რა ცდუნებას ვერ გაუძლო ჯულიანა ბარ-გნარის გამო ნოდიკო ტატიშვილმა და რის უფლებას არ აძლევს ის საკუთარ მეწყვილეს
7 ოქტომბერს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონი დაიწყო, რომელიც განსახვავებული ფორმატითა და ახალი წესებით უკვე გავიდა „იმედის“ ეთერში. როგორც იცით, შოუს ერთ-ერთი მონაწილე წყვილი ნოდიკო ტატიშვილი და ჯულიანა ბარ-გნარია – ორი შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ნიჭიერი ადამიანი. ახალი წესების თანახმად, ერთი მობილურიდან ყოველდღე მხოლოდ ერთი მესიჯის გაგზავნაა შესაძლებელი. ასე რომ, ვისაც გსურთ, ჯულიანას და ნოდიკოს წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ნახოთ ეკრანზე, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95104.
ნოდიკო ტატიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს დიდ პატივს ვცემ, ვერც ერთ სეზონზე ვერ დამითანხმეს მონაწილეობაზე. პრობლემა ის იყო, რომ მეგონა, ვერ ვცეკვავდი. მეგონა და, ახლაც მგონია, რომ მოუქნელი ვარ, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება ლაივებზე. დიდი პერიოდის განმავლობაში მიდიოდა საუბარი: ნოდიკო, შენ უნდა იცეკვო, უნდა იცეკვოო, მოკლედ „იმედის“ მხრიდან სერიოზული ზეწოლა იყო და ვეღარ გავუძელი. თან, საბავშვო სტუდია გავხსენი, იქ უნდა ვიყო ხშირად. პლუს ამას, მეორე ალბომზე ვმუშაობ, ჩაწერები იწყება, მაგრამ რომ მითხრეს, ჯულიანა იქნებოდა ჩემი მეწყვილე, ცდუნებას ვეღარ გავუძელი. ვთქვი: კარგი, ვიცეკვებ-მეთქი. ანუ ჯულიანას გამო გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა.
ჯულიანა ბარ-გნარი: საერთოდ არ ვაპირებდი ამ სეზონში მონაწილეობას. ძალიან გადავიღალე, თითქმის მთელი წლის განმავლობაში შოუში ვიყავი. ამან ფიზიკურად იმოქმედა ჩემზე. მაგრამ, რომ მითხრეს, ნოდიკოსთან ერთად უნდა იცეკვოო, ჯერ ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ და სულ ვეკითხეობდი: ხომ არ გინდა მონაწილეობა-მეთქი და უარს მეუბნებოდა. უცებ კი, ნოდიკოსთან ერთად უნდა იცეკვოო და ძალიან გამიხარდა, დავთანხმდი. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მეგობართან მიწევს ცეკვა. კარგი შეგრძნებაა, როცა შენს მომავალ მეწყვილეს იცნობ. აქამდეც სულ კარგი ხალხი მხვდებოდა, მაგრამ ახლა უფრო მეტად გამიმართლა.
ნოდიკო: ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან ცეკვავ. ჯულიანა ხომ გიჟი, გადარეული, საუკეთესო მოცეკვავეა, მის პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვამბობ – იქით არის, სხვა პლანეტაზე, მაგრამ, გარდა ამისა, ძალიან კარგი პიროვნებაა. რომ უჩხიკინო, სასწაულები გააკეთო, ნაკლს ვერ უპოვი.
ჯულიანა: არც მაძლევს ამის უფლებას.
ნოდიკო: ძალიან შრომისმოყვარე, თბილი, ყურადღებიანი, მაქსიმალისტია, მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, მხარი ამომიგდო, იმდენი მავარჯიშა – ორი კვირა ვერ დავდიოდი. რომ ვეუბნებოდი: მტკივა-მეთქი, არ მაინტერესებსო. სიმღერის დროს მიჩვეული ვარ, რომ მხოლოდ კარგ მომღერლებთან კი არა, კარგ ადამიანებთან ერთად ვმღერი, მაგრამ აქაც გამიმართლა.
ჯულიანა: ნოდიკოს საერთოდ არ ვაქებ ხოლმე. მერე ვინმეზე, რომ ვიტყვი: რა კარგი პიროვნებაა, მიყურებს და მეუბნება – ხო, მე რა არ ვარ?
– ზოგადად, ეჭვიანი ბიჭია.
– არ მიყვარს ადამიანის გათამამება, განსაკუთრებით ხალხში. მაგრამ, ასეთი ყურადღებიანი ადამიანი არ მინახავს. თავიდანვე ვიცოდი, რომ მასთან ურთიერთობა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ მუშაობის პროცესში, დავინახე როგორი შრომისმოყვარე და თავის საქმის პროფესიონალია. საყვარელ დათუნიას კი ჰგავს, მაგრამ იმდენი იშრომა, იმდენი გააკეთა, რომ ზოგჯერ მიკვირს კიდეც: არაპროფესიონალს ასე რომ გამოსდის ყველაფერი. ვეცდებით, ჩვენი ყველა გამოსვლა გამარჯვება იყოს და დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს.
ნოდიკო: ჯულიანა საკმაოდ მკაცრია, უფრო სწორად, მომთხოვნი. ვიცი, რომ უნდა მომთხოვოს, ამიტომ მეც ყველაფერს ისე ვაკეთებ, რომ ჯულიანამ თქვას: ეს კარგია, ეს ცუდია.
ჯულიანა: ოღონდ მე მაქვს ერთი მინუსი: როცა რაღაცას ვუსწორებ, მერე კი უკეთ გამოსდის, მავიწყდება ქება და ლანძღვაზე გადავდივარ: კიდევ, კიდევ უკეთესად. ზედმეტი მომდის. უნდა შევაქო ხოლმე, რადგან ნოდიკოს ჰგონია, რომ არ გამოსდის. ბოლოს ვეუბნები: დღეს კარგი ბიჭი ხარ.
ნოდიკო: ამ დროს კი მე ძალიან ვნერვიულობ, სახე ამელეწება ხოლმე. იმ დღეს მიმაჩუხანა, გამამწარა, სასწაულები გამიკეთა და ბოლოს მითხრა: თუ ლაივზე ასე იცეკვებ, მე მეტს არ მოგთხოვო.
– ნოდიკო, ყველაზე მეტად რის გაკეთება გაგიჭირდა?
– ყველაფერი გამიჭირდა. ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაც გამიჭირდა, ფეხები მატკინა. მერე რატი გაჩეჩილაძემ მათხოვა თავისი და ის უფრო მაღალქუსლიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი. გადავწყდი კინაღამ, მაგრამ მერე შევეგუე. რაც შეეხება ცეკვას, თავიდანვე ვიცოდი, რომ არ იყო მარტივი. ამიტომაც ვამბობდი მონაწილეობაზე უარს. იმდენი რთული ილეთია, არ მეგონა, ოდესმე თუ გავაკეთებდი. თუმცა, ჯულიანამ ყველაფერი შემაძლებინა. თუ ბევრს იმუშავებ, გულით, საკუთარ თავზე ფიქრობ და გინდა, ყველაფერი გააკეთო, რომ კარგი ბიჭი იყო, მაშინ არაფერია რთული.
– ნოდიკო, როგორც ვიცი, ჯულიანა შენს სტუდიაში მასწავლებლად მუშაობს.
– ძალიან მინდოდა, რომ ჯულიანა ჩემს სტუდიაში, რომელიც ფილარმონიასთან, 51-ე სკოლაში გაიხსნა, ქორეოგრაფი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, დამთანხმდა და ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს. ნაწილი მივიღეთ, ნაწილს, ვისაც არ ჰქონდა მუსიკალური მონაცემები, მოკრძალებულად ვუთხარით უარი. ასეთ დროს არ უნდა აწვალო ბავშვი. სტუდიაში ახლაც მიმდინარეობს მიღება. თათული ედიშერაშვილიც გვყავს სტუდიაში პედაგოგად და ზაზა წურწუმია. ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს.
– როგორია ნოდიკო დირექტორის ამპლუაში?
ჯულიანა: საყვარელია. პირველად რომ ვატარებდი გაკვეთილს, ერთ-ორჯერ შემოვიდა, შემამოწმა.
ნოდიკო: ბავშვები ისე თბილად ექცევიან, ცოტა არ იყოს გავბრაზდი: მეც მინდა, ასე თბილად მავარჯიშებდეს.
– რომელი ცეკვის შესრულება გინდოდა ყველაზე მეტად?
– „ტანგო” მინდოდა ყველაზე მეტად.
ჯულიანა: თავიდანვე „ტანგო” გვინდოდა, მაგრამ სხვა ცეკვა გვითხრეს. მერე მეორე დღეს, რომ გვითხრეს. „ტანგო” უნდა იცეკვოთო, ძალიან გაუხარდა ნოდიკოს, აღფრთოვანებული იყო. ისე ადვილად იხდენს ყველაფერს, ხასიათს კარგად იგებს და მუსიკასაც კარგად გრძნობს – ამაზე ლაპარაკი არც არის საჭირო.
– ჯულიანა ვისთანაც წყვილში დადგა, ყველაზე ჭორი ააგორეს. ალბათ, თქვენზეც იჭორავებენ. მზად ხართ ამისთვის?
ნოდიკო: ველოდებით ჭორებს. ჩემზე და როინიშვილზეც ხომ ჭორაობდნენ. ისეთი ამბავი იყო, ჩემი ოჯახის წევრებს ულოცავდნენ უკვე. მე და მარიამი ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებულები. ვხუმრობდით: ერთი ქორწილი ხომ არ გავაკეთოთ, ხალხი გავართოთო. ისეთ სფეროში ვტრიალებთ, ჭორაობა გარდაუვალია. უბრალოდ, ბინძურ ჭორებს ვერ ვიტან. შეიძლება, ისიც თქვან, რომ მე და ჯულის რაღაც გვაქვს, მაგრამ შეიძლება, არც იჭორაონ.
ჯულიანა: მეც უკვე მივეჩვიე ჭორებს, ახლა ისე აღარ ვნერვიულობ.
– როგორი პარტნიორია ნოდიკო, ადვილად ახერხებს რთული ილეთების გაკეთებას?
– ნოდიკოს ძალა აქვს. ჩემს ხელში კი გახდა, მაგრამ მშვენიერ ფორმაშია.
ნოდიკო: ორი მაისური და ორი პირსახოცი დამაქვს ვარჯიშზე. მერე, სახლში რომ მივდივარ, დედაჩემს ჰგონია, რომ გამოვიფიტე. ამიტომ, საჭმლით დამსდევს. მე კი მეცინება, რადგან ჭამაზე არასდროს მჭირდება ხვეწნა. მადა მაქვს, მაგრამ ისე გემრიელად ვეღარ ვჭამ.
– არ აგერია გეგმები?
– გეგმები კი არა, ყველაფერი ამერია, თავგზაც. არ ვიცი, რა როგორ უნდა მოვასწრო, მაგრამ სამ თვეს გავუძლებ. ეს მართლაც ბოლო კონკურსია, ამოვიდა უკვე ყელში, ყველგან ვიყავი. ერთი ამ შოუში არ ვყოფილვარ და ახლა ჯულიანას სახელმა მაიძულა, უარი არ მეთქვა.