კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდება ერთი მამაკაცი ერთდროულად რამდენიმე ქალისთვის სასურველი და ღირს თუ არა მისთვის ბრძოლა

საინტერესო ფაქტია: ძალიან ბევრი ქალბატონი დარწმუნებულია საკუთარ პედაგოგიურ შესაძლებლობებში, ანუ, იმაში, რომ სწორედ მათი დამსახურებაა ბედნიერება, რომელიც მათ ქმრების „აღზრდით” მოიპოვეს. გათხოვება გაცილებით ადვილია, ვიდრე ქმრის შენარჩუნებაო, – ამბობენ ისინი და, შესაძლოა, ამაში იყოს კიდეც სიმართლის მარცვალი. ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ბევრია „ქალი-მონადირე”, რომლებისთვისაც არაფერს წარმოადგენს სხვისი ოჯახის დანგრევა და, მიზანში ამოღებული მამაკაცის ხელში ჩასაგდებად არაფერს ერიდებიან. ცოლებს კი მიაჩნიათ, რომ ქმარი მათ შექმნეს ისეთი, როგორიც არის და არაფრის დიდებით არ დაუთმობენ სხვას. ღირს კი ბრძოლა მამაკაცის შესანარჩუნებლად?! იქნებ, უნდა გაუშვა და არაფერი გააკეთო მის შესანარჩუნებლად ან, იქნებ, უმჯობესია, კაცმა თავად გააკეთოს არჩევანი და, პირიქით, მან იბრძოლოს შენთვის?!

 

თიკუნა (31 წლის): თავიდან არ მეგონა, რომ გათხოვების შემდეგ, მშვიდად ცხოვრების მაგივრად, ქმრისთვის ბრძოლა მომიწევდა, უფრო სწორად – ქმრის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ან, რომელი ქალი ფიქრობს ამაზე მაშინ, როცა ბედნიერების მწვერვალზეა? ჩემი ქმარი ნამდვილად არ იყო ისეთი მამაკაცი, რომელზეც ქალები გიჟდებიან.

– გარეგნობას გულისხმობთ?

– არა მხოლოდ. არც წარმატებული იყო, არც კარგად და გემოვნებით ჩაცმული – სტილი საერთოდ არ ჰქონდა. არ იფიქროთ, ამ ყველაფერს მის დასაკნინებლად ვამბობ. მინდა, იმ ქალებმა გაიგონ, რომლებიც სხვის ქმრებზე ნადირობენ: კაცი რომ მოგწონთ, იმაზეც იფიქრეთ, ვისი წყალობით, შრომითა და წვალებით გახდა ის ასეთი სასურველი.

– ანუ, პარტნიორი ქალები ან მეუღლეები ქმნიან მამაკაცებს?

– რა თქმა უნდა, თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? არცერთი კაცი არ არის ისეთი, რომელზეც ცოლი ზეგავლენას არ ახდენს, ასეთი რამ არ ხდება. ცუდი ცოლი მამაკაცის დონეს დაბლა სწევს, კარგი ცოლი, კი პირიქით – მაღლა. წინსვლაში კაცს ცოლი ეხმარება – ეს აქსიომაა. ბევრი  ძალიან წარმატებული კაცი მინახავს, ცოლს რომ დაუღუპავს. მიწასთან გაუსწორებია და გაუნადგურებია.

– ალბათ, ერთეულები. ყველაზე ამის განვრცობა, მგონი, გადაჭარბებულია. 

– არ არის გადაჭარბებული, ეს რეალობაა. თუ არ გჯერათ, კარგად მიმოიხედეთ გარშემო. ყველა კაცი ცოლის გავლენის ქვეშაა, ისიც კი, ვინც ერთგული არ არის – დაძვრებიან „ნაშებში” და მაინც ცოლებს ებღაუჭებიან. მე თამამად შემიძლია, ვთქვა და ამისი არ მრცხვენია, რომ ჩემი ქმარი მე შევქმენი. არ იყო ისეთი ტიპაჟი, ქალები რომ გიჟდებიან. ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული კაცი იყო; კაცი კი არა, ბიჭი. გოგოებსაც კი არ მოსწონდათ. მე რა მომეწონა მასში, არ ვიცი. უფრო სწორად, კი არ მომეწონა, შემიყვარდა.

– ეს ერთი და იგივე არ არის?

– არა, მოწონება არ გამორიცხავს საღ აზრს. პირიქით – მოგეწონება, კარგად აკვირდები და წონი ყველაფერს, გიღირს თუ არა მასთან ურთიერთობა; სიყვარული კი, უბრალოდ, გაბრმავებს – გიყვარს და მორჩა! რომ გკითხონ, რატომ გიყვარს, ვერც უპასუხებ – ხომ ასეა? ბევრი ჩემი დაქალი მეუბნებოდა – რა ნახე მასში, უკეთესს მოძებნი, თუ მოინდომებო. მაგრამ, მე მიყვარდა და არაფრისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება. ჩაცმაც კი არ იცოდა წესიერად, სტილის ქონაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. კი არ ვაყვედრი, უბრალოდ, მერე, როცა ეს ჩვენი „შექმნილი” კაცები ფეხზე მყარად დგებიან, აქეთ-იქით იწყებენ ყურებას და მათზე უკვე სხვა ქალები იწყებენ „ნადირობას”. იცით, როგორი ქალები? რომლებსაც არ უნდათ, რომ იწვალონ, ზედმეტად აიტკიონ თავი და პირდაპირ მზამზარეულზე ნებავთ ბედნიერი ცხოვრება. აბა, იმას ხომ არ დაუწყებენ უკან დევნას, ვისთვისაც ბევრი პრობლემის დაძლევა დასჭირდებათ.

– ისე ლაპარაკობთ, თითქოს კაცებს არაფერი ეკითხებათ და სათამაშოები არიან ქალების ხელში.

– პრინციპში, ასეა. მამაკაცს ჭკუა ნამდვილად არ მოეკითხება, მით უფრო, როცა ამბიცია უჩნდება, რომ მაგარი ტიპია და, ესეც ჩვენი ბრალია. როცა კაცი ხედავს, რომ ქალები მის გამო თავებს იხოცავენ და ერთმანეთს არ ინდობენ, სიამაყე ემატება და ყველაფერს იზამს, რომ ითამაშოს სიტუაციაზე.

– იქნებ, სწორედ ზედმეტად მზრუნველი ცოლების ბრალია ის, რომ მამაკაცებს არასრულფასოვნების კომპლექსი უვითარდებათ, მერე კი, ამის საკომპენსაციოდ, „ნაშებში” იწყებენ სირბილს?

– არ ვიცი, შესაძლოა, ასეც იყოს. მაგას არ ვამბობ? – კაცს იმდენი უნდა გაუკეთო, რამდენსაც დაინახავს და სამაგიეროს მოგიზღავს. ანუ, რაც მეტად გადაჰყვები, მით მეტად შეიფერებენ და გადაწყვეტენ, რომ ამ ყველაფერს იმსახურებენ. კაცს ძალიან მარტივი ფსიქოლოგია აქვს. ბოლო ორი წელია, ჩემი ქმარი ისე იბღინძება, დაავიწყდა, ვინ იყო.

– თქვენ ამას ხშირად ახსენებთ?

– აღარ ვახსენებ. ვცდილობ, არ შევახსენო. ვიცი, რომ, შეიძლება, ამით დავკარგო, მე კი ვიბრძვი მის შესანარჩუნებლად. რატომ დავუთმო ჩემი შექმნილი კაცი სხვას? მოეწონა მოვლილი, გზაზე დაყენებული და შესახედ-წარმოსადეგი? ვერ ვიტყვი, რომ ისევ ისე გიჟურად მიყვარს, როგორც ადრე, მაგრამ, ახლა მის მიმართ სულ სხვა გრძნობა მაქვს.

– მესაკუთრული?

– დაარქვით ამას თუნდაც მესაკუთრული, არ მაქვს პრობლემა. რა არის იმაში ცუდი, რომ შენ გვერდით მყოფი ადამიანი, ვისზეც დიდი ამაგი გაქვს, სხვისთვის არ გეთმობოდეს, მით უმეტეს, იმისთვის, ვინც მის შესახებ საერთოდ არაფერი იცის?!

ჩემი ქმარი თავის კარიერულ წინსვლასაც მე უნდა მიმადლოდეს. ძალიან ბევრი გავაკეთე, ისეთი რომ ყოფილიყო, როგორც დღეს არის. რა არის დასამალი – არ ჰყავდა ისეთი ოჯახის წევრები, რომლებიც მის განვითარებას შეუწყობდნენ ხელს. ჩემი მშობლები კი სხვა ხალხია – სხვა წრე და სხვა დონე, ოღონდ, სწორად გამიგეთ, ამით არავის დამცირებას არ ვცდილობ. გული მაქვს ნატკენი და მიჭირს უმადურობაზე თვალის დახუჭვა. თუმცა, მარტო კაცების უმადურობაში არ არის საქმე. ქალები უარესად სცოდავენ. საკმარისია, კარგად „შეფუთული” კაცი დაინახონ, რომ მაშინვე ავიწყდებათ „ქალური სოლიდარობა” – ფეხებზე იკიდებენ ცოლების გრძნობას და მარტო საკუთარ გართობა-გამორჩენაზე ფიქრობენ. ასე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ხომ ერთნი უნდა ვიყოთ. მამაკაცები ისედაც ცდილობენ, თავიანთი ეგოიზმით ბოლომდე „გამოგვწურონ”. ჩვენ რომ სოლიდარობის განცდა გვქონდეს, არც ამდენი ოჯახი დაინგრეოდა, არც ამდენი გულმოკლული ქალი იქნებოდა ჩვენ შორის. ახლა ვხვდები: ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ჩემი ქმარი არაფერს წარმოადგენდა – მაშინ მასში არავინ მეცილებოდა, ახლა კი კონკურენციაა მასზე – ერთდროულად რამდენიმე ქალისთვის არის სასურველი. ვერ ხვდებით, რატომ? იმიტომ, რომ მისგან გამორჩენას ელიან: ფული აქვს, კარგად აცვია, კარგი მანქანა ჰყავს, კარგი სამსახური აქვს და ქალებს სხვა რა უნდათ?

– ქმარი როგორ რეაგირებს ამაზე?

– ვაიმე, ძალიან გაამაყებული და გაყოყოჩებულია, თავი კიტრივით მოაქვს და მოსწონს – „მაგარი ტიპია” ბიჭი. ერთი პერიოდი, ვფიქრობდი, გავცილდე-მეთქი, მაგრამ, არა, არ დავთმობ – აქ უკვე პრინციპის საკითხია.

– პრინციპები სიყვარულსა და ურთიერთობებში?

– ასეა, როცა ვიღაც უსინდისო ქალი იწყებს შენი ქმრისთვის ბრძოლას. ვინ არის ის, რომ დავუთმო და ლანგრით მივართვა?! ჩემს ქმარს კი ისევ მე მოვიყვან ჭკუაზე. ტაქტიკა მთლიანად შევცვალე: არ ვეჩხუბები, ვარ გასუსული და გაღიმებული. ისეთი „ფისო” გავხდი, ჩემი თავის თვითონვე მიკვირს. მას ჰგონია, რომ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ „ფარცქვალებს” იმ ქალებთან.

– ქალებთან? ანუ, რამდენიმე ჰყავს?

– სერიოზული არცერთი. უბრალოდ, ისინი მის „შებმას” ცდილობენ და ესეც ბედნიერია, როგორც უკანასკნელი სულელი; ემესიჯება და ჭკუაზე არ არის. ამავე დროს, სახლშიც სანიმუშოდ იქცევა, როგორც წესიერი ქმარი. რომ ვუყურებ, ხან მეცინება, ხან ნერვები მეშლება. ვმსახიობობ, თითქოს არაფერი ხდება. ეს ჩემი ნერვების წვრთნაა და უნდა გავუძლო. ვერ მაჯობებენ და ვერ მომერევიან.

– ასეთ რეჟიმში ცხოვრება არ გიჭირთ?

– ძალიან მიჭირს, მაგრამ, როგორც გითხარით, პრინციპის საქმეა. ცხოვრებაც ხომ ჩვეულებრივი ბრძოლაა. არავის ულხინს, დამიჯერეთ. სხვა კიდევ ჩემზე უარეს დღეშია – მათ ქმრებს ოფიციალურად ჰყავთ საყვარლები და ამით თავიც მოაქვთ, მაგრამ, ხომ გეუბნებით, ქალები უარესები არიან. რატომ უნდა მოინდომო სხვა ქალისათვის ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ? კაცები ამაში ცოტათი უკეთ გამოიყურებიან – მათში სხვა კაცის ცოლთან „ჩალიჩი,” უმეტეს შემთხვევაში, არ „მოსულა”. ქალებში კი, სამწუხაროდ,  ეს არ არის; პირიქით, საკმარისია, ამოყვინთოს მამაკაცმა, ანუ, ცოტათი შესამჩნევი გახდეს, რომ მაშინვე რამდენიმე ქალისთვის ხდება სასურველი. არა უშავს, ვერ მაჯობებენ. იმას, რაც ჩემია, არავის დავუთმობ. ამისთვის ღირს ბრძოლა, თუმცა, ზოგჯერ ვნანობ, რომ ამოვათრიე ჩემი ქმარი იმ წუმპიდან, რომელშიც ცხოვრობდა.

 

скачать dle 11.3