კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაინტერესდა მსოფლიოში ცნობილი ჭიქების მწარმოებელი ჯორჯ რიდელი ქართული ღვინით და რისთვის შექმნა მან „საფერავის” შესაბამისი სასმისი

საქართველო რომ ვაზის ქვეყნადაა აღიარებული, ეს ცნობილი ფაქტია. აქ დაწურულ ღვინოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაში დადებით შეფასებას აძლევენ და სიამოვნებით სვამენ. როგორც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი, ჯორჯ რიდერის ბრენდ-მენეჯერი საქართველოში, თეიმურაზ ბენიძე ამბობს, ღვინის დალევის კულტურა სულ უფრო იხვეწება საქართველოში. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ცნობილმა ღვინის ექსპერტმა და მსოფლიოში აღიარებულმა ავსტრიელმა,  სასმელების ჭიქის დიზაინერმა, ჯორჯ რიდელმა,  ქართული ყურძნის ჯიშისგან დაწურული ღვინისთვის შექმნა სპეციალური ჭიქის მოდელი. აღსანიშნავია, რომ მას სულ 18 სახეობის სასმლისთვის აქვს დიზაინი შერჩეული და მათ კიდევ ერთი, მეცხრამეტე, „საფერავის” წითელი ღვინის ჭიქაც დაემატა. ორი ცალი ასეთი ჭიქის დაანონსება უკვე მოხდა საქართველოში, რომელთაგან ერთი – პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს უსახსოვრეს, მეორე კი – ალავერდის მონასტრის მეუფე დავითს. 

 

თეიმურაზ ბენიძე: უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელი ფორმის სასმისიდან დალევს ადამიანი სასმელს. სწორედ ენის ზედაპირი განაპირობებს, თუ როგორი აღქმა ექნება ჩვენს ორგანიზმს ამა თუ იმ ალკოჰოლური სასმლის ან საკვების მიმართ, ანუ, ენის მოძრაობა და მდგომარეობა განსაზღვრავს  კონკრეტული ალკოჰოლური სასმლის სწორ აღქმას ჩვენი ორგანიზმის მიერ. ენის ზედაპირზეა განთავსებული, გემოს აღმქმელი რეცეპტორები. სულ არის ხუთი გემო, რომელსაც ადამიანის ენა აღიქვამს და, სწორედ ამ ხუთი გემოს აღმქმელი რეცეპტორები ისეა განლაგებული ენის ზედაპირზე, რომ, სხვადასხვა მდგომარეობაში ყოფნისას, ენა სხვადასხვა იმპულსს აძლევს ტვინს, რომელთა მეშვეობითაც ხდება ამა თუ იმ გემოს განცდა. 

– ამ დროს ჭიქის ფორმას მნიშვნელობა აქვს?

– რასაკვირველია. ჭიქის ფორმა, მოცულობა, დიამეტრი, ტუჩის მოყვანილობა და ზომა განსაზღვრავს, თუ რა მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანის ენა, როდესაც მას სასმელი შეეხება. სწორედ ეს შეხების მომენტია აღქმის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან, ენის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხდება სასმლის გემოს პირველადი განცდა. კონკრეტული ჭიქის ფორმა აიძულებს ენას, მიიღოს გარკვეული მდგომარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირველად აღიქვამს უფრო მეტ სიტკბოს, ვიდრე სიმჟავეს; სხვა ჭიქის ფორმა აიძულებს ენას, განსხვავებული მდგომარეობა მიიღოს და, ამ შემთხვევაში, სიმჟავის განცდა წამოვა წინა პლანზე. მოკლედ, ასეთი მრავალფეროვანი ვარიაციებით გამოირჩევა ჭიქით ნაკარნახევი გემოს განცდა ენის მიერ. 

– ჩვენი წინაპრები ღვინოს, ძირითადად, თიხის ჭურჭლიდან სვამდნენ. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული სასმისიდან ღვინის დალევა, მსგავს შეგრძნებებს არ იწვევს?

– საყურადღებოა, რომ, თიხის სასმისი, კონკრეტული სასმელი პროდუქტის აღსაქმელად, არ არის სწორი არჩევანი. თიხა არ არის ნეიტრალური მასალა და მასში ჩასხმული ღვინო თავისებურ გემოს იძენს, ანუ, ასეთი ჭურჭლიდან დალევის დროს, კონკრეტული ალკოჰოლური სასმლის გემოს გარდა, ვგრძნობთ თიხის გემოსაც. არ აქვს მნიშვნელობა, ღვინო ევროპული, კახური თუ იმერული წესით არის დაყენებულ-დავარგებული, თიხის სასმისიდან დალევის დროს, მას ნამდვილი გემო ეკარგება და თიხის გემოში ირევა. თითქმის ყველა კომპონენტს, რომლისგანაც მზადდება სასმისები – ჭიქები, ბოკალები, სირჩები თუ ავზები, აქვს თავისი გემო. ამაში იგულისხმება თიხა, რკინა, შუშა, ბროლი; ამათ შორის კი ყველაზე ნეიტრალურია ბროლი, რადგან მას გემო არ გააჩნია, თუმცა, მე ვგულისხმობ სუფთა ბროლს და არა მოჩუქურთმებულ-მოვარაყებულ, ოქროსფერ გვირგინიან-ზოლებიანს, რომელიც თითქმის ყველა ჩვენგანის სახლში ინახება, ანუ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, ბროლს, როგორც, სუფთა, ბუნებრივ პროდუქტს. 

– რატომ დაინტერესდა რიდელი ქართული ღვინით და მისთვის შესაბამისი დიზაინის ჭიქის შექმნით?

– „რიდელი” არის ავსტრიული საგვარეულო კომპანია, რომელიც თითქმის სამასი წელია, დიდი გამოცდილებით აწარმოებს ყველაზე ხარისხიან ღვინის ჭიქებსა თუ აქსესუარებს. შესაბამისად, ეს კომპანია ითვლება მსოფლიოში ყველზე ხარისხიანი და ძვირფასი პროდუქციის   მწარმოებლად ამ სფეროში. სამასწლიანი ისტორიის განმავლობაში მას შექმნილი აქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინის ბოკალები. სწორედ რიდელების ოჯახურმა დინასტიამ, ფიზიკოსების, ქიმიკოსების, დეგუსტატორებისა და სხვათა დახმარებით, შექმნა კონკრეტული სასმისები სხვადასხვა ტიპის სასმლისთვის. ყოველი ჭიქა თავის როლს ასრულებს, ანუ, წინ წამოსწევს კონკრეტული ღვინის ყველა ღირსებას და ადამიანი უკეთ იგებს ამ ღვინის არსს; ღვინის არსი, მოგეხსენებათ, არის მისი არომატი, სურნელება და გემოს მახასიათებლები, რიდელის ჭიქები კი გამოხატავს იმ ღვინის მთავარ მახასიათებლებს, რომელიც ბუნებამ კონკრეტულად ამ ჯიშის ყურძენში ჩადო.

– როგორც მივხვდი, რიდელის მიერ კონკრეტული ღვინისთვის შექმნილი ჭიქა ბუნებაში ჩადებული გენეტიკის აღქმაში გვეხმარება?

– სწორედ ასეა. რიდელი ძვირფასი ბროლისგან აწარმოებს ხელნაკეთ ჭიქებს და ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა; თუმცა, ის, ასევე, აწარმოებს ბროლნარევი შუშის ჭიქებსაც, რომლებიც სერიოზულად იწარმოება და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.  საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მეოხებით, უკვე დიდი ხანია, მიდიოდა მუშაობა, რომ რიდელს  შესაბამისი ბოკალი შეექმნა „საფერავისთვისაც.” ჯორჯ რიდელი ზაფხულში საქართველოში ჩამოვიდა და გრანდიოზული დეგუსტაცია მოაწყო ღვინის ქართველი ექსპერტებისა და ცნობილი სახეებისთვის. მან შემოგვთავაზა 16 სახის განსხვავებული ფორმის ჭიქა და შეარჩია მხოლოდ ერთი, რის საფუძველზეც შექმნა ორიგინალური, დღემდე არნახული და არცერთი ჭიქის მსგავსი, კონკრეტულად „საფერავის” გემოსა და არომატზე მორგებული უნიკალური ფორმის ბოკალი.

– რატომ დააინტერესა ჯორჯ რიდელი „საფერავმა” და, არა, დაუშვათ, „ხვანჭკარამ” ან „მუკუზანმა”?

– „საფერავი” არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური, ქართული წითელი ყურძნის ჯიში, ერთ-ერთი უნივერსალური და მრავალმხრივი, რომლისგანაც კეთდება სხვადასხვა სახეობის ღვინო. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ რიდელმა ყურადღება ამ ჯიშს მიაქცია. თუმცა, მომავალში რიდელი მეორე ჭიქასაც შემოგვთავაზებს – ტრადიციული, კახური, ქვევრში დავარგებული ღვინისთვის.

– ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ, გლეხს, რომელსაც ქვევრში აქვს დაყენებული ღვინო და სტუმარს მარანში ეპატიჟება მის დასაგემოვნებლად, მოეწონება მაღალ ფეხზე შემდგარი, არატრადიციული რიდელის ბოკალი?

– დამიჯერეთ, ეს ფაქტი, საქართველოს ღვინის ისტორიას ცვლის; აძლევს მას ახალ, დღემდე არნახულ ბიძგს, რომ დედამიწის ორივე ნახევარსფეროზე, ნებისმიერი მაღალი დონის სასტუმროს თუ რესტორანში, ღვინის მოყვარულმა, ექსპერტმა თუ მცოდნემ, ვისაც გარკვეული წარმოდგენა აქვს რიდელის სერიულ ჭიქებზე, მოითხოვოს ქართული ღვინოც. ასე რომ, იმ გლეხკაცს, რომელიც მარანში სტუმარს გაასინჯებს თავის დაყენებულ ღვინოს, ნამდვილად მოეწონება ის ფაქტი, რომ, შესაძლოა, მისი ღვინო სხვა კონტინენტზეც დალიონ. მესმის, ბევრი იტყვის, აქამდე არ გვქონია „საფერავისთვის” ფეხზე შემდგარი ბოკალი, მაგრამ მშვენივრად ვსვამდით შუშის ჭიქიდანო, მაგრამ, ჯერ ამ ბოკალით გასინჯეთ და ამაზე მერე ვიკამათოთ (იცინის). წარმოიდგინეთ, რიდელს თავის სერიაში მხოლოდ 18 ღვინის ჭიქა ჰქონდა შექმნილი და მეცხრამეტე, ქართული ღვინისთვისაა – ფაქტია, რომ ეს ჩვენი ღვინის კულტურის წარმატებაა, ხომ მეთანხმებით? ამით ქართული ღვინო და, ზოგადად, მეღვინეობა, კიდევ უფრო გაითქვამს მსოფლიოში სახელს და უფრო მეტი დაინტერესებაც წამოვა. დროა, ქართველებმა არა მარტო სმა, არამედ, კულტურულად სმა ვისწავლოთ და ღვინის დანიშნულების არსი გავიგოთ, რამეთუ, ღვინო მხოლოდ სამლიტრიან ყანწში ჩასხმული სითხე კი არ არის, არამედ,  ურთიერთობის საშუალება, ერის იმიჯისა და კულტურის შეგრძნებისა და გაზიარების საშუალებაა. რიდელის ჭიქიდან დაგემოვნებული „საფერავის” გემოს კი, დამერწმუნეთ, სულ სხვანაირად შეიგრძნობთ და აღმოაჩენთ.

 

скачать dle 11.3