სად აღმოაჩინა თავისი სიყვარული ლიკა შუბითიძემ და რატომ არ სურს მას ამერიკაში ბავშვის გაჩენა
28 სექტემბერს, მომღერალმა ლიკა შუბითიძემ თავის რჩეულ არჩილ გეგეჭკორთან ჯვარი დაიწერა და ხელიც მოაწერა. თუმცა, არც პომპეზური ქორწილი გადაუხდია და არც თეთრი, საპატარძლო კაბა სცმია ფატასთან ერთად. ლიკა ყოველთვის ორიგინალური გემოვნებით გამოირჩეოდა და მის რჩეულთან შეთანხმებით, სწორედ ასეთი ორიგინალური დღე დაგეგმა, როცა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტა. ლიკა და მისი მეუღლე ამერიკიდან საქართველოში, რამდენიმე თვეა, რაც ჩამოვიდნენ და დაახლოებით, ერთ წელში უკან აპირებენ დაბრუნებას. ლიკა ორსულადაა, სულ მალე, დედა გახდება. როგორც თავად გვითხრა, ორსულობის პერიოდს საქართველოში გაატარებს და მშობიარობასაც აქ აპირებს. ასე რომ, ჟურნალი „თბილისელები” ულოცავს ლიკას გაბედნიერებას. უდიდეს სიყვარულსა და ბედნიერ დედობას უსურვებს მეუღლესთან ერთად!
ლიკა შუბითიძე: მე და ჩემმა მეუღლემ, არჩილმა ანუ ტატომ, როგორც მე მას ვეძახი, როგორც კი გავიგეთ, რომ შვილს ველოდებოდით, მაშინვე დავგეგმეთ საქართველოში წამოსვლა და ჩვენი ურთიერთობის აქ დაკანონება. 28 სექტემბერს დავიწერეთ ჯვარი და ხელიც მოვაწერეთ. ასე რომ, დღეს კანონიერი ცოლ-ქმარი და მომავალი მშობლები ვართ (იცინის). წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. ნიუ-იორკში კი დავმეგობრდით, ერთად ვუკრავდით. მოკლედ, ამერიკა ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ორივემ, ჩვენ-ჩვენი სიყვარული აღმოვაჩინეთ. ეს ჩემი მეორე ქორწინებაა, ტატოსთვის – პირველი. დამიჯერეთ, ტატოსნაირი ადამიანი იშვიათია. ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში, სწორედ, ეს ადამიანი ვიპოვე და დღეს ჩემ გვერდითაა. აბსოლუტურად გახსნილი ურთიერთობა გვაქვს და ეტყობა, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი სიყვარული მეგობრობით დაიწყო. ორივე ერთ საქმეს ვემსახურებით, ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და ამაშიც ერთმანეთს ვუგებთ. მან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ დადებითისკენ შეცვალა. ყველას ვუსურვებ, ისეთ ურთიერთობას და სიყვარულს, როგორიც მე და ტატოს გვაქვს.
– როგორც ვიცი, ქორწილის დღეს, არც თეთრი კაბა გეცვა და საკმაოდ ვიწრო წრეში აღნიშნეთ ხელის მოწერა და ჯვრისწერა შენ და არჩილმა.
– დიახ, თეთრი კაბა არ მცმია ქორწილში, ოქროსფერი, ჩემი გემოვნებით შეკერილი კაბა მეცვა და მხოლოდ, უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ ჩვენს ჯვრისწერასა და ხელის მოწერას ანუ სულ – ოცი კაცი. წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. ჩვენი ქორწილი, იმპროვიზებული იყო. მიხარია, რომ მხიარულად ჩაიარა. ტატოს მშობლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში და ისე დავამთხვიეთ, ჯვრისწერა-ხელმოწერის ცერემონიალი, ისინიც ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ. ასე რომ, ოჯახის წევრების, მეჯვარეებისა და მეგობრების გვერდით, ულამაზესი დღე გავატარეთ, თან ურთიერთობაც დავაკანონეთ.
– სად მოაწერეთ ხელი და ჯვარი სად დაიწერეთ?
– კონკასთან მოვაწერეთ ხელი და ჯვარი ფერისცვალების მონასტერში დავიწერეთ. მერე წავედით რესტორან „ლორდში”, სანაპიროზე და ვისადილეთ (იცინის). სურათები რომ დავდე სოციალურ ქსელში, ყველას ეგონა, დაბადების დღე მქონდა. ვერავინ იფიქრა, ასე გამოწყობილი – ოქროსფერ სადა კაბაში, ფატის გარეშე, ასე ცოტა სტუმართან ერთად, თუ გადავიხდიდი ქორწილს (იცინის). ტატოს მეჯვარე იყო ძია ნოდარი, მეორე მეჯვარემ კი ვერ მოახერხა ჩამოსვლა უცხოეთიდან და მხოლოდ საბუთში დავაფიქსირეთ. მე ოთხი მეჯვარე მყავდა – აქედან, ერთი „მოხსენებითი”, რადგან ისიც უცხოეთშია და სამი ფიზიკურად იქ მყოფი (იცინის).
– ლიკა, ბიჭს ელოდებით თუ გოგონას?
– ახლა ხუთი თვის ორსული ვარ, თებერვლის ბოლოს, გოგონას ველოდებით და ჯერ არც სახელი გვაქვს მოფიქრებული. მადლობა ღმერთს, ორსულობა კარგად მიდის, არც რაიმე ახირებები „მჭირს” და არც ტოქსიკოზი მაწუხებს. ძალიან აქტიური ვარ და არც წონაში მომიმატია ბევრი. ხომ იცით, როცა ორსული ქალი მშვიდ გარემოშია – ხშირად მღერის, უსმენს მუსიკას და საყვარელი ადამიანიც ანებივრებს, ნაყოფიც მშვიდ გარემოში ვითარდება. რომ ვამბობ, ამერიკიდან ჩამოვედი და აქ უნდა ვიმშობიარო-მეთქი, ყველას უკვირს, მეუბნებიან, არ ჯობდა, იქ დაბადებულიყო ბავშვი, ამერიკის მოქალაქედო. მე მინდა, ჩემი შვილის გაჩენის დროს, ახლობლების გარემოცვაში ვიყო და მათთან ერთად გავიზიარო დედობის სიხარული. თან, აქ უფრო უსაფრთხოდ, მშვიდად ვგრძნობ თავს და ასე მირჩევნია.
– ამერიკაში, როდის აპირებთ ოჯახი დაბრუნებას?
– ზაფხულში დავბრუნდებით ამერიკაში. თან, ბავშვიც წამოზრდილი იქნება. დღეს კი, მამიკო გვანებივრებს და ვხუმრობ, ხოლმე, ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უკვე ძალიან განებივრებულია-მეთქი (იცინის). მე, ტატოს სახით, ჩემი წილი ბედნიერება ვიპოვე ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, ასეთ ადამიანს რომ შემახვედრა ღმერთმა და ახლა დედობისთვის ვემზადები. მე და ტატო ერთმანეთს ვენდობით. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ქორწინების დღე, ერთი ლამაზი დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომელმაც, უბრალოდ, ჩვენი ერთად ყოფნა გააოფიციალურა.