„შავი“ დედინაცვალი
„… საიდანაც ქარი ქროდა“
ნავთობის ფასი ელვის უსწრაფესად ეცემა – გასული კვირის მიწურულს ერთი ბარელის ღირებულებამ 81-84 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან, „ოპეკის“ ინფორმაციით, ერთი ბარელი, საერთოდაც, 70 აშშ დოლარი უნდა ღირდეს. სახელდობრ, ყატარი აცხადებს, რომ წლის განმავლობაში 74 აშშ დოლარიანი ფასის ნიშნულს დაიჭერს ბარელზე.
რაც მთავარია, ამ ამბავს მხარი თვით ირანმაც კი (დასავლეთის მიერ ემბარგოსგან ნაწილობრივ გამოთავისუფლებულმა) აუბა (მანამდე კი მტკიცედ იდგა 100 აშშ დოლარის ვერსიაზე).
ასე რომ, წყალი აღარ გაუვა იმას, რომ ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების შეთანხმება, გაზარდონ მოპოვება, რათა ფასმა 70-მდე დაიწიოს, რეალობად იქცევა. –
რაც შეეხება ირანს: მას მესამე ადგილი უჭირავს „ოპეკში“ ნავთობის მოპოვების მაჩვენებლით და, ამიტომ, როგორც წესი, აქამომდე თავს იკლავდა მოპოვების გაზრდისა და ფასის შემცირების გამო. ამჯერად კი, რაკი სიომ დასავლეთიდან დაჰბერა, ირანმა, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპით არჩია მოქმედება.
თავის მხრივ, „ოპეკის“ წევრები მშვიდად განმარტავენ, რომ წელიწადის ამ დროს ნავთობის ფასის დაწევა ბუნებრივი მოვლენაა (აბა, რფ-ს ჰკითხეთ?!) და დაბალი ფასი დოლარის გაძვირებით კომპენსირდებაო.
მიუხედავად „ოპეკის“ ოლიმპიური სიმშვიდისა, სავარაუდოა, რომ მთლად ასე მშვიდადაც ვერ ექნება ნერვული სისტემა რფ-ს, რადგან, თუ ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარზე ჩამოვა, რფ-ის ისედაც სანქცირებულ ეკონომიკას კარგი დღე არ დაადგება.
ხოლო, ვიდრე მსოფლიო შავ ოქროს ათამაშებს, ჩვენს სამშობლოში მასზე კვლავაც ის ფასია, რაც მსოფლიო ბაზარზე დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებამდე დაფიქსირდა (იმიტომ რომ, ტრადიციულები ვართ!), რაც გულს იმ კაეშნით გვივსებს, რომ არა და არ უჩანს პირი ამ ჩვენს სასაწვავე ქუჩაზე გაზაფხულის შემობრძანებას. ხოლო, თუ ილიას დავესესხები, წუთისოფელს ვინღა ჩივის, ეს ნავთობის ფასებიც კი, ზოგისთვის დედაა, ზოგისთვის – დედინაცვალი. –