როგორ დაკარგეს ერთმანეთი მამა-შვილმა და რისი იმედი აქვს რუსეთში მცხოვრებ შვილს
ანა კონსტანტინეს ასული ბახტაძე ეძებს მამას – დაახლოებით 50-55 წლამდე ასაკის კონსტანტინე ბახტაძეს.
ისტორია: ვეძებ მამას – კონსტანტინე ბახტაძეს. მამაჩემი დაახლოებით 1963 წელს არის დაბადებული და ამჟამად დაახლოებით 50-55 წლის უნდა იყოს. ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ დედ-მამის დაშორების შემდეგ. 1999 წელს მამაჩემი რუსეთიდან საქართველოში, ქალაქ თბილისში გაემგზავრა და მას შემდეგ მასთან კავშირი არ გვქონია. გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში. თავად მე რუსეთში ვცხოვრობ და მამის ფოტოს გიგზავნით. ეს არის მისი ბოლო პერიოდის ფოტო. იმედი მაქვს, მამა კარგადაა და გამოგვეხმაურება.
– რა მიზეზით დაიკარგა თქვენ შორის კავშირი?
– ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამაჩემი თავის სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა. ეს მოხდა დაახლოებით 1999 წელს. მას შემდეგ ჩვენ არაერთხელ ვწერდით წერილებს, პასუხი არ მიგვიღია. მე მყავს კიდევ ორი და, ანუ სულ სამნი ვართ. მამას წლების განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდით, გვინდა, მასთან დაკავშირება, ძალიან გვენატრება და განვიცდით. ამდენი ხნის განმავლობაში მისგან არც ერთი წერილი არ მიგვიღია. სავარაუდოდ, ის ბოლო მისამართი, რაც ჩვენ გვაქვს, მამას აღარ ეკუთვნის. ის ან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, ან, შესაძლოა, ქუჩას სხვა სახელი ეწოდება.
– აქამდე რა ხერხებით ეძებდით მამას და კიდევ რა იცით მის შესახებ? საქართველოში თქვენ ნათესავებიც გეყოლებათ. მათი სახელები და გვარები ხომ არ იცით?
– სამწუხაროდ, ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. შეიძლება, ამიტომაც ვერ ვიპოვე მამა ამდენი ხნის განმავლობაში. ყველაფერი, რაც მამაზე ვიცი, ეს არის მისი სახელი, გვარი და ფოტო. მხოლოდ და მხოლოდ ამის იმედი მაქვს. 1999 წელს მე პატარა ვიყავი და სამწუხაროდ, ცოტა რამ მახსოვს მამაზე. დედაჩემთან მამაზე საუბარს ვერიდები, რადგან, მისი აზრით, მას რომ ჩვენთან დაკავშირება ნდომოდა, აქამდეც მოგვძებნიდა, მე კი მჯერა, რომ მამას უნდა ჩვენთან დაკავშირება, მაგრამ რაღაც ხელს უშლის. პირადად მე, ძალიან ბევრჯერ ვცადე მამის მოძებნა: სხვადასხვა სოციალურ ქსელშიც ვეძებდი, მოგვარეებს ვწერდი წერილებს, მაგრამ მათ შორის ჩვენი ნათესავი არც ერთი არ აღმოჩნდა.
– როგორ ფიქრობ, შეიძლება, მამაშენს უკვე სხვა ოჯახი ჰყავდეს. იქნებ ეს არის იმის მიზეზი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ დაგკავშირებიათ?
– დიახ. არაა გამორიცხული, მამას სხვა ოჯახი შეექმნა და შეიძლება, მას სხვა შვილებიც ჰყავს უკვე. ასეთ შემთხვევაში, მე მათი გაცნობის დიდი სურვილი მაქვს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩემი დედ-მამა ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ მე და ჩემი დები ხომ კვლავ მის შვილებად ვრჩებით. ჩვენ, სამივეს გვინდა მამის პოვნა, უბრალოდ, მე დებს შორის ყველაზე აქტიური აღმოვჩნდი. სამ დას შორის, ფიზიკურად მამას ყველაზე მეტად მე ვგავარ.
– კიდევ რა ხერხებით ეძებდით მამას.
– გავაგზავნე განაცხადი „ჟდი მენიას“ გადაცემაში. განვაცხადე, რომ მამას ვეძებ საქართველოში, კერძოდ კი ქალაქ თბილისში. ვიცი, რომ უამრავი განაცხადი შესდით და ბევრი ადამიანი ეძებს თავის დაკარგულ ნათესავს თუ მეგობარს. ამიტომ, ჩემს ისტორიასაც დიდი დრო დასჭირდება, სანამ ვინმე მას ყურადღებას მიაქცევს. მინდა ვიცოდე, მამა როგორაა, როგორ აეწყო მისი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, მასაც ინტერესი ექნება, ენდომება, გაიგოს თავისი შვილების ამბავი. ვფიქრობ, თუკი ის საქართველოშია და ამ სტატიას წაიკითხავს, აუცილებლად გამომეხმაურება.
– მამის პოვნის შემთხვევაში, გეგმავ თუ არა მასთან შეხვედრას?
– ეს ბოლომდე ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ თუ მამას ვიპოვი და მასაც ენდომება ჩვენი ნახვა, ვფიქრობ, რამეს მოვიფიქრებთ და მოვახერხებთ. მთავარია, ვიპოვოთ ერთმანეთი და გავიგოთ მიზეზი, თუ რატომ არ გვიკავშირდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში. შეიძლება, ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყოს, რომ მხოლოდ სატელეფონო კავშირი გვქონდეს, მე არც ამაზე მექნება პრეტენზია. მესმის, რომ, თუ მას სხვა ოჯახი ჰყავს, ჩვენთვის შეიძლება, ფიზიკურადაც ვერ მოიცალოს.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.