რა ასაკში მღეროდა მეგი მუქერია ფილარმონიის სცენაზე და გაუჭირდა თუ არა მას კარიერის თავიდან დაწყება
ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ელექტრონული მუსიკის პოპულარობამ და, შესაბამისად, მასზე მოთხოვნა გაიზარდა. ეს მსოფლიო ტენდენციაა, რომელსაც არც საქართველო ჩამორჩება. თუმცა, მასშტაბები ჩვენთან ჩვენი ქვეყნის რეალობაზეა მორგებული და ძირითადად კლუბების სცენას მოიცავს; თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო დროს ელექტრონული მუსიკის ფესტივალებმაც იმატა. ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთმა შემსრულებელმა, მეგი მუქერიამ, სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო, მაგრამ, პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო, საკმაოდ დიდი პაუზა აიღო და სულ რაღაც სამი წლის წინ დაუბრუნდა სცენას.
– მეგი, რა ასაკში დაიწყე სიმღერა?
– სიმღერა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე, ძალიან პატარა ვიყავი. ორივე მშობელი ხელოვანი მყავდა: მამა მოცეკვავე იყო, დედა კი მღეროდა – ანსამბლი ჰქონდა, ამიტომ, ამ გარემოს მიჩვეული ვიყავი. 11-12 წლიდან უკვე ძველ ფილარმონიაში ვმღეროდი. ვერიკა ქალიაშვილი – არის ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელთან ერთადაც ვმღეროდი, მაგრამ, 15 წლის ვიყავი, როცა ყველაფერი დავამთავრე, მოვრჩი სიმღერას. ახლახან, დაახლოებით ორი-სამი წელია, რაც განვაახლე ჩემი შემოქმედება. საკმაოდ დიდხნიანი პაუზა გამომივიდა – ახლა 32 წლის ვარ, ის ყველაფერი კი ბავშვობაში იყო. ბოლო სამი წელი კი, შეიძლება ითქვას, ისევ ავმოქმედდი.
– რადგან მშობლებიც ამ სფეროში მოღვაწეობდნენ, შენთვის ეს უცხო არ იქნებოდა.
– უცხო ნამდვილად არ იყო. უბრალოდ, ახლა, ასე ვთქვათ, მიმართულება შევიცვალე. ადრე ძირითადად ქართულ სიმღერებს ვმღეროდი, ახლა კი უფრო სხვა ჟანრი მაქვს არჩეული. ეს რთული არ არის, უბრალოდ, იმისგან განსხვავებულია.
– ამდენწლიანი პაუზის შემდეგ თავიდან დაწყება რთული არ იყო?
– არანაირად არ ყოფილა რთული. სხვათა შორის, ეს ჩემი ინიციატივა იყო – მინდოდა, ისევ ავმოქმედებულიყავი. ასე რომ, მოვინდომე.
– 15 წლის ასაკში რატომ შეწყვიტე სიმღერა?
– 15 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. რასაც თავისი რაღაცეები მოჰყვა და თავისდაუნებურად მოხდა ეს წყვეტა. არანაირი ძალდატანება და ბრძანება არ ყოფილა, უბრალოდ, თავისთავად მოხდა ასე.
– მარიამ ბადურაშვილთან გაქვს დუეტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
– „მმს პროჯექთ“ – ასე ჰქვია ჩვენს პროექტს. მარიამი ჩემი უახლოესი მეგობარია. ეს ყველაფერი ძალიან სპონტანურად გადაწყდა. მარიამს ცალკე აქვს სხვადასხვა პროექტი თავისთვის. სხვადასხვა დიჯეისთან ერთად რეჩიტატივს კითხულობს, რეპავს. რაღაცნაირად, ერთად მოვიფიქრეთ, რომ გვეცადა რამის გაკეთება. საქართველოში ძალიან იშვიათია გოგო, რომელიც რეჩიტატივს კითხულობს. არ ვიცი, მე არც მეგულება სხვა ვინმე. მარიამი ძალიან ნიჭიერი გოგოა. უცებ ვთქვით, რატომაც არაო და, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ერთობლივი პროექტი, რომელშიც მარი გარეპავდა, მე კი ვიმღერებდი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა კლიპი, რომელიც გადავიღეთ, სიმღერაზეც, ტექსტზეც და კლიპზეც ჩვენმა მეგობრებმა, ძალიან კარგმა ადამიანებმა იმუშავეს. მგონი, ხარისხიანი პროდუქტი დავდეთ. ახლა ვმუშაობთ ახალ სიმღერაზე. ცოტა იწელება დროში, რადგან, ხარისხიანი რამის გაკეთება უცებ არ გამოდის. ჩვენ კი სულ ვცდილობთ, რომ კარგი და ხარისხიანი გავაკეთოთ. ვნახოთ, რა გამოვა, ნელ-ნელა მივიწევთ წინ მე და მარიამი.
– როგორც ვიცი, სხვადასხვა დიჯეისთანაც თანამშრომლობ.
– პირველად საერთო პროექტები დიჯეებთან დავიწყე. ძალიან მიყვარს ელექტრონული მუსიკა და სულ მქონდა რაღაცის გაკეთების სურვილი. მინდოდა, დიჯეი და ვოკალი ერთად ყოფილიყო. თავიდან დიჯეი დუდა ჩიქოვანთან მქონდა საერთო პროექტი, კიდევ – ათუკა ედიშერაშვილთან და სხვა დიჯეებთან. ჩვეულებრივად, დიჯეი მიგზავნის ტრეკების რაოდენობას, საიდანაც იქმნება საათ-ნახევრიდან ორ საათამდე ხანგრძლივობის სეტი; მერე ვწერ მუსიკას, ტექსტებს და ვადებ ამ ტრეკებზე; შემდეგ ამას ლაივში ვმღერით სხვადასხვა ადგილებში, კლუბებში. მოწვევა გვაქვს ხოლმე სხვადასხვა კლუბიდან. კლუბ „მედუზაში“ ვიყავით, მაგრამ, იქიდან წამოვედით. ახლა სხვა კლუბებიდან გვაქვს მოწვევები, თუმცა, არა მარტო კლუბებიდან, არამედ, ლაუნჯ ბარებიდან, ტერასებიდან და ასე შემდეგ. მაგრამ, ეს არ არის სუფთა ჩვენი პროდუქტი. ჩემი კია – მე ვწერ მელოდიას, ტექსტებს, მაგრამ, როგორც გითხარი, დიჯეი მიგზავნის ტრეკებს, რომლებიც სხვა მუსიკოსებისაა. ახლა ვფიქრობ, ისეთი გავაკეთოთ, რომელიც მთლიანად ჩვენი იქნება, ანუ, ელექტრონული მუსიკაც იყოს ქართველი დიჯეის შექმნილი და, მუსიკა და ტექსტიც – თავისთავად.
– შენი მთავარი მიზანი რა არის?
– რომ გითხრა, იმით ვკმაყოფილდები, რაც მაქვს, მაგალითად, კლუბში სიმღერით-მეთქი, ასე არაა. იცით, რა არის? საქართველოა, ბოლო-ბოლო და, აქ არაფერი არ ხდება, მკვდარია ეს შოუ-ბიზნესი თუ, რაც ჰქვია და როგორც ჰქვია. არ მაქვს ძალიან დიდი იმედები. უბრალოდ, ამ ბოლო დროს ამოიქოქა რაღაცეები – უფრო ხშირად ტარდება ფესტივალები ელექტრონული მუსიკის განხრით. კარგი იქნებოდა, თუ მასში მივიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა კარგ და ცნობილ მომღერალთან თუ არა, მათ გვერდით მაინც – ეს ძალიან მინდა.
– რომელ მუსიკოსთან თანამშრომლობა გინდა ყველაზე მეტად?
– ელექტრონული მუსიკა არის მთლიანად ჩემი. მოდერატთან ჩავწერდი დიდი სიამოვნებით, ანუ, ჩემს ვოკალს დავადებდი, დუეტს გავაკეთებდი. ისე, რომ ვთქვა, რომ ვინმე კონკრეტული კუმირი მყავს, რომელსაც ვეტრფი და ვაღმერთებ-მეთქი, ასე არ არის. მელომანი ვარ და ყველაფერი ხარისხიანი და გემოვნებიანი მომწონს.
– მასშტაბურ შოუებში მონაწილეობის მიღებაზე არ გიფიქრია?
– არ ვაპირებ არცერთ პროექტში მონაწილეობის მიღებას. არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, რა სისულელეა, ყველას თავისი სურვილი და მიზნები აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, ამ პროექტებით ბევრს ვერ მიაღწევ. მთავრდება პროექტი და, მერე, რა? – მთავრდება ყველაფერი, იმის იქით აღარაფერია. დიდი-დიდი, პროექტის მონაწილემაც გააკეთოს ის, რასაც ვაკეთებ მე, ანუ, რომელიმე კლუბში იმღეროს.
– პირად ცხოვრებას დავუბრუნდეთ. 15 წლის გავთხოვდიო...
– 15 წლის გავთხოვდი და 17 წლის ვხდებოდი, შვილი რომ შემეძინა. საკმაოდ პატარა ასაკია. ჩემი შვილი ახლა 14 წლისაა და, იგივე რომ გამიკეთოს, რაღაც, არა მგონია, ამით კმაყოფილი დავრჩე. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, უკვე მე თვითონაც მიკვირს, მაგრამ, მაშინ სხვა იყო – არ ვიცი, ალბათ, სიყვარული. ხომ ხვდებით, ისეთი ასაკია ეს თხუთმეტი წელი, როდესაც მეტი პროტესტის გრძნობა გაქვს, თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებ, – ალბათ, ეს მომენტები იყო, თუმცა, სიყვარულიც იყო. ჩემთვის არავის არაფერი დაუძალებია, ყველაფერი მოხდა, ასე ვთქვათ, სიყვარულით.
– როგორც ვიცი, პირველი ოჯახი დაგენგრა. ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– დიახ, პირველი ოჯახი დამენგრა, მეორედ შევქმენი ოჯახი და, რა ვიცი, ბედნიერი ვარ. კარგად ვგრძნობ თავს და, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
– უკვე დიდი შვილი გყავს. ალბათ, დედა-შვილად ნაკლებად აღგიქვამენ.
– ჰო, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში ძალიან გაიზარდა. უცებ ისეთი დიდი გახდა, მეც რომ ვუყურებ, ვერ აღვიქვამ. მეგობრებივით ვართ. დედაშვილური გრძნობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ, ერთმანეთს უფრო ვემეგობრებით. კარგი გოგოა ძალიან, მიჯერებს და მეც კმაყოფილი ვარ.
– მუსიკალური ნიჭით დედას ხომ არ ჰგავს?
– სხვათა შორის, ძალიან კარგად მღერის. ადრე ცეკვავდა კიდეც ქართულ ხალხურ ცეკვებს, მერე ცოტა მოგვიპუტკუნდა და ცეკვას თავი დაანება. ფანტასტიკური ხმა და სმენა აქვს, მაგრამ, ჯერ თვითონაც არ იცის, საერთოდ რა უნდა, არჩევანი არ გაუკეთებია. ჯერ სკოლაში ვსწავლობთ და, მერე რა იქნება, ვნახოთ.