როგორ გახდა თათა კუპრავა ნელ-ნელა ოთო ნემსაძის ცოლი და რის შანსი არ დაუტოვა მას ოთომ
ოთო ნემსაძემ რამდენიმე ხნის წინ თავისი ცხოვრება თათა კუპრავას დაუკავშირა. მათ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ლვოვში მიიღეს, სადაც ოთო გარკვეული დროს განმავლობაში სასწავლებლად იყო წასული. ზაფხულში კი მშვენიერმა წყვილმა ჯვარი დაიწერა და მხიარული ქორწილიც გადაიხადა. ახლა ოთო კონკურს „ბრავოში“ მონაწილეობს და მეც და მასაც, დიდი იმედი გვაქვს, რომ მის ნიჭს ქართველი მაყურებელი კიდევ ერთხელ დააფასებს.
– მომიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ოთო ნემსაძე: „ფეისბუზე“ გავიცანით ერთმანეთი.
თათა კუპრავა: 10 წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. იქ ქართულ გადაცემებს არ ვუყურებდი. ერთადერთი, „ჯეოსტარს“ უყურებდნენ ჩემი ქართველი მეგობრები და მეც ჩავერთე. ოთო ძალიან მომეწონა, კარგად მღეროდა. შემდეგ „ფეისბუქზე“ დავიმატე და დავიწყეთ მეგობრული საუბრები.
ოთო: დაახლოებით ერთი წელი ვმეგობრობდით. არც მიფიქრია, რომ როდესმე ვნახავდი და ეს არც თათას მოსვლია აზრად.
თათა: შარშან, ივლისში გადავწყვიტე, თბილისში დაბრუნება საზაფხულო არდადეგებზე. არც ქუჩები მახსოვდა, არც არაფერი.
ოთო: შევხვდი რუსთაველის მეტროსთან, თან, დავაგვიანე. მე ვიყავი თათას გიდი თბილისში.
– პირველად რომ შეხვდით, მაშინვე გაგიჩნდათ ერთმანეთის მიმართ გარკვეული გრძნობა?
თათა: კი, ეგრევე, თავიდანვე.
ოთო: პირველი ნახვით შეყვარებაო – ეგ თემაა. თუმცა, რაღაც პერიოდი საჭირო იყო იმისთვის, რომ ყველაფერი გამეაზრებინა. იმ ზაფხულსვე დავითრიე, რა...
თათა: მთელი ზაფხული ერთად გავატარეთ. მთელი საქართველო მოვიარეთ, ბახმაროშიც კი ვიყავით. არ არის რთულად შესაწყობი ადამიანი. თუმცა, ხანდახან ართულებს რაღაცეებს: სახლში რომ ვართ, უცებ გაჩერდება და დაიწყებს ცეკვას.
ოთო: ნოდიკოს ვუყურებდი, „ტანგო” რომ იცეკვა: თხა თხაზე ნაკლები-მეთქი და დავიწყე „ტანგოს” ცეკვა. ნოდიკოს ვგულშემატკივრობ.
თათა: თეძოებს ამოძრავებს, იცოცხლე...
– თათა, ზაფხულის მერე მოგიწია, ალბათ, ამერიკაში დაბრუნება.
– კი, ოქტომბერში უკან წავედი, რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი.
ოთო: აგვისტოში აპირებდა წასვლას, მაგრამ ოქტომბერში წავიდა.
თათა: დეკემბერში, როდესაც ოთო უკრაინაში იყო, იქ ჩავაკითხე.
ოთო: ეს ამბავი მოხდა ლვოვში. რომ წავიდა, მალევე დავურეკე: ცოლად გამომყვები-მეთქი? აქაც რომ იყო, მაშინაც ვეუბნებოდი ხუმრობით: წამოდი, ცოლად მომყავხარ-მეთქი. რომ წავიდა, მერე მივხვდი, ძალიან მენატრებოდა. მსგავს თემასთან დაკავშირებით, მანამდეც ბევრჯერ გვისაუბრია.
– ხალხი ამერიკაში გარბის და შენ აქეთ ჩამოიყვანე თათა?
– უძღებ შვილებს საქართველოში ვაბრუნებ. ძალიან ბედნიერები ვართ და კარგად ვგრძნობთ თავს ერთად.
თათა: რა მნიშვნელობა აქვს, მსოფლიოს რომელ კონტინენტზე იქნები, პირადი ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია.
ოთო: სამი თვის შემდეგ ჩამოვიდა ლვოვში, ისეთი სიცივე იყო, მივეყინეთ ერთმანეთს. ლვოვში მოვიყვანე ცოლი.
თათა: ნელ-ნელა მომიყვანა ცოლად, ნელ-ნელა შემაპარა.
ოთო: ისე შევაპარე, რომ უარის თქმის შანსი აღარ ჰქონდა.
თათა: არც მიფიქრია ამაზე, დინებას მივყვებოდი.
ოთო: ჩემს აზვირთებულ ტალღებში ჩავითრიე და აღარ გამოვუშვი. უკრაინაში დავოჯახდი, ალბათ, ამიტომაც ყველა მეკითხებოდა: უკრაინელიაო. არა, ამერიკელია-მეთქი და საერთოდ გადაირეოდნენ ხოლმე. არადა, ქართველია.
– ლვოვში აღნიშენთ თქვენი დაქორწინება?
თათა: ყველგან გვქონდა პატარ-პატარა ქორწილი. სადაც მივიდოდით: ვაა, ოთოს საცოლე ჰყავს და მაშინვე იშლებოდა სუფრა. ამას მე პატარ-პატარა ქორწილებს ვეძახი. ერთი 200 ასეთი ქორწილი კი გვქონდა.
– რით შეძლო ოთომ შენთვის თავის შეყვარება?
– თვალები და თმა მომეწონა. არ ვიცი, დღემდე რატომ მიყვარს. უპირველეს ყოვლისა, კეთილი და სამართლიანი ადამიანია.
– ვიცი, რომ ძალიან ლამაზი და მხიარული ქორწილი გქონდათ.
ოთო: ქორწილი ბეთანიაში გვქონდა. ინტერნეტში რომ აიტვირთა ფოტოები, რატომღაც უკრაინულმა პრესამ დაწერა: „ოთო ნემსაძის საიდუმლო ქორწინება“.
თათა: როდესაც შეყვარებულები ვიყავით, იმ დროს ვიყავით ქორწილში ზუსტად იმ ადგილას და მაშინ გადავწყვიტეთ, ჩვენც იქ გადაგვეხადა.
ოთო: ჯვარი ანჩისხატში დავიწერეთ, ქორწილი ბეთანიაში, რესტორანში გადავიხადეთ. ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ, სცენაც კი მე შევკარი. გოჭიც ჩვენ შევწვით.
თათა: თაიგული ჩემი ხელით გავაკეთე, ათლარიანი თაიგული მქონდა. მეგობრები, ახლობლები დაგვიდგნენ გვერდში. ჯვრისწერამაც ისე ლამაზად ჩაიარა, ძალიან მივიტანე გულთან. ძალიან კარგმა ადამიანმა დაგვწერა ჯვარი, თან, ისე დაგვარიგა, ისეთი რაღაცეები გვითხრა, ამ ყველაფერს თუ გავაკეთებთ, ისე ვიცხოვრებთ, ალბათ მილენიუმებს დავამახსოვრდებით.
ოთო: 80-კაციანი ქორწილი გვქონდა, მეგობრებისა და ახლო ნათესავების წრეში. მრგვალი მაგიდები იყო და არც ჩვენ ვმსხდარვართ განსხვავებულ ადგილას.
თათა: „ბისონის“ სალონის მეპატრონემ, მიშამ მოგვხედა, დღემდე ვმეგობრობთ. არადა, სალონში გავიცანით.
ოთო: კაბა ძალიან იაფად მოგვცა, ჩემი ტანსაცმელიც მიშას შეკერილია.
თათა: ფეხსაცმელზეც გამოგვყვა, მოკლედ, გადაგვყვა.
ოთო: ჩემმა მეგობარმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ დაწერა რეპის ტექსტი, ჩაწერა და არანჟირება მებო ნუცუბიძემ გაუკეთა. ყველა ჩემს მეგობარ ბიჭზე იყო შესაფერისი ტექსტი გაკეთებული და ქორწილში ყველა თავის თავზე რეპავდა. ბოლოს თათამაც გარეპა. ალექსანდრემ კიდევ გამიკეთა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჩვენი ფოტოებით არის აწყობილი. ახალი სიმღერაც ჩავწერე, რომელიც თათაზეა და მალე კლიპსაც გადავიღებ.
– „ბრავო“ უკვე დაოჯახებული ოთოსთვის პირველი კონკურსია.
– ჩემთვის ეს არის კონკურსების შემაჯამებელი კონკურსი, ამიტომ მინდა, ჯერ საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე აქამდე გამიკეთებია. ჩემი ლობისტის, ქალბატონ ლალი მოროშკინას განათლება და ნიჭი გამომადგება. ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ყველა თქვენგანის მხარდაჭერის იმედი მაქვს, რადგან ეს კონკურსი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის „ახალი ხმა“.
ფოტოები მოგვაწოდა გიორგი ცაავამ.