ნარჩენები
„რომელმან შექმნა სამყარო“
რაკი მან შექმნა სამყარო და „გვაქვს უთვალავი ფერითა“, ამ და სხვა მიზეზთა გამო, ჩვენი მყინვარწვერი მნახველთა სიმცირეს არ უჩივის. ხოლო, რადგან არ უჩივის, იქ, ზეცის სიახლოვეს, ადამიანთა თანამდევი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაგავიც უხვად დაგროვილა.
კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზღვის დონიდან 3 653 მეტრზე 9 ტონა ნაგავი შექუჩებულა (ათი წლის განმავლობაში, ვინაიდან, მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორია სულ ბოლოს 2004-ში დასუფთავებულა).
იმის გათვალისწინებით, რომ 3 653 მეტრი სახუმარო სიმაღლე არ არის, ნარჩენები მყინვარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გაუტანიათ, თუმცა დასუფთავების აქციაში მყინვარწვერთან მდებარე ბეთლემის ქოხის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობასაც მიუღიათ მონაწილეობა.
სტატისტიკის თანახმად, მყინვარწვერზე ყოველწლიურად ათასობით მოყვარული და პროფესიონალი მთამსვლელი ადის. ხოლო, მხოლოდ ბეთლემის ქოხს 3 ათასზე მეტი უცხოელი ესტუმრება ხოლმე, რაც, იმ იმედითაც გვავსებს (იმას გარდა, რომ ტურიზმია ჩვენი გამხარებელი), რომ 9 ტონა ნაგავი მთლად საკუთარი ძალებითაც არ დაგვიგროვებია. –