ფსონი თუ ფსონის დამდები?!
მიხრჩობა ალერსით
როგორც მოსალოდნელი იყო, რფ-მ აფხაზეთთან გასაფორმებელი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება“ გამოაქვეყნა და აწ თავის პარტნიორებს, ანუ ჩვენებურ სეპარატისტებს ელოდება, როდის მოაწერენ ხელს.
იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული შეთანხმება ალერსში მიხრჩობის მცდელობას ჰგავს, ბუნებრივია, აფხაზები უარზე არიან. მეტიც, შეთანხმების საკუთარ ვერსიას ამზადებენ და უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ, რომლის კონტექსტი შემდეგნაირია: რფ-მ ბიუჯეტის შესავსებად თანხა უნდა გადმოგვირიცხოს, დაგვიცვას ქართველი ფაშისტებისგან, საკუთარი „სახელმწიფოებრივი“ პრობლემები კი თავად უნდა გადავწყვიტოთო.
მაგრამ, რაკი ასე არ ხდება, მართალია, აფხაზები შეთანხმების საკუთარ ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი განმარტავს, რომ „რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გასაფორმებელი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ გადახედვას არ აპირებს.“
ხოლო, არ აპირებს იმ მიზეზით, რომ ის „არანაირად არ უქმნის საფრთხეს აფხაზეთის სუვერენიტეტს“ და უზომოდაა გაოცებული მოკავშირეების პოზიციით.
ჩვენ არ ვიცით, რით დასრულდება ამღიარებლისა და აღიარებულების დავა (სავარაუდოდ, პირველის სასარგებლოდ), თუმცა ეს დავაც და შეთანხმებაც ზემოხსენებული გრიგორი კარასინის იმ განცხადების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, სადაც მან თქვა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებლობაზე მეტად საქართველოსთან კონფედერაცია აძლევთ ხელსო.
თუ გავიხსენებთ, რომ კონფედერაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისმა ჯერ უნდა აღიაროს და შემდეგ გაიერთიანოს კონფედერაციაში ეს ორი სუბიექტი, საიდანაც გასვლა მათ ნებისმიერ წამს შეეძლებათ, საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ დიდი ვაჭრობა დაწყებულია, ოღონდ აი, ის კი აღარ ვიცი, ჩვენ ფსონის დამდების როლი გვაქვს თუ – მხოლოდ ფსონის?! –