კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აქცევდნენ ხეებს ღვთაებრივად ძველი გერმანელები

ძველი გერმანელების ტრადიციებსა და რელიგიაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია ცნობილი, ვიდრე კელტების ტრადიციებსა და რელიგიაზე. თვით ცნება „გერმანელებისა“ რომაელებისთვის ფრიად ბუნდოვანი იყო. გაიუს იულიუს ცეზარის დროებაში ამ სახელით იხსენიებდნენ ყველა იმ ხალხებს, რომლებიც რაინის აღმოსავლეთით და ქვემო და ზემო დუნაის ჩრდილოეთით სახლობდნენ. მოგვიანებით დიოდორე სიცილიელმა, წვრილმანებზე გამოკიდების გარეშე, ყველა ისინი კელტებად მონათლა. გერმანელთა დაპყრობის მცდელობები წარმატებით არ გვირგვინდებოდა და მხოლოდ შეშლილმა იმპერატორმა კალიგულამ სცადა მიეღო ისეთი სახე, თითქოს ეს მას გამოუვიდა და გადაწყვიტა კიდეც, ტრიუმფით აღენიშნა ეს მოვლენა მაგრამ, გადაათქმევინეს.

კალიგულას მიერ გერმანელთა „დაპყრობის“ ისტორია დაწვრილებით აქვს აღწერილი სვეტონიუსს (გაიუს ტრანკვილიუს სვეტონიუსი – რომაელი ისტორიკოსი, მწერალი. პირველი-მეორე საუკუნეები). ერთხელ შეშლილ იმპერატორს აზრად მოუვიდა, გერმანიაზე გაელაშქრა. ის მართლაც გაემართა იმპერიის საზღვარზე, მაგრამ, „რადგანაც არავინ დახვდა, რომ შებრძოლებოდა, მან უბრძანა რამდენიმე გერმანელს თავისი დაცვიდან, გადაელახათ რაინი, დამალულიყვნენ იქ და შუადღის საუზმობის შემდეგ სასოწარკვეთილი ხმაურით ეუწყებინათ მტრის მოახლოება“. ყველაფერი ისე შესრულდა, როგორც იყო ნაბრძანები, რის შემდეგაც კალიგულამ ცარიელ ტყეში თავშესაქცევი გამოდევნება გაითამაშა და, მტრისთვის წართმეული იარაღის ნაცვლად, უკან ხის ტოტებით „ხელდამშვენებული“ მობრუნდა. მოგვიანებით, რამდენიმე დღეში, მან „ტყვედ აიყვანა“ რამდენიმე ბიჭი, რომლებიც დიდი ხნით ადრე ჰყავდა მძევლად აყვანილი ბარბაროსთა ბელადებისგან.

ამის შემდეგ კალიგულა ტრიუმფის ჩასატარებელ საზრუნავს მიუბრუნდა. იგი არ დაკმაყოფილდა ტყვეებისა და მტრის მხარეს გადასული ჯარისკაცებით, გალიის მცხოვრებთაგან ყველაზე მაღლები და, როგორც თვითონ ამბობდა, ტრიუმფისთვის გამოსადეგი მამაკაცები და ზოგიერთი მთავარი შეარჩია. ისინი მან საზეიმოდ შემოინახა და აიძულა, არა მარტო მოეზარდათ და წითურად შეეღებათ თმა, არამედ გერმანული ენაც შეესწავლათ და ბარბაროსული სახელებიც მიეღოთ.

იმპერატორი ამ დროისთვის უკვე აბსოლუტურად შეშლილი იყო: „გამარჯვებიდან“ ოთხი თვის შემდეგ, შეთქმულებმა ის სიცოცხლეს გამოასალმეს.  

ტაციტუსი წერს იმაზე, თუ როგორ განიცადეს რომაელებმა ახალი წელთაღრიცხვის მეცხრე წელს გამანადგურებელი მარცხი გერმანელთა რამდენიმე ტომის გაერთიანებული ძალებისგან ტევტობურგის ტყეში. ამის შემდეგ „... ახლომდებარე ტყეებში აღმოჩნდა სამსხვერპლოები, სადაც ბარბაროსებმა მსხვერპლად შესწირეს ტრიბუნები და პირველი ცენტურიის ცენტურიონები“. ის ასევე გვატყობინებს, რომ ღმერთებიდან გერმანელები ყველაზე მეტად მერკურს ეთაყვანებიან და თავს ვალდებულად მიიჩნევენ, ცნობილ დღეებში მისთვის ადამიანებიც გაიღონ მსხვერპლად. 

ტაციტუსისგან ასევე ვიცით დედამიწისა და ნაყოფიერების გერმანელთა ქალღმერთ ნესტეს (ნესტუსი) შესახებ, რომელსაც ჰქონდა საღმრთო კორომი დღევანდელი შვედეთის ნაპირებთან მდებარე კუნძულზე და მასთან მიჰყავდათ მსხვერპლად შესაწირი მონები, რომლებსაც ტბაში ახრჩობდნენ.

„დადგენილ დღეს მათთან სისხლით კავშირში მყოფი ხალხები იკრიბებიან ტყეში, რომელსაც ისინი საღმრთოდ მიიჩნევენ. ის მათში ღვთისმოსავ კრთომას აღძრავს და სამსხვერპლოზე შესაწირი ადამიანის მიყვანით, მთელი ტომის სახელით, თავიანთი ბარბაროსული წეს-ჩვეულების საზარელი საიდუმლოების საზეიმოდ ჩატარებას იწყებენ. ამ ტყისადმი მოკრძალება მათგან სხვანაირადაც გამოიხატება: არავინ შედის მასში სხვაგვარად, თუ ბორკილდადებული, რითაც ხაზი ესმება მათ დამდაბლებულობასა და უძლურებას ღვთაების ყოვლისშემძლეობის წინაშე. და თუ რომელიმე მათგანი დაეცემა, არავის აქვს უფლება, ის წამოაყენოს და ისინი კორომიდან მიწაზე გვერდიდან გვერდზე გადაგორებით გამოდიან. მეცხრე საუკუნეში მცხოვრები ადამ ბრემენელი, თავის წიგნში – „ჰამბურგის ეკლესიის არქიეპისკოპოსთა საქმენი“ – დაწვრილებით აღწერს ტაძარს უბსოლაში (ამჟამად – ქალაქი უპსალა შვედეთში):

„ახლა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ სვეონების რწმენაზე. ამ ტომს აქვს ცნობილი ტაძარი, რომელსაც უბსოლა ეწოდება და მდებარეობს ქალაქ სიქტონის მახლობლად... ტაძრის წინ იზრდება დიდი ტოტებგაშლილი ხე, რომელიც მარადმწვანეა ზამთარ-ზაფხულ და არავინ იცის, რა ბუნებისაა ეს ხე. იქ, ასევე, არის წყარო, სადაც წარმართები მსხვერპლშეწირვას ახდენდნენ – მასში აგდებენ ცოცხალ ადამიანს: თუ იგი ვერ ამოცურავს (ამოტივტივდება), ეს ნიშნავს, რომ ხალხის სურვილი ასრულდება.

თუ შიმშილობის ან მომსვრელი სენის საშიშროებაა, ისინი მსხვერპლს სწირავენ ტორას კერპს, თუ ომია – ვოდნას, თუ ქორწილია ჩასატარებელი – ფრიკონს. სვეონებს, გარდა ამისა, აქვთ ასეთი ჩვეულება: ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ უბსოლაში აწყობენ ზეიმს, რომელშიც მთელი ქვეყნის მოსახლეობა იღებს მონაწილეობას. ამ ზეიმში მონაწილეობისგან არავინ თავისუფლდება. მეფეები და ხალხები ერთად და ცალ-ცალკე, ყველა თავის ნობათს გზავნის უბსოლაში და, რაც ყველაზე საზარელია, ისინი, ვინც უკვე ქრისტიანი გახდა, იძულებული არიან, თავი გამოისყიდონ მსგავს ცერემონიებში მონაწილეობისგან. აი, როგორ ხდება მსხვერპლშეწირვა: ყველა სულიერი არსებიდან სამსხვერპლოდ იღებენ მამრობითი სქესის ცხრა-ცხრა თავს (სულს): ითვლება, რომ მათი სისხლი ღმერთებს გულს მოულბობს. ამ ცხოველების სხეულებს კი ახლომდებარე კორომში ხეებზე კიდებენ. ეს კორომი სვეონებისთვის ღვთაებრივია, რადგან, მათ სწამთ – მსხვერპლის სიკვდილით და სხეულის გახრწნით ეს ხეები ღვთაებრივები ხდებიან. ერთი ქრისტიანი მიყვებოდა,  რომ ამ კორომში ერთმანეთის მონაცვლეობით ჩამოკიდებული ძაღლების, ცხენებისა და ადამიანების 72 სხეული ნახა.“

 

 

скачать dle 11.3