რა „ბანდის” წევრი გახდა „მაესტროს” ახალი სახე კოტე ყიფიანი და ვინ დააყენა თავდაყირა მისი ცხოვრება
„მაესტროს” ახალი სახე, კოტე ყიფიანი, ტელესივრცისთვის დებიუტანტია, თუმცა ამას სულაც არ იმჩნევს და წამყვანის ამპლუაც შესანიშნავად მოირგო. ყოველ შაბათს, საღამოს თერთმეტ საათზე, საინტერესო ფორმატის გადაცემაში „მუსიკალური საღამოები მაესტროზე” ქართული სიმღერის პოპულარიზაციაზე ზრუნავს. თამამ ექსპერიმენტებს და რისკს არ ერიდება, მუსიკის სიყვარული ტენორი ბაბუასგან ერგო მემკვიდრეობით. თუმცა, ამას გარდა, სხვა, საინტერესო „მემკვიდრეობაც” აქვს, რაზედაც ხალისიანი და სიტყვაუხვი ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.
კოტე ყიფიანი: პროფესიით ეკონომისტი ვარ, ეს პროფესია ჩემს დღევანდელ საქმიანობასთან არანაირ კავშირში არაა. თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ტელესივრცეში მოვხვდი. ჩემი დიდი ბებია იყო დუდუხანა წეროძე. როგორც ჩანს, დიდმა ბებიამ დაგვიბარა ასე და ჩემს ოჯახში უდიპლომოდ დარჩენა დიდი ტრაგედია იყო. „უდიპლომო სასიძომ” და დიდმა ბებიამ ჩემს ბედზეც იქონია გავლენა, წვალებ-წვალებით ავიღე და მივიტანე ოჯახში ეკონომისტის დიპლომი (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იყო დრო, როცა ეროვნულ საგამოცდო ცენტრში ვმუშაობდი. წლების შემდეგ ერთი დიპლომი აღარ მეყო და ბუღალტრის კვალიფიკაციაც გავიარე, ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს. ასე ვაგროვებ დიპლომებს (იცინის). მერე დადგა პერიოდი, როცა ჩემს ცხოვრებაში აქტიურად შემოვიდა სიმღერა. მუსიკა სულ მიყვარდა, ჩემი დიდი ბაბუა იყო ბაადურ ყიფიანი, ოპერის ცნობილი ტენორი. მთელი ქვეყანა მღერის მის სიმღერას „მხიარული რომანიდან” – „არ მეძინა მე, არ ეძინა მას”. ასე რომ, მუსიკის სიყვარული გენეტიკურად დევს ჩემში. გულწრფელად გეტყვით, ბავშვობაში ხშირად ვოცნებობდი, მომღერალი ვყოფილიყავი. შენთვის რომ გაიფიქრებ, ნეტავ, ფილარმონიის სცენაზე დამაყენაო – აი, ამ დონეზე ვფიქრობდი. ეს ოცნება ისე სწრაფად და დაუგეგმავად ამიხდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. ჩემმა არაჩვეულებრივმა მეგობრებმა გამაცნეს ლაშა ღლონტი, რომელმაც ქართული ხმების დიდ ლოტბართან, გურამ თამაზაშვილთან მიმიყვანა. მას ძალიან მოვეწონე, მერიდება ამის თქმა, მაგრამ მართლა ასე იყო. თვითონ უკვე ავადმყოფობდა, რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. მახსოვს, ლაშას სთხოვა, ამ ბიჭს მიხედეო. ის იყო ადამიანი, ისევე როგორც ლაშა, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. გურამი ისეთ თემებზე მესაუბრებოდა, ისეთ რჩევებს მაძლევდა, როგორც პროფესიულს, ისე ცხოვრებისეულს, რომ შემდეგ ეს ძალიან გამომადგა. ძალიან დიდი ღირებულებებისა და ღირსების მქონე ადამიანი იყო. დიდი ოჯახი ჰქონდა, თამაზაშვილების დიდი დინასტია, სადაც ყველა მღერის და ყველა ერთმანეთზე უკეთესია. ერთხელ გურამმა მითხრა: მამი, სადაც კი დაგიძახებენ სუფრაზე, ყველგან წადი. დღეში ათჯერ რომ დაგიძახონ, ათჯერვე წადიო. თავიდან ცოტა გამიკვირდა, რატომ-მეთქი, ვკითხე – საქართველოში ქეიფი ქართული „სენია,” სუფრებზე რომ გაგიცნობენ, იქიდან სცენამდე ერთი ნაბიჯიაო. მეც დავუჯერე და ასე დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა – ქეიფითა და სუფრებით (იცინის).
– ასე სუფრა-სუფრა მიხვედი ფილარმონიის სცენამდე?
– თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა ასე მოხდა. ჩემი პირველი და სერიოზული დებიუტი შედგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. წარმოიდგინეთ, სცენა, სადაც ის „აჩრდილები” „დაგესევიან,” ვინც იმ სცენაზე იდგნენ. ამას მოჰყვა კონცერტი რუსთაველის თეატრში, ისეთი რანგით დავიწყე, ბევრი გამოცდილი მომღერალი რომ იოცნებებს. როცა პირველად ფილარმონიის სცენაზე გამოვედი, ოთარ რამიშვილის საღამო იყო. მე, ლაშა ღლონტი და ბექა ჩხაიძე ვმღეროდით ცოცხლად. ემოციებისგან ფეხები ისე მიკანკალებდა, ბექას წელზე რომ ჩამოვეკიდე, სიმღერის დასრულებამდე ხელი არ გამიშვია. არ ვიცი, როგორ ამიტანა (იცინის). სცენაზე გასვლის წინ უემოციოდ არც ახლა ვარ, მაგრამ ისე ნამდვილად აღარ ვნერვიულობ, როგორც მაშინ. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის განცდა, როცა წინ გავიხედე და დიდი, შავი სიცარიელე დავინახე.
– როგორც ვხვდები, საკმაოდ თამამ ექსპერიმენტებზე მიდიხარ. ეკონომიკიდან მუსიკაში მოხვდი, იქიდან – ტელევიზიაში. როგორ გაჩნდა იდეა გადაცემისა „მუსიკალური საღამოები მაესტროზე”?
– მე ძალიან მიყვარს ფიქრი. ფიქრი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვფიქრობ ყველაფერზე, ჩემს ნაბიჯზე, სხვის ნაბიჯზე. არაფერში არ ვარ ზედაპირული და თუ რამეზე ვფიქრობ, ვფიქრობ საფუძვლიანად. ასე ვარ საქმეშიც, თუ გადავწყვიტე, რომ რამე უნდა გავაკეთო, აუცილებლად ისე ვაკეთებ, როგორც მე წარმომიდგენია. ხშირად ვრისკავ კიდეც. ჩემი სატელევიზიო დებიუტი ერთგვარი რისკიც იყო, რადგან არ მქონდა სატელევიზიო გამოცდილება. თუმცა, როგორც ამბობენ, კარგად გამომივიდა ის, რაც გვქონდა ჩაფიქრებული. ტელევიზიებში ბევრჯერ გამოვსულვარ, მაგრამ წამყვანი პირველად ვარ. ძალიან მინდოდა, გამეკეთებინა გადაცემა ქართულ მუსიკაზე. ჩემი სურვილი იყო, გამეცოცხლებინა ის, რაც იყო წარსულში – დოდო აბაშიძის, ეროსის დროს. რა ხიბლიც ჰქონდა იმ პერიოდს, ის დღესაც გვაქვს, მაგრამ ფორმაა არასწორი. ჩემი გადაცემით მინდოდა, მეჩვენებინა, რომ ჩვენ ისევ ის ხალხი ვართ, ისევ ის კულტურა გვაქვს და რაც არ უნდა ვაბაკუნოთ ფეხები ევროპასა და ამერიკაზე, ჩემი მათდამი პატივისცემის მიუხედავად, ისევ ისე ვმღერით ჩვენს ქართულ სიმღერას, როგორც ვმღეროდით. სწორედ ამ მიზნით, გადაცემაში სტუმრად გვყავს ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება სხვა ჟანრით იცნობს და ფანტასტიკურად უკრავენ გიტარაზე, ან ფორტეპიანოზე და გადასარევად მღერიან. ჩვენ პოპულარიცაზიას ვუწევთ ქართულ სიმღერას, სოლო მომღერლებს, დუეტებს, კვარტეტებს. გადაცემაში ყველაზე დიდი დოზით გვაქვს სიმღერა, ჩემი ტლიკინი არაა ბევრი. ორი გადაცემის შემდეგ უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ დრო ცოტაა, თუმცა 45 წუთი სულ არაა ცოტა. ახლა გადაცემაში კიდევ ერთ სიმღერას დავამატებთ, ასეთია მოთხოვნა და მე სულ „დავდუმდები” (იცინის).
– როგორ მოირგე ტელეწამყვანის როლი?
– კარგად, ძალიან დამეხმარა „მაესტროს” დიდი გუნდი, რომელიც კარგი გაგებით, პროფესიონალების ნამდვილი „ბანდაა” (იცინის). ბაია გადაბაძემ გამაცნო პროდიუსერი ირაკლი ნადარეიშვილი, მომიჩინეს კარგი ადამიანები – ნათია გამცემლიძე, გვანცა ფოცხვერია და ელენე, იგივე „ჭეკო”. მათთან ერთად საქმის გაკეთება დიდი სიამოვნებაა. ალბათ, სწორედ ამის გამო გავაკეთე არჩევანი ამ ტელევიზიაზე, სადაც მუშაობენ პროფესიონალები და აქვთ ტელევიზიის განვითარების სწორი ხედვა. ამ ადამინებს უყვართ საქმე და არ აქვთ უაზრო ამბიციები, რაც არც მე მიყვარს. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ და სიმღერამ გამრია ისეთ წრეში, სადაც ვერ დაითვლი, იმდენი ვინმეა შენ გვერდით, მე არ მაწუხებს კარიერისტული გეგმები, არც პოპულარობის ჭია მღრღნის. ამას წინათ ვიღაცამ კინოში ჩემზე თითით ანიშნა მეორეს, მივხვდი, რომ მიცნო და ცოტა შემრცხვა კიდეც. იმედია, არც მომავალში შემომიტევს ვარსკვლავური სენი. ისევ ისეთი მეოჯახე, მოსიყვარული მეუღლე და მამა, ერთგული და კარგი მეგობარი ვიქნები, როგორიც ახლა ვარ. ჯერჯერობით ჩემი შვილები პატარები არიან და ვერ ვამბობ, როგორი მამა ვარ. ბავშვის მოფერება მამობა არაა, მაგრამ მაგისი დროც მოვა, როცა საკუთარ თავს ამ ამპლუაშიც გამოვცდი.
– ისე ხშირად იცვლი გატაცებებს და ცხოვრების ეტაპებს, კიდევ ბევრი ორიგინალური გეგმა გექნება?
– ამ ეტაპზე რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ, პარალელურად ვეძებ ოფიციალურ სამსახურს. „მაესტრო” მიყვარს, მაგრამ ეს სამსახური მაძლევს იმის საშუალებას, სხვაგანაც ვიმუშავო. მინდა, დავკავდე საინტერესო საქმით, პატარ-პატარა ბიზნესების დაწყებასაც არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, რომ ამ მხრივ პატარა გამოცდილება უკვე მაქვს.