რატომ აღებს ფულით სავსე სეიფს ნიკა არაბიძე სიმღერ-სიმღერით და რის გამო სთხოვს მოგებულ მონაწილეებს ასი ლარის სესხებას
„კომედი შოუს” მსახიობი და სახალხო პროექტ „გააცინე და მოიგეს” მონაწილეთა ფავორიტი ჟიურის წევრი – ნიკა არაბიძე, თავისი, დამახასიათებელი, ქუთაისური იუმორით, ყველას უყვარს. როგორც თავად ამბობს, იუმორი ადამიანს ცხოვრებას უადვილებს და ზოგჯერ, გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაძვრენის კარგი საშუალებაცაა. დამეთანხმებით, ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი, ხალასი იუმორი აქვს და ამ კუთხის წარმომადგენლებიც, თავისი კუთხის დიალექტით, ბევრ სასაცილო და კურიოზულ ამბავს, ანეკდოტივით ყვებიან. „გააცინე და მოიგე” სწორედ ის შოუა, სადაც ნებისმიერს შეუძლია, გამოავლინოს თავისი ნიჭი, გააცინოს ჟიური, დარბაზში თუ ტელეეკრანთან მჯდომი საზოგადოება და გარკვეული თანხა მოიგოს.
ნიკა არაბიძე: მიხარია, რომ „გააცინე და მოიგე” ასეთი სახალხო პროექტი გამოვიდა და ბევრს აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს, მოგვიყვეს სასაცილო ამბები და ამაში, გარკვეული, დამსახურებული თანხა მოიგოს. ბევრია იუმორის ნიჭით დაჯილდოებული. ანეკდოტი თუ ამბავი, ისე შეუძლია მოყვეს, ბევრი გაცინოს. თუმცა, ეს ადამიანები, ახლობლებისა და სანათესაო წრეში ახერხებენ ამას. „გააცინე და მოიგე” კი ის გადაცემაა, სადაც ეს იუმორი ფასდება ფულით და თუ გაქვს შენი თავის იმედი, რატომ უნდა შეიკავო თავი? მოკლედ, ასეთი ადამიანებისთვის, ეს გადაცემა არის შანსი, წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი, გაგვაცინონ, საზოგადოებას დაამახსოვრონ თავი და სახლში ფულიც წაიღონ. სხვათა შორის, მახარებს, რომ ჩვენთან, გადაცემაში, ახალგაზრდებიც მოდიან და ასევე, ხანდაზმულებიც.
– ყველაზე ასაკოვანი, რამდენი წლის იყო, რომელმაც ხუმრობა-ხუმრობაში, თანხა მოიგო?
– მახსოვს, 86 წლის ადამიანი მოვიდა და კარგადაც გვაცინა. თუ არ ვცდები, 200 ლარი მოიგო. მართალია, ხანშიშესულები თავის ასაკთან შესაბამისად, კომუნისტურად ხუმრობენ. შეიძლება, ეს ახალი თაობისთვის არ არის სასაცილო, მაგრამ ჩვენ ხომ საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ? (იცინის) თუ იმ დროს არ ხარ ნაცხოვრები, არ გაგეცინება იმდროინდელ სახალისო ამბავზე. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც იუმორს პატივს სცემენ და ამ მხრივ ნიჭიერებიც ვართ. ამერიკული და ინგლისური ხუმრობები ქართველებში არ „ჭრის”, მაგრამ იქ კი „იხევიან” სიცილით. იქაური იუმორი ცოტა სერიოზულია.
– სერიოზული იუმორი როგორ გავიგოთ?
– სასაცილო რომ არ არის, მაგრამ, სხვა გზა არ გაქვს და ზრდილობისთვის გეცინება. მე ასეთი სერიოზული იუმორი არ მიყვარს და ჩემთვის მიუღებელია.
– დაკვირვებული ვარ, უმეტეს შემთხვევაში, როცა ჟიურიში ზიხარ, პირველ ტურში, ანუ როცა ადამიანს 50 ლარის მოგების შანსი აქვს, თუ არ იცინი, იღიმი მაინც, რომ იმ ადამიანს გული არ დაწყვიტო და თანხა მოაგებინო. თუ, ვცდები და მეჩვენება?
– მე ჩემი სტრატეგია მაქვს – 50 ლარზე ყველას ვუღიმი (იცინის). დამიჯერეთ, კამერების წინ რთულია გამოსვლა და ზოგს შიში აქვს, სუფრასთან ყველაფერი ადვილია. ამიტომ, ასეთ ადამიანს გამხნევება სჭირდება. არ დამავიწყდება, პირველი ადამიანი, ვინც 1 000 ლარი ერთი ტრაქტორის ისტორიით მოიგო. ასევე, ამირან ბატონი თერჯოლიდან, რომელმაც ბევრი გვაცინა და 1 000 ლარი მოიგო. ახალგაზრდებს, უფრო „სხარტულების” მოყოლა უყვართ, რომელიც ძალიან მომწონს და კარგადაც გამოსდით. მამახსოვრდება მათი ნათქვამი.
– ისე თუ ყოფილა, გეცინება, გულში ხარხარებ, მაგრამ სახეზე ცდილობ, არ შეგემჩნეს ღიმილი?
– დამიჯერეთ, თუ მეცინება, ეს სახეზეც მემჩნევა და არასდროს შევიკავებ თავს. ერთი ჩემი რაიონელი იყო მოსული გადაცემაში, კარგად ვიცნობ. 400 ლარი მოიგო, გააგრძელა თამაში და წააგო. კი ვიცნობ იმ კაცს, მაგრამ რა ვქნა, აღარ გამეცინა და ძალით ხომ ვერ მოვაგებინებდი? ზურგს უკან შეიძლება, კი მაგინებენ, მაგრამ რა ვქნა, მე ობიექტური ვარ! მოთამაშე რომ წინასწარ მეუბნება, გაიცინეო, ცოტა უხერხულია. ისევე, როგორც, რომ მეუბნებიან, ძალით არ იცინიო. ყველას ვეუბნები ხმამაღლა: ჩემი ღიმილი 50 ლარი ღირს, ჰა ბურთი და ჰა მოედანი, მეტი რა ვქნა? (იცინის) სხვათა შორის, ზოგ მონაწილეს, „ქრთამი” მოაქვს და რომ მთავრდება გადაცემა, ხან ხაჭაპური მხვდება კულისებში, ხან ჭაჭის არაყი, ხან ხილი და ხან ჩურჩხელა. თუმცა, დამიჯერეთ, მართლა არ ვიცი, ვისი მოტანილია, არ ვკითხულობ. მე გემო მკითხეთ და გამკეთებელს რას დაეძებთ? (იცინის) ვხუმრობ ხოლმე, წინასწარ არ ვიცი, ვის რა მოაქვს და თუ წაგებულის მოტანილია და ვჭამ, არ შემომიკურთხოთ, თუ ძმა ხარ, ყელში არ გამეჩხიროს-მეთქი (იცინის). ბევრი მონაწილე წასულა განაწყენებული და მეც ბევრჯერ დამწყვეტია გული, ფული რომ ვერ მოუგიათ, მაგრამ რას ვიზამთ, ეს შოუა. არ არის დადგმული და თუ არ მეცინება, ძალით ხომ ვერ გავიცინებ? გამოგიტყდებით, რადგან „გააცინე და მოიგეს” ჟიურის წევრი ვარ, წინასწარ, კულისებში, არც ერთ მონაწილეს არ ვხვდები. ვცდილობ, თავი ავარიდო და გადაცემის ჩაწერამდე არ ვნახო.
– რა გრძნობაა, ხელფასი რომ ჯერ არ გეკუთვნის, შოუში ვიღაც იგებს თანხას, შენ აღებ სეიფს და სიმღერ-სიმღერით, უთვლი ფულს?
– (იცინის). თავს ვიმხნევებ და იმიტომ ვაღებ სეიფს სიმღერ-სიმღერით, თან, თუ ათას ლარს ვაძლევ მოგებულს, ჩუმად ვეუბნები, ხელფასამდე ასი ლარი მასესხე-მეთქი (იცინის).
– მერე გასესხებენ ხოლმე?
– ვითომც არ გაუგიათ (იცინის). დამიჯერეთ, მართლა გულით მიხარია, როცა ადამიანი დამსახურებულად იგებს თანხას. აბა, ჩემი ჯიბიდან რომ ვაძლევდე, არა მგონია, ცხოვრებაში გაცინებული მნახოთ. ყოველდღე თითს მოვიყოლებ კარებში, რომ გავმწარდე და არ გამეცინოს (იცინის). მიხარია და მთავარია, რომ ბევრი უყურებს ამ პროექტს და მოსწონთ. ვფიქრობ, „გააცინე და მოიგემ” გამოახალისა სატელევიზიო ეთერი და დაძაბული ინფორმაციით გადაღლილი ხალხი. ცოტა ხნით მაინც ახერხებს გაცინებას თუ არა, გაღიმებას მაინც. ეს ყველაზე სახალხო პროექტია და ფაქტია, საზოგადოებას მოსწონს.
– ზოგადად, შენი აზრით, საქართველოს რომელი კუთხის იუმორია ყველაზე სასაცილო, დამახასიათებელი და ხალასი?
– სუბიექტურად თუ ვისაუბრებთ, იმერული იუმორია ყველაზე მაგარი, ობიექტურს კი, ნუ მკითხავთ (იცინის). კახური იუმორიც მომწონს, ცოტა „პახაბნურია”, მაგრამ თუ კახელი ყვება, უხდება. კახელმა რომ მოყვეს კახური ანეკდოტი და იმის მაგივრად, ერთი გვარიანად დედა არ მოიკითხოს და თქვას „ამის დედა ვატირეო”, არ მოუხდება და არც სასაცილო იქნება. მამაპაპურად შეგინება, ყველას კი არ უხდება? აი, კახურ იუმორზეა მორგებული. მე თუ მკითხავთ, კახელებს „პახაბნური” იუმორი აქვთ, გურულებს სხარტი და მახვილგონიერებაზე მორგებული, იმერული – ცოტა კლასიკური, მარტივად მოფიქრებული და გასაგები, სვანური – ცოტა მკაცრი, რომ უსმენ და თან გეშინია, ანუ ნაჯახივით, რაჭული იუმორი კი – ცოტა დაგვიანებული (იცინის). აი, კახურ ანეკდოტს უხდება მიხო და მარო, იმერულს – ნაზიკია და ჭიჭიკია და ეს სახელები რომ შეცვალოთ კუთხურობის მიხედვით, არ იქნება სასაცილო. აბა, იმერელი მიხო და მარო, ან კახელი ჭიჭიკია და ნაზიკია, ვის გააცინებს? თუმცა, ყველა კუთხის იუმორს ვაფასებ. მეგობრები მყავს ზესტაფონში და იქ რომ ჩავდივარ, იმდენს ვიცინი, სუნთქვა მეკვრება, გვერდები მტკივა და ხშირად სუფრიდან ავმდგარვარ, გავსულვარ, რომ აღარ შემეძლო სიცილი. კახეთშიც და სვანეთშიც მიცინია და ბევრი მიხალისია, გააჩნია როგორი ტიპაჟია ადამიანი და რანაირად ყვება ამბავს.