რატომ უნდა დაკიდოთ გასაღებების აცმა ვერცხლისფერ ჯაჭვზე და რაზე მეტყველებს წინაპართან ფიზიკური მსგავსება
სანამ ადამიანი საკუთარ თავზე არ გამოსცდის ყველაფერს, სხვისი მონაყოლი ზღაპარი ჰგონია. ეს განსაკუთრებით იმ თემას ეხება, რასაც ეზოთერიკოსები „ფენომენალურ მოვლენას” უწოდებენ. ასევე, დღევანდელი ყოფის ფონზე, შესაძლოა, ერთი ადამიანის კეთილდღეობა ისე შეშურდეს მეორეს, რომ შურის გამო გათვალოს კიდეც და ამით მის წარუმატებლობას დაუდოს სათავე. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ქეთი ამბობს, ჩვენ გარშემო უამრავი ბოროტი ადამიანია და სწორედ მათი წყალობით შემოდის ჩვენს საცხოვრებელში შავი და ბოროტი ენერგია, ანუ, სახლში ეს ენერგია შურიან და ღვარძლიან სტუმრებს შემოაქვთ.
ქეთი: არსებობს ფაქტები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, ბევრი კი მას ცრურწმენას ეძახის. მეც ხშირად ბევრი რამ არ გამითვალისწინებია და მათ შედეგს დღესაც ვიმკი. ჯობია კარგად დაფიქრდეთ, დაუჯეროთ უფროსი თაობის წარმომადგენელთა რჩევებს და, სანამ ნაბიჯს გადადგამთ, გააანალიზოთ ყოველი სიტყვა და ქმედება – ასე არც დაზარალდებით და არც სავალალო შედეგს მოიმკით. საერთოდ, სანამ თვითონ არ იწვნევ მარცხს, მანამდე არ ფიქრობ შედეგზე. დღესაც კი უამრავ ლიტერატურას ვკითხულობ, სადაც ძველი ეზოთერიკული სიბრძნეა ჩადებული. ხშირად უფროსი თაობის წარმომადგენლებს ვხვდები და მათგანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებ ამ სფეროში. ამჯერად რამდენიმე წესს გასწავლით, რომლებიც საკმაოდ მარტივია, მაგრამ, დიდი ზემოქმედების უნარი აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, ბევრმა დიასახლისმა იცის ღამით სამზარეულოს მაგიდაზე დანის დატოვება. ეს სახიფათოა, რადგან, ამან შეიძლება ოჯახური კონფლიქტი და ოჯახის წევრებს შორის გაუგებრობა გამოიწვიოს. თუ გსურთ, ბედი არ დაითარსოთ, არასდროს აჩუქოთ სხვას მარგალიტის ან გიშრის სამკაულები. ასევე, მზის ჩასვლის შემდეგ არ ასწიოთ ბავშვი თქვენს თავს ზემოთ, თორემ, დაბალი გაიზრდება.
– გამიგია, სანამ სახლის მშენებლობას დაიწყებდნენ ჩვენი წინაპრები, ეზოთერიკულ წესს მიმართავდნენ. ეს წესი თუ არის თქვენთვის ცნობილი?
– დიახ, ვიცი ეს ძველი ეზოთერული „ოქროს წესი,” რომელსაც სახლის საძირკვლის გათხრის დროს იცავდნენ ჩვენი წინაპრები და თქვენც გეტყვით. მოკლედ, ისინი სახლის მშენებლობისას საძირკველში აუცილებლად ყრიდნენ ხურდა ფულს და თეთრი შეფერილობის მატყლს. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ სახლში მუდმივად ბარაქა, სიწმინდე, პატიოსნება და სითბო ყოფილიყო. სახლის საძირკველში ჩატანებული ფული ბარაქას უზრუნველყოფს, მატყლი კი ოჯახურ სიწმინდეზე, სიტკბოებასა და სიყვარულზე აგებს პასუხს. სხვათა შორის, სახლში ნეგატიური ენერგია შეიძლება შურიანმა ადამიანმა შემოიტანოს.
– ამას როგორ უნდა მივხვდეთ?
– ალბათ, ყველა ჩვენგანს ესტუმრებიან ხოლმე მეგობრები, მეზობლები თუ ნათესავები. ამ დროს, შესაძლოა, სტუმარმა ბოროტი ენერგია შურის გამო იმ დოზით გადმოაფრქვიოს თქვენს საცხოვრებელში, რომ უნებლიეთ გახდეთ უიღბლობის მსხვერპლი. ამიტომ, სახლის დაცვა ასეთი შურიანი ადამიანების თვალისგან კარიდან უნდა დაიწყოს – სახლის კარზე დაამაგრეთ ნალი; ასევე, კარგია თუ ეკლიან ქოთნის ყვავილს დადგამთ შემოსასვლელში.
– ანტიკვარულ ნივთებზე მინახავს უცნაური ფორმის საკეტები და თითქმის ყოველი მათგანი, რაღაცნაირად თვალშისაცემია. ამასაც რამე ეზოთერიკული დატვირთვა აქვს?
– დიახ, ჩვენი წინაპრები, სახლის კარის საკეტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ანტიკვარულ და ძველ ავეჯს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ თითოეულ უჯრას თუ კარს ლამაზი და საგულდაგულოდ დასაკეტი გასაღები უკეთდება. გეტყვით, რომ, უმჯობესია, გასაღებების აცმა ვერცხლისფერ ჯაჭვზე დაკიდოთ და ის არასდროს დადოთ მაგიდაზე. ასევე, ეცადეთ, თქვენი გასაღებების აცმა შურიანი ადამიანების მზერას მოარიდოთ – ასე გაქურდვისგან იქნებით დაცული. ძალიან კარგია სახლში ძაღლის, კატის ან ჩიტის ყოლა. ზოგადად, ცხოველის ბეწვი უარყოფით ენერგიას ანეიტრალებს ბინაში. ამ მხრივ კარგია მუქბეწვიანი ძაღლის ან კატის ყოლა – ასეთ ცხოველებს სახლის ენერგეტიკის დაცვა და შენარჩუნება უკეთ შეუძლიათ. ალისფერი ჩიტი გალიაში – სიყვარულში წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ. ასე რომ, ბევრ რამეს არ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას, რაც, შეიძლება, უცოდინარობით მოგვდის, შეიძლება, დაუჯერებლობით, მაგრამ, ჩვენვე რომ შეგვიძლია, სხვების რჩევების გარეშე დავეხმაროთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს, ეს უდავოა.
– სახლში ბევრი სარკის ქონა თუ მოქმედებს ბინის და, ზოგადად, ადამიანის აურაზე?
– თუ ბევრი სარკე გაქვთ სახლში, თქვენი გათვალვა რთული იქნება. თუ გუნება-განწყობა გაგიფუჭდათ, დადექით დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში სარკის წინ და მიაშტერდით საკუთარ სილუეტს – დარდი და ტკივილი მალევე გაგივლით. საერთოდ, სარკემ რომ სახლში ფული მოიზიდოს, ჯობია, ის სასტუმრო ოთახის მაგიდის გასწვრივ დაკიდოთ. თუ სარკე გაგიტყდათ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, არ დაიჯეროთ, რომ ეს ცუდის მომასწავებელია და აუცილებლად ახლობელი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. უბრალოდ, აიღეთ წითელი სანთელი, აანთეთ და სარკის ნატეხები მის ალზე შემოატარეთ, შემდეგ კი მიწაში ჩაფალით.
– არადა, ბევრი ამბობს, სარკის გატეხა ახლობელი ადამიანის სიკვდილს წინასწარ გვამცნობსო.
– ეს არ არის მართალი. შესაძლოა, დამთხვევები იყოს, მაგრამ, თუ იმ წესს მიმართავთ, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, მშვიდად იყავით, ნურც ცუდზე იდარდებთ და ნურც ინერვიულებთ. უბრალოდ, კარგად გააანალიზეთ, რას აკეთებთ ცხოვრებაში არასწორად, გამოასწორეთ ის და ყველაფერი დალაგდება. მაგრამ, თუ ურწმუნო ხარ, არც წინაპრის გაფრთხილებას აქცევ ყურადღებას და იმის იმედით ცხოვრობ, ყველაფერი თავად მოგვარდებაო, მაშინ ვერაფერს გირჩევთ. სახლი ჩვენი ციხესიმაგრეა – ის შიგნიდან უნდა დაიცვას კაცმა, ხოლო, მასში მომხდარ მოვლენებზე ოჯახის თითოეული წევრი აგებს პასუხს. ჰოდა, თუ შეგვიძლია ამ ციხესიმაგრის დაცვაც და ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ზრუნვაც, რატომ უნდა ვთქვათ უარი, არ მესმის.
– მართალია, რომ, თუ ქალიშვილი ოჯახის მამაკაც წევრს ჰგავს, მაგალითად, ბაბუას, მამას ან ბიძას, ის იღბლიანია და მას ბედნიერი მომავალი ელისო?
– სრული სიმართლეა. თუ ქალიშვილი მამას, ბაბუას ან ბიძას ჰგავს, ის ნამდვილად ბედნიერი იქნება ან პირად ცხოვრებაში, ან კარიერაში, ან ორივეში ერთად. მაგრამ, რომელიმეში რომ დიდი წარმატება გარდაუვალია, ამის ბევრი ფაქტი არსებობს. თავადაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ ახლობლებს და დასკვნას აუცილებლად გამოიტანთ – მიხვდებით, რომ მართალს ვამბობ. ასევე, ანალოგიურად, თუ ვაჟიშვილი დაემსგავსა დედას, ბებიას ან დეიდას, ისიც ბედნიერი იქნება.