მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთდროულად – „ილიაუნში“ მომხდარი ტრაგედიის დეტალები
17 ოქტომბერს „ილიაუნის“ C კორპუსში, მეორე სართულზე, 33 წლის ლექტორს, მაკა წივწივაძეს, ყოფილმა მეუღლემ – ლაშა მაღრაძემ, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
წივწივაძე „ბრიტანული საბჭოს“ თანამშრომელი იყო და „ილიაუნში“ ინგლისურ ენას ასწავლიდა.
ლაშა მაღრაძემ ყოფილი მეუღლე აუდიტორიიდან დერეფანში გამოიყვანა და სამჯერ გაისროლა: ორი გასროლით ყოფილი მეუღლე დაჭრა თავის არეში, ერთით კი საკუთარ თავს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. მაღრაძე ადგილზევე გარდაიცვალა, მაკა წივწივაძე კი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ლაშა მაღრაძე მისი მეორე მეუღლე იყო, რომელთანაც ერთწლიანი ქორწინება აკავშირებდა. როგორც მას „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე აქვს მითითებული, ისინი 2013 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ.
გთავაზობთ 7 აგვისტოს პოსტს მაკა წივწივაძის პირადი „ფეისბუქ-გვერდიდან“.
„უცნაურად მიცემს გული, რაღაც მნიშვნელოვანის მოლოდინში რომ ხარ და მოსვენებას რომ კარგავ, ისე... ხვალ დედას გოგო უნდა ჩაეხუტოს დედიკოოს :) P.S. რა შუაშია, მარა, ერთი წელიც შესრულდაო, მეუღლემ შემახსენა :):)”
კიდევ ერთი პოსტი მისი გვერდიდან, თუმცა, ვერ გეტყვით, ზუსტად ვის ან რას ეძღვნება:
2014 წლის 17 მაისი
„სხვები ამ დროს დედას გვაგინებენ, ამას კიდე, პირიდან მილი ამოვაცალეთ თუ არა – ცოლი მინდა, ხალხი არ ხართ, მაკუნა მომიყვანეთო:) არ გადის 5 წუთი, ექთანი შემოდის, „ეს ვინაა, შურიანად მაქცია, ცოლის მეტი სიტყვა არ უთქვამსო“. მთელი ორი საათი ხან ვინ კითხულობდა, მაკა ვინააო და, ხან – ვინ“.
ახლობლების განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
მათი განცხადებით, ლაშა მაღრაძე ორჯერ იყო ნასამართლევი და ამნისტირებული. მაკამ ქორწინების შემდეგ გაიგო, რომ ის ნარკომანი იყო. დაშორების შემდეგ არაერთხელ ჰქონია ადგილი მუქარას, რის შესახებაც წივწივაძემ პოლიციას შეატყობინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, მარია წივწივაძემ რუსთავის პოლიციას 22 სექტემბერს მიმართა. მოხდა გასაუბრება ორივე მხარესთან და შედგა შესაბამისი ოქმი... წივწივაძემ განაცხადა, რომ, სურს, მეუღლემ აღარ შეაწუხოს. 29 სექტემბერს მისი ქმარი პოლიციაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს.
„ილიაუნის“ სტუდენტების თქმით, ყოფილი მეუღლე მაკა წივწივაძეს სხვადასხვა აუდიტორიაში ეძებდა; როცა იპოვა, გარეთ გაიყვანა და დერეფანში ორჯერ ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
„ილიაუნის“ სტუდენტი: „გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილი მეუღლისგან მუქარის წერილებს იღებდა და ახლა სისრულეში მოიყვანა. აუდიტორიასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მე არ დამინახავს. სროლის ხმაც არ გაგვიგონია კარგად. ვიფიქრეთ, რომ ვიღაცამ ასაფეთქებელი ააფეთქა.
თქვეს, ყოფილი ქმარი რომ დაინახა, მაშინვე ჩანთისკენ წაიღო ხელი, სადაც აეროზოლი ჰქონდა და სტუდენტებს დაუძახა – მიშველეთო. როგორც ვიცი, ძალიან კარგი ლექტორი და ადამიანი იყო.
სამი გასროლა იყო: ორი იმ ქალს ესროლა, ერთით კი თავი მოიკლა. ამბობენ, ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა მკვლელობა, შეშლილი იყოო“.