ეძიე კაცი
– კარგი, გეხვეწები, დაწყნარდი, – ამშვიდებდნენ გოგოები, მაგრამ, თვითონაც ღვარად მოსდიოდათ ცრემლები.
– თქვენთვისაც კი არ მითქვამს, – განაგრძო ცოტა ხნის შემდეგ კატომ, – ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე მეკითხებოდა, ხომ არავინ მოსულაო. მთელი ამხელა საძმაკაცოდან ერთადერთი მოდიოდა ყოველდღე – ბაშვვობის მეგობარი ბადრი; იჯდა დილიდან საღამომდე, ცხარე ცრემლით ტიროდა და გვეხვეწებოდა, რამე დამავალეთო. გაგას უკვე ისე ჰქონდა გარეგნობა შეცვლილი, რომ, არ უნდოდა, ვინმეს ენახა და ოჯახის წევრების გარდა ოთახში არავის უშვებდა, მაგრამ, რომ ვეტყოდი ხოლმე, ბადრი მოვიდა-მეთქი, სახე გაუნათდებოდა. სხვებზე კი ვატყუებდი, დარეკეს და მოგიკითხეს-მეთქი, მაგრამ, ვატყობდი, რომ არ იჯერებდა – ხვდებოდა, რომ დასამშვიდებლად ვეუბნებოდი... ამდენი თვის განმავლობაში ერთმა-სამმა თუ მოიკითხა ტელეფონით.
– კარგი, ნუღარ იხეთქავ გულს, – შეაწყვეტინა ქეთამ, – ეს ყველაფერი გასაგებია და ვიცით, მაგრამ, იმ ვითომ ძმაკაცების დაძახება და დაპურება რაში გჭირდება, ვალები უნდა დაიმატო?
– ერთი კითხვა უნდა დავუსვა თითოეულ მათგანს: რა შეეშალა ჩემს ქმარს მათთან ისეთი, რომ ყველამ ერთად აქცია ზურგი და ყველამ ასე გულნატკენი გაუშვა იმქვეყნად, მაგრამ ამას სულ ბოლოს ვკითხავ, როცა დაშლას დააპირებენ. მანამდე კი მაინტერესებს, რას იტყვიან, რას გაიხსენებენ და როგორ გადმოყრიან ნიანგის ცრემლებს, – ისეთი უცნაური ტონით თქვა კატომ, რუსას შეეშინდა, რადგან, ახლა მის წინ თავისი ყველაზე მშვიდობისმოყვარე მეგობარი კი არა, ვიღაც სხვა – გამწარებული და გაბოროტებული ქალი იჯდა.
– კატო, მე მგონი, არ ღირს ამის გაკეთება, – უთხრა რუსამ მშვიდად და ცრემლები თავისი ცხვირსახოცით შეუმშრალა, – ეს რომ გააკეთო, მაშინ შენ შენ აღარ იქნები...
– ნუ ვიქნები, არ მაინტერესებს! მართლა მაწუხებს ამ კითხვაზე პასუხი და, ბოლოს და ბოლოს, მინდა, გავიგო, იქნებ მართლა რამე საშინელება აქვს ჩადენილი გაგას და მე არ ვიცი?
– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ და ტყუილუბრალოდ ნუ იტანჯავ თავს. ასე რომ ყოფილიყო, იმ ვითომ ძმაკაცების ცოლები მაშინვე „მოგაწვდიდნენ ხმას”.
– აბა, გამაგებინეთ, რა ხდება? – კატოს ისევ ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე.
– არაფერი განსაკუთრებული, ჩემო კარგო, ჩვეულებრივი არაკაცობა, ანუ, უმადურობა, დაუნახაობა და უსულგულობა – სამწუხაროდ, ეს არის ქართული „ძმაკაცობის“ ერთ-ერთი ფორმა და, თანაც, საკმაოდ გავრცელებული ჩვენს საყვარელ სამშობლოში. მე მის სამეგობროდან ყველას არ ვიცნობ, მაგრამ, ვისაც ვიცნობ, საზოგადოების თვალში ყველა კარგი ტიპია, ქალაქელი, მაღალი სოციალური სტატუსით და ასე შემდეგ, მაგრამ, ეს „ქალაქელობა“ და „კარგი ტიპობა“, ისევე, როგორც ცხოვრებაში ყველაფერი დანარჩენი, პირობითი ცნებებია, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ნიღაბია, შირმაა სხვების მოსატყუებლად – რომ უკეთესი ეგონო, ვიდრე სინამდვილეში ხარ. უფალმა ისინი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა და ეს გამოცდა ვერც ერთმა ვერ ჩააბარა – ყველა ჩაიჭრა, თანაც, „ორიანი“ კი არ მიიღეს, „ნული“ დაეწერა თითოეულ მათგანს იქ, ზემოთ და, ასი წლის შემდეგ, როცა იმ ბეწვის ხიდზე მოუწევთ გავლა, შეიძლება, ამ „ნულმა“ ისე დაამძიმოს, რომ ხიდი ჩაუტყდეთ – ამაზე ყველამ ყოველდღე უნდა ვიფიქროთ და, თუ რამე ძალიან მძიმე ცოდვას ჩავიდენთ – მე ხაზს ვუსვამ: მათი ასეთი საქციელი შეცდომა კი არა, ცოდვაა, ანუ, შეეძლოთ და მოყვასს არ დაეხმარნენ – მერე მაინც უნდა ვეცადოთ ჩვენი საქციელით ამ ცოდვის მცირედად მაინც შემსუბუქებას, – მიამ ღრმად ამოისუნთქა და გოგოებს გადახედა, – ძალიან ბევრი ვილაპარაკე, არა?
– ყოველ შემთხვევაში, რაც თქვი, ყველაფერი მართალი იყო, – აღნიშნა რუსამ და კატოს მიუბრუნდა: – რაც შეეხება უმადურობას, დაუნახაობასა და უგულობას, არ გეგონოს, ჩემო საყვარელო, რომ მარტო შენ შეგეხო ეს, ზოგადად, ადამიანური და, განსაკუთრებით – ქართული თვისებები. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვები და, მართალია, ეს არ გაგახარებს და არ დაგამშვიდებს, მაგრამ, იმაში მაინც დაგარწმუნებს, რომ სიტყვა „მამაკაცი“ მხოლოდ შარვალჩაცმულ და წვერულვაშიან ადამიანს არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა ნიშნავდეს...
– ამაზე უარესი რა უნდა მომიყვე, რაც მე გადავიტანე? – ამოისლუკუნა კატომ.
– შეიძლება, უარესი არ იყოს, მაგრამ, არც ნაკლებია, – თქვა რუსამ, – მოკლედ, რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა დეიდაშვილი გარდამეცვალა, 50 წლის – ავარიაში დაიღუპა. გივიკოც გაგასნაირი ტიპი იყო, შემიძლია ვთქვა, მეგობრებისთვის ცხოვრობდა, მათთვის არსებობდა. გივიკო თუ კარგად იყო, ყველანი კარგად იყვნენ და ისე შეეჩვივნენ ამას, რომ ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ, თითქოს ვინმე ვალდებული იყო, ისინი ერჩინა. აქაც, როგორც თქვენს შემთხვევაში, ბუზებივით ეხვეოდნენ მეგობრებიც და ნათესავებიც, მაგრამ, ავარიაში რომ მოყვა, ორი კვირა აპარატზე იყო მიერთებული და, ამ ორ კვირაში აღმოვაჩინეთ, რომ არავინ ჰყოლია – არც მოკეთე და არც გულშემატკივარი. ვისაც დავურეკეთ, თითქმის ყველა დაიმალა. მერე, რომ გარდაიცვალა, ყველა მოვიდა, ქელეხშიც ყველა დარჩა და ისე ჭამეს, ლამის მუცლები დაიხეთქეს. გივიკოს 21 წლის ბიჭი დარჩა, რომელიც მეზობლის წყალობით ციხეში მოხვდა.
– „მეზობლის წყალობით“ რას ნიშნავს? – ჩაეკითხა ქეთა.
– ერთი მეზობელი ჰყავდათ, გზასაცდენილი და არაკაცი. ის დაუჭერიათ რაღაც სისაძაგლეზე და, როგორც მერე გვითხრეს, მაშინ, თურმე, „მოსული“ ყოფილა, თავის ნაცვლად სხვისი ჩაშვება, ანუ, თვითონ რაღაც თანხა გადაიხადა, გივიკოს ბიჭს კი ნარკოტიკების გასაღება დააბრალა – მამა აღარ ჰყავდა და არ ეშინოდა, რომ კისერს მოუგრეხდა ვინმე. შეუცვივდა ათი კაცი ისედაც გაუბედურებულ ოჯახს, უჯრაში ჩაუდეს ნარკოტიკი, ანუ, „ფაქტზე“ დააკავეს და წაიყვანეს. მე და ჩემი ქმარი მაშინ საქართველოში არ ვიყავით. საწყალ დეიდაჩემს და მის რძალს ადვოკატის ფულიც კი არ ჰქონდათ. მერე ისე მოხდა, რომ გასაღება ვერ დაუმტკიცეს და მოხმარება წაუყენეს ბრალად. დეიდაჩემისთვის ესეც შეღავათი იყო, მაგრამ, მოხმარებაზე მაინც მიუსჯიდნენ და ტყუილუბრალოდ დაიღუპებოდა ბიჭი. პირველი სასამართლოს დღე რომ შეატყობინეს, დაურეკა საწყალმა დეიდაჩემმა თავისი შვილის ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს და სთხოვა: ხომ არაფერზე შემიწუხებიხართ არც ერთი, ერთადერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და, თუ ჩემი შვილის ხსოვნას პატივს სცემთ, ახლა დაუდექით გვერდში მის ერთადერთ შვილს, რომელიც მართლა უდანაშაულოდ, სხვისი დაბეზღებით დააპატიმრეს. ერთ კვირაში სასამართლოა. არაფერი არ მინდა თქვენგან, ოღონდ, გევედრებით, დაურეკე ბიჭებს და დაესწარით იმ სასამართლოს. ვიცი, რომ ამით არაფერი შეიცვლება ჩემი შვილიშვილისთვის, მაგრამ, დარბაზში მამის მეგობრებს რომ დაინახავს, ცოტათი მაინც გამხნევდება და მიტოვებულად არ იგრძნობს თავს, მეტი არაფერი მინდა თქვენგანო, – რუსა გაჩუმდა.
– მერე, რაო, იმ მეგობარმა? – ვეღარ მოითმინა ლიკამ.
– რაზეა ლაპარაკი, წავალთ კიდეც და, თან, ბიჭებსაც ჩამოვურეკავ, რაღაც თანხასაც შევაგროვებთ და მოვიტანთ, ისევ გივიკოს ბიჭისთვის გამოიყენებთო. დეიდაჩემმა უთხრა, არანაირი თანხა არ მინდა, ოღონდ კი სასამართლოს სხდომას დაესწარითო. მოკლედ, იმ კაცმა დაიჟინა, თანხასაც შევაგროვებთ და სასამართლოსაც დავესწრებითო, თან, უთხრა, ხვალ საღამოს თუ არა, ზეგ დილას მოვალთ და გნახავთო. გავიდა „ხვალ საღამოც“, „ზეგ დილაც“, იმის ხვალ და ზეგ დილაც და საღამოც, მაგრამ, არც არავის დაურეკავს და, მით უმეტეს, არც არავინ მისულა დეიდაჩემთან. მეშვიდე დღის დილას (შუადღეზე სასამართლო უნდა ჩატარებულიყო) დეიდაჩემი ურეკავს იმ მეგობარს და ეკითხება: მანუჩარ, რა ქენი, რატომ აღარ დამირეკეო... იმ სანიმუშო მეგობარმა კი ძალიან ცივად უპასუხა – რაზე რა ვქენი, რატომ უნდა დამერეკაო...
– მერე, დეიდაშენმა რა უთხრა? – ჰკითხა ქეთამ.
– არც არაფერი. რა უნდა ეთქვა ასეთი პასუხის შემდეგ? უკაცრავად, რომ შეგაწუხეო და მაშინვე დაუკიდა ყურმილი. მინდა გითხრა, რომ, მას შემდეგ, დღემდე, არც სხვებს მოუკითხავთ გივიკოს დედა და ცოლ-შვილი და არც იმ მანუჩარს, რომელიც გივიკოს გარდაცვალებამდე, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველდღე დადიოდა დეიდაჩემის სახლში დილის 9 საათიდან 6 საათამდე (თურმე, თავის ოჯახს ატყუებდა, სამსახური ვიშოვეო) და, იყო თუ არ იყო შინ გივიკო, ის მაინც იჯდა 6 საათამდე; პრესაც უფასო ჰქონდა, ჩაიც, ყავაც და სადილიც, რომ აღარაფერი ვთქვა სხვა დახმარებებზე, რაც ჩემს დეიდაშვილსა და მთელ მის ოჯახს ჰქონდა გაწეული პირადად ამ მანუჩარისთვის. ის კი არა, მგონი, ყოველი თვის ბოლოს გივიკო ფულსაც კი აძლევდა – ვითომ ხელფასი აიღო. ასე რომ, ჩემო კატო, სამწუხაროდ, გაგას მეგობრები გამონაკლისები არ არიან. დღეს, უმრავლეს შემთხვევაში, ერთ დროს სამაგალითო კაცური მეგობრობა, უკეთეს ვარიანტში, „სუფრის მეგობრობად“ და „ჯიბის მეგობრობად“ იქცა, ანუ, გაქვს ფული? – ვარ შენი მეგობარი; არ გაქვს? – თუნდაც მანამდე შენი წყალობით მეარსება, არც კი გიცნობ და ჯანდაბამდეც გზა გქონია. რატომღა დავხარჯო შენთვის თუნდაც ერთი ლარი, თუკი ასმაგად ვეღარ შევძლებ უკან დაბრუნებას? თან, იცით, კიდევ უფრო არაკაცური რა მოჰყვა ამ ისტორიას? იმ მანუჩარმა ხომ თითიც არ გააძნრია, სამაგიეროდ, მთელ ქალაქს მოსდო – გივიკოს შვილი ნარკოტიკზე დაიჭირესო, იმას კი არ ამბობდა, რომ ჩაუდეს და მეზობლის ნაძირლობის მსხვერპლი რომ გახდა ბიჭი და, ეს ყველაფერი ხდებოდა იმის ფონზე, რომ თვითონ მანუჩარიც, ამ ხნის კაცი, საკმაოდ „ახლო ურთიერთობაში“ იყო ნარკოტიკებთან.
– აი, საბოლოოდ, ასეთი მეგობრობა იციან დღეს ქართველმა კაცებმა, იშვიათი გამონაკლისის გარდა; არადა, რომ ჰკითხო, ქალებმა არ იცით მეგობრობა, ორ შაურად შეგიძლიათ დაქალის ღალატიო, – ბოღმით თქვა ქეთამ.
– ისე, ქალებიც კარგი ვინმეები ვართ ხანდახან, – განაგრძო რუსამ, – ჩემი მოსმენით თუ არ დაიღალეთ, კიდევ ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით.
– მიდი, მოყევი, დღეს ერთმანეთის მოსასმენად არ შევიკრიბეთ? – აღნიშნა კატომ.
– ეს ისტორიაც დეიდაჩემსა და გივიკოს შვილს ეხება. მოკლედ, დეიდაჩემი აქეთ ეცა, იქით ეცა, მაგრამ, ვერავინ მშველელი ვერ ნახა. ერთ დღეს კი შემთხვევით გაიგო თავისი მოადგილისგან, რომ ჩვენს კანცელარიაში დები რომ მუშაობენ, ანი და ტატა, რომელიღაცის ქმარი პროკურატურაში მუშაობს მაღალ თანამდებობაზეო. ის თანამშრომელი აზრზეც არ იყო, დეიდაჩემის შვილიშვილი ციხეში რომ იჯდა, უბრალოდ, საუბრისას ახსენა ეს ამბავი. ანი და ტატა. მართალია, დეიდაჩემის ახლო მეგობრები არ ყოფილან, მაგრამ, ორივესთან კარგად იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, მათთვის მიემართა დახმარებისთვის. გაიგო, რომლის ქმარიც მუშაობდა პროკურატურაში, ცალკე გაიყვანა და ბოლომდე გაენდო. ყველაფერი უამბო – როგორ და რატომ დაიჭირეს მისი შვილიშვილი და, ჯერ შეევედრა, სამსახურში ამის შესახებ არავინ არაფერი არ იცის და, ძალიან გთხოვ, არავისთან წამოგცდესო, მერე კი სთხოვა, შენს ქმართან შემახვედრე ან შენ თვითონ აუხსენი საქმის ვითარება, იქნებ, იმაში მაინც დამეხმაროს, რომ ნაკლები მიუსაჯონო. ანიმ ყურადღებით მოუსმინა, ვითომ გულთან ახლოს მიიტანა დეიდაჩემის ტრაგედია და დახმარებასაც შეჰპირდა – ჩემი ქმარი ისეთი პატიოსანი კაცია, თუ უსამართლოდ არის დაჭერილი თქვენი შვილიშვილი, აუცილებლად უშველისო... – რუსას ის დღეები გაახსენდა და ცრემლი მოადგა თვალზე.
– მერე, უშველა იმ პატიოსანმა ქმარმა? – ირონია ვერ დაფარა მიამ, რადგან, დაახლოებით მიხვდა, რითაც დამთავრდა ეს შეთანხმება.
– მერე, ანის, რამდენიმე თვის განმავლობაში, ხან რა პასუხი მოჰქონდა დეიდაჩემთან, ხან – რა, საბოლოოდ კი, ცხადია, არაფერი გაუკეთებია, ერთი რამის გარდა.
– ანუ, მაინც გაუკეთა რაღაც? – გაუხარდა ქეთას.
– ჰო, გაუკეთა – მთელი სამსახური დაიარა და სათითაოდ ყველასთან იჭორავა ჩუმად – ქალბატონი მანანას შვილიშვილი ნარკომანია, „წამალზე“ დაიჭირეს და ძალიან ცუდად აქვს საქმეო.
– კი მაგრამ, დეიდაშენმა არ მოსთხოვა პასუხი ამ საქციელზე? – აღშფოთდა მია.
– არა, არაფერი უთქვამს. ჯერ ერთი, როცა ადამიანი ასეთ საქციელს სჩადის, იმისთვის რამის თქმას რა აზრი აქვს – რა, შეიცვლება, ბოდიშს მოგიხდის თუ მოინანიებს? პირიქით, შეიძლება, ისეთი პასუხი გაგცეს, თავი მოგაკვლევინოს; თანაც, დეიდაჩემს არ უნდოდა, ეს ამბავი სამსახურში ხმამაღლა განსახილველ თემად ექცია – ხომ იცი, ასეთ დროს ყველა თავის ვერსიას მიუმატებს და იმართლე მერე თავი...
– ანუ, რით დამთავრდა ეს ამბავი? – დაინტერესდა ქეთა.
– ეს ამბავი დამთავრდა იმით, რომ, ჩემი დეიდაშვილის შვილი, მართალია, ერთი წლის შემდეგ, მაგრამ, მაინც გაამართლეს, რადგან, დადგინდა, რომ ნარკოტიკი ჩადებული ჰქონდა და ვერც ნარკომანობა დაუმტკიცეს. აი, ანის ქმარი კი დაიჭირეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პიროვნება პროკურატურაში და მისი რამდენიმე თანამშრომელიც ზედ მიაყოლეს. მერე, თუ არ ვცდები, პირობით გაათავისუფლეს და, მგონი ბოლოს საერთოდაც გაიქცნენ საქართველოდან.
– მოკლედ, შეიძლება ითქვას, სამართალმა მაინც ჭამა პური, – აღნიშნა მიამ, – მაგრამ, ყველაზე დიდი საშინელება იცით, რა არის? თუნდაც ის შენი ნათესავი მართლა ნარკომანი ყოფილიყო, მისი უბედური პატრონი დახმარებას რომ იხვეწება და სიმართლის დადგენას რომ სთხოვს ასჯერ და ათასჯერ უფრო დიდ დამნაშავეს.
– ჰო, სამწუხაროდ, ეს ჩვენი ცხოვრების თანამდევი რეალობაა, რადგან, თითოეულ ჩვენგანს, უკლებლივ ყველას, დიდი დოზით გვაკლია წესიერება და პატიოსნება – სხვადასხვა ასპექტში, რა თქმა უნდა, მაგრამ, ზოგადად მაინც ჩვენი ბრალია – ყველასი ერთად და თითოეულის ცალ-ცალკე, – დაფიქრებით თქვა კატომ, – ჩვენი, მთელი საზოგადოების არაწესიერების, პრიორიტეტების არასწორად განაწილების ბრალია, ახლა ამ დღეში რომ ვარ. რატომ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული იმაზე, გვაქვს თუ არა ფული? რატომ არ უნდა ყოფილიყო საქართველოში ისეთი კლინიკა, რომელშიც ჩემს ქმარს უმკურნალებდნენ? ან, ვთქვათ, აქ არ იციან ყველა დაავადების მკურნალობა და აუცილებლად სხვა ქვეყანაში უნდა წაიყვანო, რომ გადაარჩინო; ხომ უნდა არსებობდეს ბანკი, რომელიც უბედურ ოჯახს სესხს მისცემს მინიმალური პროცენტითა და უფრო დიდი ხანგრძლივობით, რომ ახლობელი არ მოუკვდეს? გაგაც ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ, ასეა თუ ისე, შთამომავლობა მაინც დატოვა... იმათ რაღა ქნან, თოთო ბავშვები რომ უკვდებათ და ვერაფერს შველიან იმის გამო, რომ ფული არ აქვთ? ამაზე დაფიქრებულა ვინმე? ან, თუნდაც იმ გერმანიაში, ავსტრიაში ან სხვაგან, რატომ უნდა ღირდეს ოპერაცია და მკურნალობა რამდენიმე ათეული და ასეული ათასი ევრო, ეს ხომ სახის ან სხეულის გასალამაზებელი ოპერაცია არ არის, აქ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა ლაპარაკი!
– ჰოდა, ვინც ამხელა ფასები დააწესა და ვისაც ეს გაუბედურებული ხალხი ფეხებზე ჰკიდია, ოპერაციისა და ექიმების საჭიროება არ გამოულიოს ღმერთმა! – მიაწყევლა რუსამ.
– მართალი ხარ, – კატოს აღშფოთება გადაედო მიას, – ან, ამ ჩვენი ვითომ ქველმოქმედების საქციელი რას ჰგავს – ოც ლარს აჩუქებენ ვიღაც გაჭირვებულს ან ერთ კილო შაქარს მიუტანენ და მერე მთელი თვე ამაზეა ლაპარაკი ტელევიზორში – აი, რა კეთილები ვართო, თან, მზრუნველ და შეწუხებულ სიფათებს დაიყენებენ და ისე პოზირებენ კამერების წინ; იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ იმ ათი და ოცი ლარის ჩუქებით, თან, ასეთი ზარ-ზეიმით გაშუქების ფონზე, უარეს შეურაცხყოფას რომ აყენებენ იმ პენსიონერს, რომელსაც იმდენი წიგნი წაუკითხავს და იმდენი საქმე გაუკეთებია მოყვასისთვისაც და ქვეყნისთვისაც, იმ ქველმოქმედის მთელ სანათესაოს, ერთად აღებულს, სიზმარშიც რომ არ უნახავს... ის ოცი ლარი კი, მართლა შრომაში დაბერებულ, გასაცოდავებულ ადამიანებს რომ მიუგდებენ გამოხრული ძვალივით, მაგათ ლაწირაკ შვილებს სიგარეტის ფულად და მობილურებზე ჩასარიცხავად არ ჰყოფნით დღეში; მე რომ იმ მოხუცების ვიყო, შიმშილით რომ ვკვდებოდე, არც იმ მათხოვრულ კაპიკებს გამოვართმევდი და სახლიდანაც კინწისკვრით გავაგდებდი, თანაც ისე, რომ მთელ ქუჩას და მთელ უბანს დაენახა და გაეგონა.
– გააგდებდი და გიკრავდნენ თავს „ვირის აბანოში“ – იციან ეს იმ მოხუცებმა და იმიტომაც უხდიან გულწრფელ მადლობას დაფასებისა და ყურადღებისთვის. თანაც, ეს ყველაფერი წინასწარ დამუშავებული სცენარით კეთდება. სამადლობელ ტექსტსაც კი ფურცლებზე უწერენ და აზეპირებინებენ იმ საწყლებს.
– ღმერთო ჩემო! მართლა? რა სამარცხვინო საქციელია! – აღშფოთდა რუსა.
– საერთოდ, ძალიან ცუდები ვართ ქართველები. უამრავი ნაკლი გვაქვს, მაგრამ, ყველაზე უარესი, რაც გვჭირს, უმადურობა და ერთმანეთის გაუტანლობაა, – თქვა ლიკამ და კატოს მიუბრუნდა, – ამიტომ, ჩემო კარგო, დაანებე თავი გაგას მეგობრებს, იმათ თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ, ასეთები რომ არიან. რაც არ უნდა უთხრა, მაინც ვერ გამოასწორებ და ვერც ვერაფერს მიაღწევ, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ გეტკინება გული.
– ჰო, ალბათ, მართალი ხარ, – კარგა ხნის დუმილის შემდეგ თქვა კატომ, – მაგრამ, იცი, რაზე ვფიქრობ ბოლო ერთი წლის განმავლობაში? გაისად გაგას 40 წელი უსრულდება. გადაწყვეტილი მაქვს, ურიის ვალი რომ დავიდო, გადავუხადო დაბადების დღე. მაგრამ, ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავარ: ვის დავუძახო? მარტო იმ ბადრის, რომელიც ყოველდღე დადიოდა?! მერე, შვილებს რა ვუთხრა, მამათქვენს მეტი მეგობარი არ აღმოაჩნდა-მეთქი?! ოდესმე ამას თვითონაც მიხვდებიან – პრინციპში, უკვე ხვდებიან კიდეც, არავინ რომ არ ურეკავს და არ კითხულობს, მაგრამ, ჯერ კიდევ პატარები არიან ასეთი მწარე რეალობის გასაცნობიერებლად და მეც არაფერს ვეუბნები; თანაც, არ მინდა, რომ გული დაებოღმოთ და გაუბოროტდეთ.
– სწორად იქცევი, – დაეთანხმა მია, – პატარა ასაკში ხშირად გულისტკენა და იმედგაცრუება, დიდობაში აბოროტებს ადამიანს. რაც შეეხება გაგას, იმ ვითომ მეგობრების ახლა შეკრებას, გირჩევ, ცოტა ხანს თავი შეიკავო და კარგად დაფიქრდე, ღირს თუ არა საერთოდ ამის გაკეთება; დაბადების დღემდე კი თითქმის ერთი წელია დარჩენილი, ანუ, მანამდე დიდი დროა და, როცა ის დღე დადგება, სიტუაცია გიკარნახებს, როგორ უნდა მოიქცე.
– მართალი ხარ, ჩვენც ასევე ვფიქრობთ, – დაეთანხმნენ გოგოები, – და, საერთოდ, შეეცადე, ამ თემაზე აღარ იფიქრო. უმადურობისა და არაკაცობის მაგალითები ყველასთვის ნაცნობი და ახლობელია, ვერც ვერავის გააკვირვებ და ვერც ვერავის აატირებ ამით. ამიტომ, დაივიწყე და, შენს შვილებს, საკუთარ თავსა და შენს საწყალ დედამთილს მიხედე, რომელსაც თქვენღა დარჩით და თქვენზე ამოსდის მზე და მთვარე.
– შევეცდები, – დაფიქრებით თქვა კატომ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა კი თემა შევცვალოთ, თორემ, ამდენს მართლა ვეღარ გაუძლებს ჩემი გული, მით უმეტეს, რომ ბევრი მაქვს მოსაყოლი, – უცბად ეშმაკურად მოწკურა თვალები მიამ.
– იმ საღამოს რომ არ დამირეკე, გაგიგე და არაფერი გითხარი და, ახლაც რომ „გადაგეგდეთ“ ყველანი, მართლა აღარ დაგინდობდი, – „გამოიდარა” კატომაც, – აბა, მოგვიყევი, როგორი კავალერი აღმოჩნდა ჩვენი ამერიკელი ბიჭი.
– სხვათა შორის, პირველი შთაბეჭდილება ნორმალური იყო, – თქვა მიამ და გაწითლდა.
– ეს, მგონი, მართლა შეაბა იმ ტომასმა, ხომ იცი, – გაეცინა ქეთას, – მია ასეთი გაწითლებული ოდესმე თუ გინახავთ?
– მით უმეტეს, კაცებზე ლაპარაკის დროს, – მხარი აუბა ლიკამ, – მართლა ხომ არ წამოეგე, გოგო, იმ გადამთიელის ანკესს?
– ჩემს გაღადავებას თავს თუ არ დაანებებთ, არაფერსაც არ მოგიყვებით და მირტყით მერე კრუგები, – ძალიან მშვიდად თქვა მიამ, კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და ძალიან არტისტულად გააბოლა.
– ჰო, კარგი, კაპიტულაციას ვაცხადებთ, – ხელები ტყვესავით ასწია ქეთამ და დანარჩენებმაც მიჰბაძეს, – ხმას აღარ ამოვიღებთ, მხოლოდ წვრილმანების დასაზუსტებლად ჩავსვამთ შიგადაშიგ კითხვებს. მიდი, დაიწყე.
***
მიამ შეგნებულად დაიგვიანა პაემანზე თხუთმეტი წუთით – აინტერესებდა, უსაყვედურებდა თუ არა ამის გამო ტომასი, მაგრამ, მსგავსიც არაფერი მომხდარა.
„პლუს ერთი ქულა“, – კმაყოფილებით გაიფიქრა მიამ და ერთი სიტყვითაც არ მოუხდია დაგვიანებისთვის ბოდიში.
სანამ წავიდოდა, შეფასების ათქულიანი სისტემის გამოყენება გადაწყვიტა, ოღონდ, საკმაოდ მკაცრი პრინციპით: ყოველ მოსაწონ საქციელზე ახალ თაყვანისმცემელს პლუს ერთ ქულას დაუწერდა (გულში, რა თქმა უნდა); თუ რამე შეეშლებოდა – მინუს ორ ქულას. მთელი საღამოს განმავლობაში, სახლში გაცილების ჩათვლით, თუ ამ პლუს-მინუსების ჯამით ტომასი პლუს 10 ქულას დააგროვებდა, მია პატივს დასდებდა და მეორე პაემანზეც მივიდოდა; თუ არა, ანუ, ცხრა ქულის დაგროვების შემთხვევაშიც კი, სამუდამოდ დაუქნევდა ხელს და პირში ჩალაგამოვლებულს დატოვებდა ოკეანისგაღმელ არშიყს.
ტომასი რესტორანში, მაგიდასთან დახვდა და არა გარეთ და, მიას ესეც მოეწონა, თუნდაც იმიტომ, რომ ასე უფრო მოახდენდა ეფექტს – როდესაც მაგიდისკენ გაემართებოდა, კაცს უკეთ შეეძლებოდა მისი ქალური მომხიბვლელობის დანახვა და შეფასება, რადგან, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ძლიერ ეფექტს მოახდენდა. ასეც მოხდა: დარბაზში რომ შევიდა, მიამ შორიდანვე დაინახა ელეგანტურად ჩაცმული ამერიკელი, რომელიც საკუთარ მამაკაცურ განუმეორებლობაში დარწმუნებული სახით უჯდა ორკაციან მაგიდას და მშვიდად ათვალიერებდა მენიუს. მერე, ალბათ, ფეხის ხმა გაიგონა, ან, სულაც, გულმა უგრძნო, კარისკენ გაიხედა და მისკენ მიმავალი მია რომ დაინახა, მაშინვე ღიმილით წამოდგა და მის შესაგებებლად გაემართა; თან, ეს ისე უშუალოდ და გულწრფელად გააკეთა, რომ მიამ გულში მეორე ქულაც მიუმატა. ტომასმა ხელზე აკოცა და ხელკავით მიიყვანა მაგიდამდე, კუთხეში დადებული იების ლამაზი თაიგული მიართვა – ეს თქვენთვის ვიყიდეო, თან თვალებში ჩახედა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუწია სკამი მაგიდასთან დასაჯდომად.
„კიდევ პლუს ერთი ქულა“, – გაიფიქრა მიამ, თანაც, საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ეს კაცი უკვე მოსწონდა და ძალიან დასწყდებოდა გული, ათ ქულამდე თუ ვერ მიაღწევდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში