რამდენი თანამშრომელი დააჯილდოვა ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა პარიზში მოგზაურობით რუსთაველის თეატრში გამართულ საზეიმო საღამოზე
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიმართა გამოჩენილი დასტაქრისა და მეცნიერის, აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის 125 წლისთავისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ ქართული სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და „ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე. საღამოს რეჟისორი გახლდათ ნიკა შველიძე, ხოლო მუსიკალურად გააფორმა ნიკოლოზ რაჭველმა. მუსიკალური ნომრები შეასრულა ორკესტრმა „ჯორჯიან ბრასმა.“ ასევე, მონაწილეობდნენ ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი. საღამოს შესახებ ვესაუბრეთ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, თეა გამეზარდაშვილს.
თეა გამეზარდაშვილი (ქირურგიის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრი): ამ თარიღის აღნიშვნა ჯერ კიდევ 2011 წელს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის შესყიდვიდან ძალიან მალე გადაწყვიტა „ავერსის“ დამფუძნებელმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ.
მრავალწლიანი ისტორიის მქონე ქირურგიის ინსტიტუტი ამ დროისთვის წარმოადგენდა 70-იან წლებში აშენებულ შენობას, რომლის ვერც ერთი სტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებდა. კლინიკის იმჟამინდელი იერსახე არ იძლეოდა ამ თარიღის ღირსეულად აღნიშვნის საშუალებას. სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, განახლებული კლინიკის პირობებში გაგვემართა ეს საღამო. ეს ორი თარიღი კი მართლაც განუყოფელია ერთმანეთისგან, ისევე, როგორც კონსტანტინე ერისთავის ცხოვრება გადაეჯაჭვა ქირურგიის ინსტიტუტის არსებობას.
ქირურგიის ინსტიტუტი 1946 წელს დაარსდა გრიგოლ მუხაძის მიერ. ეს იყო იმ დროისთვის უნიკალური პროფილის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ორიოდე წლის შემდეგ კონსტანტინე ერისთავი ჩაუდგა სათავეში.
– რაც შეეხება საღამოს, რომელიც რუსთაველის თეატრში, კონსტანტინე ერისთავის 125 წლისთავისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 68-ე წლისთავს მიეძღვნა.
– საღამო წარიმართა უაღრესად თბილ და კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც მოწვეული იყვნენ ჩვენი კლინიკის ამაგდარი თანამშრომლები. შევეცადეთ, მაქსიმალურად მოვფერებოდით თითოეულ მათგანს. ნამდვილად დასაფასებელია მათი ღვაწლი როგორც ინსტიტუტის, ასევე, ქართული მედიცინის მიმართ. ამაგდარი თანამშრომლები დაჯილდოვდნენ „ქირურგიის ეროვნული ცენტრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ სიგელებით და 5-დღიანი მოგზაურობით პარიზში. ესენი არიან: გივი წიწუაშვილი, გიორგი ელისაბედაშვილი, თენგიზ ბოჭოიძე, ავთანდილ ღირდალაძე, ტრისტან ფერაძე, ზურა ხაჟალია, ვახტანგ გაჩეჩილაძე და დალი გორდეზიანი.
– ქალბატონო თეა, რას გვეტყვით კლინიკის დღევანდელობის შესახებ?
– ჩვენ ერთად ვიშრომეთ სამი წლის განმავლობაში და ძირეულად შევცვალეთ ინფრასტრუქტურა, შევიძინეთ მილიონობით ლარის სამედიცინო აპარატურა, დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები, ავამუშავეთ ახალი სერვისები. დღეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია ყველა ქირურგიული დარგი: ზოგადი ქირურგია; სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგია; პროქტოლოგია; უროლოგია; გინეკოლოგია; ტრავმატოლოგია; ენდოკრინული ქირურგია; ოტო-რინო-ლარინგოლოგია; ყბა-სახის ქირურგია; ნეიროქირურგია; ოფთალმოლოგია; ონკოლოგიური ქირურგია; ჩირქოვანი ქირურგია. გარდა ამისა, განვავითარეთ შინაგანი მედიცინის სხვა დარგებიც: თერაპია, კონსერვატიული კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, ჰემატოლოგია. წარმატებით ფუნქციონირებს ნეფროლოგია და ჰემოდიალიზის სამსახური.
დამფუძნებლის მხრიდან განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა ინვესტიციებმა შესაძლებელი გახადა სერვისების ჩქარი ტემპით განვითარება. კლინიკა განახლდა, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, გაფართოვდა სერვისები. თუმცა, ჩვენი პრიორიტეტი იყო და დღესაც რჩება ქირურგიული დარგების განვითარება. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვაცხადებთ, რომ ამჟამადაც ვინარჩუნებთ ხარისხის მაღალ სტანდარტს და ჩვენი ქირურგები კვლავ დიდი წარმატებით ასრულებენ ამ ოპერაციებს. 2011–2014 წლებში ცენტრში ჩატარდა 20 688 ოპერაცია, მათ შორის, ისეთი სირთულის ოპერაციები, როგორიცაა: პანკრეატოდუოდენალური რეზექცია, ლაპარასკოპიული სლივგასტრექტომია, ლაპარასკოპიული სიმოიდური კოლინჯის რეზექცია, რეკონსტრუქციული ოპერაციები სანაღვლე გზებზე და ასე შემდეგ. კლინიკაში ფართოდაა დანერგილი ლაპარასკოპიული ქირურგია, რომელსაც წარმატებით ფლობს ქირურგთა აბსოლუტური უმრავლესობა და ურგეტული ოპერციებიც კი ტარდება ლაპარასკოპიული მეთოდით. ქირურგიული ჩარევებისთვის ფუნქციონირებს ოთხი საოპერაციო ბლოკი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უახლესი აპარატურით. ცენტრში ტარდება ურთულესი ოპერაციები პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ სისხლძარღვთა ქირურგიაში. გვაქვს გამართული ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი, სადაც წარმოებს ყველა ტიპის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური ოპერაცია. კლინიკაში განვითარდა კონსერვატიული და ოპერაციული გინეკოლოგია. სრულად მიეწოდება ყველა გინეკოლოგიური სერვისი, ხოლო ოპერაციების უმეტესობა ხორციელდება ლაპარასკოპიული მიდგომით. ცენტრში ფუნქციონირებს ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარატამენტი. თვის განმავლობაში ჰემოდიალიზის დაახლოებით 1 500 სეანსი უტარდება 125 პაციენტს თირკმლის ქრონიკული უკმარისობით. წელს განახლდა ტრანსპლანტაციის ოპერაციები, წარმატებით დასრულდა თირკმლის გადანერგვა, მზადდებიან ახალი წყვილები. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აღორძინდა ნეიროქირურგია. ცენტრში ფუნქციონირებს 28 საწოლზე გაშლილი ზოგადი რეანიმაცია, რომელიც თავისი სტანდარტებით აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქირურგიული და სხვა სამედიცინო სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის საქმეში.
ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ნაწილი. მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი ისტორიული განაყოფი, რომელიც, შეიძლება ითქვას, დაბრუნდა მშობლიურ წიაღში და ყოველღიურად ათობით პაციენტი გადის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას. კლინიკა აღჭურვილია იაპონური ციფრული რენტგენის „შიმაძუს“ ფირმის უახლესი აპარატით, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა. წელს შევიძინეთ ახალი კომპიუტერული ტომოგრაფი, იაპონური 16-შრიანი „ტოშიბა აკვილიონ არიქსელი“. ახალი ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური აპარატურის გამოყენებით, კერძოდ, OLIMPUS-ის უახლესი მოდელებით – „ვიზერა პრო“ და EGZERA 170. ფართოდ ინერგება ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები.
ცენტრში ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ლაბორატორია; ყველა კვლევა მიეწოდება 24-საათიან რეჟიმში, ლაბორატორიის გარე კონტროლი კი ხორციელდება გერმანიაში. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა დამფუძნებლის, ბატონ პაატა კურტანიძის მკაფიო გადაწყვეტილება, აეღორძინებინა ქირურგიის ეროვნული ცენტრი, როგორც ქართული მედიცინის ერთ-ერთი მექა. მან დიდი გონიერებისა და შრომის ფასად მოახერხა, შეექმნა კორპორაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართულია, დაწყებული კაპიტალით, დამთავრებული – პროდუქტით. ამ კორპორაციაში დღეს 9 000-მდე თანამშრომელი მუშაობს. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს სეფსისის ცენტრის აღმშენებლობა, პოლიკლინიკების რეკონსტრუქცია, ფარმაცევტული საწარმოს, სადაზღვევო კომპანიის, 20-მდე დიდი და მცირე კლინიკის გამართული ფუნქციონირება.
ექიმისთვის იმაზე მეტი სიამოვნება არ არსებობს, ვიდრე გადარჩენილი ავადმყოფის მადლიერ თვალებში ჩახედვა. უფალმა მოგვმადლა ეს პროფესია და ჩვენი კლინიკის კედლებსაც ბევრი ასეთი ავადმყოფი ახსოვს. მედიცინაში კადრები წყვეტენ ყველაფერს და ჩვენ ნამდვილად ვართ ის ადამიანები, რომლებსაც ერთად დიდი საქმეების კეთება შეუძლიათ... ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთად კი შეუძლებელს შევძლებთ!