ვის უწოდეს „თურქეთელ ქართველთა ილია ჭავჭავაძე“ და როგორ მოკლეს ის
„სადაც აკრძალეს საქართველო, აჰმედმა იქ იქართველა,” – ასე ახასიათებს მოკლედ და კონკრეტულად ფრიდონ ხალვაში ახმეთ მელაშვილს. თურქეთში დაბადებულმა და გაზრდილმა დიდმა ქართველმა, ახმეთ მელაშვილმა საინტერესო და ფათერაკებით სავსე ცხოვრება განვლო. მისი ცხოვრების დეტალებზე ჩვენს ინტერვიუში ისტორიის დოქტორი, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი გვესაუბრება: ახმეთ მელაშვილის წინაპრები 1877-1878 წლების მოვლენების შემდეგ, მურღულის წყლის ხეობის არხვას თემიდან „მუჰაჯირებად“ წასულან ოსმალეთში. ცნობილია, რომ იმ წლებში მუსლიმ ქართველთა ერთი ნაწილი მშობლიური მიწა-წყლიდან აიყარა და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. ახმეთის წინაპრები დასახლდნენ ცენტრალურ ანატოლიაში, გონენის რაიონის სოფელ ქოჩბაირში, სადაც დაიბადა ახმეთი 1922 წლის 10 ივნისს. მათი ოსმალური პერიოდის გვარი იყო უზუნ ალიოღლი.
ახმეთ მელაშვილმა ენა ოჯახში ქართულად აიდგა. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც ქართველი იყო და იქ დედა ენა ამჟამადაც შემონახულია.
ახმეთის მამა, მშენებელი გახლდათ. დედა ადრე გარდაეცვალა და მამამ მარტომ გაზარდა 6 შვილი. მამა ქართული სიმღერების უბადლო შემსრულებელი ყოფილა. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, მან ახმეთს განათლება მიაღებინა. ამ პერიოდს უკავშირდება ახმეთის მცდელობა - შეექმნა ქართული ანბანი.
– ვერ გავიგე...
– საქმე ისაა, რომ – მეოცე საუკუნის 40-იანი წლების დასწყისში მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლებისთვის უცნობი იყო ქართული დამწერლობის არსებობის ფაქტი.
– როდის დაიწყო აჰმეთ მელაშვილმა ეროვნული მოღვაწეობა?
– ეროვნულ მოღვაწეობას ახმეთ მელაშვილი ახალგაზრდულ ასაკშივე იწყებს. მან შემოიკრიბა თანატოლები და მათთან ერთად ცდილობდა ქართული კულტურის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.
1944 წელს აჰმეთი ჯარში გაიწვიეს, სადაც გაიცნო პირველი ქართველი საქართველოდან. იქამდე მხოლოდ თურქეთელ ქართველებს იცნობდა. ის აღმოჩნდა ევროპაში მცხოვრები ემიგრანტი, რომელმაც ბევრი რამ მოუთხრო ახმეთს საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ. მანვე გააცნო ქართული ანბანი და მიასწავლა ადგილი, სადაც შესაძლებელი იყო ქართველთა მოძიება, ქართული კულტურის გაცნობა: ეს იყო სტამბულის ქართველთა სავანე – სტამბულის ქართული კათოლიკური ეკლესიის დიდი ქართული ბიბლიოთეკა.
შემდეგში ახმეთმა სწავლა განაგრძო სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. ის უფრო დაუახლოვდა სტამბულის ქართველთა სავანეს. სავანეში მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმარებით, მან კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა.
– ოჯახი როდის შექმნა?
– 1955 წელს ახმეთ მელაშვილი დაქოწინდა იუქსელ ერგუნზე (ჯინჭარაძე). მათ შეეძინათ ვაჟი - იბერია და ქალიშვილი – თამარი.
1961 წელს სოფელ ჰაირიეში ახმეთმა დააფუძნა თურქეთში ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი, რომელშიც მიზნად ისახავდა ქართველების განათლებისა და ბიზნესისთვის ხელის შეწყობას. ინეგოლელ ქართველ ახალგაზრდებს სამუშაოდ აგზავნიდა გერმანიაში. ახმეთი ცდილობდა ეკონომიკურად ძლიერი თაობის გარს შემოკრებას: მათთან ერთად აპირებდა დიდი გეგმების განხორციელებას.
ცნობილია, რომ ახმეთ მელაშვილი ნიჭიერი არქიტექტორი იყო და ცხადია, შეეძლო უზრუნველად ეცხოვრა. მაგრამ, ის მთელ თავის ენერგიასა და ფინანსებს ქართულ საქმეს, ქართველების ეთნიკური თვითშეგნების გამოღვიძებას ახმარდა.
– როდის მოახერხა ახმეთ მელაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირება?
– 50-იანი წლების მიწურულს. მას დიდ დახმარებას უწევდა პროფესორი ოთარ გიგინეიშვილი. საბჭოთა საქართველოს ქართველები, ბუნებრივია, შეზღუდულნი იყვენენ უცხოელებთან ურთიერთობის საკითხებში, ამიტომ ახმედ მელაშვილი ცდილობდა ემიგრანტ ქართველებთან დაახლოებასაც, რადგან იქ არსებობდა თავისუფალი ქართული აზრი და პერიოდული გამოცემები. ახმეთი დაუმეგობრდა პარიზში მყოფ ემიგრანტებს და იქაურ ქართველთა თავისუფალ გამოცემის, ჟურნალ „თავისუფლების ტრიბუნის“ ჯგუფს.
1962 წელს სოფელ ჰაირიეში ახმეთმა დაარსა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.
ახმეთ მელაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიერ განხორციელებული ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტია 1968 წელს თურქულად დაწერილი კრებული – „გურჯისტანი“. კრებულში მოთხრობილია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ფოლკლორის შესახებ, შესულია თარგმანებიც. კრებულის გამოცემაში აჰმეთს ფინანსურად სხვა თურქეთელი ქართველებიც დაეხმარნენ. წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთის მთელ ქართველობაში. რასაკვირველია ამან, თურქეთის ხელისუფლების ყურადღებაც მიიქცია. ახმეთ მელაშვილი დააპატიმრეს – ბრალად წაუყენეს ისლამისა და თურქეთის უპატივცემულობა, ასევე, კომუნისტური იდეების პროპაგანდა. ორი თვის განმავლობაში ის დაპატიმრებული იყო. შემდეგ კი სასამართლომ გაათავისუფლა და წიგნის გავრცელების ნებაც დართო.
„გურჯისატნის“ გამოცემა ეპოქალური მოვლენა იყო თურქეთის ქართველებისთვის. ამ კრებულით თურქეთელ ქართველებს პირველად მიეწოდათ რეალური ინფორმაცია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ.
70-იანი წლებში ინეგოლში ახმეთ მელაშვილის, ვახტანგ მალაყმაძისა და სხვათა მონდომებით, დაარსდა ქალაქ ინეგოლის „კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოება“, რომელიც დღესაც მნიშვნელოვანი ცენტრია და აგრძელებს არსებობას.
– როგორც ცნობილია, მან ჰაირიეში ქართული კულტურის სახლის აგებაც დაისახა მიზნად. შეძლო თუ არა ამ ჩანაფიქრის განხორციელება?
– ეს მშენებლობა ქართველთა მიერ გაღებული შემოწირულობებით ხორციელდებოდა. სახლის მშენებლობა დასრულდა ახმეთის მკვლელობის შემდეგ. ეს სახლი ამჟამადაც მოქმედია.
– ახმეთ მელაშვილის თაოსნობითა და ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი „ჩვენებურები”, როგორ მოახერხა მან ეს?
– 1977 წელს ახმეთ მელაშვილმა მოამზადა და გამოსაცემად ევროპაში გაგზავნა ჟურნალ „ჩვენებურების“ პირველი ნომერი. ჟურნალი სტოკჰოლმში გამოსცა თურქეთელმა ქართველმა შანვერ აქინმა (შალვა თევზაძემ).
„ჩვენებურებში“ თურქულად იბეჭდებოდა ქართველთა ყოფა-ცხოვრების, კულტურისა და ისტორიის ამსახველი მასალები. ჟურნალში წარმოდგენილი იყო ქართული სტატიებიც. ყოველ ნომერს ერთვოდა ქართულის შემსწავლელი გვერდები.
ახმეთ მელაშვილის მოღვაწეობის მრავალი ასპექტია ცნობილი: მან დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ეროვნულ ფოლკლორს. გარდა ამისა, თურქულად თარგმნა და გამოსცა ქართული ლიტერატურის ნიმუშები. გამოაქვეყნა სტატიები საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ. სიცოცხლის ბოლო წლებში თარგმნიდა „ვეფხისტყაოსანს“, მაგრამ მისი გამოცემა ვეღარ მოასწრო.
იმდროინდელ თურქეთის მესვეურთა სტრატეგია არ ითვალისწინებდა ადგილობრივი ეთნიკური კულტურების განვითარებას. ამიტომ, ბუნებრივია, მელაშვილის საქმიანობასაც ტაშით არ შეხვდებოდნენ...
მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ახმეთმა შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. 1978 წელს ის საქართველოში უკანასკნელად იმყოფებოდა.
ახმეთის დახმარებითა და ინიციატივით საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდა თურქეთელ ქართველთა პირველი თაობა, შემდეგ კი თანდათანობით მეტი ახალგაზრდა შეემატა.
– როდის მოკლეს ის?
– 1980 წლის 5 ივლისს ბურსაში ის მოკლეს. ახმეთს და მის ვაჟიშვილს უცნობი პირი დაესხა თავს. ახმეთი დაიღუპა, მძიმედ დაჭრილი იბერია, საბედნიეროდ, სიკვდილს გადაურჩა. 6 ივლისს ახმეთი დაკრძალეს სოფელ ჰაირიეში. ახმეთ მელაშვილის დაღუპვა დიდი ტრაგედია იყო თურქეთელი ქართველებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის).
ახმეთ მელაშვილის მიერ განვლილი გზა საოცრად ჰგავს წმიდა ილია მართლის მოწამეობრივ გზას. ამიტომაც მას „თურქეთელ ქართველთა ილია ჭავჭავაძე“ უწოდეს.
ახმეთ მელაშვილის დაღუპვის დღეს, თურქეთის ქართველთა საზოგადოება იკრიბება საფლავთან და პატივს მიაგებს მის ხსოვნას. ახმეთ მელაშვილის საფლავს თურქულ და ქართულ ენებზე აწერია: „მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის“.
დღეს ახმეთის გზას აგრძელებს მისი ოჯახი. ვაჟიშვილი იბერია მელაშვილი ათწლეულებია, ხელმძღვანელობს ქართულ ფოლკლორულ ანსამბლს, „კავკასიის მთას“.