როგორ ძარცვავდა შემნახველ სალაროებს ჰიპნოზის მეშვეობით პლეხანოველი ბიჭი
დიმიტრი კორინთელის სახელი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გახდა ცნობილი და მისი პიროვნებით სუკიც („კაგებე“) დაინტერესდა. საქმე ის იყო, რომ ის არაორდინარულ მეთოდებს იყენებდა თავის კრიმინალურ საქმიანობაში და ისე სჩადიოდა დანაშაულს. სწორედ ამის გამო ვერ მოიხელთა ის ყოვლისშემძლე საბჭოთა უშიშროებამ დიდი ხნის განმავლობაში. ამავე მიზეზით მოახერხა მან სუკის კლანჭებიდან დასხლტომა, მიიმალა და დღემდე საშიშ ძებნილ დამნაშავეთა სიაშია.
კლინიკური სიკვდილი
1948 წლის 1 იანვარს თბილისის რკინიგზის სამშობიაროში უჩვეულო შემთხვევა მოხდა: 23 წლის ანა ტაბიძემ ღამის 00 საათზე, ანუ, ზუსტად ახალი წლის დადგომის ჟამს, ვაჟი გააჩინა. როგორც კი ახალშობილს ჭიპლარი მოაჭრეს, დაბანეს და, ის იყო, უნდა შეეხვიათ, ბებიაქალ იზო გუნიას ჩვილი ხელიდან გაუცურდა და ბავშვი ბეტონის იატაკზე თავით დაუვარდა. ახალშობილმა ტირილი შეწყვიტა. როდესაც ის ექიმებმა გასინჯეს, პედიატრმა ვალიკო ბერიძემ ლეტალური შედეგი დააფიქსირა. ახალშობილის ცხედარი სამშობიაროს პროზექტურაში დაასვენეს. მთავარმა ექიმმა კი მილიცია გამოიძახა და გამომძიებელი აკაკი ძოწენიძე ბებიაქალ იზო გუნიას დაკითხვას შეუდგა. ის აცხადებდა, რომ როდესაც მტირალ ბავშვს ახვევდა, ახალშობილს თვალებში შეხედა და მოინუსხა... ატირებულმა ბებიაქალმა გამომძიებელს უთხრა:
– ბავშვს თვალებში რომ ჩავხედე, იქიდან სხივმა გამოანათა. უცებ, მთელი სხეული, მათ შორის ხელებიც, გამიშეშდა და წამით გონება გამეთიშა. აზრზე მომიყვანა იატაკზე დაცემის ხმამ. ძირს დავიხედე და ჩვილი დავინახე, რომელიც აღარ ტიროდა და გაუნძრევლად იწვა...
– გეყოფათ ზღაპრები! – სიტყვა შეაწყვეტინა შეზარხოშებულმა გამომძიებელმა ბებიაქალს – დაუდევრად მოიქეცით და ბავშვი მოკალით, ამისთვის კი საკადრისად დაისჯებით.
ბებიაქალის დაკითხვა პროზექტურასთან ახლომდებარე ოთახში მიმდინარეობდა. უცებ იქიდან ჩვილის ტირილის ხმა გაისმა და ბებიაქალმა იკივლა:
– ეს ის ბავშვია, მე რომ ხელიდან გამივარდა, – შემდეგ წამოხტა, პროზექტურაში შევარდა და ნახევარი წუთის შემდეგ მტირალი და აკანკალებული ჩვილი გამოიყვანა.
ექიმებმა მყისვე მოიწვიეს კონსილიუმი, ბავშვი საგულდაგულოდ გასინჯეს და მცირე დაზიანებაც კი ვერ აღმოუჩინეს, მას თავზეც კი არ ჰქონდა განაკაწრი და სამშობიაროს მთავარმა ექიმმა გაოცებით თქვა:
– უჩვეულო შემთხვევაა. წესით, ასეთი რამ არ ხდება. ბავშვი მკვდარი უნდა იყოს და საღსალამათია, თუმცა, ისიც აშკარაა, რომ ახალშობილმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა...
უცნაური ძარცვები
სიკვდილს გადარჩენილ ახალშობილს მშობლებმა დიმიტრი დაარქვეს და სრულიად ჯანმრთელი გაიყვანეს სამშობიაროდან. პატარა დიტოს ოჯახი პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა. მამა – გურამ კორინთელი, ფიზიკოსი იყო. დედა – ანა ტაბიძე კი გერმანული ენის მასწავლებელი და სკოლაში მუშაობდა. ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ავლენდა მრავალმხრივ ნიჭს და გამორჩეული იყო. თუმცა, მისი ყველაზე თვალში საცემი თვისება ლიდერობისკენ სწრაფვა იყო. დიტო თავისზე უფროს ბავშვებს ძალიან ადვილად იმორჩილებდა, მბრძანებლობდა მათზე და თავის ნება-სურვილზე ატარებდა.
თექვსმეტი წლისაც არ იყო დიტო კორინთელი, როდესაც პირველი სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა ქუჩაში. შამილ ავდოევი ვორონცოველი „ძველი ბიჭი“ იყო. ორწლიანი სასჯელი ჰქონდა მოხდილი ქურდობისთვის და კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლებოდა. დიტოზე რვა წლით უფროსი ავდოევი ქურდის ტიტულის მაძიებელი იყო, ეგრეთ წოდებულ „ობშჩიაკს“ აგროვებდა და თანხას ციხეში გზავნიდა. ერთ დღეს, ავდოევის ემისარი, 19 წლის ვატო, დიტო კორინთელის სკოლასთან მივიდა და მოსწავლეებს ფულს ართმევდა. ამ მომენტს დიტო შეესწრო, გამომძალველს ფულები უკან დააბრუნებინა და გააგდო. ერთი საათის შემდეგ ვატო დაბრუნდა და თან ავდოევიც მოიყვანა. მან კი დიტო გვერდზე გაიყვანა და სიტყვით დაჩაგვრა მოუნდომა, თუმცა, არ გამოუვიდა. შემდეგ ფიზიკური ზემოქმედება სცადა და გაილახა... ამის მერე ავდოევმა ბებუთი ამოაცურა და დიტოსთვის უნდა დაერტყა, მაგრამ, იარაღიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა, გაშტერდა და ერთხანს ასე იდგა, ბოლოს კი ბებუთი შეინახა და გაიქცა. ამ ეპიზოდს მრავალი ადამიანი შეესწრო, თუმცა, ახსნა ვერ მოუძებნეს და დაიშალნენ. დიტო კორინთელს კი ჩაეცინა და სახლში წავიდა.
1965 წელს, სკოლის დამთავრებისთანავე, დიტო მოსკოვში გაემგზავრა სასწავლებლად და თეატრალურ ინსტიტუტში მოეწყო. იქ ის კრიმინალურ მოღვაწეობას შეუდგა და ძარცვა დაიწყო. დიტო კორინთელი თავის მსხვერპლებს „ჰოპსტოპზე“ აყენებდა და ყოველგვარი იარაღისა და ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე მათ ფულსა და ძვირფას ნივთებს ართმევდა. გაძარცულები მხოლოდ ორი-სამი წუთის შემდეგ მოდიოდნენ გონს და მილიციაში საჩივლელად გარბოდნენ, თუმცა ბოროტმოქმედის აღწერას ვერ ახერხებდნენ... ამგვარად, მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) ოცდახუთი ასეთი საქმე დაუგროვდა და მათ „უცნაური ძარცვები“ უწოდეს...
სერბსკის კლინიკაში
1971 წლის მაის-ივნისში, მოსკოვში, ორი ერთნაირი ხელწერის, მანამდე არნახული დანაშაული მოხდა. 19 მაისს, გამოძიებისთვის დაუდგენელი პიროვნება, ¹9 შემნახველი სალაროს ინკასატორებს სალაროს შესასვლელთან დახვდა, ორი ტომარა ფული ყოველგვარი ძალადობის გარეშე გამოართვა და 18 ათასი მანეთით გაუჩინარდა. 21 ივნისს კი, ასევე დაუდგენელი პიროვნება, ¹32 შემნახველ სალაროში დაკეტვამდე ხუთი წუთით ადრე შევიდა, ორ მოლარეს 120 ათასი მანეთი გამოართვა და წავიდა... ვერც ინკასატორები და ვერც მოლარეები ვერ იხსენებდნენ ბოროტმოქმედის გარეგნობას. ამის შემდეგ საქმე „კაგებემ“ წაიღო და, როდესაც მოკვლეული მასალები გააანალიზეს, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბოროტმოქმედს ძლიერი ჰიპნოზის უნარი გააჩნდა და ამის მეშვეობით სჩადიოდა დანაშაულს.
„კაგებემ“ ცნობილ ფსიქოლოგსა და ჰიპნოზისტს, იური ხრულოვს მიმართა დახმარებისთვის. მან „ჩეკისტებს“ ურჩია, რომ მოლარეებისთვის და ინკასატორებისთვის მუქშუშებიანი სათვალეები გაეკეთებინათ. ეს კი იმით ახსნა, რომ ჰიპნოზის ძალა ასეთ სათვალეში ვერ აღწევდა და პიროვნებაზე არ მოქმედებდა. მართლაც, 5 ივლისს, მოსკოვის ¹3 შემნახველ სალაროში დამნაშავე დააკავეს, რომელიც ფულის წაღებას ცდილობდა. ეს ბოროტმოქმედი დიმიტრი კორინთელი აღმოჩნდა. მას ხელბორკილები დაადეს, თვალები შავი ნაჭრით აუხვიეს და „ლუბიანკაზე“ მიიყვანეს, თუმცა, მეორე დღესვე აკადემიკოს სერბსკის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გადაიყვანეს და ძლიერი დაცვის ქვეშ, გისოსებიან საკანში მოათავსეს.
კორინთელს პირადად ხრულოვი იკვლევდა და როდესაც მასთან შედიოდა, პატიმარს ყოველთვის შავი ნაჭრით ჰქონდა თვალები ახვეული, რათა მას თავისი ჰიპნოზური ძალა არ გამოეყენებინა და არ გაქცეულიყო.
გაქცევა
სერბსკის კლინიკაში დიტო კორინთელმა ერთი წელი დაყო. ამ ხნის განმავლობაში მას უამრავ ექსპერიმენტში მიაღებინეს მონაწილეობა და ისე გამოფიტეს, რომ 40 კილოგრამი დაიკლო წონაში და 35 კილოგრამსღა იწონიდა – მისგან მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი და სულს ღაფავდა. ხრულოვმა ექსპერიმენტები შეწყვიტა, „კაგებეს“ ხელმძღვანელობას კი განუცხადა: „პაციენტი სიკვდილის პირასაა. მაქსიმუმ ერთი თვე გაძლოს. მას ყოველგვარი სასიცოცხლო ენერგია გამოეცალა, ჰინპოზის უნარი კი სამუდამოდ გაუქრა...“
აქედან გამომდინარე, კორინთელს უკვე აღარ მიიჩნევდნენ საშიშად: არც მას უხვევდნენ თვალებს შავი ნაჭრით და არც სამედიცინო და დაცვის პერსონალი იკეთებდა შავ სათვალეებს. ყურადღება მოადუნეს, ყველა მის სიკვდილს ელოდა და ამან უკუშედეგი გამოიღო: 1972 წლის 7 აგვისტოს დიმიტრი კორინთელი სერბსკის კლინიკიდან გაიპარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან ორ მცველს ჰიპნოზი გაუკეთა და საკნის კარი გააღებინა, შემდეგ კი მედპერსონალიც მონუსხა, ერთ-ერთი ექიმის სამოსი ჩაიცვა და გარეთ გავიდა. გაქცეული კორინთელი მოსკოვის ¹51 სალაროს ესტუმრა, რომელიც კლინიკიდან 150 მეტრის მოშორებით მდებარეობდა. მან ჩვეული მეთოდით გაიტაცა 70 ათასი მანეთი და სამუდამოდ გაუჩინარდა. კორინთელზე ძებნა გამოცხადდა, მთელი ძალოვანი სტრუქტურები ფეხზე დადგნენ, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს.
P. S. საინტერესო დეტალია, რომ ფსიქოლოგი ხრულოვი კორინთელის გაქცევიდან ორი კვირის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. ის მეუღლემ აღმოაჩინა საკუთარ სადარბაზოში. ხრულოვი კიბის ქვეშ იყო მიყუჟული და ბუტბუტებდა: ეშმაკი შემხვდა და მისი თვალების სხივმა გონება გამინათაო... ცნობილი ფსიქოლოგის გაგიჟებას მიაწერენ დიტო კორინთელს, რომელიც დღემდე ძებნილია...