ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის გარემოება ითვლება პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება: მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად; წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ; არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში; სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ; სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს.
კითხვა: კონკრეტულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მაგრამ შეწყდა დანაშაულის არარსებობის გამო, თუმცა გამოიკვეთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, კერძოდ, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადაში ხდება ადმინისტრაციული სახდელის დადება მოცემულ შემთხვევაში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ, როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
კითხვა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად, რესტორანში დაიმსხვრა ჭურჭელი და მომადგა ზიანი. გთხოვთ, მაცნობოთ, ჩემ მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, დაეკისრება თუ არა სამართალდამრღვევ პირს მიყენებული ზიანის ანაზღაურება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სამართალდამრღვევს არათუ დაეკისრება ზიანის ანაზღაურება, არამედ თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას, ვალდებულია, სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.