ჩემია „ლეჟანკა“, ბიძია!
სამტრედიაში ვართ მორიგ გასტროლებზე. ერთ-ერთ სოფელში გახლდით.
ვდგამთ პიესას „სტუმარ-მასპინძელი“. იმ სპექტაკლში თავადის როლს ვასრულებდი.
თავადებს, მოგეხსენებათ, ტახტები ედგათ ოჯახში. ტახტზე დაგორდებოდნენ ხოლმე და ნებივრობდნენ.
დიდი ბჭობა-მსჯელობის შემდეგ „საპაეზდკოდ“ ტახტის მაგივრად – გადავწყვიტეთ, „ლეჟანკა“ წამოგვეღო, გადავაფარებდით ფარდაგს და...
ერთ-ერთ სოფელში გვაქვს სპექტაკლი და გაგვიტყდა „ლეჟანკა“ – ძალიან რომ ჩავეხეთქე წინა დღით გვარიანად ნასვამი.
– რაღა ვქნათ ახლა?
აღარაა „ლეჟანკა“. არადა, სპექტაკლი თუ წარმოდგენაა საღამოს. მოკლედ, „ლეჟანკის“ პრობლემა გაჩნდა.
ჩვენ აბსოლუტურად „ულეჟანკო“ მდგომარეობაში ვართ, კაცო!
როგორც სოფლებში იციან, 6 საათზე ჟივილ-ხივილით მოასკდნენ ბავშვები კლუბს: – შემიშვი, ბიძიკონა, შემიშობ?
აზრი მდგომარეობამ მიკარნახა. ამოვარჩიე ერთი ძალიან „მოხვეწარი“, ცისფერთვალება ურიჟესი ბიჭი.
– ხომ გინდა, ჩვენს წარმოდგენაზე დასწრება?
– რავა არ მინდა... მინდა, აპა, არ მინდა?
– რა გქვია შენ? – „ვაბამ“.
– ვარლამა, – თქვა ბავშვმა.
– ვარლამი, ხომ?
– არა, ვარლამა, – ჯიუტად არ მემორჩილება ბავშვი.
– ნუ, როგორც არის... ჩემო პატივცემულო ვარლამ, შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ?
– ვარ, აპა არ ვარ? – გაიშტიმა ვარლამა.
– ლეჟანკა გექნება შენ სახლში.
– ლეჟანკაც მაქ და მატოციკლეტიც! – იუკადრისა ბავშვმა.
– მე რომ შენ უფულოდ შეგიშვა, ამეღამ წარმოდგენაზე, რა უნდა ქნა, თუ იცი?
– რა? – დაინტერესდა ვარლამა.
– აბა, მიხვდი!
– მამაჩემს ჩაიში ან ყურში მარილი არ უნდა ჩოვუყარო ხოლმე?
– არა (შევშინდი) – კეთილშობილო ბავშვო, როგორ შეიძლება მამას ყურში მარილი ჩაუყარო... დავუშვათ და გაგაბრიყვა განგებამ და ჩაუყარე, ვთქვათ, ისე... (ყურში – ჩაიში არა!)
– მერე? – გამომცდელი, ჭროღა თვალებით მიყურებს ბიჭი.
– ძალიან ბევრი უნდა ჩაუყარო, თუ არა, ადგება, ადგება და მერე...
– რა გინდა, ბიძია? – გამომცდელად მიყურებს ბავშვი.
– ლეჟანკა... ლეჟანკა მომიტანე სახლიდან.
– ოთხი ძმაკაცი მომყავს...
– მოსულა... დავურტყი ხელი ხელზე.
ბავშვი გატანტალდა და ზუსთად 15 წუთში „ლეჟანკა“ მომირბენინა.
– აგაშენა ღმერთმა. წინა რიგში 10, 15, 18 და 2 სკამი თქვენია – დავდევი „ხელშეკრულება“. რაც პირნათლად შევასრულე და სპექტაკლიც დაიწყო.
შემოვდივარ შეზარხოშებული თავადი. მეორე მოქმედებაა და უნდა გავგორდე ტახტზე ახლა.
ამ ნათხოვარ „ლეჟანკაზე“, თურმე, ვიღაცას ფეხი „წკიპზე“ დაუკიდებია და გავადინე ლაწანი ჩემი „ლეჟანკიანად”.
იხუვლეს დარბაზში. რა იციან, მე რა ჭირში ვითაქები.
– ვაიმე! – იყვირა „პატრონმა“ ბოვშმა, – დედა, რაღა ვქნა ახლა მე! გამიტეხა ლეჟანკა ამ თავგასიებულმა არტისტმა. არც იციან სახლში, რომ წამევიღე!
ამოხტა სცენაზე და... აირია მონასტერი.
– მემეცი ჩემი ლეჟანკა აქანაა! – ყვირის ბავშვი.
– ე ბიჭო, მაცალე, დეიხუროს ეს ოხერი ფარდა.
– ჩემი ლეჟანკა მემეცი! აფირისტო დიდთავა შენ!
შევრცხვი კი არა, მიწა გამისკდეს, ის მინდა:
– მაცალე, ჯერ ხანჯალი არ დოურტყამთ! – ვუჩურჩულე ბავშვს. – ესმის?
– ჩემი ლეჟანკა მემეცი და თუ გინდა, სულიც გაგიცხია!
– ეგაა, ბიჭო, ძმობა? ტყუილა შემოგიშვი, უფულოდ? – ჩავჩურჩულე ყურში. ვის ესმის.
– ლეჟანკაა!
ძლივს მივაბ-მოვაბით სპექტაკლი. და ის ბავშვი ეგონათ მთავარი გმირი.
... მეორე დღეა, მეზობელ სოფელში გვაქვს სპექტაკლი და დილით გავიარეთ ყანა-ყანა.
ერთი გლეხი მეორეს რას ეუბნება, არ გაინტერესებთ?
რას და:
– აფრასიონა, არ მოდიხარ ამეღამ კლუბში? – ეკითხება ერთი მხარზე თოხშემოდებული მეორეს, – ძაან კაი საყურებელი კონცერტი (ისინი ყველაფერს კონცერტს უწოდებენ) ყოფილა.
– რაია მაგისთანა? – გამოეხმაურა მეორე.
– მოკვდები თურმე ნაცინები – ბაღანე ერთ შტერ თავგასიებულ კაცს ლეჟანკას „ნართმევა“.
მსახიობ იური ვასაძის ნაამბობის მიხედვით