როცა ქალს უყვარს...
დიანა უსიამოვნო განცდით ელოდებოდა დედასთან პირისპირ საუბარს. იცოდა, ეს გარდაუვალი იყო და თავს ვერ აარიდებდა. ანას დაძაბული მზერა და ეჭვით სავსე გამოხედვა მიანიშნებდა, რომ ქალი შესაფერის მომენტს უცდიდა.
აუზიდან ამოსული დეა ფენით თმას იშრობდა, რომ სარკეში დედის სილუეტს მოჰკრა თვალი.
– ვიცი, რომ სალაპარაკოდ მოხვედი, – გაუღიმა სარკეშივე, – რაღაც გაწუხებს, ხომ?
– მინდოდა, უფრო მეტი მცოდნოდა იმ დღეებზე, რომლებიც ჩვენ გარეშე გაატარე.
– კონკრეტულად რა გაინტერესებს? – დიანამ ფენი გამორთო, შემოტრიალდა და ანას პირდაპირ სახეში შეხედა. ქალი დააბნია შვილის დაჟინებულმა გამოხედვამ.
– დიანა, შენ, მგონი, ნაწყენი ხარ, აქ რომ ჩამოვედით. ასეა?
– არა, ნაწყენი ნამდვილად არ ვარ. პირიქით, გამიხარდა კიდეც, რომ დაგინახეთ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, დაკითხვა მომიწყო. კარგად ვარ, დავუმეგობრდი ლინას და ერთად დროს კარგად ვატარებთ. ეს ქვეყანაც მომწონს – საინტერესო ადგილებია და კარგი ხალხი. ცოტა ხანს კიდევ დავრჩები და დავბრუნდები სახლში.
– დეა, მომისმინე, ასე მგონია, რაღაცას მიმალავ.
– მე? რას უნდა გიმალავდე? მაინც, რა შეიძლება დაგიმალო? ვიცი, შენ ვერაფრით ვერ ივიწყებ იმ საუბარს, მაგრამ, უნდა დამიჯერო, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად არის და იქნება კიდეც.
– და, სახლში რომ დაბრუნდები, მერე აღარსად წახვალ?
– რა თქმა უნდა, არა... რატომ მეკითხები?
– დიანა, ჩემთან თუ რამე შეკითხვა გაქვს, მითხარი... მირჩევნია, გაურკვევლობა არ იყოს ჩვენ შორის.
– არანაირი გაურკვევლობა არ არის, დედა, არანაირი... ვახშამზე დაგვაგვიანდება ჩასვლა... კიდევ გინდა, რამე მითხრა?
– არა. მართალი ხარ, ვახშამზე ნუ დავაგვიანებთ, უხერხულია, – ანა მაინც ფარული შიშით უყურებდა შვილს და მის სახეზე ეძებდა იმ შეკითხვის პასუხს, რომელიც არ თქვა. დეამ ღიმილით მოჰხვია მხარზე ხელი, ლოყით ლოყაზე მიეკრა და მაგრად აკოცა.
– რა ტყუილად ნერვიულობ, დედა. ეჭვი როგორ გეპარება იმაში, რომ შენ და მამა ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანები ხართ ჩემთვის?
– ჰო, მაგრამ...
– დედა, გეყოფა... უნდა მენდო, კარგი?!
ანამ ამოიოხრა და თავი დაუქნია.
– მიჭირს... ეჭვები მაინც მაწუხებს, მაგრამ, აღარ ვინერვიულებ, გპირდები...
მორიდებით დააკაკუნეს, მერე კარი ოდნავ გაიღო და ღრიჭოში დევიდის მოღიმარი სახე გამოჩნდა:
– გოგოებო, აქ ხართ? ვილიმ გამომგზავნა, არ დააგვიანონ ვახშამზეო. რაღაც სიურპრიზი აქვს.
– როგორი უცნაური კაცია, – გაეღიმა დეას, – ძალიან ყურადღებიანია, კეთილი, თანაც, დიდი ფანტაზიის უნარით... ნეტავი ახლა რაღა მოიგონა?
დევიდი ოთახში შევიდა, ცოლთან მივიდა, მხარზე მოჰხვია ხელი და თვალებში ჩააშტერდა.
– აბა, ყველაფერი რიგზეა?
– ჰო, – დედას დაასწრო პასუხი დიანამ.
– ანა... – ვერ დააკმაყოფილა პასუხმა დევიდი და ცოლს მსუბუქად მოუჭირა მხარზე ხელი...
– კი, კი, მართლა ყველაფერი რიგზეა. ჩადი შენ და ჩამოვალთ... – გაუღიმა ქალმა.
– დროზე მოემზადეთ, ძალიან არ დაიგვიანოთ, სირცხვილია.
– ამასობაში, თმა დამრჩა გასაშრობი, – ჩაილაპარაკა დეამ და ფენი ჩართო.
ანამ შიშნარევი სიყვარულით შეხედა შვილს და უსიტყოდ გაჰყვა ქმარს.
... დეამ სწრაფად შეიშრო თმა. სახელდახელოდ შეიკრა კეაფაზე და საკუთარ გამოსახულებას ჩააშტერდა სარკეში... უცებ სანდრო გაახსენდა, მისი სიყვარულით სავსე გამოხედვა და მის მიმართ სიბრალული იგრძნო, მაგრამ, ეს მხოლოდ წამიერად... სწრაფად გაიხადა ხალათი, საგანგებოდ წამოღებული ერთადერთი კაბა ჩაიცვა და ქვემოთ, დიდ სასადილო ოთახში ჩავიდა. უკვე ყველანი ბართან იყვნენ შეკრებილები. დევიდი და ვილი ვისკის წრუპავდნენ, ქალები კი, ლინას ჩათვლით, მარტინის მიირთმევდნენ.
– უი, მელოდებით? ბოდიშს გიხდით... შეგვიძლია, დავსხდეთ.
– არა, ქალბატონო დიანა, თქვენ არ გელოდებით, – გაიღიმა ვილიმ და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, – სიურპრიზს ველით...
– აუ, მამა... რატომ გვანერვიულებ, – აბუზღუნდა ლინა, – ვერ ვიტან ლოდინს, ვერც სიურპრიზებს! დროზე გაამხილე, რას გვიმალავ!
– ნუ ხარ მოუთმენელი, ლინა, ცოტა ხანს კიდევ მოიცადე, – ვილიმ ხელი ხელს შემოჰკრა. დარბაზის მთავარი კარი ბოლომდე გაიღო და ოთახში შუა საუკუნეების ეპოქის ტანსაცმელში გამოწყობილი მუსიკოსები შემოვიდნენ თავიანთი საკრავებით. მათთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს და მალე დარბაზი ულამაზესმა, ოდნავ სევდიანმა მელოდიამ აავსო.
– ქალბატონებო, გთხოვთ! – ხელები თეატრალურად გაშალა ვილიმ, – რადგან ჩემმა ქალიშვილმა წვეულების მოწყობა ამიკრძალა, გადავწყვიტე, პატარა სპექტაკლი დამედგა და ცოტა ხნით წარსულში დამებრუნებინეთ. ვახშამიც ტრადიციების შესაბამისად ჩაივლის. ჩვენს მზარეულს და კამერდინერს ვთხოვე, მათაც მიეღოთ მონაწილეობა და დამთანხმდნენ. ასე რომ, ქალბატონებო, გთხოვთ სუფრასთან. დღევანდელ საღამოს „გასეირნება წარსულში“ ჰქვია...
– ხედავ, რა დღეში ვარ? – გადაუჩურჩულა ლინამ დეას და შესაბრალისად გაიღიმა, – ახლა გესმის ჩემი? ხვდები, რატომ გავიქეცი დუბლინში და არ მინდა აქ ცხოვრება? რადგან ჩვენც კორსეტები და შლეიფიანი ტანსაცმელი არ ჩაგვაცვა, კიდევ არა უშავს... თუმცა, ვგრძნობ, ამით არ დასრულდება და ღამემდე კიდევ მოასწრებს ჩვენს გაოცებას.
– მე კი მომწონს – კარგია, როცა შენს განწყობაზე ზრუნავს ვიღაც. მუსიკაც მშვენიერია.
– ჰმ, განწყობაზე ზრუნვაო, ამბობ... მეტისმეტი არაფერი ვარგა. არ შემიძლია ამ პომპეზურობის ატანა და რა ვქნა?! ყოველდღე დღესასწაულიც დამღლელია, თანაც ძალიან დამღლელი. წარმოგიდგენია? თაყვანისმცემელი რომ მყავდეს და მასზე სერიოზულად ვფიქრობდე, აქ ვერ ჩამოვიყვანდი – გააგიჟებდა ვილი...
– ჰო? თუმცა, მე მაინც არ ვფიქრობ ასე. ტომიც ხომ ირლანდიელია. გაუგებენ ერთმანეთს.
ლინამ ჩაიცინა:
– რატომ გგონია, რომ ტომიზე სერიოზულად ვფიქრობ?
– შენი საქციელიდან გამომდინარე. ტელეფონს არ უშვებ ხელიდან, გამუდმებით ემესიჯები ან გირეკავს...
– როცა წარმოვიდგენ, რომ შენებთან უნდა დაბრუნდე, ეგრევე მიფუჭდება განწყობა, – ამოიოხრა ლინამ, – ისე მინდა, რომ დარჩე...
– კიდევ ჩამოვალ, პირობას გაძლევ...
– გოგონებო, მორჩით ჩურჩულს. საზეიმო საღამოს განხსნილად ვაცხადებ! – გამოაცხადა ვილიმ, – მოგემზადეთ მთავარ კერძთან შესახვედრად!..
კამერდინერმა დარბაზში მაგიდა შემოაგორა, რომელზეც მთლიანი, შემწვარი ზაქი იწვა, მთელი თავისი „აღკაზმულობით“. მაგიდას უკან ამაყად მოჰყვებოდა მზარეული... ლინამ ისევ გადახედა დეას, გაქათქათებული ხელსახოცი აიღო, კალთაზე დაიფინა და წელში გამართულმა ამაყად მოიღერა კისერი...
***
კოტემ ლუდის კათხა მაგიდაზე დადგა, ტუჩები ხელსახოცით შეიმშრალა და ბარმენს ანიშნა, კიდევ დამისხიო.
– მოგეწონათ კერძი? – ჰკითხა ტომასმა.
– მშვენიერი იყო... როგორც მივხვდი, აქ კარგად იკვებებით.
– დიახ, ნორმალურად. ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს, – გაღიზიანებული ტონით მიუგო სანდრომ, – ახლავე გეტყვი, რომ არც უნივერსიტეტში მაქვს ვინმესთან კონფლიქტი.
– მაშინ, ვერ გავიგე, რატომ გინდა აქედან წასვლა, მით უმეტეს, რომ მასპინძელი შესანიშნავი გყავს.
– უკეთესი განათლების მისაღებად – რა არის აქ გაუგებარი?! – მხრები აიჩეჩა სანდრომ.
– ჰმ, დუბლინის უნივერსიტეტის პროფესორები არ გაძლევენ შესაფერის ცოდნას? – ჩაიცინა კოტემ, – პირდაპირ მითხარი, რა ხდება; ხომ იცი, მე ვერაფერს გამომაპარებ.
– მამა, რა გინდა? არაფერიც არ ხდება... მართლა უკეთესი განათლების მიღება მინდა. რაც მე მაინტერესებს, იმას აქ არ ასწავლიან.
კოტემ ირონიულად ჩაიცინა:
– სანდრო, მეც გიცნობ და შენც მიცნობ... ვერ მომატყუებ. ლენუკა კიდევ შეიძლება დააჯერო, მაგრამ ვერაფერს გამომაპარებ. რაღაცას მიმალავ, რაც, დარწმუნებული ვარ, ტომასმაც იცის, მაგრამ, სარგებლობთ იმით, რომ ჩემი საყველპურო ინგლისურით ვერაფერს გავიგებ.
– კოტე, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც, შეიძლება, შენთვის საინტერესო იყოს. ტომასმაც ის იცის, რაც შენ.
– ჰმ, როდის გაგიცხოველდა სწავლის სიყვარული?
– ისე ლაპარაკობ, თითქოს სულელი ვიყო და ჩემს გონებრივ შესაძლებლობებშიც ეჭვი გეპარებოდეს. დიახ, მინდა, ბევრი ვიცოდე იმ პროფესიის შესახებ, რომელმაც მერე მიზნამდე უნდა მიმიყვანოს. აქ დავინახე, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი. პირდაპირ მითხარი, თუ ფული არ გაქვს, გაგიგებ. მე თვითონ წავალ ლონდონში, ვიმუშავებ და ვისწავლი – დღეს ბევრი იქცევა ასე. როგორმე მივხედავ საკუთარ თავს, – შეიჭმუხნა სანდრო.
– ეგღა უნდა დედაშენს. ლენუკა თავს მომაჭამს, შენ რომ ბარში ან რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად იმუშაო.
– ჰოდა, მაშინ ნუღარ წუწუნებ. დამიფინანსე სწავლა და მოვრჩეთ ამით, – უტიფრად გაუცინა სანდრომ.
– შეხედე ამას?! რატომ გგონიათ შენ და დედაშენს, რომ მე ფულებს ვჭრი ან მისი საბეჭდი მანქანა მაქვს?
– რა, არ გაქვს?
– სანდრო, ნერვებს ნუ მომიშლი, ძალიან გთხოვ... – კოტემ შუბლი მოისრისა, – ცუდია, რომ არცერთს არ გაინტერესებთ ჩემი მდგომარეობა, თუმცა, არც არასდროს გაინტერესებდათ.
– რა მოხდა, რამე პრობლემა გაქვს?
– არაფერი, მე ხომ უპრობლემო ადამიანი ვარ, – ჩაიცინა კოტემ ირონიულად, – მარტო შენ და დედაშენი ვერ დაწყნარდით და ვერ დაკმაყოფილდით ვერაფრით. რამე, ლუდზე უფრო მაგარი სასმელი აქვთ ამ ბარში? მიდი, შეუკვეთე.
სანდრო მაშინვე არ ამდგარა და არ წასულა დავალების შესასრულებლად. ტომასს გადახედა, რომელსაც ერთი სიტყვაც კი არ გაუგია მათი საუბრიდან და უხერხულად ატრიალებდა ხელში ლუდის დაცლილ ბოკალს, მერე ისევ კოტეზე გადაიტანა მზერა.
– შენ აქ მართლა იმის გასარკვევად ჩამოხვედი, რატომ მინდა ლონდონში გადასვლა? – ჰკითხა ჩაფიქრებულმა.
– ჰო. რა, ეჭვი გეპარება?
– რა ვიცი, ძალიან უცნაურად იქცევი და ლაპარაკობ.
– ჩვეულებრივად ვიქცევი და ჩვეულებრივად ვლაპარაკობ, – არ გატყდა კოტე, – აბა, არ უნდა ჩამოვსულიყავი და არ უნდა მენახე? ლენუკამაც აღარ მომასვენა – ბავშვს ჩახედე, რამე ხომ არ უჭირსო.
– მერე? – მოუთმენლად ჰკითხა სანდრომ.
– რა, მერე? – ჩაეკითხა კოტე, – ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
– ხომ მნახე და დარწმუნდი, რომ არაფერი მიჭირს. რამდენ ხანს დარჩები აქ?
– რა იყო, შვილო, შეგაწუხე უკვე? თუ ასეა, მოვძებნი სასტუმროს და გადავალ, – ხელები გაშალა კოტემ.
– მე კი არ მაწუხებ, უბრალოდ, მაინტერესებდა.
– ცოტა ხანს ვაპირებ დარჩენას. გავივლი, გამოვივლი, აქაურობას დავათვალიერებ... არა, თუ არ გინდა, შენთან ვიყო, მართლა მოვძებნი სასტუმროს. იქნებ, ტომასთან არის უხერხული? ნუ გეშინია, „ნაშებს“ არ დაგიფრთხობთ.
– რომელი „ნაშები“, შენ ხომ არ გგონია, რომ აქ ვერთობი? – დაიჭყანა სანდრო.
– აბა, ისე ხართ ორი ამხელა მუტრუკი იმ მშვენიერ ბინაში? – გადაიხარხარა კოტემ და ერთბაშად დასერიოზულდა, – ვიხუმრე. კარგია, თუ მართლა სწავლობ და არ მაიმუნობ აქ. თორემ, დედაშენი ჯერ მზად არ არის რძლის მისაღებად.
სანდრო გაწითლდა. სწორედ ამ დროს ტომასმა მწარედ მისცხო მაგიდის ქვეშ ფეხი და კარისკენ მიანიშნა. სანდრომ გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ სილვია პირდაპირ მათი მაგიდისკენ წამოვიდა.
– გამარჯობა, – მიესალმა სანდროს და დაუპატიჟებლად მიუჯდა გვერდით. ბიჭი გაფითრდა. სილვიას გამოჩენა მაშინ, როცა კოტეც იქვე იყო და ეჭვით სავსე მზერას არ აშორებდა, საკონტროლო გასროლას უდრიდა მისთვის.
– მოგენატრე? ეს კაცი ვინ არის?
– ჩვენი უცხოელი მეგობარია, – დაასწრო ტომასმა, სანამ სანდრო პასუხის გაცემას მოასწრებდა.
– მართლა? – სილვიამ დაუფარავი ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა კიტია, რომელმაც თავიდან ფეხებამდე მუშტრის თვალით ახედ-დახედა ქალიშვილს და ახლა ერთი სული ჰქონდა, სანამ მის ვინაობას გაიგებდა.
– სილვია, არ გინდა, მე და შენ ცოტა გავისეირნოთ? – სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა ტომასი, სილვიას მკლავზე წაავლო ხელი და აიძულა წამომდგარიყო.
– მოიცა, რას აკეთებ? – გაუძალიანდა გოგო, – როდის მისეირნია შენთან ერთად? რა გინდა, გამიშვი, მკლავი ნუ მატკინე! არ გესმის? ნუ მექაჩები-მეთქი!
– კარგი, გიშვებ, ოღონდ, ნუ წიკვინებ, – გამოცრა ტომასმა. ხელი გაუშვა და დაჯდა, თან სანდროს გადახედა – რა ვქნა, მე რაც შემეძლო, გავაკეთეო.
– სილვია, – წყნარად მიმართა სანდრომ, – ხომ ხედავ, რომ საქმიანი შეხვედრა გვაქვს და შენი აქ ყოფნა უადგილოა? წადი და მე თვითონ დაგირეკავ.
სილვიამ ტუჩი აიბზუა:
– შენ ასე მითხარი და არ დამირეკე. ისევ უნდა მომატყუო? არსადაც არ წავალ, სანამ არ დამელაპარაკები.
– ხომ ვილაპარაკეთ უკვე, ხომ ყველაფერი გავარკვიეთ?
– არაფერიც არ გაგვირკვევია. მე შენ მიყვარხარ და ასე იოლად არ დაგთმობ.
– სანდრო, ვინ არის ეს გოგო? – ვეღარ მოითმინა კოტემ და ქალიშვილი კიდევ ერთხელ, ახლა უკვე კმაყოფილმა შეათვალიერა.
– არავინ, ჩვენთან სწავლობს, უბრალო ნაცნობია.
– უბრალო ნაცნობი, რომელიც ასეთი ტონით გელაპარაკება? ძაან სულელსაც ნუ გამომიყვან შენს მეგობართან. ეს ხომ არ არის ის მიზეზი, რომლის გამოც აქედან გარბიხარ?
– მამა, არ გინდა, რა! გეუბნები, ნაცნობია.
– მაშინ, თუ ნაცნობია, ლუდზე დაპატიჟეთ, რატომ უბღვერით ორივე ბუღებივით?
– სილვია, ლუდს დალევ? – უხალისოდ ჰკითხა სანდრომ.
– რატომაც არა. თქვენს სტუმარსაც სიამოვნებით გავიცნობ. შენს ენაზე ესაუბრები? ისე, ძალიან გგავს. ძმა ხომ არ არის, ჰა?
– სილვია, ძალიან ბევრ შეკითხვას სვამ, – გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ტომასმა, – ხომ იცი, კაცებს არ გვიყვარს, ქალები ტვინს რომ ბურღავენ.
– კი მაგრამ, რა ვიკითხე ისეთი? თქვენი მეგობრის ვინაობით დავინტერესდი.
– არ არის შენთვის საინტერესო, დამიჯერე, – შეაწყვეტინა სანდრომ, – თუ გინდა, აქ იჯდე, ლუდი დალიე და გაჩუმდი.
– ასე აგრესიულად ნუ მელაპარაკები, თორემ, დავიჯერებ, რომ მართლა არ გიყვარვარ, – გადაიკისკისა სილვიამ.
სანდრომ ავად შეხედა გოგოს, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში