ჭეშმარიტი სარწმუნოება
საცოლე მეფისთვის
როდესაც ბერძენ იმპერატორ თეოდოსი მეორეს 20 წელი შეუსრულდა, წმიდა პულხერიამ, როგორც უფროსმა დამ და თანამმართველმა, საჭიროდ ჩათვალა მისთვის ისეთი საცოლის ამორჩევა, რომელიც მისი სამეფო ხარისხის შესაფერისი იქნებოდა. მაგრამ, რამდენადაც სიმდიდრე და ცნობილი წარმომავლობა მისთვის ღირსებას არ წარმოადგენდა, ამიტომ მან დიდხანს ვერ გააბედნიერა ქორწინებით თავისი მეფე-ძმა.
ბოლოს, გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ მისი გულისწადილი დააკმაყოფილა. სამეფო ქალაქში ჩამოვიდა ქალწული, სახელად ათინაიდა, ათენელი ფილოსოფოსის, ლეონტის ასული, რომელიც ლამაზი, გონიერი და მოკრძალებული იყო. დედაქალაქში მისი ჩამოსვლის მიზეზი საკმაოდ სერიოზული იყო. ათინაიდას მამამ გარდაცვალების წინ მთელი თავისი ქონება ვაჟიშვილებს უანდერძა, ქალიშვილს კი რამდენიმე ოქროს მონეტის გარდა არაფერი დაუტოვა. როდესაც ნათესავებმა მომაკვდავს ჰკითხეს, რატომ არაფერს უტოვებდა თავის ქალიშვილს, მან უპასუხა:
– მისთვის სილამაზე და გონიერებაც საკმარისია, – და ამ სიტყვებით სული განუტევა. ათინაიდას ძმები იმდენად სასტიკი გულისანი აღმოჩნდნენ, რომ მამის ანდერძის „დარღვევა“ არ ისურვეს.
მწუხარებით გულშეძრული ქალწული პატივს სცემდა მამის ხსოვნას, მაგრამ, ძმებს ასეთი გულგრილობა ვერ აპატია; მან გადაწყვიტა, მარლთმსაჯულება მეფესთან ეძებნა და საჩივარი წმიდა პულხერიასთან მიიტანა. როდესაც მეფის ასულმა ათინაიდას სილამაზე, გონიერება და გულის სიწმინდე დაინახა, გადაწყვიტა, ეს ობოლი ქალწული, რომელიც ქონების გარეშე დარჩა, მეფის თანამეცხედრედ გაეხადა. ათინაიდა წარმართი იყო. ამიტომ, წმიდა პულხერიამ იგი მონათლა და სულ მალე თავის ძმაზე დააქორწინა.
როგორ შეცდომას უშვებენ ადამიანები ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტის – ქორწინების დროს! ერთნი სიმდიდრეს ეძიებენ, მეორენი – სილამაზეს, მესამენი – კეთილშობილ წარმოშობას და, რა იშვიათად ითვალისწინებენ ისინი გონებასა და გულს! წმიდა პულხერია გავიხადოთ მაგალითად და ნუ მივეცემით ამაოებას ცხოვრების არჩევისას, რომელმაც ჩვენი ცხოვრების ბედნიერება თუ უბედურება უნდა გადაწყვიტოს!