თადარიგის დაჭერა ადრიდანვე ჯობია
შეიძლება, ბევრს გაეცინოს, ჯერ რა დროს ახალი წელიაო, მაგრამ, არც ისე ბევრი დროა დარჩენილი და, ეს დროც ისე თვალის დახამხამებაში გაფრინდება, მოხედვასაც ვერ მოვასწრებთ, რომ თოვლის ბაბუა მოგვიკაკუნებს კარზე; საახალწლო წვეულებებზეც მოგიწევთ წასვლა; შეიძლება, შინაც მიიღოთ სტუმრები, ან, სულაც, ის ერთადერთი მამაკაცი, რომლის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენიათ... არ არის გამორიცხული, მან თავისი მშობლების გასაცნობად სწორედ საახალწლოდ მოინდომოს თქვენი დაპატიჟება, თქვენ კი... ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? დიახ, თქვენ კი, შესაძლოა, არ იყოთ ისეთ ფორმაში, რომ სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოთ, რადგან, ბოლო პერიოდში „აკრეფილმა“ რამდენიმე ზედმეტმა კილოგრამმა გაგიხუნათ მომხიბვლელობა. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა, დღეიდანვე შეუდგეთ საქმეს, უფრო სწორად – გალამაზებას. დაახლოებით ორთვე-ნახევარი კი სწორედ ის პერიოდია, როცა მშვიდად, აუჩქარებლად და გონივრულად დაიკლებთ წონაში, მთავარია, შეიმუშაოთ სისტემა და კვების გრაფიკი, რომელიც აწყობილი იქნება თქვენს დღის რეჟიმზე, ხასიათზე, განწყობაზე და ასე შემდეგ. მაგალითად, ვინაიდან ამ დიეტის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია აქტიური სპორტი, შეარჩიეთ ის სახეობა, რომელიც არა მარტო გეხერხებათ ან აუცილებელია, არამედ, რომელიც გსიამოვნებთ, გეხალისებათ და კარგ ხასიათზე გაყენებთ, ვთქვათ – ცურვა, ჩოგბურთი, ტენისი, სირბილი, გორგოლაჭებიანი ციგურები, ან, სულაც, აერობიკა ან ცეკვა; კვების რეჟიმი კი ისე შეადგინეთ, რომ დღეში 5-6 ჯერი გამოგივიდეთ 2-საათიანი შუალედებით და საკვების რაოდენობა თითო ჯერზე არ უნდა აღემატებოდეს 150 გრამს (წყლისა და წვენების გარდა). წყალი, ჩვეულებისამებრ, დღეში 2 ლიტრამდე უნდა დალიოთ, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ ნახევარსაათიანი შუალედით. რაც შეეხება კერძებს, ტრადიციულად, გამორიცხეთ ცომეული, ტკბილეული, ცხიმიანი, ცხარე, მწარე, მჟავე და შემწვარი საკვები. მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ, ვთქვათ, სტუმრად წახვედით და ერთი ნაჭერი ნამცხვარი ან რამე მსუყე საჭმელი მიირთვით, მეორე დღეს აუცილებლად გააკეთეთ ვაშლის, კიტრის ან მაწვნის განტვირთვის დღე.
მაგრამ, დიეტური საკვებისა და სპორტის გარდა, აუცილებელია, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე და, რაც მთავარია, შეეცადეთ, იყოთ ყოველთვის მხიარულ და ხალისიან განწყობაზე; არ იფიქროთ მძიმე თემებზე; მოერიდეთ უსიამოვნებებსა და უთანხმოებას ახლობლებთან და თანამშრომლებთან – ეს სიკეთეს არ მოგიტანთ, უფრო პირიქით – სტრესისა და დეპრესიის დროს ცხიმები კი არ იწვება, უფრო მეტად გროვდება და მერე ძალისხმევის გაათმაგება მოგიწევთ მათ დასაშლელად. ერთი სიტყვით, ხვალიდანვე ყოველმხრივ რეჟიმში უნდა ჩადგეთ, რათა ახალ წელს კარგ ფორმაში შეხვდეთ.