიანი ძილისგან და როდის ჩავარდებით სინანულში. უშველეთ თქვენს სულებს, რამეთუ წუთისოფელი მოკლე არს!“ მე შევეკითხე, როგორ მელოცა. „ის ლოცვა კი არ არის ძვირფასი, რომელსაც კითხულობენ დაზეპირებულს, – გაისმა ღმერთის სიტყვები, – არამედ ის, რომელიც სულის სიღრმიდან ამოდის. თქვით: ღმერთო, მაპატიე და მიშველე მე, – აი, ასეთი ლოცვა იქნება ჩემთვის სათნო“.
ზეციურმა დედოფალმა მიბრძანა, დავბრუნებულიყავი დედამიწაზე და დავინახე, რომ იმ მორგისკენ მივფრინავდი, სადაც ჩემი სხეული იყო დასვენებული. როგორ შევედი ჩემს სხეულში, არ ვიცი, ოღონდ, ყინულისმაგვარი სიცივე ვიგრძენი. ამ დროს მორგში მიცვალებული შემოასვენეს. მე შევიშმუშნე და წამოვიკვნესე. ამის შემხედვარე სანიტრები შეშინებულები გაიქც-გამოიქცნენ. მალე ექიმები მოვიდნენ და შემათბეს. რამდენიმე დღეში იმდენად მოვმაგრდი, რომ ჩემი უჩვეულო თავგადასავლის მოყოლა შევძელი.
ექიმები, რომლებმაც ოპერაცია გამიკეთეს, ვერ იჯერებდნენ ჩემს მონაყოლს; გარდა ამისა, ისინი ოპერაციის დროს ხედავდნენ ჩემს ნახევრად დამპალ შიგნეულს, მე კი თავს ახლა მშვენივრად ვგრძნობდი. ჩემი ხელმეორედ გასინჯვის შემდეგ ისინი დარწმუნდნენ, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.
მე მიმაჩნია, რომ მეორედ დავიბადე. ახლა მე დავდივარ ეკლესიაში, ვეწევი ქრისტიანი ქალის შესაფერის ცხოვრებას და ყველას ვუყვები თავსგადახდენილის შესახებ, ვისაც ეს აინტერესებს.