რატომ დაარსდა ქალაქი ყვარელი ალექსანდრე პირველის მეფობის ხანაში
ალექსანდრე პირველს ძალიან ძნელი მემკვიდრეობა ერგო – მან ჩაიბარა თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევებისგან დასუსტებული საქართველო, თუმცა, შეძლო გაპარტახებული ქვეყნის ფეხზე წამოყენება და დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა. თუ რატომ გაილაშქრა მეფეზე მისმა გამზრდელმა და შემფარებელმა ივანე ჯაყელმა, რა მოჰყვა სამი სხვადასხვა ეროვნების ქრისტიანების მიერ ახალციხის მეჩეთში ღორის თავის შეგდებას და რატომ დაასრულა მეფობა ალექსანდრე პირველმა ბერად აღკვეცით, ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს: ალექსანდრე პირველის ეპოქა ერთ-ერთი რთული ხანაა საქართველოს ისტორიაში. მას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო წილად. ეს იყო თემურ-ლენგის გამანადგურებელი შემოსევების შემდგომი პერიოდი. ამიტომ, ალექსანდრეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ, თუ ის ძველი დიდება არა, რაღაც გარკვეული აღორძინების ნიშნები მაინც დასტყობოდა საქართველოს და, ეს მან წარმატებით მოახერხა კიდეც, ალექსანდრეს საინტერესო ცხოვრებაც ჰქონდა და მძიმეც; საინტერესო იმიტომ, რომ, გაიზარდა ძალიან მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე ოჯახში. აქ ვგულისხმობთ დედის მხრიდან მისი პაპისა და ბებიის – ქუცნა ამირეჯიბისა და რუსას ოჯახს. ალექსანდრეს დედა ადრეულ ასაკში აღიკვეცა მონაზვნად და, როგორც ჩანს, ამის გამო გაზარდა ის ბებიამ. ქუცნასა და რუსას ოჯახი განთქმული იყო იმით, რომ აშენებდა და აღადგენდა ეკლესია-მონასტრებს. ალექსანდრესაც ადრეული ასაკიდან ჩაენერგა თავისი ქვეყნის წარსულის სიყვარული. აღსანიშნავია, რომ ამ ქალბატონმა, რუსამ, თვითონ, საკუთარი სურვილით დაიწყო სვეტიცხოვლის აღდგენა. მნიშვნელოვანია, რომ, მართალია, დიდებული, მაგრამ, მაინც, არასამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ქალმა, თანაც, უკვე ბებიამ, დაიწყო სვეტიცხოვლის აღდგენა, იმდენად შეურაცხყოფილი იყო თემურ-ლენგის მიერ ამ ზოგადქართული სიწმინდის დაზიანების გამო. სიძველეთა მოვლის აუცილებლობის გენეტიკური შეგნება ბებიისგან გადმოეცა მეფეს. მან სვეტიცხოველიც აღადგინა, რუისის ტაძარიც, დავით გარეჯის მონასტრებიც, ათონის მთის ქართველთა მონასტერიც და ასე შემდეგ. ამ მიზნის მისაღწევად მეფემ სპეციალური გადასახადი შემოიღო.
– რა გადასახადი?
– ის თავის სიგელში ამბობს: შემოვიღე გადასახადი („მალი”) 40 თეთრის ოდენობით, რათა აღმედგინა ყველაფერი ის, რაც დანგრეული იყოო. როდესაც გავიდა 20-25 წელი, 1440 წელს, თვითონვე გააუქმა ეს გადასახადი. არ იყო ადვილი როგორც ქონებრივად, ასევე, სულიერად ისედაც გაპარტახებული ხალხისთვის საკუთარი მეფისაგან კიდევ დამატებითი გადასახადის შემოღება, მაგრამ, არსად სჩანს, რომ ვინმეს პროტესტი გამოეხატა ამის გამო. როდესაც ჩათავალა, რომ მიზანი მიღწეული იყო, მან ის გააუქმა.
– ცნობილია, რომ დაკარგული ტერიტორიების შემოსაერთებლადაც გარკვეული ნაბიჯები გადადგა ალექსანდრე პირველმა.
– დიახ, მან დაკარგული ტერიტორიების შემოერთებაზეც იზრუნა, 1431 წელს შემოიერთა კიდეც ლორე და სომხური ყმადნაფიცი ტერიტორიის, სივნიეთის მიწები. ამ პერიოდისთვის საქართველოს მოსახლეობა შეთხელებული იყო და მეფე თვითონვე ამბობს, რომ შემოერთებული ტერიტორიებიდან 60 ათასი მოსახლის გარდა, „თათრებიდანაც” ჩამოვასახლე ხალხიო (სოფელი „კუნელანი” დავაარსეო). ვის გულისხმობს „თათრებში” ძნელი გასარკვევია, მაგრამ, ნათელია, რომ აქ მუსლიმანური მოსახლეობა იგულისხმება. გარდა ამისა, მან მთიდანაც ჩამოასახლა ხალხი, მაგალითად, მაღაროდან და ასე შემდეგ. ყვარელი, ფაქტობრივად, ალექსანდრე პირველის დროს დაარსდა და დასახელება „ყვარელიც” მთიელებმა ჩამოიტანეს.
– რას ნიშნავს სიტყვა „ყვარელი”?
– ყველაფერი ეტიმოლოგიურად არ იშიფრება. მთაში იყო სოფელი ყვარა. ეს ტოპონიმიც აქედან გაჩნდა „ყუარ-ელი”.
ალექსანდრე პირველის ცხოვრება ბევრი საყურადღებო და საინტერესო ეპიზოდისგან შედგება. გამეფდა თუ არა, 1412 წელს, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ დაიმორჩილა ყველა ურჩი ფეოდალი, ვინც სამეფო ხელისუფლებას აღარ ემორჩილებოდა. მაგალითად, სამცხის ათაბაგი ივანე, რომელიც ადრე ძალიან ლოიალური იყო პირადად მეფის მიმართ. ალექსანდრეს საკუთარ მამასთან, კონსტანტინესთან ჰქონდა კონფლიქტი და ივანე მას კარგა ხნის განმავლობაში თავის კარზე იფარებდა.
მათი უთანხმოება იმდენად დიდი იყო, რომ ალექსანდრე სასახლიდან გაეცალა მამას და თავს აფარებდა ივანე ციხისჯვარელ-ჯაყელთან. ის მუდმივად მასთან ცხოვრობდა და საქართველოს სხვა რეგიონშიც კი არ გადმოსულა მანამდე, სანამ არ გარდაიცვალა მამამისი; თუმცა, როდესაც ალექსანდრე მეფე გახდა, ივანე უკვე მის წინააღმდეგ გამოვიდა.
– რატომ?
– როგორც ჩანს, მეფემ აშკარად აჩვენა, რომ არ მოითმენდა ივანეს ნახევრად დამოუკიდებელ მმართველობას, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში იზრდებოდა. მამამისის მეფობის ხანაში ივანე საკმაოდ დამოუკიდებელი იყო, რაც იქიდანაც თვალნათლივ ჩანს, რომ მას შეეძლო, თავისუფლად შეეფარებინა მეფის შვილი, მეფეს კი წინააღმდეგობის გასაწევად იქ ხელი არ მიუწვდებოდა.
– სხვა რეგიონებში როგორი სიტუაცია იყო ამ მხრივ?
– მეფე, ასევე ჩაერია დადიანისა და შერვაშიძის (რომელიც სოხუმის ჩრდილოეთით განაგებდა აფხაზეთს) შორის კონფლიქტში. მათი ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ორი ფეოდალის მამულები, ფაქტობრივად, ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და, ხშირად ხდებოდა მათი გავლენის სფეროს მიხედვით საზღვრების ცვალებადობა. მეფის ჩარევა მათ ომში იმის მანიშნებელია, რომ მისი უფლებები ვრცელდებოდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.
– ცნობილია, რომ, ალექსანდრეს მეფობის ხანაში, ერთ-ერთმა თურქმანული ტომის ბელადმა ააოხრა და გადაწვა ახალციხე. რა იყო ამის მიზეზი?
– ეს ამბავი 1416 წელს მოხდა. ერთ-ერთ სპარსელს ახალმიღებული ჰქონდა ქრისტიანობა და, მას, ერთ ქართველთან და სომეხთან ერთად, პატარა ლხინი მოუწყვია. ამ ლხინის დროს, სპარსელის ინიციატივით, რომელმაც გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ, როგორც იტყვიან ხოლმე, „ის უფრო დიდი კათოლიკე იყო, ვიდრე რომის პაპი,” თავისი თანამეინახეებისთვის უთქვამს: მოდი, ჩვენ რომ ახლა ღორი ვჭამეთ, მისი ძვლები და თავი ახალციხის მეჩეთში შევაგდოთო. ასეც მოქცეულან, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა ადგილობრივი მუსლიმანების მხრიდან. ამ პერიოდისთვის მუსლიმანური მოსახლეობა მრავლად იყო საქართველოში. მათ დახმარება სთხოვეს მეზობელი თურქმანული სახელმწიფოს მეთაურ ყარა-უსუფს, რომელიც ისედაც მზად იყო საქართველოში შემოჭრისთვის. ყარა-უსუფს მართლაც შესანიშნავი მიზეზი მიეცა ამისთვის და, თურქმანებმა ისე სწრაფად აიღეს და გადაწვეს ახალციხე, რომ ქართველებმა წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრეს. ეს ყველაფერი იყო დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯის შედეგის. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ამხელა ლაშქრობისთვის არ იყო საკმარისი საბაბი ღორის ძვლების მეჩეთში შეყრა, მაგრამ, სარწმუნოებრივი საკითხები ახლაც და ყოველთვის, ძალიან ფაქიზი იყო. ამასთან, ამდენი საუკუნის წინ ყველაფერი გაცილებით მძაფრად აღიქმებოდა, ვიდრე დღეს.
1440 წელს კიდევ ერთი შემოსევა განახორციელა თუქმანულმა ტომმა – „შავ ბატკნიანებმა,” ჯეჰან შაჰის მეთაურობით. ისინი აღგდომა დღეს დაესხნენ თავს სამშვილდესა და თბილისს, მაშინ, როცა არ ელოდნენ, რამაც დიდი ზიანი მიაყენა თბილისსა და მთლიანად ქვეყანას.
– ალექსანდრე პირველის ოჯახური მდგომარეობის შესახებ რა არის ცნობილი?
– ალექსანდრე პირველს ორი ცოლი ჰყავდა: გურანდუხტი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა (ალბათ, პირველი მეუღლე გარდაიცვალა და ამის შემდეგ შეირთო მან თამარი). თამარ დედოფალთან მას სამი მემკვიდრე შეეძინა. მისი მეფობის ბოლო წლებში აშკარად ჩანს შვილებსა და მას შორის უთანხმოება. ყველას (ვახტანგი, დიმიტრი, დავითი, გიორგი, ზაალი) მეფობა და პირველობა სურდა. მეფემ მათ გაუნაწილა საქართველო და ისინი ერისთავებად დანიშნა. ალექსანდრე პირველს ეგონა, რომ, სხვების დანიშვნის ნაცვლად, თუ შვილებს გაუნაწილებდა ძალაუფლებას, უკეთეს შედეგს მიიღებდა, თუმცა, მის მიერ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა ვერ გამოიღო დადებითი შედეგი. შვილებმა ერთმანეთში ვერ გაინაწილეს საქართველო და, საბოლოოდ, ალექსანდრე, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის, აიძულეს, ბერად აღკვეცილიყო და მის მიერვე აღდგენილი სვეტიცხოვლის, მთავარანგელოზის სახელობის ერთ-ერთ მინაშენში, ბერი ათანასეს სახელით დაედო ბინა. ალექსანდრე პირველის მეფობა დამთავრდა 1442 წელს. ამის შემდეგ მისი შვილები მეფობდნენ, რის შედეგადაც საქართველო ძალიან მალე დაიშალა სამეფო-სამთავროებად და დაშლის ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა. ამგვარად, ბოლო „მოჰიკანი”, ვინც საქართველოს მთლიანობის აღდგენა სცადა, ალექსანდრე პირველი იყო.