ინტიმური საუბრები
როგორ დამიბრუნდა დაკარგული სამკაული
როცა გავთხოვდი, ჩემმა ქმარმა მშობლების ოჯახში მიმიყვანა. მართალია, დიდი ბინა ჰქონდათ, მაგრამ, ბევრნიც ვიყავით: მე და სოსო, სოსოს დედ-მამა, ორი უცოლო ძმა და ერთი გაუთხოვარი და.
როგორც ხდება ხოლმე, დედამთილმა საქორწინო ბეჭედი, წვრილი ოქროს ძეწკვი და ბრილიანტის საყურეები მომართვა ნიშნობაზე. მერე კი მითხრა, კიდევ მაქვს შენთვის სამკაულები, მაგრამ თანდათანობით მოგცემო. მართლაც, ხან დაბადების დღეზე მაჩუქა ძალიან ლამაზი ვერცხლის გულსაბნევი დიდი მწვანე ქვით, ხან – 8 მარტს ბეჭედი, მაგრამ, პრაქტიკულად, სიტყვით მჩუქნიდა, ანუ, დამანახვებდა სამკაულს და მეტყოდა: ეს შენია, შენ გაჩუქე, მაგრამ, ჩემთან იქნება; როცა გაკეთება მოგინდება, მითხარი და მოგცემო. მე დედაჩემის ნაჩუქარი სამკაულებიც ბევრი მქონდა და, ამიტომ, თითქმის არასდროს გამომირთმევია. ის კი არა, როცა მითხრა, შენი ბეჭდები მომეცი, ყველაფერს ერთად შეგინახავო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ჩავაბარე მთელი ჩემი ძვირფასეულობა, გარდა იმ ერთი-ორი ნივთისა, რომლებსაც ყოველდღე ვიკეთებდი.
ერთ დღეს კი, სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ატირებული და თავწაკრული დამხვდა – ყველაფერი მომპარესო. გარედან ქურდი ვერ შემოვიდოდა, რადგან, სახლში ყოველთვის ვიღაც იყო, ამიტომ, გამოაცხადა, ათასი ჯურის ხალხი რომ მოგყავთ სახლში (ძირითადად, ჩემი მეგობრები იგულისხმა, რადგან პირდაპირ მითხრა, ჩემი შვილების მეგობრებს ყველას ბავშვობიდან ვიცნობ, ეგენი კი, რა ვიცი, ვინ ოხრები არიანო. ბოლოს ჩემს მეჯვარეს დააბრალა ქურდობა, რის გამოც სამუდამოდ დავკარგე ბავშვობის მეგობარი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მე არაფერს ვაბრალებდი), ეს ყველაფერი იმის ბრალია. შენს ბეჭდებთან ერთად, ჩემი სამკაულიც წაღებულიაო.
რა თქმა უნდა, მეწყინა, მაგრამ, თავს ხომ არ მოვიკლავდი, გადავიტანე ეს ამბავი. მე უფრო ის მაწუხებდა, რომ ჩემმა დანარჩენმა დაქალებმაც ალმაცერად დამიწყეს ყურება.
გავიდა ორი თუ სამი წელი და ისე მოხდა, რომ, ჯერ ჩემი მული გათხოვდა, მერე კი მაზლებმაც მოიყვანეს ცოლები. ამიტომ, ძალაუნებურად, ბინა დავშალეთ და ყველანი ცალ-ცალკე დავსახლდით. ისე აეწყო ცხოვრება, რომ ერთმანეთთან ხშირად ვერ დავდიოდით (მით უმეტეს, რომ საკმაოდ შორიშორს ვცხოვრობდით), მხოლოდ დაბადების დღეებზე, ახალ წელს ან პანაშვიდებზე ვხვდებოდით ერთმანეთს.
რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი დედამთილი გარდაიცვალა. მამამთილმა რომ დაგვირეკა, მე და სოსო მაშინვე გავქანდით. მული და რძლები რომ ვერ დავინახე, მამამთილს ვკითხე, სად არიან-მეთქი და თავისი ცოლის ოთახისკენ მიმითითა – რაღაცეებს აწესრიგებენო. ვიფიქრე, მეც მივეხმარები-მეთქი და კარი შევაღე, მაგრამ, ნეტავი საერთოდ არ მივსულიყავი: იჯდა ეს სამი ახალგაზრდა ქალი მაგიდასთან, წინ ხის პატარა კოლოფი ედოთ, სათითაოდ იღებდნენ იქიდან სამკაულებს და ინაწილებდნენ, თან, ყოველ ბეჭედსა და საყურეზე ჩხუბობდნენ და ერთმანეთს აძახებდნენ – შენ ხომ ის მოგცა, ამიტომ ეს ჩემიაო. ისე იყვნენ გართულები, ჩემი შესვლა არც გაუგიათ. რომ მივუახლოვდი, დავინახე, რომ ყველა სამკაული – დედაჩემის მოცემულიც და დედამთილის ნაჩუქარიც – უკვე დანაწილებული ჰქონდათ, მაგრამ, მაინც ერთმანეთის ნივთებზე რჩებოდათ თვალი. თავზე რომ წავადექი, მხოლოდ მაშინ დამინახეს და შიშისგან შეჰკივლეს, მერე კი შეეცადნენ, ჯიბეებში დაემალათ, რაც ხელში ეჭირათ და თითებზე ეკეთათ, მაგრამ, ვერ მოახერხეს და ყველაფერი ძირს დაუცვივდათ. იმის შიშით, რომ ვინმე არ შესცილებოდათ, უცებ სამივე იატაკზე დაეცა მუხლებით და დაფანტული ძვირფასეულობის აკრეფა დაიწყეს. მე არაფერი მითქვამს და ოთახიდან გავედი. მამამთილმა მკითხა, რას აკეთებენ ამდენ ხანსო. მეც პირდაპირ ვუთხარი – ვითომ დაკარგული ჩემი ოქროულობა იპოვეს და ახლა ერთმანეთში ინაწილებენ, მაგრამ რომელიმე თქვენგანი თუ არ ჩაერია, აუცილებლად ერთმანეთს დახოცავენ-მეთქი. ჩემი მამამთილი გაოცებისგან გაფითრდა, მაგრამ, ჩემთვის არაფერი უთქვამს. მერე ადგა, ცოლის ოთახის კარი შეაღო და, თავის ქალიშვილსაც, რძლებსაც და მათ ქმრებსაც სულ უკანასკნელი სიტყვებით აგინა. მერე უყვირა, ყველაფერი მაგიდაზე დაყარეთ და აქედან გაეთრიეთ, თქვენი ფეხი აღარ ვნახო ჩემს სახლშიო. მეორე დღეს ძლივს დავითანხმეთ მე და სოსომ, რომ პანაშვიდებზე და გასვენებაში მოსვლის უფლება მიეცა მათთვის, რომ მეზობლებს არ ეჭორავათ. მაგრამ, იმის მერე სამუდამოდ გაებუტა და ისე წავიდა ამქვეყნიდან, არც ქალიშვილისთვის და არც რძლებისთვის ხმა არ გაუცია. ცოლის დასაფლავების შემდეგ კი ყველაფერი დამიბრუნა, ბოდიში მომიხადა და ჩემი მეჯვარის ტელეფონის ნომერი გამომართვა. მოგვიანებით, თვითონ ჩემი დაქალისგან გავიგე, რომ მასთან დაურეკავს და პატიება და ჩემთან შერიგება უთხოვია – მარიკო არაფერ შუაშია და ერთმანეთს ნუ დაკარგავთო.
მარიკო, 33 წლის.