რა განძი ჩამოიტანა თბილისში მილიარდერმა ჰამერმა და კომუნისტური პარტიის რომელი ლიდერის ქალიშვილმა მოიკლა თავი სასტუმრო „თბილისის“ ნომერში
ჯუმბერ პატიაშვილი იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც საბჭოთა პერიოდში კაპიტალისტური სამყაროს პირველ პირებთან მოუწია შეხვედრები; უფრო მეტიც, იმ პერიოდში, როცა თბილისს ესტუმრნენ ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერი და მსოფლიოს ცნობილი მილიარდერები, ბატონ ჯუმბერს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის პოსტი ეკავა. როგორი იყო კადრს მიღმა საბჭოთა და სხვა სახელმწიფოების ლიდერთა შეხვედრები, რა უცნაურობებით გამოირჩეოდნენ ისინი და რით იხიბლებოდნენ საბჭოთა თბილისში, ამის შესახებ ბატონი ჯუმბერი თავად გიამბობთ.
ჯუმბერ პატიაშვილი: ცხოვრება პარტიული მაღალჩინოსნებისთვის იმ სივრცეში იოლი არ იყო. იმის მიუხედავად, რომ დღეს იმ პერიოდს ბევრი ცოტა აუგად მოიხსენიებს და ბევრი რამ არასწორად არის წარმოჩენილი, მე ვერ შევაფასებ იმ დროს ასე კრიტიკულად. ობიექტური ვიქნები და გეტყვით, რომ იმ პერიოდს თავისი დადებითიც ბევრი ჰქონდა: მოგვარებული და მოწესრიგებული იყო ბინების, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, ჯანმრთელობის, განათლების საკითხები. ჩემი მუშაობის სტაჟი უკვე ნახევარ საუკუნეს გადასცილდა. ამ გზის დასაწყისი არ იყო იოლი. ადრე დამეღუპა მამა და ოჯახს უამრავი პრობლემა შეექმნა. სტუდენტობის დროს, კარგად სწავლისთვის, სტალინური სტიპენდიანტი გავხდი, მერე სტალინური ლენინური სტიპენდიით შეიცვალა, თუმცა, მისი „ფასი” იგივე დარჩა. პატარა ასაკიდან დავიწყე მუშაობა, სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ კი ვმუშაობდი კომკავშირის ცეკაში, სადაც ახალგაზრდა მეცნიერთა მუშაობის სექტორის გამგე გახლდით. მეცნიერებთან ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის იყო სასიამოვნო და საამაყო.
– იმ დროს სოციალისტური სამყარო ჩაკეტილი იყო, თუმცა, მაინც არსებობდა ურთიერთობები კაპიტალისტურ ქვეყნებთან. როგორი იყო ორი სამყაროს პირველი პირების ურთიერთობა კადრს მიღმა?
– პოლიტიკური თვალსაზრისით, იმ დროს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ჩაკეტილი სივრცე იყო, ჩვენი გასვლა უცხოეთში იშვიათობა გახლდათ, თუმცა, მაინც გვიწევდა წასვლა პარტიულ-პოლიტიკურ კონფერენციებსა და ყრილობებზე; უცხოელები და სხვა ქვეყნების ლიდერები უფრო ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან. თბილისისთვის უდიდესი მოვლენა იყო მარგარეტ ტეტჩერის ჩამოსვლა – მაშინ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვიყავი. ერთდღიან პროგრამაში რა უნდა ჩაგვესვა, რითაც გავაოცებდით ასეთი რანგის სტუმარს, თანაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს?! მისი ერთდღიანი ვიზიტის 18 საათი მაქსიმალურად დავტვირთეთ: მარგარეტ ტეტჩერი მივიყვანეთ ქორწინების სახლში, სადაც ის ქართული ქორწილის მონაწილე გახდა. თბილისის დათვალიერების შემდეგ, ოპერის თეატრში გაიმართა კულტურის მოღვაწეთა კონცერტი, რაც ყველა მაღალი რანგის სტუმრის ჩამოსვლის დროს პროგრამის აუცილებელი ნაწილი იყო.
მარგარეტ ტეტჩერი ძალიან პოპულარული ადამიანი გახლდათ მთელ მსოფლიოში, შესაბამისად, ემოციურად მისი მასპინძლობა არ იყო იოლი საქმე. ჩვენს სტუმარს, თავდაჭერილობასთან ერთად, ჰქონდა დიდი ინტერესიც ქართული კულტურის მიმართ. სუფრა გაშლილი იყო სასტუმრო „თბილისის” ქვედა დარბაზში. როცა სუფრასთან ვისხედით, მოიტანეს ღვინო „ქინძმარაული”, რომელიც ცოტა ტკბილი ღვინოა. მივხვდით, რომ სტუმარს ღვინო არ მოეწონა. მერე „ხვანჭკარა“ შემოიტანეს, იქვე იყო კახური „ტიბაანიც”, რომელიც ცოტა მძიმეა, მაგრამ, სამკურნალო. მე ავუხსენი სტუმარს, რომ ეს ღვინო ათეროსკლეროზის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება იყო, რის შემდეგაც მან ორი ჭიქა დალია და ძალიან ნასიამოვნებიც დარჩა. საბჭოთა ლიდერებს ძალიან უყვარდათ ჩამოსვლა აფხაზეთში, კახეთში, სამეგრელოში. მახსოვს, გორბაჩოვი კახეთით, ალაზნის ველით ისე მოიხიბლა, შთაბეჭდილებებს ვერ მალავდა; მეგრული მასპინძლობითაც საოცრად აღფრთოვანებული იყო. ბრეჟნევის ვიზიტზე მოგიყვებით: 1971 წელს, როცა ბრეჟნევი თბილისში ჩამოვიდა, მე კომკავშირის ცეკაში ვმუშაობდი. ფილარმონიის გახსნა და საბჭოთა საქართველოს 60 წლისთავი აღინიშნებოდა. დიდი ღონისძიება გაიმართა, ყველა საბჭოთა რესპუბლიკის პირველი მდივანი იყო მოწვეული და, რასაკვირველია, ლეონიდ ბრეჟნევიც. როცა გაიხსნა ფილარმონიის დარბაზი და დაიწყო კონცერტი, შეიქმნა ტექნიკური პრობლემა – მიკროფონი ავტომატურად უნდა ამოსულიყო ქვემოდან, მაგრამ, არ ამოვიდა და შუაში გაჩერდა. შეიქმნა დიდი ამბავი, იხლაფორთეს და უცებ გამოასწორეს ხარვეზი. მეცამეტე რიგში ისხდნენ სტუმრები, მეთოთხმეტე რიგში ვისხედით მასპინძლები. უცებ ბრეჟნევი ეუბნება მჟავანაძეს: დღეს იქ წავიდეთ, სადაც გუშინ შელესტი იყოო. მჟავანაძემ არ იცოდა, სად იყო წინა დღეს შელესტი – უკრაინის ცეკას პირველი მდივანი. მჟავანაძე მიუბრუნდა ჭანუკვაძეს და ეკითხება, სად იყო შელესტიო. გაირკვა, რომ შელესტი იყო ახალგაზრდულ ქალაქში, ეგრეთ წოდებულ „ბორის ძნელაძეში,” სადაც წყალთა მეურნეობის ობიექტი და დარბაზი იყო. თურმე, კონცერტის დროს, შელესტმა უთხრა ბრეჟნევს: გუშინ ისეთ ადგილას ვიყავი, სადაც არაჩვეულებრივი სიტუაცია და ულამაზესი ხედებიაო. იქ ხომ არაფერი არ იყო მზად, მიღება მთაწმინდაზეა დანიშნული და, უცებ, ბრეჟნევი ითხოვს სხვა ადგილს. კონცერტი ხელოვნურად გააგრძელეს და დელეგაციები, მხოლოდ ხელმძღვანელი პირებით, მიიწვიეს შელესტის ნაქებ ადგილზე, რადგან, დარბაზში 40 კაცზე მეტი არ ეტეოდა. სახელდახელოდ გამზადდა სუფრა – მთაწმინდის რესტორნიდან გადაიტანეს საჭმელი, ღვინო. ივანე ბოკერია იყო რესტორნების გაერთიანების უფროსი და ყველაფერი ფეხზე დააყენა. სტუმრები რომ მივიყვანეთ, სუფრა ნელ-ნელა იშლებოდა. სუფრასთან იყვნენ ჩვენი მომღერლები. ვინაიდან ბრეჟნევს უყვარდა ცირკის არენა და ფოკუსები, ნიკა ცხაკაიას დავალებული ჰქონდა ცნობილი ილუზიონისტის, დიკ ჩიტაშვილის ჩამოყვანა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა. ის ჯერ კიდევ 1949 წელს, მიღებაზე, სტალინმა გაუგზავნა მაო ძედუნს. დიკ ჩიტაშვილი კი იყო თბილისში ჩამოყვანილი, მაგრამ, თურმე, ჯოხი დავიწყებოდა ბარგში. დაჯდა ილუზიონისტი სუფრასთან, ჩვენთან ახლოს და ნომრების გაკეთება დაიწყო: ფრაკიდან ჯერ ჯამი „გააჩინა”, მერე, უცებ – ცოცხალი თევზები და გაგიჟდა ბრეჟნევი ამ ნომერზე.
– ჯორჯ სოროსის ვიზიტზეც მოგვიყევით, როგორი მასპინძლობა გაუწიეთ ადამიანს, რომელმაც ბევრ ქვეყანაში შეარყია კომუნისტური რეჟიმი.
– როდესაც ჯორჯ სოროსი თბილისში პირველად ჩამოდიოდა, მასზე ბევრი ინფორმაცია მომაწოდეს მოსკოვის სათანადო ორგანოებიდან. მე მას არ ვიცნობდი, არც ინფორმაცია მქონდა. იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე გადმომცეს, სოროსი იყო იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი მდიდარი კაცი, რომელიც თხუთმეტ წელიწადში ფინანსური ოპერაციებით გახდა მილიარდერი. მე მითხრეს, რომ სოროსი მოდიოდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების სახელით; ვიცოდი, რომ ჩვენი ხუროთმოძღვრების ძეგლების დათვალიერება სურდა და ყველა მისი სურვილი უნდა აგვესრულებინა. სამდღიანი ვიზიტი იყო. მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე, რომელსაც უკვე სახელი ჰქონდა განთქმული. სოროსი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. როდესაც ცენტრალურ კომიტეტში შეხვედრების ოთახში შემოვიდა, თან ახლდა მეუღლეც, რომელიც გამაცნო და მითხრა, ეს ჩემი მესამე ცოლიაო. მისთვის ეს არაფერი იყო, თუმცა, წარდგენა ცოტა უცნაურად გამოუვიდა.
– მდიდარ კაპიტალისტებს რა უცნაურობები სჭირდათ? ცნობილი ფაქტია, რომ ჰამერმა, რომელიც თბილისში იყო სტუმრად, სასტუმროში დარჩენაზე უარი თქვა და საკუთარ თვითმფრინავში დაიძინა.
– ჰამერი თბილისში ნამყოფი გახლდათ 1922 წელს. 85 წლის ასაკში იყო, როცა მეორედ ჩამოვიდა ჩვენთან. სხვათა შორის, ლენინთან მეგობრობდა, მისი ბიუსტიც კი ჰქონდა სამუშაო მაგიდაზე. პირველად სწორედ ლენინის დავალებით იყო ჩამოსული ბათუმის ნავთობსადენის პროექტის სამუშაოებზე. როცა ჩემს დროს თბილისში ჩამოვიდა, უკვე ძალიან მდიდარი კაცი იყო. 30-იან წლებში რუსეთიდან ძალიან ბევრი მხატვრული ტილო ჰქონდა გატანილი. ის ნახატების დიდი მოყვარული და კოლექციონერი იყო და საკუთარ სალონში ჰქონდა გამოფენილი ეს ტილოები. როცა ხელისუფლებაში მიხაილ გორბაჩოვი მოვიდა, ჰამერი, რომელიც გორბაჩოვთანაც ახლოს იყო, ყოველ წელიწადს თითი ტილოს უბრუნებდა საბჭოთა კავშირს. მან ჩვენთან, ხელოვნების მუზეუმში, მოაწყო გამოფენა – ჩამოტანილი ჰქონდა უძვირფასესი ნახატი – „იუნონა,” რომელიც იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად შეფასებული ტილო იყო და მას ის 3 მილიონ დოლარად ჰქონდა ნაყიდი. ჰამერი თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. მახსოვს, ყველაფერი დააგემოვნეს, რაც სუფრაზე ეწყო. მითხრა, ჩემს მეუღლეს 20 მილიონი დოლარი მივეცი და ვუთხარი, დამოუკიდებლად მიხედე შენს ბიზნესს, ერთმანეთის საქმეებში ნუ ჩავერევით-მეთქიო. ცოტა გავოცდი ამ ამბით (იცინის). ღამით სასტუმრო „თბილისში” შევთავაზეთ დარჩენა, მან კი საკუთარ თვითმფრინავში მოისურვა ღამის გათევა, ეტყობა, უკეთესი პირობები ჰქონდა იქ. მთავარი ის იყო, რომ ჩვენი სტუმრები თბილისიდან ძალიან კმაყოფილები მიდიოდნენ. საჩუქრად ვატანდით ჩვენებურ სუვენირებს, „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებით გაფორმებულ ჩაის დიდ კოლოფებს. არაოფიციალური შეხვედრები იმართებოდა ხოლმე კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში, კარგი ქართული სუფრით, ღვინით. მახსოვს, ჩვენი შეხვედრის დროს, როცა სოროსმა საბაზრო ეკონომიკაზე დამიწყო საუბარი, რაზეც ჩვენთან ჯერ საუბარიც არ იყო, ცოტა უცნაურად მომხვდა ყურში.
– სოროსს კაპიტალისტური ფანდი და ტრიუკი უცდია საბჭოთა ლიდერთან. ეტყობოდა, საბჭოთა სისტემისთვის „სახიფათო ელემენტი” რომ იყო?
– ასე არ მიფიქრია, ასეთ ბრალდებას ვერ წავუყენებ. მან მოსინჯა აქაური სიტუაცია და მერე თავისი პირადი ისტორიაც მომიყვა, რაც ჩემთვის, რა თქმა უნდა, უკვე ცნობილი იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევაში ეს კაპიტალისტები კი არა, თვითონ საბჭოთა კავშირი იყო დამნაშავე. რასაკვირველია, მიდიოდა მუშაობა გარედან, მაგრამ, შიგნით იყო ისეთი პროცესები, რაც უბრალოდ მარტივად არ დასრულდებოდა. ამ ხალხისგან კეთილგანწყობა მოდიოდა და იმავეს გრძნობდნენ ჩვენგანაც. მათ მოსწნდათ ჩვენი კულტურა, ჩვენი მუზეუმები. ის განძეული, რასაც ჩვენ ვფლობთ, შეუფასებელია და უდიდესი ისტორია აქვს. ისეთი სიმდიდრეა ჩვენი მიწის ქვევითაც, რომ მას გაფრთხილება სჭირდება, ამიტომაც, სულ ვამბობ, რომ საქართველოში არ უნდა გაიყიდოს არც ერთი გოჯი მიწა.
– მიწა ახსენეთ... თქვენ წლების წინ გაერიდეთ თბილისს და დასახლდით მცხეთაში, სადაც საოცარი ედემი გააშენეთ.
– 1990 წელს ჩავეწერე მცხეთაში და გავერიდე თბილისს, აქაურ ხმაურს. სანამ დიდი სიცივე არ დაიწყება, თბილისში არ ჩამოვდივარ. აქ ისეთი სიტუაციაა, ქუჩაში ვერ გაივლი, მანქანას ვერ გააჩერებ. იმას კი არ ვამბობ, რომ თბილისში ამდენი მანქანა რატომ დადის-მეთქი – არა, ღმერთმა დამიფაროს, ეს კარგია, მაგრამ, თბილისს არ აქვს ის სახე, რაც ჰქონდა. მახსოვს, როცა თბილისში ჩამოვიდა ესპანეთის კომუნისტური პარტიის ბელადის, ხოსე დიასის ქალიშვილი (რომელმაც თბილისში მოიკლა თავი – ის სასტუმრო „თბილისის” ფანჯრიდან გადმოვარდა და ვერის სასაფლაოზეა დაკრაძალული), მასთან ერთად გვეწვია ესპანეთის კომპარტიის ცეკას მდივანიც. როდესაც სტუმრები ფუნიკულიორის პლატოზე ავიყვანეთ, სახე ისე გაუნათდათ, ვერ აგიწერთ. იქიდან ტრამვაით ჩამოვიყვანეთ და მთელი გზა იძახა – ბილბაო, ბილბაოო, ისე ჰგავდა თურმე თბილისის ხედები იმ ევროპულ ქალაქს. მცხეთაში ჩემი პატარა საქართველო მაქვს თავისი კუთხეებით: ჩემი კახეთით, იმერეთით, სამეგრელოთი, აფხაზეთით...