რა ოდენობის კომპენსაციის გაცემა მოუწევს სახელმწიფოს სურსათის ფასების 2007-2008 და 2010-2011 წლების შოკის განმეორების შემთხვევაში
იმის შესახებ, რომ მსოფლიოს, ერთი მხრივ, კლიმატური ცვლილებების, მეორე მხრივ, დედამიწის მოსახლეობის ზრდის გამო საკვების დეფიციტი ემუქრება, გაერომ უკვე გაგვაფრთხილა, ხოლო განვითარებულმა ქვეყნებმა ამ საფრთხის პრევენციისთვის ღონისძიებებიც კი დასახეს. გასულ კვირას კვლევითმა ცენტრმა „პი ემ სიმ“ კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები გაგვაცნო. კვლევის თემა შემდეგნაირია: საკვების გლობალური ფასების შოკის გავლენა ქართველ მომხმარებელზე. შესაბამისად, თემაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ქართველ მომხმარებელზე მსოფლიო ბაზარზე საკვებ პროდუქტებზე ფასის ზრდა, თუკი 2007-2008 და 2010-2011 წლების საკვები პროდუქტების ფასების შოკი (ანუ მატება) განმეორდება, ჩვენს შეკითხვებს კვლევითი ცენტრის, „პი ემ სის“ სპეციალისტი ლექსო ბლუაშვილი უპასუხებს.
– ბოლო წლებში რა ტენდენცია შეინიშნება მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასების თვალსაზრისით?
– 2007 წლამდე საკმაოდ სტაბილური მდგომარეობა იყო მსოფლიო ბაზარზე. გარკვეული რყევა შეიმჩნეოდა, თუმცა მეორადი ხარისხის და ისეთი შოკი არ მომხდარა, როგორიც 2007-2008 წლებში, როდესაც 2-3-ჯერ გაიზარდა სხვადასხვა ტიპის საკვების ფასები.
– გლობალურ ეკონომიკური კრიზისის გამო?
– უფრო არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გამო, მარცვლეულის მოსავალი შემცირდა და დანაკარგები განიცადეს მწარმოებელმა ქვეყნებმა, თუმცა 2007-2008 წლების კრიზისის შემდეგ მალევე დაუბრუნდა საწყის ფასებს მარცვლეულის ღირებულება, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამ მაღალ ფასებს მწარმოებლებმა პროდუქციის რაოდენობის გაზრდით უპასუხეს. მაგრამ 2010-2011 წლებში საკვები პროდუქტების ფასების განმეორებითი შოკი მოხდა. ესეც კლიმატურ პირობებს უკავშირდებოდა. ასევე იმასაც, რომ ბოლო წლებში საკმაოდ გააქტიურდა საკვები პროდუქტების აქციებით ვაჭრობა, პოპულარული გახდა მარცვლეულის აქციები და, ამდენად, სპეკულაციაც ფასების შოკის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა. ამასთან, განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტად არიან ჩართულები გლობალური საკვებით ვაჭრობაში, უფრო მეტ იმპორტს ვახორციელებთ. რადგან გლობალურ ვაჭრობაში ინტეგრაცია გაზრდილია, ამას ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის შესაძლოა, ორი სახეობის შედეგი ჰქონდეს: პირველი, რომ უფრო დივერსიფიცირებული იყოს მენიუ და მეორე, გლობალური ფასების მიმართ ადგილობრივი ბაზარი უფრო მგრძნობიარე ხდება.
– რამდენად ადეკვატურად შეესაბამება საკვებ პროდუქტებზე მსოფლიო ფასები საქართველოს ბაზარზე არსებულ ფასებს?
– ჩვენი კვლევის მიზანი იყო არა ის, არის თუ არა მსოფლიო ბაზრის ფასების შესაბამისი ქართული ბაზარი, არამედ, როგორ რეაგირებს ჩვენი ბაზარი გლობალური ფასების რყევაზე. აბსოლუტური ფასები არ შეგვიდარებია, შევადარეთ რამდენიმე პროდუქტის ფასები: ხორბლისა და შაქრის.
– რის მიხედვით შეარჩიეთ ეს პროდუქტები?
– ეს პროდუქტები უფრო მნიშვნელოვანია ქართველი მომხმარებლისთვის: პურს მეტი წილი უჭირავს მის დანახარჯებში სხვა საკვებ პროდუქტებთან შედარებით. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ეს ერთგვაროვანი პროდუქტებია. ხორბალი სულ რამდენიმე ტიპისაა მსოფლიოში და ფასების შედარება უფრო მარტივია, რძისა და ხორცპროდუქტების მეტი ნაირსახეობაა და ამიტომ შედარების შესაძლებლობა ნაკლებია. ამდენად, გამოვიდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხორბლისა და შაქრის ფასები საკმაოდ მგრძნობიარეა გლობალური შოკების მიმართ. მაგალითად, თუკი ერთი პროცენტით გაიზრდება ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე, ვგულისხმობ ამერიკულ ხორბალს, ქართული ხორბლის ფასი, დაახლოებით 0,15 პროცენტით იმატებს, ანუ შოკის, საშუალოდ, 15 პროცენტი გადმოდის ქართულ ბაზარზე.
– ბუნებრივია ბაზრის ასეთი რეაქცია?
– სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ზომით გადაეცემა ფასების შოკი, გააჩნია, რამდენადაა დამოკიდებული ეს ქვეყანა იმპორტზე, რამდენად აკმაყოფილებს ამა თუ იმ პროდუქტით საკუთარ თავს, აქვს ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი თუ ჩატეკეტილია და ასე შემდეგ; ამდენად, უამრავი ფაქტორი ახდენს ამაზე გავლენას. ასე რომ, ამ მხრივ, ცნება „ბუნებრივია“ არ არსებობს.
– ეს შეკითხვა იმიტომ დავსვი, რომ, მაგალითად, ნავთობიმპორტიორების შემთხვევაში, როდესაც საწვავზე მსოფლიო ფასები დაბლა იწევს, ჩვენი ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ ჯერ ძვირად ნაყიდი უნდა გაყიდონ და შემდეგ პარტიას გააიაფებენ, ამასობაში კი საწვავი ისევ ძვირდება მსოფლიო ბაზარზე.
– ხორბლის იმპორტიორები გარკვეულ მარაგებს აგროვებენ, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ მცირე ზომის შოკები მომხმარებელს არ აგრძნობინონ. თუმცა, თუ განმეორდება ფასების ისეთი შოკი, როგორიც 2007-2008 და 2010-2011 წლებში იყო, მაშინ უკვე ეს მარაგები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მსგავსი ზომის შოკი ავირიდოთ.
– შაქრის გაძვირებაზე როგორ რეაგირებს ქართული ბაზარი?
– შედარებით მეტად ძვირდება, იმიტომ რომ შაქრის იმპორტზე უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ხორბლისაზე. ხორბალზე მოთხოვნის, დაახლოებით, 12 პროცენტს ადგილობრივი წარმოებით ვაკმაყოფილებთ, ხოლო შაქრის შემთხვევაში თითქმის 100 პროცენტით ვართ დამოკიდებულები მსოფლიო ბაზარზე, რადგან არ ვაწარმოებთ. აქედან გამომდინარე, ამ პროდუქტზე ფასების უფრო მეტი ზრდა აღინიშნა: შაქარზე გლობალური ფასის ზრდის, დაახლოებით, 30 პროცენტი გადმოდის ადგილობრივ ბაზარზე.
– ცნობილია, რომ საკვები პროდუქტების გაძვირება გავლენას ახდენს მოსახლეობის დაბალშემოსავლიან სეგმენტზე, იმიტომ რომ მათ ხარჯებში საკვებზე მოდის ყველაზე დიდი წილი. ანუ მსოფლიო ბაზარზე ფასების რყევა სწორედ ღარიბ მოსახლეობაზე მოქმედებს? რომელ ფენას რამდენი პროცენტით აზარალებს?
– ამ კითხვაზე რომ გაგვეცა პასუხი, გავაკეთეთ შოკის სიმულაცია, დავსვით ასეთი კითხვა: 2013 წელსაც რომ ისევე გაძვირებულიყო პროდუქტები, როგორც 2007-2008 და 2010-2011 წლებში, რამდენად დაზარალებოდნენ სხვადასხვა ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ოჯახები. როგორც აღმოჩნდა, 2007-2008 წლების კრიზისი თუ განმეორდება, უფრო მეტად დააზარალებს სოფლად მცხოვრებ ოჯახებს. მაგალითად, 250 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებს დასჭირდებათ შემოსავლის 8 პროცენტის დამატება, რომ მოხმარების იგივე დონე შეინარჩუნონ. 2007-2008 წლების კრიზისის განმეორება ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ქალაქის მოსახლეობისთვის, რადგან, ძირითადად, ისეთ პროდუქტებზე გაიზარდა ფასები, რომელთა მიმართ უფრო მგრძნობიარეა სოფლის მოსახლეობა. მაგალითად: პური, ზეთი, თუმცა ქალაქის მცხოვრებთა დანახარჯებში უფრო მეტი წილი უჭირავს ბოსტნეულს, რადგან ბოსტნეულს თავად აწარმოებენ სოფლად. თან, 2007-2008 წლებში შემცირდა ბოსტნეულის ფასები და ამანაც დააბალანსა ქალაქად მცხოვრებთა დანახარჯები.
2010-2011 წლებში თითქმის ყველაფერზე გაიზარდა ფასები. აქედან გამომდინარე, გამეორების შემთხვევაში დაზარალდება როგორც ქალაქად, ისე სოფლად მცხოვრები მოსახლეობა. მაგალითად, 300 ლარამდე შემოსავლის მქონე სოფლად მცხოვრებ ოჯახს დასჭირდებოდა დანახარჯების 11 პროცენტის დამატება, იგივე მოხმარება რომ შეენარჩუნებინათ. ხოლო იმავე ოდენობის შემოსავლების მქონე ქალაქად მცხოვრებ ოჯახს დასჭირდებოდა დამატებით 10 პროცენტი მოხმარების იმავე დონის შესანარჩუნებლად. თუმცა ქალაქად მცხოვრებ შედარებით უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახებს, 300-დან 700 ლარამდე, უფრო მეტი თანხა დასჭირდებოდა დამატებით, ვიდრე იმავე შემოსავლების მქონე ოჯახს სოფლად, რომ განმეორებულიყო 2010-2011 წლის შოკი.
– რა მიზეზით?
– ამის ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ შეძლებული ოჯახები სოფლად უფრო უკეთ იკმაყოფილებენ საკუთარ მოთხოვნებს. ღარიბ ოჯახებს შედარებით ნაკლები მიწა აქვთ იმისთვის, რომ აწარმოონ პროდუქტი. ამდენად, სოფლად მცხოვრებ უფრო შეძლებულ ოჯახს აქვს საშუალება, იზოლირდნენ ფასების შოკებისგან.
– არადა, 700 ლარი ოჯახისთვის არც ისე დიდი შემოსავალია და მაინც რამდენ პრობლემას ანეიტრალებს, თურმე.
– კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გამოვიკვლიეთ შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები, იმიტომ რომ მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები ნაკლებად მგრძნობიარენი იქნებიან საკვები პროდუქტების ფასების შოკისადმი. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ ქალაქად მცხოვრები მოსახლეობა უფრო მგრძნობიარეა ბოსტნეულისა და რძის ნაწარმის ფასების ზრდის მიმართ, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობა – შაქრის, ზეთის, პურის ფასების ზრდის მიმართ, იმიტომ რომ რძის პროდუქტები სოფლად იწარმოება. ამ კვლევის ძირითადი მიზანი იყო, გამოგვეთვალა, მსგავსი ტიპის ფასების შოკის განმეორების შემთხვევაში, რა კატეგორიის მოსახლეობა რა ოდენობის კომპენსაციას საჭიროებს.
– და რა თანხა გამოვიდა? ზოგადად, რა დამატებით თანხაზეა საუბარი, რომ მოსახლეობამ ვერ იგრძნოს ზრდა ფასების შოკის განმეორების შემთხვევაში?
– 2010-2011 წლის კრიზისი რომ განმეორებულიყო 2013 წელს, 300 ლარამდე შემოსავლის მქონე სოფლად მცხოვრებ ოჯახებს, დაახლოებით, დამატებით 25 ლარამდე დანახარჯი დასჭირდებოდათ. თუ გავითვალისწინებთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ოდენობას და მათ მივცემთ 25-25-ლარიან კომპენსაციას, დაახლოებით, 3 მილიონი ლარის სუბსიდია გამოვა. თუ მოსახლეობის უფრო დიდ ჯგუფზე წავა დახმარება, მაგალითად, მათზე, ვისაც მედიანური მოხმარების 60 პროცენტზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, დაახლოებით, 7 მილიონამდე ლარის დამატებითი თანხის გაღება დაგვჭირდება.
– პრევენცია იქნება ადგილობრივი წარმოების გაზრდა თუ მაინც ფულის დარიგება?
– ეს სხვადასხვა ტიპის გამოწვევაა. სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდა მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოებას გაზრდის, მაგრამ ეს უფრო გრძელვადიანი პროცესია. ხორბლის ან სხვა საკვები პროდუქტის წარმოების გაზრდას დროს სჭირდება. გლობალური ფასების კი ორი თვის შემდეგ აისახება ქართულ ბაზარზე და უფრო მოკლევადიანად აზარალებს ოჯახებს.
– თუ უარყოფითი შედეგისთვის მზად იქნები მუდმივად, ეს ცუდია? მით უფრო, რომ გაეროს პროგნოზით, მოსალოდნელია სურსათის დეფიციტი?
– ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებულია ეს შეფასება. საერთაშორისო სასურსათო ორგანიზაციის პროგნოზით, 2014 წელს ხორბლის პროგნოზირებულზე უფრო მეტი მოსავალი იქნება, იმიტომ რომ მწარმოებელ ქვეყნებში კარგი მოსავალია. ძირითადად, ხორბლის დეციციტი განპირობებულია ხოლმე დროებითი კლიმატური შოკებით და თუ საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, ნაკლებია საფრთხე, რომ მოთხოვნა უფრო მეტი იყოს, ვიდრე მიწოდება.